
ძვირფასო მუსლიმებო!
ერთხელ ჩვენი საყვარელი შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) სიკვდილის სარეცელზე მყოფ ახალგაზრდას ეწვია და ჰკითხა:
„როგორ გრძნობ თავს?“
მან უპასუხა: „ო, ალლაჰის შუამავალკ! ჩემი ღმერთის მოწყალების იმედი მაქვს, მაგრამ ჩემი ცოდვების მეშინია.“
ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:
„როდესაც მონა-მსახურის გულში ერთად იკრიბება იმედი და შიში, ალლაჰი მას მისცემს იმას, რასაც იმედოვნებს და დაიცავს იმისგან, რისიც ეშინია.“[1]
ძვირფასო მორწმუნეებო!
ადამიანს ავიწყდება, სცდება ზღვარს, შეცდომებს უშვებს. ზოგჯერ ღმერთის ბრძანებებისა და აკრძალვების შესრულებაში დაუდევრობას იჩენს, ზოგჯერ კი ადამიანისა და საზოგადოების უფლებების უგულებელყოფით ცოდვაში ვარდება. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხები:
ადამიანმა არ უნდა ჩათვალოს ცოდვა უმნიშვნელოდ;
არ უნდა იამაყოს ჰარამით;
არ უნდა დაიჯინოს შეცდომის დაშვება და ცოდვა.
უზენაესი ალლაჰი ღვთისმოშიში მორწმუნეების ამ თვისებას ასე გვამცნობს:
„და ისინი, როცა რაიმე სიბილწეს ჩაიდენენ ან საკუთარ თავს ავნებენ, ალლაჰს იხსენებენ და მაშინვე თავიანთი ცოდვების მიტევებას ითხოვენ. და ვინ აპატიებს ცოდვებს ალლაჰის გარდა? და ისინი შეგნებულად არ აგრძელებენ იმას, რაც ჩაიდინეს.“[2]

ძვირფასო მუსლიმებო!
დრო სწრაფად მიედინება, ჩვენი სიცოცხლის კაპიტალი იწურება. ყოველი დღე გვაახლივებს მარადიულ ცხოვრებას. ფრთხილად ვიყოთ! ამ მოკლე სიცოცხლის შედეგი შეიძლება იყოს ან მარადიული ბედნიერება, ან დიდი დანაკარგი.
ჩვენთვის ყველაზე დიდი მოგებაა — შევასრულოთ ის საქმეები, რომლებითაც ჩვენი გამჩენი კმაყოფილია; შევიმოსოთ ჩვენი შუამავალის (ს.ა.ს.) მაღალი ზნეობა; სიკეთე ცხოვრების წესად ვაქციოთ და ბოროტებას მოვერიდოთ.
ყველაზე დიდი ზარალი კი ის არის, რომ ფიქრებით — „ღმერთი მაინც მაპატიებს“, „მერე მოვინანიებ“ — ცოდვებში ჩავიძიროთ და მონანიების კარის გაღება დავივიწყოთ.
ჩვენი საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:
„ყველა ადამიანი შეცდომას უშვებს, ხოლო შეცდომის დამშვებთაგან საუკეთესო ის არის, ვინც მონანიებას მიმართავს.“[3]
ძვირფასო მორწმუნეებო!
ორშაბათი დღე, როცა დაღამდება, რამადანის მახარობელს — ბერათის ღამეს — შევეგებებით. მოდით, ეს კურთხეული ღამე ჩვენი ცხოვრების ახალი დასაწყისის შესაძლებლობად ვაქციოთ. გადავხედოთ ჩვენს შეცდომებს და ჩადენილი ცოდვები მოვინანიოთ. მოვერიდოთ ყოველგვარ ჰარამს, რომელიც ჩვენს სულს სიმშვიდეს ართმევს, ოჯახს უბედურს ხდის და ჩვენს საქმესა და ვაჭრობას ბარაქას უკარგავს.
თუ ჩვენი სისუსტეების გამო კვლავ ცოდვაში ჩავვარდებით, მაშინ უზენაესი ალლაჰის მიტევებასა და წყალობას შევაფაროთ თავი. არ დაგვავიწყდეს: ცოდვა გულზე დარჩენილ ლაქას ჰგავს. თუ ეს ლაქა მცირედ ჩავთვალეთ და გაგრძელდა, თანდათან გაიზრდება და გულს ცააბნელებს. ხოლო როცა გული ბნელდება, გონება ვეღარ წვდება ჭეშმარიტებას, თვალი ვეღარ ხედავს სიმართლეს, ყური ვეღარ ისმენს ჭეშმარიტებას, ენა კი ვეღარ ამბობს მართალს.
ამასთან დაკავშირებით ყური დავუგდოთ შემდეგ აიათს: “თქვი: ჰეი, მსახურნო ჩემო, რომელთაც ზღვარს გადახვედით საკუთარი თავის საზიანოდ! არ მოიწყვიტოთ იმედი ალლაჰის წყალობისგან. უეჭველად, ალლაჰი მიუტევებს ცოდვებს სრულად, რადგან იგია შემნდობი, მწყალობელი.”[4]
[1] იბნი მაჯე, ზუჰდი, 31.
[2] ალ-იმრანი, 3/135.
[3] იბნი მაჯე, ზუჰდი, 30.
[4] ზუმერი, 39/53.





Comment here