სათაურებიხუტბა

ღმერთი, რომელიც გვაძლევს განსაცდელს, შვებასაც მოგვივლენს…

ცხოვრება მუდმივად ერთი ფორმით არ გაგრძელდება. ადამიანი შეიძლება ყოველთვის ჯანმრთელი არ იყოს. ჩვენთვის აუხსნელი მიზეზების გამო, ღმერთი ადამიანებს ზოგჯერ წყალობას უზღუდავს და განსაცდელს მოუვლენს. ღმერთი ადამიანებს ავადმყოფობითა და სხვა ტიპის განსაცდელით სცდის. ამგვარი გამოცდის დროს გამოსაცდელი ვალდებულებები ეკისრება, როგორც თავად დაავადებულ ადამიანს, ისე სხვა ადამიანებსაც. ამ წერილით მოკლედ შევეხებით იმ მოვალეობებს, რომლებიც თავად დაავადებულმა და მის გარშემო მყოფმა ადამიანებმა უნდა შეასრულონ.
ავადმყოფის მოვალეობები:

. მოთმინება;
<
დაავადებულმა მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ მისთვის ეს გამოცდაა. მან უნდა იცოდეს, რომ ღმერთი ამ განსაცდელით გამოცდას უწყობს. მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ განსაცდელი ღმერთმა მოუვლინა და ამ განსაცდელის მიმართ სრული მიმღეობა და ღვთიური ნების მიმართ სრული მინდობა უნდა გამოხატოს. მოთმინება წარმატების გასაღებია. მოთმინება ღვთის კმაყოფილების საწინდარია, რაც მისი მოწყალე ხელის გამოწოდების მიზეზი გახდება. მოუთმენლობით შეპყრობილი სული მუდმივად განსაცდელისთვისაა განწირული. მორწმუნემ ასევე უნდა იცოდეს, რომ ავადმყოფობა მრავალი ცოდვის მიტევების მიზეზი შეიძლება გახდეს. შუამავალი ბრძანებს: „მუსლიმის ფეხში შერჭობილი ეკლის ჩათვლით, ყოველი განსაცდელი, რაც თავს დაატყდება, მისი ცოდვების მიტევების მიზეზი გახდება“. (იხ. ბუჰარი, მერდა, 1, 7, 148)

მორწმუნე ადამიანმა, არც ავადმყოფობისა და არც სხვა დროს, ღვთის რწმენა, მისი იმედი და ნდობა არ უნდა დაკარგოს. მორწმუნე სულიერად არ უნდა დაეცეს. მედიცინით დადასტურებული ფაქტია, რომ იმედით სავსე ავადმყოფები უფრო სწრაფად ჯანმრთელდებიან, ვიდრე სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილები. 

. მკურნალობა
მეორეს მხრივ, ავადმყოფობის შემთხვევაში, მორწმუნე მუსლიმი ვალდებულია მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს შესაბამისი მკურნალობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთი, რომელიც ავადმყოფობას მოგვივლენს, შესაბამის შვებასაც გვიწყალობებს.
შუამავალი თავად მიმართავდა მკურნალობის გზებს და ჩვენც მოგვიწოდებს ავადმყოფობის დროს ვიმკურნალოთ.

მუსლიმთა მოვალეობები.
გარდა კონკრეტულად დაავადებული ადამიანისა, გარკვეული მოვალეობები გააჩნიათ სხვებსაც. მათი მოვალეობების ჩამოყალიბება შემდეგნაირად არის შესაძლებელი.

