სათაურებიხუტბა

მემკვიდრეობა:
ღვთის მიერ
დადგენილი უფლება


ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის მიხედვით, ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც გვევალება, რომ შევასრულოთ, არის მემკვიდრეობის განაწილება ისე, როგორც ბრძანებს ალლაჰი და მისი შუამავალი. მემკვიდრეობა არის გარდაცვლილის მიერ დატოვებული ქონების, ფინანსური აქტივებისა და სიმდიდრის განაწილება მემკვიდრეებს შორის გარკვეული წესების მიხედვით.

ყურანში მემკვიდრეობის შესახებ კონკრეტული აიათებია მოცემული. აიათებიდან გამომდინარე შუამავალი ასე გვასწავლის: „მემკვიდრეობით დატოვებული ქონება, მეწილეებს შორის ღვთის წიგვის მიხედვით უნდა განაწილდეს“. (მუსლიმი, „ფერაიზ“, 4)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამი გვავალდებულებს მემკვიდრეობის განაწილებისას ზედმიწევნით გავითვალისწინოთ სამართლიანობა, ისევე როგორც ყველა სხვა საქმეში, და  ყველა კანონიერ მფლობელს თავისი კუთვნილი წილი მივცეთ, მიუხედავად იმისა, ქალი იქნება თუ კაცი, დიდი თუ პატარა. მემკვიდრეობის განაწილების შესახებ ყურანში ვკითხულობთ შემდეგს: კაცებს წილი იქიდან, რაც მშობლებმა და ნათესავებმა დაუტოვეს. და ქალებს წილი იქიდან, რაც მობლებმა და ნათესავებმა დაუტოვეს. ცოტა თუ ბევრი წილი დადგენილია. და თუ ქონების გაყოფისას ესწრებიან ნათესავები, ობლები, უპოვრები, მათაც უწილადეთ იქიდან და უთხარით კეთილი სიტყვა. (ნისა, 4/7)

ისლამი ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა უფლებებს და მემკვიდრეობის განაწილებისას მათ კუთვნილებას აღიარებს. ადგენს ნორმებს, თუ როგორ უნდა განაწილდეს ის.

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც იწვევს ოჯახურ პრობლემებს, ძმებსა და ნათესავებს შორის უკმაყოფილებას,  მემკვიდრეობის უსამართლოდ განაწილებაა. მემკვიდრეობის განაწილებისას ისლამის მიერ დაწესებული კრიტერიუმების შეუსრულებლობა და უგულებელყოფა დიდი ცოდვაა. ქალიშვილებისთვის მემკვიდრეობის უფლებების ჩამორთმევა, მათი წილის გარეშე დატოვება, აშკარა უსამართლობაა. ასევე მკაცრადაა აკრძალული ობლების წილის ხელყოფა. ყოველ ადამიანს შეუძლია თავისი ქონება შვილებს შორის გაუნაწილოს, თუმცა სამართლიანობა უნდა დაიცვას. რომელიმე შვილზე უპირატესობის მინიჭება და მეტი წილის მიცემა, სხვა შვილების უფლების უხეში დარღვევაა. შუამავალი ასე გვაფრთხილებს: „გეშინოდეთ ღვთისა და შვილებს შორის სამართლიანი იყავით!“ (იხ. მუსლიმი, „ჰიბე“, 13)

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: ვინც აღუდგება ალაჰს და მის შუამავალს, და გადავა მის (ალლაჰის) საზღვრებს, მას იგი შეიყვანს ცეცხლში, სადაც სამუდამოდ დარჩება და მისთვისაა სასჯელი დამამცირებელი! (ნისა, 4/14) ამიტომ, არ გძლიოთ ცდუნებამ და არასოდეს დაარღვიოთ უზენაესის მიერ დაწესებული საზღვრები მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. ყველას მივცეთ თავისი კუთვნილი, არ წავართვათ ის, რაც ეკუთვნით. ვიყოთ მოწყალენი და სამართლიანნი. არ დაგვავიწყდეს, რომ მათი აღსასრული, ვინც არ ითვალისწინებს უზენაესის მიერ დადგენილ ნორმებს, არის  ამქვეყნიური იმედგაცრუება და საშინელი ტანჯვა საიქიოში.

ხუტბას ბოლოს კი შუამავლის მოძღვრებას შეგახსენებთ: „არავის  აიღოს ერთი სანტიმეტრი მიწაც, რომლის უფლებაც არ აქვს! თუ აიღებს, ალლაჰი განკითხვის დღეს შვიდჯერ მეტს კისერზე ჩამოჰკიდებს“. (იხ. მუსლიმი, „მუსაქათ“, 14)

 

Comment here