
ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალს ბავშვები ძალიან უყვარდა. ერთხელ, როცა თანმხლებ მეგობრებთან ერთად იჯდა და საუბრობდა, მისი შვილიშვილი ჰზ. ჰასანი მოვიდა. შუამავალმა ჰასანი მაშინვე ხელში აიყვანა, ჩაეხუტა და აკოცა. იქ მყოფთაგან ერთ-ერთმა კაცმა ეს რომ ნახა, გაიკვირვა და შუამავალს ასე უთხრა: „ათი შვილი მყავს და დღემდე არცერთისთვის მიკოცნია“. ამის თაობაზე შუამავალმა ასე ბრძანა: „ვინც წყალობას არ იჩანეს, წყალობას ვერ ჰპოვებს“. (იხ. ბუჰარი, „ედებ“, 18)
ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი განსაკუთრებული გრძნობა, რომელიც ღმერთმა ადამიანის ბუნებაში შთანერგა, არის თანაგრძნობა. ეს არის ყოვლისშემძლე ღმერთის სახელების რაჰმანისა და რაჰიმის ადამიანთა გულებში გამოვლინება. თანაგრძნობა ის მალამოა, რომელიც დაკოდილ გულებს შვებად მოეფინება. თანაგრძნობა, გულმოწყალება არის მგრძნობელობის გამოხატვას ყველასა და ყველაფრის მიმართ. თანაგრძნობა სხვისი ჭირისა და დარდის გაზიარება, მხარდაჭერის გამოხატვა და დახმარების გაწევაა. თანაგრძნობა სიკეთის გავრცელებაა, რომელიც თავის მხრივ ბოროტების არეალის შემცირებას იწვევს.

ძვირფასო მორწმუნენო!
მორწმუნე ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ყველა ცოცხალ არსებას თანაუგრძნობს და სიკეთით ეპყრობა. შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „თქვენ დედამიწაზე მყოფები შეიწყნარეთ, რომ ცაში მყოფებმა შეგიწყნარონ“. (იხ. ტირმიზი, „ბირ“, 16) თუმცა, სამწუხაროდ, ისეთ პერიოდს გავდივართ, როცა ძალადობის სპირალი ყველაფერს ფარავს და დაუნდობლობა ფართოდ არის გავრცელებული. ბევრი ადამიანი სიძულვილისა და ბრაზის მონა გახდა და თანაგრძნობის უნარი დაკარგა. შედეგად, ყოველდღე ვისმენთ, რომ მრავალი უდანაშაულო ადამიანი იღუპება და მრავალი ოჯახი ნადგურდება. თუ მორწმუნე საზოგადოება ისე იცხოვრებს, როგორც ამას სარწმუნოება გვასწავლის, თუ სულიერი ღირებულებების საზოგადოების ყველა ფენაშ გავრცელებას შევძლებთ, ძალადობა აღმოიფხვრება და მის ადგილს თანაგრძნობა, სიკეთე და სიყვარული დაიკავებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ სამყაროს წყალობად მოვლენილი შუამავლის მიმდევრები ვართ. ჩვენ ვართ იმ ცივილიზაციის წარმომადგენლები, რომელიც თანაგრძნობაზეა დამყარებული. ჩვენ იმ სარწმუნოების წარმომადგენლები ვართ, რომელიც გვასწავლის, რომ მშობლებს ძალიან დიდი პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი ვალია მეუღლეებს სიყვარულით მოვეპყროთ, ხოლო ჩვენს შვილებს მზრუნველობითა და თანაგრძნობით. ნათესავებთან და მეზობლებთან კარგი ურთიერთობის დამყარება ნდობისა და მშვიდობის გარანტია. საქმიანი ურთიერთობისას, ჩვენი დამოკიდებულებები მიზნად ისახავს პატივისცემით და თავაზიანად მოვეპყროთ ყველას, ვისაც ვემსახურებით ან ვისგანაც მომსახურებას ვიღებთ და ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ. ამ პროცესში აუცილებელია გულიდან ყოველგვარი შური, ბოღმა და მრისხანება ამოვიღოთ და ყველა სმიმართ კეთილგანწყობით განვიმსჭვალოთ. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძმობა და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ერთობა და სოლიდარობა.
ხუტბას ბოლოს კი უზენაესი გამჩენის სიტყვებს შეგახსენებთ: „ამცნე ჩემს მსახურთ, უეჭველად, მე ვარ შემნდობი, მწყალობელი! და, უეჭველად, ჩემი სასჯელი მწარე სასჯელია!“ (ჰიჯრ, 15/49-50)
„უეჭველად, ჩემს მსახურთაგან ერთი ჯგუფი ამბობდა: „ღმერთო ჩვენო! ჩვენ ვირწმუნეთ. მაშ, მოგვიტევე და შეგვინდე, რამეთუ შენ ხარ მოწყალეთაგან უმოწყალესი!“ (მუმინუნ, 23/109)





Comment here