სათაურებიხუტბა

ბერათის ღამე: მიტევებისა და გადარჩენის ღამე

ძვირფასო მორწმუნენო!
თანდათან უფრო გვიახლოვდება ძვირფასი რამადანის თვე, რომელიც ცნობილია, როგორც თერთმეტი თვის სულთანი. ხვალ ბერათის ღამეს აღვნიშნავთ, რომელიც რამადანის მახარობელია. უზენაესს ვთხოვთ, ამ ღამის მადლით, ჩვენს ერსა და მუჰამმედის მიმდევრებს სიკეთე და ბარაქა უწყალობოს. დალოცვილ იყოს ბერათის ღამე!

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი ასეთი ღამე იყო. ჩვენი ძვირფასი დედა, ჰზ. აიშე იღვიძებს და ხედავს, რომ შუამავალი არსადაა. ის გარეთ გადის და მის ძებნას იწყებს. ბოლოს ნახავს, რომ შუამავალი ხელაპყრობილი დგას და ღმერთს ევედრება. ჰზ. აიშეს ცნობისმოყვარეობა რომ დაეკმაყოფილებინა, შუამავალმა ასე ბრძანა: „ეს ღამე, რომელიც შაბანის მთვარის შუაშია, არის დრო, როდესაც ღმერთი ამქვეყნიურ ცამდე წყალობით ეშვება და იმაზე მეტ ადამიანს შეიწყალებს, რამდენი ბეწვიც ქელბის ტომის ცხვრებს აქვთ“. (იხ. თირმიზი, „სავმ“ 39)

ძვირფასო მუსლიმებო!

ჩვენი გადარჩენის წყარო ყურანია. ბერათის ღამის შესახებ ყურანში ნაბრძანებია:

„მაშინ ვისაც ებოძება თავისი წიგნი მისივე მარჯვენაში, იტყვის: აჰა, წაიკითხეთ ჩემი წიგნი!
უეჭველად, მე ვუწყოდი, რომ გადავეყრებოდი ჩემს ანგარიშსწორებას.
მას ნეტარი ცხოვრება ელის  უმაღლეს სამოთხეებში!“ (ჰაქქა 69/19-22)

აიათიდან ვსწავლობთ, რომ საიქიოში ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრების წიგნი გადაეცემა და გადარჩენა და სამოთხეში დამკვიდრება რწმენაზე, ღვთისმსახურებაზე, სიკეთესა და რაც მთავარია ღვთის წყალობაზეა დამოკიდებული.

უზენაესი ალლაჰის მხრიდან ჩვენთვის ბოძებული ეს ძვირფასი ღამეები, ეს ძვირფასი პერიოდი იმისათვის უნდა გამოვიყენოთ, რომ გავაანალიზოთ წარსული, გავიაზროთ შეცდომები, დავგეგმოთ სასიკეთო მომავალი, შევასრულოთ ღვთისმსახურება, მოვინანიოთ  ცოდვები და ღმერთს პატიება ვთხოვოთ. ჩვენ იმის მიხედვით კი არ უნდა ვიცხოვროთ, თუ რას ითხოვს ჩვენი უძღები შინაგანი ბუნება, არამედ, ჩვენი ცხოვრების ძირითადი განმსაზღვრელი ღვთის კმაყოფილების მოპოვება უნდა იყოს. შეცდომები და ცოდვები უნდა მოვინანიოთ. ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერებისათვის კი ღმერთს უნდა შევევედროთ. ეს პერიოდი საამისოდ ხელსაყრელია და ეს უნდა გამოვიყენოთ. ღვთის შუამავალი ასე გვმოძღვრავს:

„როდესაც შაბანის თვის მეთხუთმეტე ღამე  მოვა, ღამით ღვთისმსახურება შეასრულეთ. დღისით იმარხულეთ. ამ ღამეს, როდესაც მზე ჩავა, ღმერთი დედამიწას წყალობით დახედავს და განთიადამდე ასე ბრძანებს: შენდობის მთხოვნელი არავინაა, რომ შევუნდო? სარჩოს მთხოვნელი არავინაა, რომ ვუწყალობო? განსაცდელში არავინაა, რომ შვება მოვგვარო?!…“ (იხ. იბნ მაჯე, „იქამე“ 191)

ძვირფასო მორწმუნენო!
ხუტბას ბოლოს კი ერთი მნიშნელოვანი საკითხი უნდა შეგახსენოთ. ეპიდემიასთან ბრძოლა ისევ გრძელდება. ჯანდაცვის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა ისევ უნდა გავაგრძელოთ და ამ საკითხს ისეთივე სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, როგორც  ეს  აქამდე იყო. ღმერთმა მოგვმადლოს წყალობა, რათა ამ ეპიდემიისაგან რაც შეიძლება სწრაფად გავთავისუფლდეთ.  

Comment here