
ძვირფასო მორწმუნენო!
რამდენი ხანია, ჩვენი გულები დამწუხრებულია. რამდენი ხანია ჩვენს სალოცავებს მოწყენილობის ელფერი მიუღია. ეზანიც მონატრებით გამოწვეულ სევდას შეიცავს. რამდენი ხანია ჩვენი სულიერი მდგომარეობა ნაღველს გაუფერმკრთალებია. ამ ნანატრ დღეს ისე ველოდებოდით, როგორც გვალვიანი მიწა ელოდება წვიმას. როგორც იქნა ნანატრი დღე მოახლოვდა და გაზაფხულის ნიავივით მაცოცხლებელმა სიომ გამოგვარკვია. დიახ. რამადანი მობრძანდა და ჩვენს გულებსა და სინდისს საამო მალამოდ მოეფინა.
ჩვენი სახლები ამ ძვირფასი სტუმრის მოლოდინში სულ სხვა სიხარულით აივსო. ჩვენი სალოცავებიც მასთან შესახვედრად სულ სხვანაირი სულიერი ატმოსფეროთი აღივსო. ეზნის ხმა ცას სწვდება. ყველას ღიმილი და საოცარი სიმშვიდე დაგვეუფლა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება შეჰრი რამადან!“
ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისთვის და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზისა და განმასხვავებლად ჭეშმარიტებისა ბათილისგან. და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში. და ვინც ავად იყოს ან მგზავრობაში, ამდენივე სხვა დღეებში. ალლაჰის ნებაა თქვენთვის შვება და არა ვნება და რომ შეასრულოთ ეს რაოდენობა და ადიდოთ ალლაჰი იმისათვის, რომ ჭეშმარიტ გზას დაგადგინათ. ეგებ მადლიერნი იყოთ!“ (ბაყარა 2/185)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „დალოცვილი რამადანი მობრძანდა. უზენაესმა ამ თვეში მარხვა სავალდებულოდ დაადგინა. ამ თვეში სამოთხის კარები იხსნება, ხოლო ჯოჯოხეთის კარები იხურება, ეშმაკი კი დაბმულია“. (იხ. ნესაი, „სიამ“ 5)

ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანი არის ყოვლად ძვირფასი თვე, რადგან ამ თვეში ღვთისური წყალობის კარები იხსნება. ამ თვეში მორწმუნენი მარხულობენ, ღამით თარავის ლოცვას ასრულებენ და მრავალგზის ვედრებას აღავლენენ. ამ თვეში მეჩეთები ივსება და განსაკუთრებული სულიერი ატმოსფერო იქმნება. მორწმუნეთა სულები განიწმინდება, სხეულები ჯანსაღდება და ადამიანთა შორის ურთიერთობები ურთიერთსიყვარულით მტკიცდება. ამ თვეში შეძლებული მორწმუნეები მოწყალებას გასცემენ და ღარიბების გულებს ახარებენ.
ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანი ყურანის თვეა. ყურანის მოვლინება რამადანის თვეში დაიწყო. მორწმუნენი ამ თვეში ყურანს უფრო ხშირად კითხულობენ. ისინი უფრო მეტს ფიქრობენ თავიანთ სულიერ მდგომარეობაზე და წარსულის ცოდვებს ინანიებენ.
რამადანი ურთიერთდახმარებისა და გაზიარების თვეა. ამ თვეში ფითრა და სხვა სახის მოწყალება გაიცემა და ღარიბი ადამიანები დამატებით შემოსავალს იღებენ. ყველა წყალობა, რაც კი გაგვაჩნია, ღმერთმა გვიბოძა, ამიტომ ჩვენ სხვებს უნდა გავუზიაროთ, რათა მისი კმაყოფილება მოვიპოვოთ და ამასთანავე ბარაქა მოგვეცეს. ამასთანავე, როდესაც სარჩოს სხვებს ვუზიარებთ, ეს საზოგადოებრივი სიმშვიდისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით, მთელი გულით და მონდომებით შევასრულოთ ყველა ის ღვთისმსახურება, რომელიც რამადანის თვეში მოგვეთხოვება. დაე, უზენაესმა მიიღოს ჩვენი ღვთისმსახურება და მოგვიტევოს ის შეცოდებანი, რასაც ჩავდივართ.
ღმერთო! დიდება შენდა! უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ შენს წინაშე, რათა კიდევ ერთხელ მოგვასწარი ეს ძვირფასი თვე. შეიწყნარე ყველა, ვინც ამ ძვირფას თვეს ვერ მოესწრო. შვება მოჰგვარე ყველა ავადმყოფს. დალოცვილ იყოს რამადანი!




Comment here