. ავადმყოფის მონახულება;
ჩვენი სარწმუნოების მიხედვით მუსლიმთა ვალდებულებებში ავადმყოფების მონახულებაც შედის. აღნიშნული ვალდებულების შესრულება ადამიანებს შორის კარგ ურთიერთობას აყალიბებს და მათი ერთიანობისა და ურთიერთსიყვარულის დამკვიდრებისათვის მნიშნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ავადმყოფის მონახულება დიდი მადლია. როდესაც ავადმყოფს მოვინახულებთ და მის მიმართ ყურადღებას გამოვხატავთ, ეს მის მდგომარეობას ამსუბუქებს და შეიძლება რაღაც დროით თავისი ტკივილი დაავიწყდეს და შვება ჰპოვოს. ავადმყოფისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მარტო არ არის და მის მიმართ ადამიანები ყურადღებას იჩენენ. ეს მისთვის დიდი ნუგეშია. შუამავალი ბრძანებს, რომ ავადმყოფის მონახულებისას საჭიროა მის მიმართ ყურადღების გამოჩენა და ნუგეშისცემა. ადამიანს სხვა მოთხოვნილებებთან ერთად სიყვარულისა და მზრუნველობის მოთხოვნილებაც გააჩნია. მათი გამოხატვა კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ავადმყოფობის დროს ატარებს. ისლამური სწავლების მიხედვით ადამიანების ერთიანობა, ურთიერთსიყვარული და თანადგომა ძირითადი ღირებულებებია და საზოგადოებაში მათი დამკვიდრებისთვის უნდა ვიზრუნოთ. ამდენად, ისლამი ავადმყოფის მონახულების ტრადიციას დიდ ყურადღებას უთმობს. ამავდროულად, ავადმყოფის მონახულება შუამავლის სუნნეთია. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ტრადიციას და ავადმყოფების მიმართ ყურადღების გამოჩენისკენ მოგვიწოდებდა. როდესაც შუამავალი შენიშნავდა, რომ რომელიმე მუსლიმი არ ჩანდა, მაშინვე მისი მდგომარეობით დაინტერესდებოდა ხოლმე. თუ აღმოჩნდებოდა, რომ ავად იყო, შუამავალი მის მოსანახულებლად მიდიოდა და  თანადგომას უცხადებდა.        

შუამავალი მეგობრებსაც ავადმყოფების მონახულებისკენ მოუწოდებდა. ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით შუამავალმა მათ მშივრების დაპურებისკენ, ავადმყოფების მონახულებისა და მტრის ხელში ჩავარდნილი მუსლიმი ტყვეების გამოსყიდვისკენ მოუწოდა. ასევე ჰადისითაა დადასტურებული, რომ შუამავალი ავადმყოფების მონახულებას მუსლიმთა მოვალეობად მიიჩნევდა. ამრიგად, ავადმყოფების მონახულება მუსლიმთა ვალდებულებათაგანია.

ჩვენს სარწმუნოებაში ავადმყოფების მონახულების მნიშვნელობა განსაკუთრებულია. ჰადისში ნაბრძანებია: „ვინც წესისამებრ მცირე განბანვას შეასრულებს, შემდეგ ღვთის გულისათვის ავადმყოფის მოსანახულებლად წავა, ჯოჯოხეთს სამოცდაათი წლის სავალ მანძილზე დაშორდება“ (იხ. ებუ დავუდ, „ჯენაიზ“ 3). ამრიგად, ავადმყოფების მონახულება დიდი მადლია და ამ მადლის მოსაპოვებლად ეს ყველაფერი ღვთის კმაყოფილებისთვის უნდა გავაკეთოთ. თუ სხვა მიზანი ან ანგარება გვამოძრავებს, ბუნებრივია ამ მადლის გარეშე დავრჩებით. ავადმყოფების მონახულების მნიშვნელობა ასევე დასტურდება მრავალი სხვა ჰადისითაც. (მაგ. იხ.  მუსლიმ, „ბირ“ 43)

შუამავალი ავადმყოფის ასაკს მნიშვნელობას არ ანიჭებდა და ყველას თანაბარი ყურადღებით ეპყრობოდა. ის ხანშიშესულ ავადმყოფებსაც მოინახულებდა ხოლმე და ბავშვებსაც. იმამ ბუჰარის გადმოცემით შუამავალმა მოინახულა თავისი შვილიშვილი, რომელიც მძიმედ იყო ავად. ბავშვი დიდ ტკივილს განიცდიდა. შუამავალმა ვერ გაუძლო და ცრემლები წამოუვიდა. იქ მყოფმა სადმა შუამავალს ამ მდგომარეობის განმარტება სთხოვა. შუამავალმა კი უპასუხა, რომ ეს ღვთიური წყალობა იყო, რომელსაც ღმერთი ადამიანების გულში ათავსებს. ღმერთი მათ შეიწყნარებს, ვინც შემწყნარებელიაო, დასძინა შუამავალმა. (იხ. ბუჰარი, „მერდა“ 9)

