
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოების მიხედვით ყველა ადამიანის უფლება დაცული და ხელშეუხებელია, მიუხედავად რელიგიისა, ეთნიკური წარმომავლობის, სქესისა და მატერიალური მდგომარეობისა. ისლამი ყველა საკითხში თანასწორობასა და სამართლიანობას გვასწავლის. ასევე ისლამი მოგვიწოდებს, დავიცვათ, როგორც ცალკეული ადამიანების, ისე საზოგადოების უფლებებიც.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი პასუხიმგებლობაა და ამ პასუხიმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ადამიანის უფლებებია. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი რწმენისეული მოვალეობაა.
ჭეშმარიტი მუსლიმი ადამიანის უფლებების მიმართ უდიდესი მგრძნობელობით გამოირჩევა. ის სხვების სიცოცხლეს, ნამუსსა და საკუთრებას ხელშეუხებლად მიიჩნევს და სხვათა უფლებებს არ დაარღვევს.
ჭეშმარიტი მუსლიმი ტყუილს არ იტყვის, ცილს არ დასწამებს, არ იჭორავებს და ადამიანების სიმშვიდეს არ დაარღვევს. მუსლიმისთვის შესაფერისი ქცევა ზომიერებაზე გადის. ის ყოველთვის სიმართლისა და სიკეთის მხარეს დგას.
ადამიანის უფლებების მიმართ ასეთი ფაქიზი დამოკიდებულება, მუსლიმისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა. მუსლიმი განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობა მშობლებს და ოჯახის სხვა წევრებს. ის ასევე პატივისცემით ეპყრობა ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებსა და ყველა სხვა ადამიანს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისის მიხედვით, ღვთის შუამავალი ასე ბრძანებს: „ვინც გვატყუებს, ჩვენიანი არ არის“. (იხ. მუსლიმი, „იმან“, 164). შესაბამისად, ყოველი მუსლიმი ადამიანი, რომელიც ბიზნეს-საქმიანობას ეწევა და ვისთვისაც შუამავალი სამაგალითოა, თავისი მოგების გასაზრდელად ტყუილსა და თაღლითობას არ იკადრებს. პატიოსანი ადამიანი ყიდვა-გაყიდვის პროცესში პატიოსნად იქცევა. დაუშვებელია წონასა და ზომაში მოტყუება და ასევე დაუშვებელია საქონლის ნაკლის დაფარვა. ბუნებრივია, მორწმუნე მუსლიმი სხვის საკუთრებას თვალს არ დაადგამს და უსამართლოდ მითვისებას არ შეეცდება.
მორწმუნე მუსლიმი ყოველთვის ცდილობს, რომ სიმართლემ იზეიმოს. ის ყველას დამსახურებულ პატივს მიაგებს და ასევე სხვისი ნაოფლარის დაუფლებას არ შეეცდება. მორწმუნე დამსაქმებელი ჯამაგირს დროულად და სრულად გასცემს. დასაქმებულიც ვალდებულია დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს და მიღებული გასამრჯელო ალალად მოიხმაროს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანის უფლებების მხრივ ერთ-ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო საზოგადოებრივი უფლებებია. საზოგადოებრივი უფლებები მხოლოდ იმ ადამიანებზე კი არ ვრცელდება, რომლებიც ცოცხლები არიან, ეს უფლებები ჯერ დაუბადებელ ბავშვებსაც გააჩნიათ და მათ უფლება აქვთ ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო პირობები ჰქონდეთ.
საზოგადოებრივი უფლებების დარღვევა დიდი ცოდვაა. ყურანის მიხედვით უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„და ვინც იცრუებს, თავისივე ტყუილით წარსდგება აღდგომის დღეს. მერე ყველა სულს სრულად მიეზღვება თავისი შენაძენისთვის, და ისინი არ დაიჩაგრებიან“. (ალი იმრანი, 3/161)
მორწმუნე მუსლიმისთვის შეუფერებელია ყველა ის საქციელი, რომელიც საზოგადოებას აზიანებს. ასეთებია: ქრთამის აღება, არალეგალური შემოსავლების მიღება, გადასახადებისგან თავის არიდება, ვანდალიზმი და სხვა. მორწმუნე მუსლიმმა იცის, რომ საზოგადოებრივი მოვალეობები ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ტვირთს პასუხისმგებლობით ეკიდება. მორწმუნე თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, სახელმწიფოს ქონებას არ მოიპარავს და არ დააზიანებს.
ძვირფასო მორწმუნენო!
(იხ. მუსლიმი, „მუსაქათ“, 141) ამრიგად, განკითხვის დღეს მართლები რომ ვიყოთ, ყოველი ადამიანისა და ასევე საზოგადოების უფლებები უნდა ვაღიაროთ და გავითვალისწინოთ. უნდა დავიცვათ ზომიერება და ჩვენი ქმედებით სხვებს ზიანი არ მოვუტანოთ. გვახსოვდეს, სხვათა უფლებების დარღვევა ღვთიური სასჯელის საწინდარია.
ხუტბას ბოლოს კი წმინდა ყურანის აიათს მოვუსმინოთ:
„უფრთხილდით იმ დღეს, როცა იქნებით დაბრუნებულნი ალლაჰთან. მაშინ სრულად მიეგება ყველა სულს იმისთვის, რაც კი მოუხვეჭია და არ დაიჩაგრებიან ისინი“. (ბაყარა, 2/281)





Comment here