
პატივცემულო მუსლიმებო!
უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის!“ (სურა რუმი, 30/21)
როგორც ამ აიათშია გამოხატული, ღვთიური წყალობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება დედამიწაზე სწორედ ოჯახური კერაა.
ძვირფასო მორწმუნენო!
ოჯახი არის სიყვარულისა და სიმშვიდის მყუდრო სავანე, რომელიც ერთგულებისა და წმინდა კავშირის საფუძველზე მყარდება. ეს არის სულიერი კერა, სადაც სირთულეებს ერთად უმკლავდებიან, დარდს ინაწილებენ და სიხარულს აორმაგებენ. ოჯახი არის უსაფრთხო თავშესაფარი, რომელიც ჩვენს სულს იცავს და გვაშორებს ყოველივე არასწორს. ეს არის უმთავრესი საყრდენი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ეროვნულ და სულიერ ფასეულობებს თაობიდან თაობას, შვილიდან შვილიშვილს გადავცემთ.
ძვირფასო მუსლიმებო!
ოჯახად ყოფნა მხოლოდ ერთი ჭერქვეშ ცხოვრებასა და საერთო სივრცის გაყოფას არ ნიშნავს. ოჯახად ყოფნა — ეს არის ხელჩაკიდებული სვლა იმ მიზნით, რომ ეს წუთისოფელიც და ახირეთიც სამოთხედ აქციო. ეს არის ძალა — შეინარჩუნო და განამტკიცო ერთობა როგორც ლხინში, ისე გაჭირვების ჟამს. ოჯახად ყოფნა ჩვენი საყვარელი შუამავლის (ს.ა.ს.) სამაგალითო ცხოვრების საკუთარ ყოველდღიურობაში ასახვაა; მისი მსგავსად, იყო ისეთი საიმედო მეუღლე, რომლის ხელისა და ენისგანაც პარტნიორი ყოველთვის უსაფრთხოდ გრძნობს თავს; იყო ისეთი მოსიყვარულე მამა, რომელიც ქალიშვილს ფეხზე წამოუდგება და თბილად დაუთმობს თავის ადგილს; იყო ისეთი სათნო პაპა, რომელიც ლოცვისას მხრებზე აცოცებულ შვილიშვილებს თამაშს არ ჩაუშლის და მათ გამო სეჯდეს გაახანგრძლივებს; და ბოლოს, იყო ისეთი მოწყალე ადამიანი, რომელიც ობლებსა და უპატრონო ბავშვებს მფარველობის კალთას გადააფარებს და ნამდვილ საოჯახო სითბოს აგრძნობინებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, დღითიდღე სუსტდება და ზიანდება ჩვენი საოჯახო ფასეულობები; ქორწინება მძიმე ტვირთად საღდება, ხოლო უცოლშვილობა და ქორწინებისგარეშე ცხოვრება, პირიქით — წახალისებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რწმენით სარჩო და ბარაქა (რიზყი) მხოლოდ და მხოლოდ უზენაეს გამჩენს ეკუთვნის (სურა ჰუდი, 11/6), საზოგადოებაში მაინც სულ უფრო მეტად ფესვიდგამს მცდარი შეხედულება, თითქოს შვილების ყოლა ცხოვრებას ართულებს. არადა, ნებისმიერი სახელმწიფოს მომავალი სწორედ მყარი ოჯახის შექმნაზე, მის დაცვასა და გაძლიერებაზეა დამოკიდებული. ერების უპირველესი სიმდიდრე ხომ ის თაობებია, რომლებიც ეროვნული და სულიერი ღირებულებებით იზრდებიან. სწორედ ამიტომ, ჩვენი თვალისჩინი შვილების დაოჯახებაში ხელშეწყობა არა მხოლოდ მშობლების, არამედ მთელი საზოგადოების ერთობლივი ვალდებულებაა.
ძვირფასო მუსლიმებო!
მოდით, ჩვენს ცხოვრებისეულ პრინციპად ვაქციოთ შუამავლის (ს.ა.ს.) რჩევა: „ყველაზე სათნო ქორწინება ისაა, რომელიც ყველაზე მარტივია.“ (ებუ დავუდი, ნიქაჰი, 30-31) ჩვენს ახალგაზრდებსა და ოჯახებს მხრებზე მძიმე ტვირთად ნუ დავაწვებით პომპეზურობასა და ფლანგვაზე დაფუძნებული ნიშნობის, ნიქაჰისა თუ ქორწილის ცერემონიებით. ჩვენი სახლები მშვიდობისა და უსაფრთხოების წყაროდ ვაქციოთ. ჩვენი შვილები, რომლებიც ღმერთის წყალობაა, ბარაქის საფუძვლად დავინახოთ.
ხუტბას კი ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგი ჰადისით დავასრულებ:
„თქვენს შორის საუკეთესო ისაა, ვინც საუკეთესოდ ეპყრობა თავის ოჯახს. მე კი თქვენს შორის ჩემი ოჯახის მიმართ ყველაზე საუკეთესო ვარ!“ (იბნი მაჯე, ნიქაჰი, 50)





Comment here