სათაურებიხუტბა

ოჯახი – უსაფრთხოების,
ერთგულებისა
და მოწყალების კერა

ძვირფასო მუსლიმებო!
წყალობათაგან ყველაზე დიდი წყალობა, რაც უზენაესმა ღმერთმა ჩვენ მოგვმადლა, ოჯახია. ოჯახი – ეს არის ურთიერთშეთანხმებითა და ქორწინებით შექმნილი ქალისა და მამაკაცის კავშირი, რომელიც დაფუძნებულია ღმერთის ნებაზე და ჩვენი შუამავალის (ს.ა.ს.) სწავლებაზე. ეს კავშირი ბარაქას იძენს შვილებით, ივსება ბებია-ბაბუებით, შვილიშვილებით და იქცევა ერთგულებისა და ნდობის ბუდედ. როგორც ყურანში ვკითხულობთ: „მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის!“ (რუმი, 30/21) ოჯახი არის სითბოსა და მოწყალების კერა. ეს არის შეუცვლელი ინსტიტუტი, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია და რომლის ადგილს ვერავინ და ვერაფერი დაიკავებს.

ძვირფასო მორწმუნეებო!
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: وَاللّٰهُ جَعَلَ لَكُمْ مِنْ بُيُوتِكُمْ سَكَنًا   „და ალლაჰმა დაადგინა თქვენთვის ოჯახები (სახლი) სიმშვიდის ადგილად (საცხოვრებლად…“  (ნაჰლი, 16/80)  ოჯახი სიმშვიდისა და კეთილდღეობის წყაროა. ამ სიმშვიდის შექმნაში დედასაც და მამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვებს ისევე სჭირდებათ დედის სითბო და სიყვარული, როგორც მამის ავტორიტეტი და დისციპლინა. ამიტომ, მათი აღზრდა და მორალური ჩამოყალიბება მხოლოდ სკოლებს, ტელევიზორებს, ტაბლეტებსა და კომპიუტერებს არ უნდა მივანდოთ. რადგან, თუ ბავშვი ვერ იგრძნობს მშობლების სიყვარულსა და ზრუნვას, იგი იწყებს ამის ძებნას სხვაგან, რაც მისი ბუნების დარღვევამდე მიგვიყვანს.

ძვირფასო მუსლიმებო!
ადამიანის ბუნების დაცვა მხოლოდ გაწონასწორებული ოჯახების მეშვეობითაა შესაძლებელი. ეროვნული და სულიერი ღირებულებების ერთგული თაობა იზრდება რწმენით აღსავსე ოჯახში. ძლიერი საზოგადოება კი იბადება მშვიდობიანი ოჯახების ხელში. ამიტომ ოჯახში, განურჩევლად ვინ რა როლს ასრულებს, არავინ არ უნდა წარმოთქვას ისეთი სიტყვა ან ჩაიდინოს ქმედება, რაც დაარღვევს ოჯახის სიმშვიდეს ან დააკარგვინებს მშობლების პატივს.

ყველამ – იქნება ეს ქალი თუ კაცი, პატარა თუ დიდი – არ უნდა დაუშვას ძალადობის არანაირი ფორმა ერთმანეთის მიმართ. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ღმერთმა აკრძალა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. განსაკუთრებით იმ დროს, როცა ბავშვებისადმი ფსიქოლოგიური ძალადობა მსოფლიოში „ინდუსტრიულ სფეროდ“ იქცა – ყველამ უნდა იცოდეს, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა არის დამღუპველი და არამორალური ქმედება.

ძვირფასო მორწმუნეებო!
შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ქორწინება საუკეთესო გზაა ადამიანის ნამუსისა და სიწმინდის დაცვისთვის.“ (ბუხარი, ნიქაჰი, 3) დიახ, ქორწინება არის ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება. ეს არის წმინდა დასაწყისი, რომლის საშუალებით მივაგღევთ ამქვეყნიურ ბედნიერებას და იმქვეყნიურ მარადიულ ნეტარებას. ქორწინება არის ღირსების დაცვა, ცოდვებისა და ბოროტებისგან თავდაცვა – ნავსაყუდელი, რომელიც იცავს სულს და შთამომავლობას. ამიტომ, ჩვენი ახალგაზრდები, როცა ქორწინების ასაკს მიაღწევენ, აუცილებელია ხელი შევუწყოთ მათ მოკრძალებული, მარტივი და მოკრძალებული ოჯახების შექმნაში – ეს ჩვენი რელიგიური, ზნეობრივი და საზოგადოებრივი ვალია. შუამავალი (ს.ა.ს.) ამ თემაზე აშკარად აცხადებს: إِنَّ أَعْظَمَ النِّكَاحِ بَرَكَةً أَيْسَرُهُ مُؤْنَةً  „ყველაზე ბარაქიანი ქორწინება ის არის, რომელიც ყველაზე ნაკლებ ხარჯიანია.“  (იბნი ჰანბელი, VI, 83)

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) ასევე შეგვაგონებს: „თქვენგან საუკეთესოა ის, ვინც საუკეთესოა თავისი ოჯახის მიმართ.“ (თირმიზი, მენაყიბი, 63)

დავამკვიდროთ ჩვენს ოჯახებში სიყვარული, ტკბილი სიტყვა და თავაზიანობა. ვიყოთ ფხიზლად იმ მავნე იდეოლოგიების მიმართ, რომლებიც ანგრევს ოჯახურ ღირებულებებს და ზიანს აყენებს ჩვენს მომავალს. მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს, ხელი-ხელ ჩაკიდებულმა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ბედნიერება, ერთიანობა და ძმობა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანის ბუნების დაცვა და ოჯახის გაძლიერება მხოლოდ დედისა და მამის ვალდებულება არაა – პასუხისმგებელია ყველა ადამიანი, ყველა დაწესებულება, ყველა ორგანიზაცია, აუცილებლად უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ამ მიზნის მისაღწევად.

ხუტბას შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგი გაფრთხილებით დავასრულებ:

 كَفَى بِالْمَرْءِ إِثْمًا أَنْ يُضَيِّعَ مَنْ يَقُوتُ
ადამიანისთვის ცოდვად ისიც კმარა, რომ უგულებელყოს ის პასუხისმგებლობა, რაც ოჯახს ესაჭიროება.“ (ებუ დავუდი, ზექათი, 45)

Comment here