ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„და არ თქვათ ტყუილი, როგორც თქვენი ენა შეჩვეულია: ეს ნებადართულია, ეს კი – აკრძალულიო, რითაც შეთხზავთ სიცრუეს ალლაჰზე. უეჭველად, რომელნიც ალლაჰზე სიცრუეს თხზავენ, ვერ იქნებიან ნეტარნი!“ (ნაჰლ, 16/116)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს:
„ალალი ცხადია. არამიც ცხადია. ამ ორს შორის არსებობს გარკვეული საეჭვო რამეები, რომელთა შესახებაც ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის. ვინც საეჭვოს განერიდება სარწმუნოებასა და ღვთისმოსაობას დაიცავს. ვინც საეჭვო გზას დაადგება, არამში ჩავარდება“. (იხ. ბუჰარი, „იმან“, 39)
ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის მიხედვით ალალია ყველაფერი, რის თქმასაც და გაკეთებასაც ღმერთი არ კრძალავს. რაც შეეხება არამს, ყველაფერი, რაც ღვთის მიერ აკრძალულია, არამია. ჩვენი სარწმუნოების მიხედვით ალალისა და არამის დადგენა უზენაესი გამჩენის პრეროგატივაა. არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება თავისი შეხედულებისამებრ არამი ან ალალი დაადგინოს. ისლამის მიხედვით ალალის არეალი საკმაოდ ფართეა, ხოლო არამი ლიმიტირებულია.
ძვირფასო მორწმუნენო!
ყველაზე დიდი ცოდვა, რომელიც ღმერთმა დაადგინა, ურწმუნოება და ღმერთზე ტოლის, სწორის, მოზიარის გაჩენაა. მორწმუნე თავის რწმენას პოლითეიზმით არასოდეს აბინძურებს. ის ალლაჰს არავის და არაფერს გაიტოლებს. ის აღიარებს, ადამიანის ცხოვრებას, სიკეთისა და ბოროტების ნორმებს ღმერთი განსაზღვრავს. ის მხოლოდ მას ეთაყვანება და დახმარებას მხოლოდ მისგან მოელის.
კიდევ ერთი დიდი ცოდვა, რომელიც აკრძალულია, არის ადამიანების სიცოცხლესა და ქონებაზე ზიანის მიყენება, ან ხელყოფა და ასევე მათი პატივისა და ღირსების შელახვა. ჩვენი რელიგიის მიხედვით, ადამიანების სიცოცხლე წმინდა და ხელშეუხებელია. წმინდა ყურანში წერია: რომ ვინც მოჰკლას ადამიანი, თითქოსდა მთელი ხალხი ამოეწყვიტოს“ (მაიდე, 5/32)
დღეს მკვლელი სიონისტები, რომლებსაც ადამიანობის აღარაფერი შერჩენიათ, ერთ-ერთ უდიდეს ცოდვას სჩადიან ღაზასა და რაფაჰში, თანაც მთელი მსოფლიოს თვალწინ; ისინი ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალლაჰის, ანგელოზებისა და დაჩაგრული ხალხის წყევლა, რომლებიც ცოცხლად დაწვეს, არის იმ მჩაგვრელთა თავზე, რომლებიც გენოციდს სჩადიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მჩაგვრელები ამგვარი სისასტიკით მხოლოდ საკუთარ დასასრულს ამზადებენ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამი უსამართლო შემოსავლების კარებს სრულებით კეტავს. შესაბამისად, ქურდობა, ქრთამი, თაღლითობა და მსგავსი არალეგიტიმური შემოსავლები კატეგორიულად მიუღებელი და არამია. ასევე არამია, როგორც ინდივიდის, ისე საზოგადოებრივი უფლებების დარღვევა.
ისლამმა ასევე აკრძალა პროცენტი და მევახშეობა, რადგან ის ადამიანთა ექსპლუატაცია და ბოროტებაა. პროცენტი საქმიან ურთიერთობად ვერ განიხილება. შეცვლილი პირობები მევახშეობის ლეგიტიმაციის მიზეზი ვერასოდეს გახდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ღვთიური ბრძანება საკმაოდ მკაფიოა:
„რომელნიც მევახშეობას ეწევიან, (აღდგომის დღეს) ვერ აღსდგებიან (სხვაგვარად), თუ არა ისე, როგორც აღსდგება ეშმაკის შეხებით გაგიჟებული. აი, ეს იმისთვის, რომ თქვეს მათ: ვაჭრობა ხომ იგივე მევახშეობაა! ალლაჰმა კი ნება დართულ ჰყო ვაჭრობა და აკრძალა მევახშეობა...“ (ბაყარა 2/275)
ყველანაირი ალკოჰოლი, აზარტული თამაშები და ნარკოტიკი, რომლებიც ადამიანთა ჯანმრთელობას და ოჯახის მდგრადობას საფრთხეს უქმნია, ჰარამია. ყველა ისეთი ქმედება, როგორიცაა მრუშობა, პროსტიტუცია, ჰომოსექსუალიზმი და სხვა, საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ ზნეობასა და მომავალი თაობების სიჯანსაღეს, კატეგორიულად მიუღებელი და არამია. ის ცუდი ჩვევები, როგორიცაა ტყუილი, ჭორაობა, ცილისწამება და ეჭვი, რომლებიც ადამიანებს შორის მტრობას ნერგავს და ანგრევს სოციალურ სოლიდარობას, ასევე მიუღებელი და არამია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაც რეალურ ცხოვრებაში მიუღებელია, ის ასევე მიუღებელია სოციალურ ქსელებსა და მედია სივრცეში.
ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როდესაც ალალისა და არამის მიმართ მგრძნობელობა დღითი დღე მცირდება. ცოდვა წახალისებულია და მის აშკარად ჩადენასაც აღარ ერიდებიან. ასეთ დროს ჩვენი მოვალეობაა მტკიცედ დავიცვათ წმინდა ყურანის პრინციპები და სუნას მოძღვრება. არ დაგვავიწყდეს, რომ არამი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ალლაჰსა და მის მსახურს შორის. ალალისა და არამის მიმართ მგრძნობელობის დაკარგვა ყველაზე დიდი უბედურებაა, როგორც ინდივიდის, ისე საზოგადოებისთვისაც.
უზენაეს გამჩენს ვევედრებით, ნუ მოგვაკლებს არამისა და ალალის მიმართ მგრძნობელობას და მომავალ თაობებს საუკეთესო ზნეობა და გონიერება უწყალობოს.
Comment here