სათაურებიხუტბა

შუამავლის ზნეობა ყურანია

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

„ვფიცავ, ალლაჰის შუამავალი კარგი მაგალითი იყო თქვენთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს!“ (აჰზაბ 33/21)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს:
„მე საუკეთესო ზნეობის სრულყოფისთვის ვარ მოვლენილი“  (იხ. იბნ ჰანბელი, 2. 181)

ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთის შუამავალი, როგორც რწმენისა და ღვთისმსახურების თვალსაზრისით, ისე ზნეობრივადაც ყველაზე სრულყოფილი ადამიანი იყო. დღევანდელ ხუტბაში სწორედ შუამავლის უბადლო ზნეობრიობაზე ვისაუბრებთ. მოდით, კიდევ ერთხელ განვამტკიცოთ ის პირობა, რომ ჩვენც მის მიერ ნაჩვენები გზით ვივლით და მისმიერ ზნეობას გავითავისებთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთის შუამავლის ზნეობის წყარო ყურანია. მან ყურანისეული ბრძანებები ცხოვრებისეულ პრაქტიკაში დაამკვიდრა. ის განუხრელად ასრულებდა ყველა იმ ვალდებულებას, რომლებიც ყურანშია მოცემული. როდესაც ჰზ. აიშეს კითხეს, თუ როგორი იყო შუამავლის ზნეობა, მან ასე უპასუხა: „ყურანს არ კიტხულობ? მისი ზნეობა ყურანია“. (იხ. ებუ დავუდ, „თათავვუ“ 26)

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი ოჯახში ძალიან შემწყნარებელი და ლმობიერი იყო. მისი ოჯახში ყოველთვის ბედნიერება, სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდა. ის არავის აძლევდა უფლებას, ოჯახში ძალადობის ან უხეშობისთვის მიემართა. ჰადისის მიხედვით ის ბრძანებს:

„თქვენს შორის საუკეთესო ისაა, ვინც ოჯახში კარგად იქცევა. თქვენს შორის კი ამ მხრივ საუკეთესო მე თავად გახლავართ“. (იხ. თირმიზი, „მენაქიბ“ 63)

ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთის შუამავალი საუკეთესო მასწავლებელი იყო. ის თავის მიმდევრებს ცხოვრების ყველა სფეროში საჭირო ცოდნას გადასცემდა და ამას საუკეთესო მეთოდებით აკეთებდა. „მე თქვენ როგორც მშობელი, ისე გასწავლით“, ამბობდა ის. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბავშვთა აღზრდა-განათლებას ანიჭებდა. ყველანაირად ცდილობდა, რომ ბავშვებს სწავლა, ღვტისმსახურება და მეცეთში სიარული შეჰყვარებოდათ. ყველა მისი მცდელობა ბავშვთა სწორად აღზრდასა და მათ მომავალზე იყო გათვლილი. ამ მიზნით ის მშობლებსაც მოძღვრავდა: „არცერთ მშობელს შვილისათვის კარგ აღზრდაზე უკეთესი რამე არ დაუტოვებია“.   (იხ. თირმიზი, „ბირ“ 33)

ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთის შუამავალი, ამავდროულად, ერთგული და სამართლიანი მეგობარი იყო. ჰზ. ალი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა შუამავალს მეგობრებთან: „ღვთის შუამავალი ყოველთვის მომღიმარი, ლმობიერი და სათნო იყო. ის უხეშობას ან ძალადობას არასოდეს მიმართავდა. ის ხმას არასოდეს უწევდა. ცუდ სიტყვებს არ იყენებდა. ის არ ნაკლოვანებებს ეძებდა და არასოდეს იჩენდა სიძუნწეს. რაც არ მოეწონებოდა თვალს არიდებდა ხოლმე. ის არასოდეს უცრუებდა იმედებს იმ ადამიანებს, ვისაც მისი იმედი ჰქონდათ. როდესაც რამეს თხოვდნენ, ხელცარიელს არავის უშვებდა.(იხ. თირმიზი, „შემაილი“ 60)

ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით, ყველა ჩვენს სიტყვასა და საქმეში შუამავლის მიერ მოტანილი მოძღვრება გავითვალისწინოთ და მაგალითად დავისახოთ. მისი საუკეთესო ზნეობა ჩვენთვის უპირველესი მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. მისი ზნეობა ხომ ყურანია. თუ მას მივბაძავთ ჩვენი მსახურება სწორი გზით წარიმართება. თუ ასე მოვიქცევით ამქვეყნიურ და საიქიო ბედნიერებას ვეზიარებით. განვამტკიცოთ ჯანსაღი ურთიერთობები და ყოველთვის სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს დავდგეთ. ამით ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება შინაარს შეიძენს და საიქიოში კი ღვთის კმაყოფილება გველოდება.  

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე მართალი სიტყვა ღვთის წიგნია, ხოლო საუკეთესო მეგზური შუამავალი მუჰამმედია“. (იხ. ნესაი, „იდეინ“ 22)

Comment here