ძვირფასო მუსლიმებო!
მას შემდეგ, რაც ჩვენი შუამავალი, მუჰამმედ (ს.ა.ს.) მედინაში გადასახლდა, ბევრმა ადამიანმა დაიწყო ამ განმანათლებელი ქალაქის მონახულება ისლამის უკეთ გასაცნობად. მათ შორის იყო ნევვასი (რ.ა.), რომელიც ახალგაზრდულ ასაკში ისლამის მიმდევარი გახდა. ერთ დღეს მან ჰკითხა საყვარელ შუამავალს (ს.ა.ს), რა არის სიკეთე და ბოროტება. ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს) შემდეგი ბრძნული პასუხი გასცა: „სიკეთე – ეს არის კარგი ზნეობა, ხოლო ბოროტება – ის, რაც შენს სინდისს აწუხებს და რისი გამჟღავნებაც არ გსურს.“ (მუსლიმი, ბირრი, 15)
ღვთისმოშიშნო მორწმუნენო!
ჩვენი დიადი რელიგიის, ისლამის მიხედვით, სიკეთე არ არის უბრალოდ გარეგნული ფორმა ან სახალხოდ წარმოსაჩენი ქმედება. სიკეთე – ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანი, ჩვენი რწმენისა და მონა-მსახურების განუყოფელი ნაწილი. ეს არის ჩვენი უდიდესი სიმდიდრე და ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა. ის წარმოადგენს ზნეობის მწვერვალს და საზოგადოების ჰარმონიული ცხოვრების უძლიერეს კავშირს.
სურა ბაყარას 177-ე აიათში დიადი ალლაჰი ნამდვილ სიკეთეს ასე აღწერს: „ნამდვილი სიკეთე ისაა, ვინც ირწმუნა ალლაჰი, დღე უკანასკნელი, ანგელოზები, წიგნი და შუამავალები; უყვარს ქონება – მიუხედავად მისდამი სიყვარულისა – ურიგებს ახლობლებს, ობლებს, უპოვრებს, გზაში დარჩენილებს, მათ, ვინც ითხოვს, და მონებს. ლოცვას აღასრულებს, ზექათს არიგებს, და ასრულებს პირობას, თუკი დებს მას; მოთმინებით იტანს უბედურებას, გასაჭირსა და განსაცდელს.“
ძვირფასო მუსლიმებო!
ყოველთვის, ყველგან და თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, სიკეთე აკეთოს – ხელით, სიტყვით, ქონებით, ცოდნით, პროფესიითა და გამოცდილებით. ზოგჯერ სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ იყო მშობლებისადმი მოწიწებული შვილი, ერთგული მეუღლე, გულმოწყალე მშობელი, კეთილგანწყობილი და გულთბილი ადამიანი. ზოგჯერ სიკეთე ნიშნავს ყველასთვის, პატარა თუ დიდისთვის, სალამის მიცემას, მოყვასის მონახულებას, ბავშვის მიმართ სიყვარულისა და მოხუცის მიმართ პატივისცემის გამოჩენას, ცოცხალი არსებისადმი მოწყალებას, არავის გულგრილად დაჩაგვრას – არც ხელით და არც სიტყვით.
პატივცემულო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც სიკეთე იგნორირებულია, ხოლო ბოროტება გავრცელებას ცდილობს. ისეთი ადამიანების გამო, რომლებსაც სიკეთე არ შემორჩენიათ, მსოფლიოში ომი, რისხვა, შუღლი, სიძულვილი და ძალადობა დღითიდღე მატულობს. ბოროტების მომხრე ტირანები, განაგრძობენ ხოცვას და ადამიანებს პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებასაც კი უშლიან ხელს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ „შევეწიოთ ერთმანეთს სიკეთესა და ღვთისმოშიშობაში“ (მაიდე, 5/2), გავამრავლოთ სიკეთე და არ დავტოვოთ ჩაგრულები ტირანების ანაბარა. ჩვენ ასევე უნდა მოვერიდოთ იმ ტირანების მხარდაჭერას, რომლებიც მუსლიმებს ავიწროებენ – მათი პროდუქტები არ უნდა შევიტანოთ ჩვენს სუფრებზე, სახლებში, სამუშაო ადგილებში და საერთოდ, ჩვენს ცხოვრებაში.
ძვირფასო მუსლიმებო!
სიკეთეს აქვს გარდამქმნელი ძალა. დიადი ალლაჰი ბრძანებს: „არ არის თანასწორი სიკეთე და სიავე. შენ სიავეს სიკეთით უპასუხე. მაშინ იგი მტრობა, რაც შენსა და მას შორის იყო, გექცევა საუკეთესო მეგობრად.“ (ფუსსილათ, 41/34). მაშასადამე, რამადანის თვე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ჩვენს შორის არსებული წყენა და უთანხმოება, ვიყოთ მიმტევებლები და მიტევების უნარით შევინარჩუნოთ ძმობა, ერთობა და ჰარმონია. მოდით, ამოვიძირკვოთ ჩვენი გულებიდან შუღლი, სიძულვილი და შური. გავხსნათ გულები ჩვენი ძმებისა და დებისთვის, ხოლო კარი – ჩვენი მეზობლებისთვის, არა მხოლოდ ამ რამადანში, არამედ ყოველთვის. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს) ბრძანებს: „უეჭველად, ალლაჰმა ყველა საქმეში სიკეთე დაადგინა.“ (თირმიზი, დიათი, 14). მაშასადამე, სიკეთე დავიწყოთ ჩვენი ოჯახიდან. დავამშვენოთ ჩვენი სახლები სიკეთით, დავრგოთ სიკეთის ნერგი ჩვენს შვილების გულებში. სიკეთის ხელი გავუწოდოთ იმ ძმებს, რომლებმაც ცოდვასა და ბოროტებაში ჩაძირვით ცხოვრების იმედი დაკარგეს. ვაკეთოთ სიკეთე, რათა გავალამაზოთ ჩვენი ცხოვრება. ვაკეთოთ სიკეთე, რათა შევცვალოთ სამყარო. ჩვენი კაპიტალი იყოს სიკეთე, ხოლო ჯილდო – სამოთხე, ამ რამადანსა და ყოველთვის.
ხუტბას მინდა დავასრულო ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს) შემდეგი ვედრებით: „ღმერთო ჩემო! ჩვენი ცხოვრება აქციე სიკეთის თესვის გზად და ჩემი სიკვდილი გახადე ყველა ბოროტებისგან თავის დაღწევის საშუალებად!“ (მუსლიმი, ზიქრი, 71)
Comment here