
ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი და მისი მიმდევარი მეგობრები მექას გათავისუფლებისთვის ემზადებოდნენ. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის დღე, როდესაც შუამავალმა მექა გაათავისუფლა, რადგან ამ დღეს მრავალი რამ მოხდა, რომლებიც ჩვენთვის მაგალითის მომცემია. თუ კარგად გავიაზრებთ, ეს დღე და მაშინ განხორციელებული მოვლენები ჩვენთვის დიდი გაკვეთილია.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჰიჯრით მერვე წელი იყო. შუამავალმა გადაწყვიტა თავისი მიმდევრები შეეკრიბა და მექაში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ის და მისი მიმდევრები დიდი ზეწოლის შედეგად აიძულეს, რომ წასულიყვნენ. დაახ, ისინი მექაში უნდა დაბრუნებულიყვნენ და ქააბა კერპებისგან უნდა გაეწმინდათ. შუამავალი და მისი ჯარი მექაში დაუბრკოლებლად შევიდა. შუამავალმა ღმერთს მადლობა შესწირა და ქააბასკენ წავიდა. იქ ტავაფი და ორი მუხლი ლოცვა შეასრულა. შემდეგ შუამავალი ქააბას კიბეზე შედგა და იქ მყოფებს მიმართა: „ქება დიდება ალლაჰს, როემლმაც მოგვმადლა წყალობა და მექას გათავისუფლების პირობა შეგვისრულა. ის ეხმარება თავის მსახურებს და მხოლოდ ის არის ყოვლად ძლევამოსილი“. (იხ. იბნ მაჯე, „დიათ“, 5)
მექას ხალხი ქააბას ირგვლივ იყო შეკრებილი და შფოთვითა და შიშით ელოდა გადაწყვეტილებას, რომელსაც ალლაჰის შუამავალი გამოიტანდა. წყალობის შუამავალმა იქ მომლოდინე ხალხს თანაგრძნობითა და მოწყალებით მიმართა: „დღეს თქვენთვის გმობა არ იქნება. უზენაემა გამჩენმა მოგიტევოთ. ის არის ყოვლად მოწყალე და მწყალობელი“. (იხ. ბეიჰაქი, „ელ სინენულ ქუბრა“ 9, 195)

ძვირფასო მორწმუნენო!
მექას გათავისუფლება გვასწავლის, რომ ყოველი სირთულის შემდეგ არის შემსუბუქება, ყოველი უბედურების შემდეგ არის შვება, ყოველი სევდის შემდეგ არის სიხარული. უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: „რამეთუ, უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება; უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება!“ (ინშირაჰ, 94/5-6)
მექას გათავისუფლება გვასწავლის, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს სიცრუეზე, სამართლიანობა გაიმარჯვებსჩაგვრაზე და სიკეთე სძლევს ბოროტებას. ის გვეუბნება, რომ მიწების დაპყრობამდე მნიშვნელოვანი და აუცილებელი გულების დაპყრობაა. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ღვთის დახმარების იმედი. ხოლო როდესაც ღმერთი მოგვმადლის წყალობას და გავიმარჯვებთ, ეს გამარჯვება სიმართლესა და სამართლიანობაზე დავამყაროთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ ხდება ძალადობა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩაგრულთა გვერდით დგომა განურჩევლად მათი რელიგიისა, ეროვნებისა და კანის ფერისა. გავერთიანდეთ ერთმანეთთან ყურანისა და სუნას მოძღვრებით, ისევე როგორც მექას გათავისუფლებისას. მომავლის იმედი ძმობის სამართლიანობისა და ზნეობის დაცვით შევინარჩუნოთ. ვიყოთ ფხიზლად მათ წინააღმდეგ, ვისაც ჩვენ შორის უთანხმოების დათესვა სწადია.
ძვირფასო მორწმუნენო!
ისტორია გვაჩვენებს, რომ ბოროტება და ძალმომრეობა უპასუხოდ არ დარჩება. ასევე, ისტორია გვაჩვენებს, რომ მოძალადე აგრესორები საბოლოოდ ვერ გაიმარჯვებენ და მათ აუცილებლად დამარცხება ელით. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:
„მათ სურთ თავიანთი ბაგეებით ჩაქრობა ალლაჰის ნათელისა, მაგრამ ალლაჰი განავრცობს თავის ნათელს, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს“. (საფ 61/8)
ამრიგად, ღვთის ნება აუცილებლად განხორციელდება. ვინც ცდილობს ძალადობით ფონს გავიდეს, მისი მომავალი სავალალო იქნება. ისინი, ვინც ეხმარებიან აგრესორებს და მხარს უჭერენ მჩაგვრელებს, ხვთის რისხვას ვერ აცდებიან. ჩაგრულთა ვედრება უშედეგოდ არ ჩაივლის. შუამავალი ასე გვასწავლის: „დაჩაგრულის წყევლას მოერიდეთ, რადგან მასსა და ღმერთს შორის არავითარი ფარდა არ არსებობს“. (იხ. ბუჰარი, „ზექათ“, 63)
ბოლოს კი ისევ წმინდა ყურანის აიათს შეგახსენებთ:
„როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოვლენილი,
და როცა დაინახავ, როგორ უწყვეტ ნაკადად შედის ხალხი ალლაჰის სარწმუნოებაში,
შეაქე და განადიდე ღმერთი შენი და შენდობა შესთხოვე! უეჭველად, ის ყოვლისმიმტევებელია!“ (ნასრ, 110/ 1-3)





Comment here