სათაურებიხუტბა

ზექათი და სარჩო:
ისლამში ძმობის ხიდი

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათის მიხედვით უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

„და ჩვენ სიკეთე დაგვიწერე სააქაოშიც და საიქიოშიც. უეჭველად, ჩვენ მოვიქეცით შენდამი მონანიებით! უთხრა: „სასჯელს ჩემსას ვაწევ, ვინებებ ვისაც, ხოლო წყალობა ჩემი გარემოიცავს ყველაფერს. მე დავუწერ მას, რომელნიც მოკრძალებულნი იქნებიან, გასცემენ ზექათს  და ირწმუნებენ ჩვენს აიათებს“. (არაფ 7/156)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე  ბრძანებს: „ღმერთმა მხოლოდ იმიტომ დაადგინა ზექათის გაცემა, რომ დარჩენილი ქონება განიწმინდოს“. (იხ. ებუ დავუდ, „ზექათ“  32)

ძვირფასო მორწმუნენო!
ეს უსასრულო სამყარო ღმერთმა გააჩინა. მხოლოდ ის არის ერთადერთი მფლობელი ყოველთა და ყველაფრისა. მან ადამიანი საუკეთესო ფორმით გააჩინა და ამქვეყნად გამოცდის მიზნით მოავლინა. მან ადამიანს უთვალავი წყალობა მოჰმადლა. ადამიანის გამოცდა კი იმაში მდგომარეობს, რომ მან თავისი ცხოვრება თავისივე გაჩენის მიზნის შესაბამისად უნდა წარმართოს. მას უნდა სწამდეს თავისი გამჩენისა და თაყვანი სცეს მას. ადამიანი უნდა დაემორჩილოს ღვთიურ ბრძანებებს და განშორდეს აკრძალულებს.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ყოველი წყალობისათვის, რაც კი ღმერთმა მოგვმადლა, გარკვეული მადლიერება უნდა გამოვხატოთ. სიმდიდრის მადლიერება კი ზექათი და სხვა სახის მოწყალებაა.

ზექათი არის ღვთისმსახურება, რომლის დროსაც მდიდარი ადამიანი თავისი შემოსავლის გარკვეულ წილს ღარიბებს უნაწილებს და ამ გზით ეხმარება. ღარიბების, უპოვარების, ობლებისა და სხვა განსაცდელში მყოფი ადამიანების მიმართ გაწეული დახმარება მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის ურთიერთსიყვარულს აყალიბებს და შედეგად საზოგადოებაში ჰარმონიული ურთიერთბები ყალიბდება. გარდა ამისა, ზექათის გაცემით მდიდრების შემოსავალი არა თუ იკლებს, არამედ უფრო ბარაქიანი ხდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განიწმინდება. გაცემის გზით მდიდარი ადამიანები თავისუფლდებიან ისეთ მავნე სენისაგან, როგორიცაა სიხარბე და სიძუნწე. გაცემის გზით მდიდარი ადამიანი აღიარებს, რომ ყოველნაირი სიმდიდრის ნამდვილი მფლობელი უზენაესი გამჩენია და ჩვენ მხოლოდ მის მიერ წყალობად ბოძებული ნაწილი გვარგუნა.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანის მიხედვით უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

რომელნიც გასცემენ მოწყალებას თავიანთი ქონებიდან ღამითა თუ დღისით, ფარულად თუ აშკარად, სწორედ, იმათ აქვთ საზღაური თავიანთ უფალთან. და არცა შიში ექნეთ და არცა დამწუხრდნენ ისინი“. (ბაყარა 2/274)

რომლებიც გასცემენ ჭირშიც და ლხინშიც, იოკებენ მრისხანებას, პატიობენ ხალხს. და ალაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი! (ალი იმრან, 3/ 134)

„ვერასდროს მიაღწევთ ღვთისნიერებას, თუ არ გაიღებთ იმას, რაც გიყვართ. და რაც უნდა გაიღოთ, უეჭველად, ალლაჰმა უწყის იგი!“ (ალი იმრან, 3/ 92)

ისლამის მიხედვით მდიდარი ადამიანი ზექათის გაცემისას გასცემს საუკეთესო ნაწილს და არა გამოწუნებულს. მორწმუნე მუსლიმს სწამს, რომ რასაც გასცემს ისაა მონაპოვარი და არა ის, რასაც მოიხმარს.

ძვირფასო მორწუნენო!
ყურანში უზენაესი გამცენი ასევე ბრძანებს:

გაიღეთ ალლაჰის გზაზე, და თავი არ ჩაიგდოთ საფთხეში თქვენივე ხელით, და სიკეთე აკეთეთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილისმყოფელები“. (ბაყარა, 2/ 195)

მოდით, მივყვეთ ღვთიურ ბრძანებას და მოწყალების გაცემის გზით საფრთხე ავირიდოთ. გავცეთ მოწყალება და ყოველი ღარიბის ყოფა ცოტათი მაინც შევამსუბუქოთ. დავეხმაროთ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. ყოველმხრივ ვეცადოთ, რომ სხვათა ტკივილი გავიზიაროთ და ვანუგეშოთ. როდესაც გულწრფელად გავცემთ, ამით სულს დავიმშვიდებთ და შვებას ვიგრძნობთ. მოწყალების გაცემას თავისი წესი და ზნეობრივი ჩარჩოები გააჩნია. გაცემისას ადამიანებს თავი დამცირებულად არ უნდა ვაგრძნობინოთ და გული არ ვატკინოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ქვეყნის მასშტაბით არსებობს მრავალი საქველმოქმედო ფონდი, რომლებიც არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ქველმოქმედებას ეწევა. ამაში აქტიურ მონაწილეობას  იღებს დიანეთის საქველმოქმედო ფონდიც. უზენაესს ვთხოვთ, მოგვმადლოს წყალობა, რათა მთელ დედამიწაზე სიკეთემ და სიყვარულმა დაისადგუროს.

Comment here