შუამავალი ასევე არ განასხვავებდა ავადმყოფი მამაკაცი იყო თუ მანდილოსანი. უმმულ ასა იხსენებს, რომ როდესაც ის ავად გახდა შუამავალმა ის მოინახულა და ანუგეშა, რომ ავადმყოფობა ცოდვებისგან განწმენდის საშუალება იყო. (იხ. ებუ დავუდ, „ჯენაიზ“ 1; იბნ მაჯე, „თიბ“ 18) ამ ჰადისის მიხედვით ისლამის სწავლულებმა დაასკვნეს, რომ ისლამის წესების დაცვით ავადმყოფების მონახულება მიღებულია და მნიშვნელობა არ აქვს ავადმყოფი კაცია თუ ქალი. ასევე ქალებსაც უფლება აქვთ მოინახულონ ავადმყოფი მუსლიმი მამაკაცები. ცნობილია, რომ ჰზ. აიშემ მედინაში ჩასვლის შემდეგ ავადმყოფი მამა ებუ ბექირი და ბილალი ჰაბეში მოინახულა. (იხ. ბუჰარი, „მერდა“ 8)

შუამავალი არამარტო მუსლიმ, არამედ არამუსლიმ ავადმყოფებსაც ინახულებდა ხოლმე. ჰადისით ცნობილია, რომ შუამავალმა ებრაელის ბავშვი მოინახულა, რომელიც ადრე მისი მსახური იყო და გაიგო, რომ ავად გამხდარიყო. ენეს ბ. მალიქი გადმოგვცემს: „ერთი ებრაელი ბავშვი იყო, აბდულ ყუდუსი. შუამავალს ემსახურებოდა. ერთხელ ეს ბავშვი ავად გახდა. შუამავალი მის მოსანახულებლად მივიდა, სასთუმალთან ჩამოჯდა და ბავშვს უთხრა: „ისლამი უნდა მიიღო“. ბავშვმა იქვე მდგომ მამას შეხედა. მამამ ბავშვს უთხრა: „შეასრულე, რასაც აბულ ყასიმი გიბრძანებს“. აბდულ ყუდდუსმა მაშინვე შაჰადა წარმოთქვა და ისლამი მიიღო. შუამავალმა ღმერთს მადლობა შესწირა, რომ ეს ბავშვი ჯოჯოხეთის ცეცხლისგან გადაარჩინა.

ასევე ცნობილია, რომ შუამავალმა მუნაფიყთა მეთაური აბდულლაჰ ბ. უბეი ბ. სელულიც მოინახულა, როდესაც ის ავად იყო. (იხ. ებუ დავუდ, „ჯენაიზ“ 2)

არამუსლიმი ავადმყოფების მონახულებას თავისი დადებითი მხარეები გააჩნია. ისინი ისლამის შემწყნარებლურ ბუნებას გაეცნობიან და ამით ისლამის მიმართ დადებით დამოკიდებულება გაუჩნდებათ, რაც სამომავლოდ მათი ჭეშმარიტი სარწმუნოების არჩევის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება გახდეს. საამისო მაგალითები ადრეც ყოფილა და კიდევ იარსებებს.

ასევე გვინდა თქვენი ყურადღება კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილოთ. როდესაც ადამიანი ავად გახდება მისი სიამაყე და ამპარტავნება ძირს ეცემა და თავს უმწეოდ გრძნობს. ის გულჩვილი და მგრძნობიარე ხდება. ავადმყოფი ადამიანი ხვდება, რომ ამქვეყნიური ყველაფერი წარმავალი და ფუჭია. ის ამქვეყნიურის მიმართ უფრო რაციონალური ხდება და საიქიო ცხოვრების მნიშვნელობას უფრო მეტ ყურადღებას უთმობს. ის უფრო მეტი გულწრფელობით ფიქრობს რწმენაზე და უფრო მეტად გრძნობს რწმენის მნიშვნელობას, ვიდრე სხვა დროს. ასეთ დროს მათი ჭეშმარიტი რწმენისკენ მოქცევის შესაძლებლობა მაღალია და ეს მდგომარეობა აზრიანად უნდა გამოვიყენოთ. დაუშვებელია მათი წარსულის შეცდომების გამო მკაცრი კრიტიკა ან უიმედობის განცდის გამომწვევი ქცევა. ავადმყოფი ადამიანი უნდა ვანუგეშოთ და დავარწმუნოთ, რომ ღმერთი ყოვლად მიმტევებელი და მოწყალეა.  

