
ძვირფასო მუსლიმებო!
ერთ დღეს ალლაჰის შუამავალმა საჰაბეებს ესაუბრა ჰალალსა და ჰარამთან დაკავშირებულ საკითხებზე და შემდეგ ასე შეაგონა: „ფრთხილად იყავით! სხეულში არის ერთი ხორცის ნაფლეთი — თუ იგი გამართულია, მთელი სხეულიც გამართულად იქნება; ხოლო თუ იგი წახდა, სხეულიც წახდება. იცოდეთ — ეს ხორცის ნაფლეთი არის გული.“ (ბუხარი, იმანი, 39)
ძვირფასო მორწმუნეებო!
გული არის ღვთიური ცნობიერების სარკეა.
იგი არის რწმენისა და ღვთისმოშიშების, ცოდნისა და სიბრძნის სავანე. სიკეთისა და ელეგანტურობის წყაროა, ღვთაებრივი სიყვარულისა და სითბოს საორიენტაციო მხარე. გული სიყვარულისა და სიძულვილის, გამბედაობისა და სიმხდალის, სიკეთისა და ბოროტების ცენტრია – მოკლედ, ყველა ემოციის ცენტრი.
ძვირფასო მუსლიმებო!
როცა ადამიანი გულწრფელად იწამებს ალლაჰსა და მის შუამავალს (ს.ა.ს.) და ალლაჰის ხსენებას თავის გულში ჩასახავს, ის აღწევს ჭეშმარიტ სიმშვიდეს. როგორც ხუტბის დასაწყისში წაკითხულ აიათში გვამცნობს უზენაესი ალლაჰი: „რომელთაც ირწმუნეს, ალლაჰის ხსენებით იჯერეს გულნი მათნი. დიახ, მხოლოდ ალლაჰის ხსენებით ჰპოვებს გულნი სიმშვიდეს!“ (რაღდი, 13/28)
ვისაც უყვარს ყურანის კითხვა, მოსმენა, სწავლა და სწავლება; ვინც მის წყალობით სავსე გზავნილებს საკუთარ ცხოვრებაში ნერგავს — მისი გული ღვთიურ ნათელს იღებს.
როცა მონა-მსახური გულს განთავისუფლებს ამქვეყნიურისგან და დაუკავშირებს მარადიულს, როცა ისლამის ჭეშმარიტებებით გაასუფთავებს და მიტევების თხოვნით განწმენდს, აღწევს ბედნიერებას ამქვეყნადაც და საიქიოშიც.
უზენაესი გამჩენი ბრძანებს: „იმ დღეს, როცა არანაირი ქონება და შვილი ვერას შეეწევა ადამიანს, მხოლოდ ის იპოვის ხსნას, ვინც ალლაჰთან სუფთა გულით წარსდგება.“ (შუარა, 26/88,89)

ძვირფასო მორწმუნეებო!
როცა ადამიანი ეშმაკისა და საკუთარი ვნების ცდუნებას აჰყვება, პოლითეიზმის, ურწმუნოების, მლიქვნელობისა და სიხარბის ტყვე გახდება — მისი გული დაბინძურდება.
სიყვარულში ცივდება, სიტყვაში მკაცრდება, ქცევაში სასტიკი ხდება.
ის კარგავს მიმართულებას, შორდება სიმართლესა და თაყვანისცემას, კარგავს ჰალალ-ჰარამის ცნობიერებას და ცოდვებში ეფლობა.
ასეთ დროს გული შავდება — ყური ვეღარ ისმენს სიმართლეს, ენა ვეღარ ამბობს ჭეშმარიტებას, თვალი ვეღარ ხედავს სინათლეს.
ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ამ საკითხთან დაკავშირებით ბრძანა: „როცა ადამიანი ცოდვას ჩადის, გულში შავი წერტილი ჩნდება. თუ მოინანიებს და ალლაჰისგან პატიებას ითხოვს, გული კვლავ გასუფთავდება. მაგრამ თუ ცოდვას განაგრძობს, შავი წერტილები იზრდება და ბოლოს მთელ გულს ფარავს.“ (თირმიზი, თეფსირულ-ყურანი, 83)
ძვირფასო მუსლიმებო!
ერთხელ ერთმა საჰაბემ შუამავალს (ს.ა.ს.) ჰკითხა: „გული გამიუხეშდა, რა ვქნა?“ შუამავალმა (ს.ა.ს.) უპასუხა: „გული რომ გაგეწმინდოს, გამოკვებე ღარიბები და მოეფერე ობოლ ბავშვს.“ (იბნი ჰანბელი, II, 387)
დიახ, ყოველი სიკეთე, რომელსაც ვაკეთებთ, ჩვენს გულზე აისახება როგორც სინათლე.
როცა ღიმილით ვხვდებით ჩვენს ცოლსა და შვილებს, პატივს ვცემთ მშობლებს, ვიცავთ მეზობლის უფლებას, ვზრუნავთ მოხუცებზე, მოვინახულებთ ავადმყოფებს, ვეხმარებით ობლებსა და მიუსაფარებს — ჩვენი გული თბება, სული მშვიდდება.
ჩვენი მოვალეობაა, რომ ღვტიურ სარკედ ქცეული გული სიკეთით მოვქარგოთ.
არავის გული არ ვატკინოთ, არავის ღირსება არ შევლახოთ.
ჩვენი ვალდებულებაა, რომ თავი ავარიდოთ ყოველგვარ დაუდევრობას, ბოროტებასა და ცოდვას.
გული უნდა დავიცვათ ლოცვით, ზიქრით, ყურანით, სიკეთითა და ქველმოქმედებით.
ნუ დაგვავიწყდება — როცა გულს გავასუფთავებთ ისლამის სინათლით, ვხდებით ისეთი მონა-მორჩილი, რომლითაც კმაყოფილია გამჩენი.
ხუტბას შემდეგი ჰადისით დავასრულებ: „ღმერთო ჩემო, გულთა გარდამქცეო, ჩემი გული შენი რწმენით განამტკიცე!“ (თირმიზი, დეავათი, 89)





Comment here