ზოგადი

ქერბელას ტრაგედიისგან გაკვეთილი უნდა მივიღოთ

ძვირფასო მორწმუნენო!
გასული ორშაბათი მუჰარრემის თვის პირველი დღე იყო. მადლობა ღმერთს, რათა ჰიჯრით ახალ წელს კიდევ ერთხელ დაგვასწრო. უზენაესს ვთხოვთ, ჰიჯრით 1443 წელი, ჩვენი ერის, ყველა მუსლიმისა და მთელი კაცობრიობისთვის სასიკეთო ყოფილიყოს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰიჯრის კალენდარი შუამავლისა და მისი მეგობრების მექადან მედინაში გადასახლების დღეს უკავშირდება. ჰიჯრა მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორეში გადასახლება არ გახლავთ. ჰიჯრა, ამავდროულად,  ღვთისა და შუამავლის მიმართ გულითად მინდობას, ერთგულებასა და თავდადებას გულისხმობს. ჰიჯრა ფუჭი მისწრაფებების, ცდუნებებისა და ცოდვებისგან განშორება და ჭეშმარიტების, ზნეობრიობისა და სათნოებისკენ სწრაფვაა. ჰიჯრა თანადგომას, ძმობას, სიყვარულსა და მეგობრობას ნიშნავს.

ჰიჯრის კალენდრის მიხედვით წელიწადის პირველი თვე მუჰარრემია. მუჰარრემი პატივსაცემს ნიშნავს. ეს თვე მადლითა და ბარაქითაა შემკული. შუამავალი ბრძანებს, რომ რამადანის შემდეგ ყველაზე დიდი მადლის მომტანი მარხვა მუჰარრემის თვეშია. (იხ. თირმიზი, „სავმ“ 40)

ძვირფასო მორწმუნენო!
მომავალი კვირის ოთხშაბათი დღე მუჰარრემის მე-10 დღე, ანუ აშურაა. როდესაც შუამავალი მექადან მედინაში გადასახლდა, ნახა, რომ იქაური ებრაელები აშურა დღეს მარხულობდნენ. შუამავალმა იკითხა, თუ რას უკავშირდებოდა ეს მარხვა. ებრაელებმა უპასუხეს, რომ ამ დღეს ღმერთმა ჰზ. მოსე და მისი ხალხი ფარაონის ტყვეობისგან გაათავისუფლა და შუამავალი მოსეც ამ დღეს მარხულობდაო. შუამავალმა მოისმინა ებრაელების პასუხი და ბრძანა: „ჩვენ მოსესთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე თქვენ“. (იხ. მუსლიმ, „სიამ“ 128). შემდეგ კი შუამავალმა თავის მიმდევრებს ურჩია, რომ აშურა დღის წინა დღეს, აშურა დღეს და მეორე დღეს, ანუ სამი დღე ემარხულათ. (იხ. იბნ ჰანბელი, 1.240)    

ძვირფასო მორწმუნენო!
აშურა დღის გახსენებისას აუცილებლად გვახსენდება ის ტრაგედია, რომელიც ამ დღეს ქერბელაში დატრიალდა. შუამავლის საყვარელი შვილიშვილი ჰზ. ჰუსეინი და მასთან ერთად მყოფი 70-ზე მეტი მორწმუნე მუსლიმი შაჰიდი გახდა. შუამავალი ჰზ. ჰუსეინის შესახებ ამბობდა: „ჩემი ამქვეყნიური ყვავილი“. (იხ. ბუჰარი, ფეზაილუ ასჰაბინ ნები 22) „სამოთხის ახალგაზრდების ბატონი“. (იხ. თირმიზი, მენაქიბ, 30)ჰზ. ჰუსეინი და მისი ამალა ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ამ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ. მათმა თავგანწირვამ მორწმუნეთა გულები დაიპყრო.

ძვირფასო მორწმუნენო!
ქერბელა, მთელი ისლამური სამყაროს საერთო ტკივილი და ისლამის ისტორიის სამწუხარო ფურცელია. რა სამწუხაროა, რომ ესოდენ მტკივნეული ფაქტიდან შესაბამისი გაკვეთილი ვერ ავიღეთ და მუსლიმებს შორის ისევ იღვრება სისხლი და ქერბელა ისევ და ისევ მეორდება. ყოველი მუსლიმის ვალია სწორად გაიაზროს ქერბელას მოვლენა, მისი მიზეზები და შედეგები და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს. მუსლიმთა შორის შუღლი და ქიშპი რომ დასრულდეს ამისათვის მორწმუნეთა ერთიანობა, ერთი ღმერთის რწმენის სიმტკიცე და ურთიერთსიყვარული გვჭირდება. ჩვენი ვალია ყოველთვის ჭეშმარიტების მხარეს დავდგეთ. როგორც კი რაიმე შუღლის საბაბი გამოჩნდება, გონივრულად უნდა მივუდგეთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენ ყველგან და ყოველთვის უნდა დავუპირისპირდეთ ძალადობას და უსამართლობას, როგორც ამას ჰზ. ჰუსეინი აკეთებდა.

ხუტბას დასასრულს, კიდევ ერთხელ ვთხოვ უზენაეს გამჩენს საიქიო წყალობა არ მოკლოს ჰზ. ჰუსეინს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წმინდა საქმეს შეეწირნენ. ბოლოს კი ხუტბას წმინდა აიათით დავასრულებ:

და ჰმორჩილეთ ალაჰს და მის შუამავალს და არ შეეცილოთ ერთმანეთს, თორემ სულით დაეცემით და ძალას დაკარგავთ. და იყავით მომთმენნი, უეჭველად, მომთმენთანაა ალლაჰი!“ (ენფალი 8/46) 

 

Comment here