
ძვირფასო ძმებო, რომლებიც დაემორჩილეთ ღვთის ბრძანებას და ამ ძვირფას დღეს მხარდამხარ დგახართ სალოცავში! დალოცვილ იყოს ჯუმა! ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და ბარაქა იყოს ჩვენზე.
ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს პარასკევია. ეს კვირის საუკეთესო დღეა. დღეს არის მადლმოსილი დღე, როდესაც ჩვენ ვდგავართ გამჩენის წინაშე, აღვაპყრობთ ხელებს, ერთად ვლოცულობთ და შენდობას ვითხოვთ ჩვენი ცოდვებისთვის. დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ერთობას და სოლიდარობას; ეს არის ჩვენი ყოველკვირეული დღესასწაული, სადაც ჩვენს ტკივილს და მწუხარებას, სიხარულს და ბედნიერებას ერთმანეთს ვუზიარებთ. ამ დღეს მატერიალური მისწრაფებებისგან ვთავისუფლდებით და სულიერად ვძლიერდებით.
ძვირფასო მორწმუნეებო!
არის მოვალეობები, რომლებიც მუსლიმებმა პარასკევს უნდა შეასრულონ. ერთ-ერთი მათგანი პარასკევის ლოცვის აღსრულებაა. პარასკევის ლოცვა მნიშვნელოვანი ღვთისმსახურებაა, რომელსაც ღმერთმა წმინდა ყურანში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო. ამ დღეს მუსლიმები ისმენენ ქადაგებებს, აღასრულებენ ლოცვებს და ცოდვებს ინანიებენ. ამ დღეს მორწმუნენი ერთად იკრიბებიან, ისმენენ რჩევებს და ერთმანეთს შორის ურთიერთობას განამტკიცებენ. ყოველი მორწმუნე, რომელსაც სურს ამ წმინდა დროის მადლით ისარგებლოს, თავისი ამქვეყნიური მისწრაფებები უნდა მიატოვოს და უზენაესი გამჩენის წინაშე წარსდგეს. მორწმუნემ უნდა შეასრულოს განბანვა, ჩაიცვას ლოცვისთვის შესაფერისი სუფთა ტანსაცმელი, წაიცხოს სასიამოვნო სურნელი და ადრიანად მივიდეს მეჩეთში. მეჩეთში ყოფნისას მორწმუნე ვალდებულია დაიცვას სალოცავში მოქცევის წესები.

ძვირფასო მორწმუნენო!
კიდევ ერთი ვალდებულება, რომელიც მუსლიმებმა პარასკევს უნდა შეასრულონ, პარასკევის ქადაგების მოსმენაა. ქადაგების დროს იმამი მორწმუნეებს ღვთიური ბრძანებებისა და აკრძალვების შესახებ ესაუბრება. პარასკევის ქადაგება პარასკევის ლოცვის აღსრულების ერთ-ერთი პირობაა. პარასკევის ქადაგებას მორწმუნენი ჩუმად უსმენენ. ქადაგების მოსმენის დროს მისალმება ან ლაპარაკი არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება მობილური ტელეფონის გამოყენება. ამრიგად, როდესაც იმამიპარასკევის ხუტბას კითხულობს, ყველა მორწმუნე ვალდებულია ჩუმად იყოს და გულისყურით მოისმინოს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ხუტბას დასაწყისში მოცემულ აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოგიხმობენ ლოცვისთვის პარასკევ დღეს, მაშინვე ისწრაფეთ ალლაჰის ხსენებისკენ და შეწყვიტეთ ვაჭრობა. ეს თქვენთვისვეა უკეთესი, რომ იცოდეთ თქვენ!“ (ჯუმა, 62/9)
შესაბამისად, არასოდეს უგულებელვყოთ პარასკევის ლოცვა, რომელიც არის ალლაჰისადმი ჩვენი მორჩილების და ჩვენი ერთიანობის გამოხატულება, თუ რელიგიურად საპატიო მიზეზი არ გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები პატარაობიდანვე ტკბილი სიტყვით მეჩეთში სიარულსა და პარასკევის ლოცვის შესრულებას მივაჩვიოთ. მათ ყოველთვის სიყვარულით და თანაგრძნობით მოვეპყროთ. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი სამუშაო, სწავლა, გაკვეთილები და საგამოცდო საათები პარასკევის ლოცვის მიხედვით დავგეგმოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ პარასკევის ლოცვა არის თაყვანისცემის აქტი, რომელიც სავალდებულოა. საპატიო მიზეზის გარეშე მისი უგულებელყოფა მიუღებელია და დიდი ცოდვაა.
ბოლოს კი შუამავალის სიტყვებს შეგახსენებთ: „ვინც პარასკევის ლოცვას მნიშვნელოვნად არ ჩათვლის და ამის გამო სამჯერ გააცდენს, მის გულს ბეჭედი დაესმევა“. (იხ. იბნ მაჯე, „იქამე“,93)





Comment here