
ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ბრძანებს:
„მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის!“ (რუმი, 30/21)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „თქვენს შორის საუკეთესო ისაა, ვინც ოჯახისთვის საუკეთესოა. თქვენს შორის ოჯახისთვის საუკეთესო მე თვითონ ვარ“. (იხ. თირმიზი, „მენაქიბ“ 63)
ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთმა ადამიანები წყვილებად გააჩინა და როდესაც ადამიანი თავის მეწყვილეს, თავის მეორე ნახევარს იპოვის, ისინი ოჯახს ქმნიან. მათი მანამდელი ცხოვრების გზები ერთიანდება და ისინი ერთი გზით მიდიან. ქორწინების შედეგად იქმნება ოჯახი, რომელიც ადამიანის ფიზიკური და სულიერი სიმშვიდის სავანეა. ოჯახის შექმნის შედეგად ახალი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა წარმოიქმნება. ოჯახი ღვთის სახელითა და წყალობით იქმნება და მისივე წყალობით შვილები ჩნდებიან. ოჯახში სიმრავლე და ბედნიერება ისადგურებს. დედა შვილებს ზრდის და განიცდის იმ ბედნიერებას, რასაც დედობა ჰქვია. ღმერთმა ისეთ ღირსებით შეამკო, რომ „სამოთხე მის ფერხთითაა“. დიახ, ის დედაა. ოჯახში მამა ყველაზე მზრუნველი და ყველას მიმართ პასუხისმგებლობის მატარებელია. ეს ორი ადამიანი, რომლებსაც მშობლები ეწოდებათ, ღვთის მიერ იმდენად ამაღლებულნი არიან, რომ თავად ღმერთი ბრძანებს მშობლებს კარგად მოეპყარითო.

ძვირფასო მორწმუნენო!
ოჯახი ის უბადლო წყალობაა, რომელიც ღმერთმა ადამიანებს მოგვმადლა, რათა სიმშვიდე და ბედნიერება ვჰპოვოთ. ოჯახი საზოგადოების ძირითადი საფუძველია. ის ყოვლად ძვირფასი საგანძური და ღირებულებაა. ოჯახი არის პირველი სკოლა, სადაც სიკეთისა და ბოროტების, კარგისა და ცუდის, სიმართლისა და სიცრუის შესახებ ვსწავლობთ და მათ შორის განსხვავებას ვხედავთ. ის არის სკოლა, რომელიც იმ ტრადიციებსა და ღირებულებებს გვასწავლის, რომლებიც თაობიდან თაობებს გადაეცემა. ოჯახი ის ციხესიმაგრეა, რომელიც ფიზიკური და სულიერი ზიანისგან გვიცავს. ოჯახი ბედნიერების სავანე და ამქვეყნიური სამოთხეა.
ძვირფასო მორწმუნენო!
ნამდვილი ოჯახი მაშინ ყალიბდება, როცა წყვილებს შორის სულიერი კავშირი და ურთიერთსიყვარულია. ოჯახის შექმნა გრძნობებითა და აზროვნებით კავშირის დამყარება და სულიერი ერთობის მიღწევაა. გარდა ამისა, ოჯახს ერთიანობა, მხარდამხარ შრომა, ამაგი და თავგანწირვისთვის მზადყოფნა ქმნის.
ოჯახის შექმნისას მისი საძირკველი ჯანსაღ ღირებულებებზე უნდა დავაფუძნოთ. ოჯახში არსებული სიამტკბილობა, ერთგულება, პატივისცემა და შემწყნარებლობა კარგი მორწმუნის თვისებების შედეგია.
ოჯახი ჭირისა და ლხინის გაზიარებაა. ოჯახის წევრები გაჭირვებასა და დალხინებაში ერთად დგანან და ყველაფერს ერთად განიცდიან. სხვა და სხვა სხეულების მქონე წყვილები სულიერად ერთიანდებიან და გამჩენის კმაყოფილების მოპოვების გზაზე სვლას ერთად აგრძელებენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, დღეს ზოგადად ოჯახის მიმართ პატივისცემა შესუსტებულია და ის ღირებულებები, რომლებიც ოჯახის სიმტკიცისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თანდათან უგულებელყოფილი ხდება. ამგვარი არასასიამოვნო ტენდენცია ჩვენი მომავლისათვის ძალიან დიდი ხიფათის შემცველია. ამის საპასუხოდ, ჩვენ ვალდებულნი ვართ მთელი გულით გავიაზროთ ისლამის მოძღვრება, რომელიც ოჯახის სიწმინდეს და მდგრადობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ამ გზით ჩვენ შევძლებთ შევქმნათ ოჯახური გარემო, სადაც მეუღლეებიც, ბავშვებიც და მოხუცებიც თავს ბედნიერად იგრძნობენ.
გვახსოვდეს, მხოლოდ ის ოჯახია ბედნიერი, სადაც სიყვარულისა და შემწყნარებლობისათვის კარები ღიაა, ხოლო ძალადობის კარები საგულდაგულოდ ჩარაზულია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხანმოკლე ცხოვრებაში ოჯახის წევრებზე უფრო ძირფასი, ჩვენზე მოამაგე და მზრუნველი ვერავინ გვეყოლება. ისინი საუკეთესოდ მოპყრობას, სიყვარულსა და ზრუნვას ყველაზე მეტად იმსახურებენ.




Comment here