
ძვირფასო მუსლიმებო!
ადამიანის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დედამიწის კეთილმოწყობაა. ადამიანი იმდენად შეძლებს სიბრძნით სავსე ცხოვრების აგებას, რამდენადაც დაეუფლება სარწმუნო რელიგიურ ცოდნას. ხოლო როდესაც იგი შორდება ამ ცოდნას და მიჰყვება ვნებებს, უმეცრებასა და ცრურწმენებს, კეთილმოწყობა ნგრევით იცვლება, გამოსწორება კი — ბოროტმოქმედებით.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენი უზენაესი რელიგია ისლამი კრძალავს უკიდურესობას. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) შეგვაგონებს: „ადამიანებო! ერიდეთ რელიგიაში გადაჭარბებას, რადგან თქვენამდე მცხოვრებნი რელიგიაში გადაჭარბებამ დაღუპა.“ (იბნი მაჯე, მენასიქი, 63)
ისლამი მოითხოვს, რომ მუსლიმებმა აირჩიონ შუა გზა და იცხოვრონ დაბალანსებული ცხოვრებით. უზენაესი გამჩენი ბრძანებს: „და ამგვარად დაგადგინეთ თქვენ შუა (ზომიერი–სამაგალითო) თემად, რათა მოწმენი იყოთ ადამიანთა მიმართ და შუამავალი მოწმე იყოს თქვენს მიმართ.“ (ბაყარა, 2/143)
მიუხედავად ამისა, როგორც წარსულში, ისე დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მშვიდობისა და კეთილდღეობის რელიგიის — ისლამის — უზენაეს ღირებულებებს ბოროტად იყენებენ. მათი ნამდვილი მიზანია: რელიგიის ნიღბით მუსლიმურ საზოგადოებაში განხეთქილების და არეულობის დათესვა, მორწმუნეთ ერთმანეთზე გადაკიდება.
ძვირფასო მუსლიმებო!
ისინი, ვინც რელიგიის ბოროტად იყენებენ თავს რელიგიის ერთადერთ წარმომადგენლებად წარმოაჩენენ. ისინი ისლამს საკუთარ შეხედულებებში ამწყვდევენ. ყურანსა და სუნნეთს რეალური მნიშვნელობიდან აცდენენ და თვითნებურ განმარტებებს მიმართავენ, რათა თავიანთი არასარწმუნო იდეები გაამართლონ. თავიანთი გამყოფი და გამორიცხველი რიტორიკის გასამყარებლად არ ერიდებიან ჰადისების უგულებელყოფას. ისეთ ცნებებს, როგორიცაა შირქი, თექფირი და ჯიჰადი, ადამიანთა განადგურების იარაღად აქცევენ. საკუთარ თავს „გამომსწორებლებად“ და თევჰიდის დამცველებად წარმოსაჩენ ამ ჯგუფებზე ყურანი ასე შეგვახსენებს: „როდესაც აფრთხილებენ: ნუ თესავთ არეულობას დედამიწაზე! ისინი პასუხობენ: ჩვენ მხოლოდ მშვიდობისმთესველნი ვართ.თვალი გაახილეთ! სწორედ ისინი არიან არეულობის მთესველნი, თუმცაღა არ აცნობიერებენ.“ (ბაყარა, 2/11-12)

ძვირფასო მორწმუნეებო!
რელიგიის მფლობელი თავად უზენაესი ალლაჰია, ხოლო ისლამის ყველაზე სწორად მცხოვრები და განმმარტებელი ჩვენი შუამავალი მუჰამმედ მუსტაფა (ს.ა.ს.)-ია. ისლამის მიხედვით, არავის აქვს უფლება თავი ალლაჰისა და მისი შუამავალის ადგილას დააყენოს, მათი სახელით გადაწყვეტილებები მიიღოს ან უგულებელყოს ჩვენი რელიგიური და ისტორიული მემკვიდრეობა. არავის შეუძლია თავი ისლამის ერთადერთ ნამდვილ წარმომადგენლად გამოაცხადოს და აბსოლუტური ჭეშმარიტება მხოლოდ საკუთარ თავს მიაკუთვნოს. არავის აქვს უფლება შირქისა და ურწმუნოების ბრალდებით მუსლიმი რწმენის წრიდან გამორიცხოს, ხელყოს მისი უფლებები.
ძვირფასო მუსლიმებო!
სამწუხაროდ, დღეს მუსლიმური საზოგადოებები აწყდებიან სახიფათო მიდგომას — იმ აზროვნებას, რომელიც ისლამს საკუთარ მონოპოლიად აცხადებს და სხვებს გამორიცხავს. ეს უკიდურესი დაჯგუფებები, რომლებიც ციფრულ პლატფორმებს იყენებენ მუსლიმი ახალგაზრდების ცნობიერების დასაბინდად და მშვიდობის რელიგიას — ისლამს — ძალადობასთან განზრახ აიგივებენ, უკვე გლობალურ საფრთხედ იქცნენ. მათი დამანგრეველი იდეოლოგიები არა მხოლოდ საზოგადოებრივ მშვიდობას არღვევს, არამედ მუსლიმთა ერთიანობასა და ურთიერთნდობასაც ასუსტებს. ასეთ გამოწვევებთან დაპირისპირება ჩვენგან მოითხოვს სიფხიზლეს, გონიერებასა და პასუხისმგებლობას, რათა შევინარჩუნოთ ერთობა, სოლიდარობა და სულიერი სიმტკიცე, რომელიც ჩვენი ძალის წყაროა. უნდა ვიზრუნოთ, რომ ახალგაზრდებმა სარწმუნო რელიგიური ცოდნა სწორი მეთოდებითა და კომპეტენტური პირებისგან მიიღონ. ყურანს, სუნნეთსა და ჩვენი წიაღიდან აღმოცენებულ ისლამურ ტრადიციას უნდა გავუფრთხილდეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისლამსა და მუსლიმებს ყველაზე დიდ ზიანს აყენებენ ისინი, ვინც ჩვენს სარწმუნოებას, ღირებულებებსა და ცნებებს ბოროტად იყენებენ.





Comment here