
პატივცემულო მუსლიმებო!
ოჯახი ის პირველი გარემოა, სადაც ადამიანი ამქვეყნად თვალს ახელს და სადაც მისი პიროვნება, ზნეობა და ღირებულებები ყალიბდება. სწორედ ოჯახში სწავლობს იგი, რომ თბილ სიტყვას გულის გათბობა შეუძლია, თანაგრძნობას კი ტკივილის შემსუბუქება. ოჯახში ეჩვევა სიმართლის თქმას, უფროსების პატივისცემას, უმცროსებზე ზრუნვასა და სამართლიანობას. უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს: „და ალლაჰმა დაადგინა თქვენთვის სახლები საცხოვრებლად…“ (ნაჰლი, 16/80). მართლაც, ყოველდღიური საზრუნავით დაღლილი ადამიანი ოჯახში ეძებს სიმშვიდეს, სითბოსა და თანადგომას.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ოჯახი მხოლოდ ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ადამიანების ერთობა არ არის. იგი ურთიერთსიყვარულის, ერთგულების, მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის სივრცეა. ოჯახის მნიშვნელობა განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, როცა მშობელს ავადმყოფობისას ვუვლით, შვილს უძილო ღამეს ვუთენებთ ან სიხარულსა და მწუხარებას ერთმანეთს ვუზიარებთ. ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის თავშესაფრების არსებობას თავისი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ოჯახის წევრების გულწრფელ სიყვარულსა და მზრუნველობას ვერაფერი ჩაანაცვლებს. დედის სითბო, მამის კეთილი მაგალითი და ბებია-ბაბუისგან მოსმენილი ამბები ადამიანის მეხსიერებაში ხშირად მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება.
პატივცემულო მუსლიმებო!
ოჯახი ბავშვის პირველი სკოლაა, მშობლები კი მისი პირველი მასწავლებლები. ბავშვები ლოცვის მნიშვნელობას, უფროსების პატივისცემას, უმცროსების სიყვარულს, თანაგრძნობასა და გაზიარებას, უპირველესად, ოჯახში სწავლობენ. აქვე ეცნობიან სიმართლის, პატიოსნებისა და სხვისი უფლებების დაცვის მნიშვნელობას.
ჩვენმა შუამავალმა მუჰამმედმა (ს.ა.ს.) კარგი აღზრდის მნიშვნელობაზე მიუთითა. ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა სწორედ მშობლებისგან მიღებული ზნეობრივი მაგალითი და სათანადო აღზრდაა. (თირმიზი, ბირრი, 33) ამიტომ შვილების აღზრდა მხოლოდ მათი მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილებას არ გულისხმობს. მათ სჭირდებათ ჩვენი ყურადღება, საუბარი, თანადგომა და პირადი მაგალითი. ტექნოლოგიების ეპოქაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკრანებთან გატარებულმა დრომ მშობლებთან ცოცხალი ურთიერთობა არ ჩაანაცვლოს.
პატივცემულებო!
ოჯახში ჩამოყალიბებული ზნეობა ადამიანის საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც აისახება. ბავშვი, რომელიც ოჯახში სიყვარულს, პატივისცემას, პასუხისმგებლობასა და სამართლიანობას ხედავს, ამ ღირებულებების სხვებთან გაზიარებასაც სწავლობს. ხოლო ოჯახში მუდმივი დაპირისპირება, ძალადობა, უყურადღებობა და სითბოს ნაკლებობა შესაძლოა ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და მომავალ ურთიერთობებზე უარყოფითად აისახოს. ამიტომ ოჯახში მშვიდობიანი გარემოს შექმნა, უთანხმოების მოთმინებით მოგვარება და ერთმანეთის ღირსების დაცვა თითოეული წევრის პასუხისმგებლობაა.

ძვირფასო მშობლებო!
ჩვენმა შუამავალმა (ს.ა.ს.) გვასწავლა, რომ თითოეულ ადამიანს თავისი პასუხისმგებლობა აკისრია და ოჯახიც ამ პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მშობლის მოვალეობაა, იცოდეს, რა აწუხებს მის შვილს, ვისთან ურთიერთობს, როგორ იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს და როგორ ვითარდება მისი სულიერი და ზნეობრივი ცხოვრება. თუმცა ეს ყურადღება ნდობასა და გულწრფელ საუბარს უნდა ეფუძნებოდეს და არა მხოლოდ აკრძალვებსა თუ კონტროლს.
ოჯახისთვის დათმობილი დრო, მოთმინება და მზრუნველობა კეთილი საქმის ნაწილია. როდესაც ადამიანი სახლში დაღლილი ბრუნდება, მაგრამ მაინც პოულობს ძალას, ოჯახის წევრებს მოუსმინოს, მათ სითბო გაუზიაროს და მათი საჭიროებები გაითვალისწინოს, იგი შუამავლის (ს.ა.ს.) ზნეობრივ სწავლებას საკუთარ ცხოვრებაში ახორციელებს. ოჯახზე ზრუნვა რწმენის ყოველდღიურ გამოვლინებად იქცევა.
პატივცემულო ახალგაზრდებო!
ოჯახის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დიდი პასუხისმგებლობაა. ის ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, სიყვარულზე, ერთგულებასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ცხოვრება ააშენოს. შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა: „თქვენ შორის საუკეთესო ის არის, ვინც საუკეთესოა თავისი ოჯახის მიმართ, მე კი თქვენ შორის საუკეთესო ვარ ჩემი ოჯახის მიმართ.“ (თირმიზი, მენაქიბი, 63)
ეს სიტყვები გვახსენებს, რომ ადამიანის ღირსება მხოლოდ საზოგადოებაში წარმოთქმული სიტყვებითა თუ შესრულებული საქმეებით არ იზომება. იგი იმითაც ვლინდება, როგორ ექცევა საკუთარ მეუღლეს, როგორ ზრუნავს შვილებზე და რამდენად სამართლიანი და კეთილია ოჯახის წევრების მიმართ.
კეთილად აღზრდილი შვილი მშობლისთვის უდიდესი წყალობაა. მისი კეთილი საქმეები კი, ღვთის ნებით, მშობლისთვის გარდაცვალების შემდეგაც შეიძლება გახდეს მადლის მოგების მიზეზი. ამიტომ ოჯახის შექმნასა და შვილების აღზრდას პასუხისმგებლობით, მოთმინებითა და კეთილი განზრახვით უნდა მოვეკიდოთ.
ხუტბას კი შემდეგი აიათით დავასრულებ: „ღმერთო ჩვენო! გვიბოძე ისეთი მეუღლეები და შთამომავლობა, რომლებიც ჩვენი თვალის სიხარული იქნებიან, და გაგვხადე ღვთისმოშიშთა წინამძღოლებად!“ (ფურყანი, 25/74)





Comment here