სათაურებიხუტბა

შვების თვე რამადანი

ძვირფასო მუსლიმებო!
უსაზღვრო მადლიერება უზენაესს, რათა კიდევ ერთხელ მოგვმადლა წყალობა და დაგვასწრო რამადანს, რომლის დროსაც ყოველი საჰური ბარაქის მომტანია, მარხვა- ჯანმრთელობის, ყურანი- შვების, თარავი -სიმშვიდის, ზექათი -ძმობის და ითიქაფი კი საკუთარი თავის უკეთ შეცნობისა.

ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანი მარხვის თვეა და ამ მარხვის დროს გამოჩენილი მოთმინებითა  და  გულწრფელობით, სულიერ ამაღლებას ვეზიარებით. მარხვა ის წმინდა წყალობა და ამანათია, რომელიც ღმერთმა მოგვმადლა. ის არის  სულიერი განახლებისა და ამაღლების მომტანი სასწაული. მარხვის შედეგად ჩვენი სხეული, გრძნობები, გონება და გული განახლებას განიცდის. მარხვის მეოხებით ჩვენი სხეულები უფრო ჯანსაღდება. მარხვა ჩვენს პიროვნებას უფრო თავდაჯერებულს ხდის. მარხვის საშუალებით ცდუნებების მოთოკვას ვსწავლობთ და ამით სულიერ წრთვნას გავდივართ. მარხვით ჩვენი სულები იწმინდება.  ძვირფასი შუამავალი მარხვის შესახებ ბრძანებს: „ვინც რწმენითა და საზღაურის მხოლოდ ღმერთისგან მოლოდინით რამადანის მარხვას დაიცავს, წარსულის ცოდვები ეპატიება“(იხ. ბუჰარი, „იმან“ 28)

ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანი ის თვეა, როდესაც ყურანი პირველად მოევლინა დედამიწას და პირველი აიათი გაისმა. ყურანი ჩვენი ცხოვრების გზას გვინათებს. ის ჩვენი გული და სულია. ყურანი ადამიანის, საზოგადოებისა და ზოგადად სამყაროსთვის შვებადაა მოვლენილი. გამომდინარე აქედან, მოდით, მთელი გულით მივენდოთ ყურანს და შვება ვპოვოთ. შვილებსაც შევასწავლოთ ყურანი და მისით ცხოვრებას მივაჩვიოთ. ყურანი ღმერთის სიტყვაა, ამიტომ ის განსაკუთრებული განწყობით უნდა წავიკითხოთ.  ამასთანავე, ის უნდა გავიგოთ და მისით ვიცხოვროთ. ყურანის მოსმენისას დავიცვათ ყველა ის წესი, რომლებსაც შუამავალი გვასწავლის. ამ გზით ყურანი ჩვენს გულებში შეაღწევს  და მისი ნათელი ჩვენს სახეებზეც აღიბეჭდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანში ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ლოცვას. ლოცვა ჩვენი სარწმუნოების დედაბოძია. ლოცვა დაგვიფარავს ყველა იმ ზიანისგან, რაც შეიძლება დაგვემართოს. ყოველდღიური ცხოვრებისგან გადაღლილი სულები ყოველდღური ლოცვით დავიმშვიდოთ და ასევე ყურადღება მივაქციოთ რამადანისთვის დამახასიათებელ  ლოცვას, რომელსაც თარავი ეწოდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანი ურთიერთდახმარებისა და თანადგომის თვეა. ამ თვეში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ქველმოქმედებას, მოწყალების გაღებას, სიკეთის კეთებას, საჩუქრებს და ამ გზით ჩვენს ქონებას ბარაქა მოვუტანოთ. გავცეთ ზექათი და ფითრა, რითიც ჩვენს თანამორწმუნე ძმებს ფინანსურ მდგომარეობას შევუმსუბუქებთ და მათი გულის მოგებას შევძლებთ. გავცეთ და აგავახაროთ ადამიანები, რათა საზოგადოებაში სიმშვიდემ, კეთილდღეობამ და ძმობამ იმრავლოს.

დიად ღმერთს ვთხოვ, თოთოეულ ჩვენგანს მოგვცეს საშუალება, ყურანით, მარხვითა და ლოცვით სულიერი განახლება მოვიპოვოთ. ხუტბას კი  ყურანის წმინდა აიათით დავასრულებ:

ეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! წელში მოიხარეთ, სეჯდე აღასრულეთ  და თაყვანი ეცით თქვენს ღმერთს და სიკეთე აკეთეთ, ეგებ შეიქნათ წარმატებულნი! (ჰაჯი 22/77)

 

Comment here