სათაურებიხუტბა

სამყაროს წყალობა,
ჰზ. მუჰამმედი (ს.ა.ვ)

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ჰეი, შუამავალო! უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად! და მომწოდებლად ალლაჰისკენ, ნებითა თვისა და მანათობელ ლამპრად!“ (აჰზაბი, 33/45-46)

ჰადისის მიხედვით კი ძვირფასი შუამავალი ასე ბრძანებს: 

„ორ რამეს გიტოვებთ. თუ ამ ორ რამეს მტკიცედ გაჰყვებით, გზას არ ასცდებით. ესენი, ღვთის წიგნი და შუამავლის სუნაა“. (იხ. მუვათთა, „ქადერ“, 3)

ძვირფასო მორწმუნენო!
ამაღამ, რებიულ ევველის თვის მეთორმეტე ღამეა, რაც ნიშნავს, რომ ამაღამ სამყაროს წყალობად მოვლენილი შუამავლის დაბადების დღეა. ეს ღამე შუამავლის დაბადების ღამეა. 

დიდება გამჩენს, რათა ის მოგვივლინა შემგონებლად და მასწავლებლად. ვლოცავთ და ვესალმებით შუამავლს და მადლიერებას ვწირავთ უზენაესს, რათა მისი მიმდევრები ვართ და ამ უდიდეს ბედნიერებას ვიზიარებთ. დალოცვილ იყოს ჯუმა!

ძვირფასო მორწმუნენო!
571 წელი იყო. კაცობრიობა უმეცრების ჭაობში იტანჯებოდა. ხალხში უიმედობა, უსამართლობა, ძალადობა და განუკითხაობა გამეფებულიყო. აღარ არსებობდა შეწყნარება, შებრალება, სიყვატული და სიკეთე. აღარც პატიოსნება დარჩენილიყო და აღარც სიმართლე. ძლიერი სუსტს ჩაგრავდა და სამართალი არ დგებოდა. ტანჯული სულები მხსნელის მოვლინებას ელოდნენ. ჩაგრულთა გოდება ცამდე აღწევდა. კაცობრიობას მიმართულება არეოდა და გადარჩენისათვის ღვთიურ წყალობას საჭიროებდა. სწორედ ასეთ კრიტიკულ დროს, უზენაესმა კაცობრიობა არ მიატოვა და შუამავალი მოუვლინა. მან მოავლინა უკანასკნელი შუამავალი, რომელმაც ადამიანებს ჭეშმარიტი რწმენა და სწორად ცხოვრება ასწავლა. მის მიერ მოტანილი სარწმუნოება განკითხვის დღემდე უცვლელი იქნება. ღმერთმა დედამიწას ძვირფასი შუამავალი, ჰზ. მუჰამმედი მოუვლინა და ასე ბრძანა: 

და  არ წარგვიგზავნიხარ შენ, თუ არა მოწყალებად სამყაროთათვის!“ (ენბია, 21/107)

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავლის მოვლინებით კაცობრიობის გონებრივ სამყაროში უდიდესი გადატრიალება მოხდა. როგორც კი ის მოგვევლინა, უმეცრება და სიბნელე დასრულდა და მისი ადგილი განათლებამ, სიკეთემ და სინათლემ დაიკავა. უმეცრების ხანა ბედნიერების ხანამ შეცვალა. უსამართლეობა წარსულს ჩაბარდა და მისი ადგილი საყოველთაო სამართლინობამ დაიკავა. სუსტებს მფარველი გამოუჩნდათ და ადამიანთა უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული გახდა. ობლებსა და ღარიბებს იმედი მიეცათ და მათ პირობები გაუმჯობესდა. აიკრძალა ის სამარცხვინო და უსასტიკესი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ახალშობილ ქალიშვილებს მიწაში ცოცხლად მარხავდნენ. ის მოგვევლინა და კაცობრიობამ სიმშვიდე და თანასწორობა მიიღო. ისლამის გავრცელების კვალდაკვალ სამართლიანობა, განათლება და სიკეთე ვრცელდებოდა.  

ძვირფასო მორწმუნენო!

შუამავლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები უნდა დავუსვათ: შუამავალი, როგორც მას ჩვენგან ეკადრება, ისე გვიყვარს და მისი გზისა გვწამს? ჩვენს ცხოვრებას მის მიერ დატოვებული სუნას მიხედვით ვგეგმავთ? ჩვენი ზნეობა მის მიერ ნასწავლები საუკეთესო ზნეობისკენ ყალიბდება? მივყვებით მის გზას და მის სამაგალითოებას გულწრფელად ვაღიარებთ? ყოველთვის სიმართლისა და სიკეთის მხარეს ვდგავართ? ყოველგვარი ბოროტების წინააღმდეგ ვილაშქრებთ? საკმარისად ვირჯებით საიმისოდ, რომ მისი ღირსეული მიმდევრები ვიყოთ? 

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს: 

ვფიცავ, ალლაჰის შუამავალი კარგი მაგალითი იყო თქვენთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს!“ (აჰზაბი, 33/21)

ამრიგად, ჩვენი ვალია შუამავლის მიერ დატოვებულ გზას მივყვეთ და მის მიერ ნასწავლები გზიდან არ გადავუხვიოთ. მისი ცხოვრების გზა ყურანის გზაა და ის ამქვეყნიურ და საიქიო ბედნიერებას გვაზიარებს. ის საუკეთესო მაგალითი იყო და მის მიერ ნასწავლები ცხოვრების წესი თაობიდან თაობებს უნდა გადავცეთ. 

გილოცავთ შუამავლის დაბადების ღამეს და უზენაეს გამჩენს ვთხოვთ, ჩვენს ქვეყანასა და მთელ ისლამურ სამყაროს წყალობა არ მოაკლოს. 

ჰეი, მუჰამმედ!
წყალობად
ადამიანებისთვის და ჯინებისთვის

Comment here