
ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი უძვირფასესი გრძნობა, რომელიც უზენაესმა ღმერთმა ადამიანს უწყალობა, შემწყნარებლობაა. შემწყნარებლობა ღვთიური თვისებაა, რადგან ღმერთი უსაზღვროდ შემწყნარებელია და ადამიანში ამ თვისების გამოვლენის საწყისიც ღვთისგან მომდინარეობს. შემწყნარებლობა ლმობიერებასა და გულის სისუფთავეზე მიუთითებს. შებრალება, შეცოდება, თანაგრძნობა, გაგება, მზრუნველობა და მსგავსი დადებითი დამოკიდებულებები შემწყნარებლობის შედეგია. შემწყნარებლობის გრძნობა გამორიცხავს ისეთ ნეგატიურ გრძნობებსა და ქმედებებს, როგორიცაა სიძულვილი, რისხვა, შური, ბოღმა, შურისძიება და ძალადობა. შემწყნარებლობა გულის სიწმინდე და კეთილი ზრახვებია. შემწყნარებლობა ნიშნავს, რომ ყველა ცოცხალი არსება და უფრო მეტიც, მთელი სამყარო ჩვენი სიყვარულის საგანია.
ძვირფასო მორწმუნენო!
სამყაროს წყალობად მოვლენილი შუამავლის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება შემწყნარებლობა იყო. ყურანში მისი ქცევის შესახებ შემდეგი აიათია მოცემული:
„ალლაჰისგან ბოძებულმა მოწყალებამ ლმობიერი გაგხადა მათ მიმართ. არადა უხეში და ულმობელი გული რომ გქონოდა, შემოგეცლებოდნენ. აპატიე მათ, ითხოვე მათთვის მიტევება და დაეკითხე მათ საქმეების თაობაზე. და როცა რამე საქმეს გადაწყვეტ, ალლაჰს მიენდე, უეჭველად, ალლაჰს უყვარს მინდობილები!“ (ალი იმრანი, 3/159)
ჰადსის მიხედვით შუამავალი ასე ბრძანებს: „თქვენს შორის საუკეთესო ისაა, ვინც ოჯახს კარგად ეპყრობა“. (იხ. თირმიზი, „მენაქიბ“, 63) ამით ნაჩვენებია, რომ მორწმუნე წყვილი ერთმანეთს კარგად უნდა ეპყრობოდეს. შუამავალი ასევე ბრძანებს: „თუ ახალგაზრდა მოხუცებულს ასაკიდან გამომდინარე პატივს სცემს, ღმერთი მასაც გაუმზადებს ისეთ ადამიანს, რომელიც მოხუცებულობისას მასაც პატივისცემით მოეპყრობა“. (თირმიზი, „ბირ“, 75)
ამრიგად, შუამავალი გვირჩევს, რომ მოხუცებულებს პატივისცემით მოვეპყროთ. შუამავალი ასევე განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა ბავშვებსაც. მის ამ თვისებაზე ჰზ. ენესი მოგვითხრობს, რომელსაც ბავშვობა შამავლის გვერდით აქვს გატარებული: „შუამავალს ერთხელაც არ დავუტუქსივარ. გული არასოდეს უტკენია. ყოველთვის „შვილო“, ასე მომმართავდა. ის ყოველთვის სიყვარულს გამოხატავდა“. (იხ. ბუჰარი, „ედებ“, 39; მუსლიმ, „ადაბ“, 31)

ძვირფასო მორწმუნენო!
„ყველა არსების მიმართ გაკეთებული სიკეთე მადლია“. ბრძანებს შუამავალი. (იხ. ბუჰარი, „მუსაქათ“, 9). ამრიგად, სიკეთის კეთება, მხოლოდ ადამიანების მიმართ არ კმარა და შუამავლის მოწოდებისამებრ ცხოველებზე გაკეთებული სიკეთეც მადლად გვეწერება. მორწმუნე ადამიანი ცხოველებს კარგად უნდა ექცეოდეს. დაუშვებელია მათი წამება, საკვების გარეშე დატოვება და სხვა სახის სასტიკი მოპყრობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველების უფლებების დაცვისას ადამიანის უფლებები არ უნდა დავარღვიოთ. ადამიანისთვის საშიში ცხოველები ქუჩაში თავისუფლად არ უნდა დასეირნობდნენ. მითუმეტეს, თუ ცხოველი გადამდები დაავადების მატარებელია ან საშიშია. ამ პრობლემის მოგვარებას გეგმაზომიერი მიდგომა სჭირდება.
ძვირფასო მორწმუნენო!
თანამედროვე მსოფლიოში ძალადობა, სიძულვილი და სისასტიკე მძვინვარებს. ჩვენ, როგორც შემწყნარებლობის მაგალითები, ყველასთვის სამაგალითო სიკეთითა და სიყვარულით უნდა გამოვირჩეოდეთ. შუამავალი ბრძანებდა, რომ ის მხოლოდ წყალობად იყო მოვლენილი. (იხ. მუსლიმი, „ბირ“, 24)
ამრიგად, მოდით, საუკუნის უდიდეს დაავადებად ქცეული შუწყნარებლობა და სისასტიკე უკუვაგდოთ და მის მაგივრად გულში სიყვარული და შემწყნარებლობა განვავითაროთ. კარგად მოვეპყროთ ოჯახის წევრებს და ყველა ადამიანს. ასევე კარგად მოვეპყროთ ცხოველებს, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ გარემო და ამ გზით სხვებისთვისაც კარგი მაგალითები ვიყოთ.
ხუტბას ბოლოს კი შუამავლის კიდევ ერთი ჰადისი მოვისმინოთ:
„ვინც შემწყნარებელია, ღმერთიც მის მიმართ შემწყნარებელი იქნება. თქვენ დედამიწაზე მყოფნი შეიწყნარეთ, რათა ცაში მყოფებმა თქვენ შეგიწყნარონ“. (იხ. ებუ დავუდ, „ედებ“, 58)





Comment here