
ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანის წმინდა აიათში უზენაესი ბრძანებს:
„მაშ, მტკიცედ იდექი, როგორც გებრძანა, და ვინც მოიქცა[1] შენთან ერთად[2]. და არ გადახვიდეთ ზღვარს. უეჭველად, იგი ხედავს, რასაც სჩადიხართ! (ჰუდ 11/112)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „უეჭველად, სიმართლე ადამიანს სიკეთისკენ, სიკეთე კი სამოთხისკენ წაიყვანს. როდესაც ადამიანი ყოველთვის სიმართლეს ამბობს და სიმართლის მხარეს რჩება, ღვთის წინაშე მართლად წარსდგება. ტყუილი ადამიანს ბოროტებისკენ, ბოროტება კი ჯოჯოხეთისკენ წაიყვანს. როდესაც ადამიანი ყოველთვის ტყუილს ამბობს და ტყუილის მხარეს დგება, ღვთის წინაშე ცრუდ წარსდგება“. (იხ. ბუჰარი, „ედებ“ 69)
ძვირფასო მორწმუნენო!
სიმართლე რწმენის საფუძველი და მორწმუნის ძირითადი საყრდენია. რაც შეეხება ტყუილს, ის საზოგადოებრივი სიმშვიდის საფრთხე და ყოველგვარი ბოროტების სათავეა. სიმართლე ოჯახური ჰარმონიის საფუძველია, ტყუილი კი ოჯხურ სიმშვიდეს ხელყოფს. შუამავალი აქებს იმ ადამიანებს, რომლებიც ვაჭრობასა და სხვა საქმიანობაში პატიოსნებას ინარჩუნებენ. სიმართლე ქონებას სიკეთით ავსებს, ტყუილი და თაღლითობა კი ქონებას ბარაქას უკარგავს და მფლობელისთვის უბედურების მომტანად აქცევს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოება ისლამი იმისათვის მოგვევლინა, რომ სიმართლითა და პატიოსნებით ცხოვრება ვისწავლოთ. უზენაესი გვიბრძანებს, რომ ჩვენი ყველა სიტყვა, ყველა საქმე და ქცევა მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს. ამასთანავე, ისლამი კატეგორიულად კრძალავს ყველა იმ ქმედებას, რომლებიც ტყუილს ემსახურება. ტყუილი, თუნდაც ის ხუმრობით იყოს ნათქვამი, მიუღებლად ითვლება.

ძვირფასო მორმწუნენო!
სამწუხაროდ, დღეს სიცრუის ტირაჟირებისთვის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი საშუალება სოციალური ქსელებია. ტყუილი ცოდვაა როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე ვირტუალურ ურთიერთობებში. მორწმუნე საზოგადოება ვალდებულია ყურადღება გაამახვილოს ამ საკითხზე და იზრუნოს იმისათვის, რომ რეალურ ცხოვრებაშიც და ვირტუალურშიც სიმართლემ იზეიმოს. როდესაც რაიმე ინფორმაციას მივიღებთ, მისი სანდოობა უნდა გადავამოწმოთ და ისე უნდა გავავრცელოთ. თუ გადაუმოწმებელ ინფორმაციას გავავრცელებთ, შეიძლება სიცრუის გვრცელებას შევუწყოთ ხელი.
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი ყურანში ასე ბრძანებს:
„ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის და იყავით მართალთა გვერდით!“
(თევბე 9/119)
დიახ, სიმართლე და მართალთა გვერდით დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამრიგად, მოდით, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე სოციალურ ქსელებში ისეთ ადამიანებთან ვიქონიოთ ურთიერთობა, რომლებიც სიმართლეს ამბობენ და სწორად იქცევიან. ჩვენი გული და ზნეობა სიმართლის ცენტრად უნდა ვაქციოთ. ჩვენი სიტყვა და საქმე სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს და ქცევებში ზომიერება გამოვიჩინოთ. გვახსოვდეს, ვინც მართალს ამბობს, მისი საქმეც სიმართლეს ემსახურება. ვინც სწორად იქცევა მისი გულიც სიმართლის გზაზეა. ვისი გულიც სიმართლის გზაზეა, მისი რწმენაც ჭეშმარიტია. ჭეშმარიტ მორწმუნეთა სამუდამო განსასვენებელი კი სამოთხეა.
ხუტბას დასასრულს კი კიდევ ერთ აიათს შემოგთავაზებთ:
„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი მოვა თქვენთან გზასამცდარი რაიმე ამბით, მაშინვე გამოიკვლიეთ, რათა არ უქმნათ სიავე ხალხს უმეცრებით და მერე არ ჩავარდეთ სინანულში იმის გამო, რაც გააკეთეთ“.(ჰუჯურათი 49/6)

[1] ირწმუნა
[2] ისინიც იდგნენ მტკიცედ




Comment here