სათაურებიხუტბა

ბისმილლაჰ,
ბარაქის გასაღები

ღმერთის სახელი ახსენოს,
ვალდებულია ყველა მსახური.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ სიტყვებით იწყება მევლუდის სახელით ცნობილი ლექსი, რომელიც შუამავლის მიმართ დიდ სიყვარულს და ერთგულებას გამოხატავს. სამყაროს წყალობად მოვლენილი შუამავალი ასე ბრძანებს: „ყოველი სიტყვა და საქმე, რომელიც უზენაესი გამჩენის სახელით არ იწყება, უბარაქო და უშედეგოა“. (იბნ ჰანბელი, 2, 360). ამრიგად, შუამავალი გვასწავლის, რომ ყოველი საქმე ღვთის სახელით უნდა დავიწყოთ.

მოდით, ჩვენც დიდი სიყვარულით წარმოვთქვათ უზენაესი გამჩენის სახელი. ბისმილლაჰირრეჰმანირრეჰიმ. მივეკედლოთ მის უსაზღვრო წყალობას. სწორედ გამჩენის სახელის ხსენებაა ის გასაღები, რომელიც ჩვენს ცხოვრებას აზრს სძენს. ღვთის სახელის ხსენებით ვიწყებთ ღვთისმსახურებას. გამჩენის სახელის ხსენებით ჩვენი სიტყვა აზრს შეიძენს, ხოლო საქმე ბარაქიანი იქნება.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ყველა შუამავალი ჭეშმარიტ გზაზე მოწოდებისას ჯერ გამჩენის სახელს ახსენებდა. ყურანში ნაბრძანებია შემდეგი:

„და უთხრა[1]: „ჩასხედით მასში! ალლაჰის სახელითაა ცურვა მისი და გაჩერება მისი (ღუზის ჩაშვება). უეჭველად, ღმერთი ჩემი  შემნდობია, მწყალობელია!“ (ჰუდ, 11/41) ასე მიმართა შუამავალმა ნოემ ხალხს და გემში მიიპატიჟა. შუამავალი სულეიმანიც ხალხს ღვთის სახელის ხსენებით მიმართავდა:

„სულეიმანისგან და მასში ნათქვამია: „სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა!“ (ნემლ, 21/30)

ყურანის პირველი ბრძანების მოვლინებისას უზენაესი გამჩენი მოგვიწოდებს, ღმერთის სახელით „წავიკითხოთ“.

იკითხე, შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა[2]!“ (ალაქ, 96/1)

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთის სახელის ხსენება მხოლოდ ლამაზი სიტყვა არ გახლავთ. ის ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნით ცხოვრებას ნიშნავს. ის ნიშნავს, რომ მორწმუნე სიტყვითა და საქმით წესიერი და პატიოსანი ადამიანია. ის ნიშნავს, რომ მორწმუნე ყოველთვის მზადაა სიკეთე აკეთოს და ცოდვებს განერიდოს. გამჩენის სახელის ხსენებით მსახური ამბობს, რომ ყველა საქმეს ღვთის დახმარებით აკეთებს და ყველა საქმის მიზანი მისი კმაყოფილების მოპოვებაა.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთის სახელის ხსენება მთელი ცოცხალი სამყაროს საერთო ზიქრია. მთელი სამყარო ღვთის სახელს ახსენებს და ამით სიმშვიდეს ჰპოვებს. ის ყველა დარდის განმქარვებელია. ყოველი სიტყვა, რომელიც ღმერთს სახელით იწყება, სიკეთეს მოგვიტანს. ყოველი საქმე, რომელიც გამჩენის ხსენებით იწყება, ბარაქიანი და შედეგიანი იქნება.

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთის სახელის ხსენება ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერების გასაღებია. მოდით ვახსენოთ ღმერთი და ღვთიური სიყვარულისა და წყალობის კარები შევაღოთ. მოდით, დავასრულოთ შუღლი და მტრობა. ვახსენოთ ღმერთი, რათა ჩვენმა სიტყვამ ფასი შეიძინოს და ჩვენმა საქმემ შედეგი გამოიღოს.

[1] ნუჰმა
[2] სამყარო

Comment here