
ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით ამ ძვირფას დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმ უთხვალავ წყალობაზე, რასაც უზენაესი გამჩენი გვწყალობს.
ღმერთმა მთელი სამყარო, ცა და დედამიწა, მზე და მთვარე, სამყაროში არსებული ყველაფერი ადამიანის წყალობად გააჩინა. მან გვიწყალობა ქარი, რომელიც წვიმის მახარობელია. მან გვიწყალობა წვიმა, რომელიც მიწას აცოცხლებს და სარჩოს ახარებს. ადამიანის სამსახურშია უკიდეგანო ზღვები და ოკეანეები. ღმერთმა გვიწყალობა სუფთა წყალი, რომლითაც ადამიანები და სხვა ცოცხალი არსებები ვსაზრდოობთ. გარდა ამისა, რამდენი სახეობის ცხოველი და მცენარეა, რომლებიც ადამიანის სარგებლობისთვისაა გაჩენილი.
ღმერთმა გვიწყალობა ოჯახი, რომელიც ადამიანის სიმშვიდისა და ბედნიერების ადგილია. ღმერთმა ადამიანს უბოძა გონება, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია განასხვავოს კარგი და ცუდი, კეთილი და ბოროტი, სასარგებლო და საზიანო. ღმერთმა ადამიანს უწყალობა გული და გრძნობები, რათა მან ამქვეყნიური სილამაზე დაინახოს და შეიგრძნოს. ამასთანავე, ღმერთმა ადამიანს წმინდა წიგნები და შუამავლები მოუვლინა, რათა სწორად ცხოვრება ესწავლა და ამქვეყნად და საიქიოში ბედნიერებით დამტკბარიყო.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ ყველაფრის ფონზე ადამიანს აქვს ვალდებულება, რომ დაინახოს ეს წყალობა, დააფასოს და გამჩენის მიმართ მადლიერება გამოხატოს. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:
„მაშ, გამიხსენეთ მე, (რათა) გაგიხსენოთ თქვენ, იყავით ჩემდამი მადლიერნი და არ იყოთ უმადურნი!“ (ბაყარა 2/152)
ღვთისმსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშან-თვისება ღვთის მიერ ბოძებული წყალობის დანახვა და მადლიერების გამოხატვაა. ადამიანს უმადურობა არ შეჰფერის და ის ღვთიური წყალობის გამო მუდმივად მადლიერი უნდა იყოს.
ძვირფასო მორწმუნენო!
მადლიერების გამოხატვა, მხოლოდ ენით წარმოთქმული სიტყვებით, არ არის საკმარისი. მადლიერება გულწრფელი რწმენა, წყალობის გულითადი გააზრება და ღვთისადმი უპირობო მინდობაა. დიახ, როდესაც მორწმუნე ამბობს „ელჰემდულილლაჰ“ ის აღიარებს, რომ ყველა წყალობა ღვთისგანაა და ადამიანი ამის მადლიერია. მადლიერების გამოხატვაა ლოცვები, რომლებსაც დღეში ხუთჯერ აღვავლენთ. მადლიერებაა მარხვა, რომელიც მოთმინებას და ღვიური წყალობის ფასს გვასწავლის. მადლიერებაა ჰაჯის შესრულება, რომელიც ერთი ღმერთის რწმენას გვიმტკიცებს და მუსლიმთა ერთიანობის სილამაზეს გვაზიარებს. მადლიერებაა ზექათი, რომელსაც ღვთის მიერ ბოძებული წყალობიდან გავცემთ. მადლიერების გამოხატვაა, როდესაც მტკიცე რწმენას საუკეთესო ზნეობით შევამკობთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი უსაზღვროდ მწყალობელია. ის მსახურთა მოთხოვნილებებს მოჭარბებულად ასრულებს. მოდით, მადლიერნი ვიყოთ და ეს მადლიერება საუკეთესო ფორმით გამოვხატოთ. შევისმინოთ ყველა ის შეგონება, რომლებსაც ყურანი გვასწავლის. ვიყოთ მადლიერნი, სანამ განკითხვის დღე მოვა. ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„და აკი, გაუწყათ ღმერთმა თქვენ: „თუ ნამდვილად მადლიერნი იქნებით, უთუოდ, წყალობას გიმრავლებთ და თუ უმადურნი იქნებით, უეჭველად, სასჯელი ჩემი საშინელია!“ (იბრაჰიმ, 14/7)
ჩვენ ხშრად უნდა ვიფიქროთ ამ აიათის შინაარსზე. მორწმუნეებს მადლიერება შეგვფერის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მადლიერება წყალობის მატების მიზეზი გახდება. ჩვენ ასევე ღმერთს უნდა ვევედროთ, რომ უმადურობისგან დაგვიფაროს, რადგან უმადურობა ღვთის კმაყოფილების დაკარგვის წინაპირობაა. ახლა კი მოვისმინოთ ვედრება, რომელიც შუამავალმა გვასწავლა:
„ღმერთო, შემაძლებინე გახსენო, ვიყო შენდამი მადლიერი და აღვავლინო ღვთისმსახურება“. (იხ. ებუ დავუდ, „ვითრ“ 26,; ნესაი, „სეჰივ“ 60)





Comment here