აღნიშნული მდგომარეობის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ ქრისტიანებიც. ისინი თავიანთი რელიგიის გავრცელების მიზნით განვითარებად ქვეყნებში აშენებენ არა ეკლესიებს, არამედ საავადმყოფოებს. ისინი ჯან-დაცვის კუთხით გაწეული სამსახურის ფარდის მიღმა თავიანთი რელიგიის გავრცელებას ცდილობენ. ასევე ცნობილია, რომ ქრისტიანულ ქვეყნებში ეკლესიები და საავადმყოფოები ძალიან მჭიდრო კავშირში არიან. მრავალი საავადმყოფო ისედაც ეკლესიის კუთვნილებაა. ავადმყოფები გადიან მკურნალობას და ამავდროულად იქვე მყოფ ეკლესიაში სალოცავად დადიან. თუ ავადმყოფს ეკლესიამდე მისვლა არ შეუძლია, მოძღვრები პირდაპირ პალატებში აკითხავენ და ლოცვის შესაძლებლობას აძლევენ.

ბ. ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთვის ვედრება;
როდესაც ავადმყოფის მოსანახულებლად მივდივართ, ღმერთს მისი გამოჯანმრთელებისთვის უნდა შევევედროთ. ეს შუამავლის სუნნეთია. გამოსამშვიდობებელი ჰაჯის დროს სად ბინ ები ვაქქასი ავად გამხდარა. შუამავალმა ინახულა ავადმყოფი, ხელით შეეხო და ღმერთს მისი გამოჯანმრთელებისთვის შეევედრა. ჰზ. აიშეს გადმოცემის თანახმად, როდესაც შუამავალი ავადმყოფის მოსანახულებლად მიდიოდა, ან ავადმყოფი მასთან მოყავდათ, შუამავალი მისი გამოჯანმრთელებისთვის ვედრებას აღავლენდა. (იხ. ბუჰარი, „მერდა“ 20)

გ. მკურნალობაში დახმარების გაწევა
თუ ავადმყოფს და მის ოჯახს ავადმყოფის სამკურნალო შესაძლებლობა არ გააჩნია, ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ეს ყველა თვალსაზრისით კარგი ქცევა და ჩვენი მორწმუნოებრივი ვალდებულებაა. დახმარება ყოველთვის დადებითი მოვლენაა, მაგრამ ავადმყოფობის დროს დახმარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და დიდი მადლია. ავადმყოფის დასახმარებლად ყველაზე კარგი საშუალება მისი მკურნალობის უზრუნველყოფაა. 

დ. ავადმყოფის ოჯახზე დახმარება;
როდესაც ადამიანი ავად ხდება შეიძლება მისი ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მორწმუნე მუსლიმი ვალდებულია ავადმყოფის ოჯახს დახმარების ხელი გაუწოდოს. გარდა იმისა, რომ ამით სიკეთეს გავაკეთებთ, ამავდროულად ავადმყოფის სიმშვიდეს და მის მორალურ სტაბილურობას ხელს შევუწყობთ, რაც გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. ყველა ეს ქმედება, რომელსაც ისლამი გვასწავლის, საზოგადოებრივი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია და ისლამის სილამაზეს ადასტურებს. ისლამის ისტორია სავსეა მსგავსი მაგალითებით. ჩვენც ეს მნიშნელოვანი ტრადიცია უნდა შევინარჩუნოთ და თაობიდან თაობას გადავცეთ. 

დოქ. დურაქ ფუსმაზი

ჰასექის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი

Comment here