
ძვირფასო საზოგადოებავ!
ადამიანისთვის ერთ-ერთი უძვირფასესი საუნჯე მშობლიური მიწაა — ადგილი, სადაც იგი თავისუფლად სუნთქავს და ღირსეულად ცხოვრობს. სამშობლოს დაცვა იმდენად წმინდაა, რომ ისინი, ვინც მისთვის სიცოცხლეს წირავენ, შეჰადეთის (მოწამეობის) სტატუსით ჯილდოვდებიან. რამეთუ სამშობლოს არსებობით ცოცხლობს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეროვნული იდენტობა, ენა, სარწმუნოება და ღირსება. საკუთარი მიწა-წყლის პატრონობა გვანიჭებს საკუთარი კერის, შრომისა და დოვლათის შექმნის უფლებას, ხოლო ძლიერი სამშობლო უსაფრთხოებისა და ნათელი მომავლის შენების მყარი გარანტიაა.
ძვირფასო მუსლიმებო!
ისლამურ მოძღვრებაში სამშობლოს სიყვარული რწმენის (იმანის) განუყოფელ ნაწილად ითვლება. ეს სიყვარული ნიშნავს იმ წმინდა ღირებულებათა გაფრთხილებასა და დაცვას, რომლებიც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს — იქნება ეს ისლამის ნიშნები (შა’აირულ-ისლამ), როგორიცაა მეჩეთები, ეზანი და ჩვენი სულიერი ტრადიციები, თუ სამშობლოს უმთავრესი საუნჯე: ენა, მამული, კულტურა, ისტორიული მეხსიერება და სახელმწიფოებრიობა. საჭიროების შემთხვევაში, ეს არის შუამავალ მუჰამმედის (ს.ა.ს.) მოწოდების მთელი გულით გაზიარება: „იბრძოლეთ თქვენი ხელით, ენითა და ქონებით“ [1].

ძვირფასო მორწმუნეებო!
როგორც ერმა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე უამრავი ქარცეცხლი გამოიარა, კარგად ვიცით, რომ მტერი არასდროს ისვენებს. ეპოქები იცვლება, ბოროტება სხვადასხვა ნიღაბს ირგებს და არეულობასაც ახალი სახელები ერქმევა, თუმცა ბრძოლა არ სრულდება. ჩვენ მტკიცედ გვწამს უზენაესის აღთქმისა: „ნუ შედრკებით და ნუ დამწუხრდებით, რამეთუ თუ ჭეშმარიტი მორწმუნენი ხართ, უეჭველად თქვენ გაიმარჯვებთ!“ [2]. თუ ჩვენს წინააღმდეგ მიმართულ ავზრახვებს სიფხიზლით დავხვდებით, გამჩენი ავისმქმნელთ თავიანთსავე მახეში გააბამს [3]; ჭეშმარიტება იზეიმებს, სიცრუე კი საბოლოოდ მოიშთობა [4].
ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი ვედრება უზენაესი გამჩენისადმი არის ის, რომ მარადიულად შეგვინარჩუნოს ერთიანობა, განამტკიცოს ჩვენი სახელმწიფო და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა.
ხუტბას კი სურა ალი იმრანის 200-ე აიათით დავასრულებ: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მოითმინეთ და შეეჯიბრეთ მოთმინებაში, იყავით მედგარნი (შეუპოვარნი) და ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი, ეგებ მიაღწიოთ წარმატებას!“ [5]
[1] ნესაი, ჯიჰადი, 48.
[2] სურა ალი იმრანი, 3/139.
[3] სურა ალი იმრანი, 3/54.
[4] სურა ალი იმრანი, 17/81.
[5] სურა ალი იმრანი, 3/200.





Comment here