სათაურებიხუტბა

ალალი სარჩო

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

და ჭამეთ რაც რამ გიბოძათ ალლაჰმა ნებადართული და საამო. გეშინოდეთ ალლაჰისა, რომლისაცა მოწამენი ხართ თქვენ!“ (მაიდე, 5/88)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „პატიოსანი და სანდო ვაჭარი, შუამავლების, ერთგულებისა და შაჰიდების გვერდითაა“. (თირმიზი, „ბუიუ“, 4)

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ადამიანებს უთვალავი წყალობით გვავსებს. ამავდროულად ის გვიბრძანებს, რომ სარჩო ალალი გზებით მოვიპოვოთ. ღმერთი მოგვიწოდებს, რომ სარჩიოს მოსაპოვებლად პატიოსანი შრომის გზა ავირჩიოთ და საკუთარი ოფლით მოპოვებული ვიკმაროთ. ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ალლაჰის ნაცვლად კერპებს ეთაყვანებით და სიცრუეს თხზავთ. უეჭველად, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით ალლაჰის მაგიერ, უძლურნი არიან თქვენდამი სარჩოს მომადლებაში. მაშ, ეძიეთ სარჩო ალლაჰთან, თაყვანი ეცით მას და მადლიერნი იყავით მისი, რამეთუ მასთან იქნებით მიბრუნებულნი!“ (ანქებუთ, 29/17)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამი პატიოსანი შრომით მიღებული შემოსავლის მიღებას გვასწავლის. ისლამი ასევე კატეგორიულად კრძალავს არამი და არალეგიტიმური გზებით ფულის შოვნის მცდელობას. ჭამა, სმა, ჩაცმა, ვაჭრობა და სხვა ნებისმიერი საქმიანობა მოქცეულია ერთი საერთო პრინციპის ფარგლებში და პატიოსნებას ეფუძნება. ალალი და არამი ღმერთის მიერ დადგენილი საზღვრებია. ამ საზღვრების დაცვის გზით, ადამიანი, როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოშიც სიმშვიდეს და ბედნიერებას ეზიარება.

ძვირფასო მორწმუნენო!
მორწმუნე ადამიანი მთელი არსებით გამჩენთანაა დაკავშირებული და მის ბრძანებებს უყოყმანოდ ასრულებს. ის ასევე ითვალისწინებს აკრძალვებს და შესაბამისად შემოსავლებსაც პატიოსანი გზებით იღებს. მორწმუნე ადამიანი გრძნობს პასუხიმგებლობას და შესაბამისად იქცევა. მან იცის, რომ ალალი შრომა უფრო მეტი ბარაქის მომტანია და ალალით დაკმაყოფილება კი სააქაო და საიქიო ბედნიერების საწინდარია. 

ისლამი გვასწავლის, რომ ყოველი ლუკმა, რომელიც ჩვენს ყელში გადავა, აუცილებლად ალალი უნდა იყოს. ისლამი კატეგორიულად კრძალავს ალკოჰოლური სასმელების მიღებას, აზარტულ თამაშებს, მევახშეობას, ქურდობას, ქრთამის აღებას, თაღლითობას და ყველა სახის ქმედებას, რომელიც არალეგიტიმური შემოსავლების მიღებისკენაა მიმართული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ადამიანი შემოსავლებს ალალი გზებით მოიპოვებს და ასევე ალალი გზებით ხარჯავს, მისი ღვთისმსახურება და ვედრება მიღებულია. მორწმუნე ამ ყველაფერს ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნით აკეთებს და ამგვარი მიზნისთვის გაწეული გარჯა საბოლოო ჯამში მისი შეწყნარებისა და სამოთხეში დამკვიდრების საწინდარი გახდება. შუამავალი ასე ბრძანებს: „არამით ნაკვები სხეულის შესაფერისი ადგილი, მხოლოდ და მხოლოდ ჯოჯოხეთა“.  (თირმიზი, „ჯუმა“, 79) 

მოდით, შუამავლის ამ რჩევას მივყვეთ და მხოლოდ ალალი სარჩო ვისურვოთ. ალალი გზებით მოვიპოვოთ და ასევე ალალი გზებით დავხარჯოთ. დავიცვათ ზომიერება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალალი ლუკმა ჩვენს ოჯახებში სიმშვიდეს, ბედნიერებას და ბარაქას დაამკვიდრებს.  

ხუტბას ბოლოს კი ისევ შუამავლის რჩევას მოვუსმინოთ:

„ადამიანებო, გეშინოდეთ ღვთისა და სარჩო სწორი გზით მოიპოვეთ. ღვთის მიერ დადგენილი სარჩოს მიღების გარეშე არავინ გარდაიცვლება. ასე რომ, გეშინოდეთ ღვთისა და სარჩო სწორი გზით მოიპოვეთ. აიღეთ, რაც ალალია, ხოლო არამი განაგდეთ“. (იხ. იბნ მაჯე, „თიჯარეთ“ 2)

 

Comment here