სათაურებიხუტბა

გარემოს მიმართ
პასუხისმგებლობა

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ვცხოვრობთ სრულყოფილ გარემოში, რომელსაც სამყარო ჰქვია. ამ საოცარი წესრიგისა და წონასწორობის გამჩენი ერთადერთი ღმერთია. მან ის არაფრისგან გააჩინა და მართავს მას. ჩვენი სიცოცხლის წყარო ყოვლისშემძლე ღმერთია, რომელიც გვაძლევს წყალს და ჰაერს, რათა ვიარსებოთ. სწორედ ის აქცევს ნიადაგს ნაყოფიერების, ხოლო ტყეებს ჟანგბადის წყაროდ. ეს არის ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელმაც მზე, მთვარე, ვარსკვლავებს, ზღვები, ტბები და მდინარეები ადამიანების სარგებლობისთვის გააჩინა. წმინდა ყურანის აიათის მიხედვით უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: „და თქვენს განკარგულებაში მოგცათ ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. უეჭველად, ამაში სასწაულებია გულისხმიერ ხალხთათვის“. (ჯასიე, 45/13)

ძვირფასო მორწმუნენო!
გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უზენაესი გამჩენის მიერ მონიჭებული წყალობაა. ეს არის ამანათი, რომელიც წინაპრებისგან გადმოგვეცა და მომავალ თაობას უნდა დავუტოვოთ. გავიხსენოთ შუამავლის შეგონება: „ვინც მიბარებულ ამანათს საჭირო  გულისხმიერებით არ მოეკიდება, მისი რწმენა ჩამოუყალიბებელია“. (იხ. იბნ ჰანბელი, 3, 134). ამრიგად, მიბარებულ ამანათზე გაფრთხილება რწმენის ერთ-ერთი ნიშანია. თუ ჩვენ გარემოს გავუფრთხილდებით და მომავალ თაობებს გადავცემთ, ღვთის წინაშე მნიშვნელოვან ვალდებულებას შევასრულებთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
დედამიწაზე რაც უარყოფითი ცვლილებები განხორციელებულა, არა ბუნების, არამედ ადამიანის ჩარევის შედეგია. ყურანში ღმერთი ბრძანებს: „გამოიკვეთა უკეთურება ხმელეთზე და ზღვაში იმის გამო, რაც მოიხვეჭეს ადამიანთა ხელებმა, რათა აწიოს მათ ნაწილი იმისა, რაც ჩაიდინეს, ეგების უკუმოიქცნენ!“ (რუმი, 30/41)

დიახ, დღეს ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის გარდა არაფერზე ფიქრობენ და ბედნიერებას შეუზღუდავ მოხმარებაში ეძებენ, დედამიწის   ბუნებრივ წონასწორობას არღვევენ. ბევრი ადამიანი, რომელიც ამბიციების ან  სიძუნწის მონაა და  თავის დაუოკებელ სურვილებს ემორჩილება, უპასუხისმგებლოდ იქცევა და  ყველა ცოცხალი არსების საერთო საარსებო გარემოს ანადგურებს. მოძალადე ტირანები, რომლებმაც მათ მიერ წარმოებული ქიმიური იარაღით და ბომბებით დედამიწის ნაწილი  დაუსახლებელ ადგილად აქციეს, , კლავენ არა მხოლოდ უდანაშაულო ადამიანებს, არამედ ბუნებრივ გარემოსაც ანადგურებენ. ეს მძიმე სურათი განსაკუთრებით ღაზაში ჩანს. ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: როცა გაგეცალა შენ, დაძრწის დედამიწაზე არეულობის (უზნეობის) გამოსაწვევად და (სურს) გაანადგუროს ნათესები და შთამომავლობა, ალაჰს კი არ უყვარს არეულობა (უზნეობა)! (ბაყარა 2/205)

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს თანამედროვე მსოფლიოში გვალვა და სასმელი წყლის ნაკლებობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი  პრობლემაა. შუამავალმა სუფთა წყლის ზედმეტად გამოყენება აკრძალა და გვირჩია წყალი დაგვეზოგა მაშინაც კი, როცა ჩვენს წინ მდინარე მიედინება. ასეა, დღეს არაგეგმაზომიერი და ჭარბი გამოყენების შედეგად წყლის რესურსები იწურება. წყალი სიცოცხლის წყაროა და მას განსაკუთრებით გაფრთხილება სჭირდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ამ სამყაროს მფლობელები არ ვართ, ჩვენ  მისი მეურვეები ვართ. ჩვენ უნდა მოვუაროთ დედამიწას, მის გარემოს,წყალსა და ჰაერს. არ უნდა გადავყაროთ ნარჩენები, არ უნდა მოვჭრათ ხეები, არ უნდა დავაბინძუროთ გარემო და ეს დამოკიდებულება სხვებსაც უნდა გავუზიაროთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რათა ტყეში ხანძარი არ გავაჩინოთ, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ პერიოდში. თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერი დამოკიდებულება და ქცევა, რომელიც ზიანს აყენებს ჩვენს გარემოს, ცოცხალ არსებებს და არღვევს ბუნებრივ წონასწორობას. ვეცადოთ, რომ მომავალ თაობებს  სასიცოცხლოდ ვარგისი და სუფთა გარემო დავუტოვოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ სისუფთავე რწმენის ნახევარი და ღვთისმსახურების ძირითადი პირობაა. ეს მუსლიმის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ მუსლიმებმა გარემოს სისუფთავეს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ და ამით სხვებისთვისაც კარგი მაგალითი ვიყოთ.

ბოლოს კი შუამავლის შეგონებას მოვუსმინოთ: „ჩემი მიმდევრების კარგი და ცუდი საქმენი მაჩვენეს. კარგ საქმეებს შორის ერთ-ერთი გზიდან ისეთი რაღაცაების აღება იყო, რაც ხალხს აწუხებს. ცუდ საქმეებს შორის კი ერთ-ერთი ძირს დაფურთხება და დანაგვიანება იყო“. (იხ. მუსლიმი, „მესაჯიდ“, 57; იბნ მაჯე, „ედებ“ 7)

Comment here