
ჰიჯრიდან შვიდი წელი იყო გასული. შუამავალი თავის მიმდევარ მეგობრებთან ერთად სალაშქროდ იყო წასული. შუამავალმა ისლამის დროშა ჰზ. ალის გადასცა და ასე უთხრა:
„მათ ბანაკამდე ჩუმად იარე. იქ რომ მიხვალ ჯერ ისლამის აღიარებისკენ და ღვთის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გააზრებისკენ მოუწოდე. ვფიცავ ღმერთს, რომ შენი მცდელობით ღმერთმა ერთი ადამიანიც რომ ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს უფრო სასარგებლოა, ვიდრე წითელი აქლემებიც ყოლა.(იხ. მუსლიმი, „ფედაილულ-საჰაბე 34)
ძვირფასო მორწმუნენო!
ეს მოვლენა ჩვენთვის საუკეთესო მაგალითია. ის ჩვენ გვასწავლის, რომ ერთი ადამიანის ჭეშმარიტ გზაზე დაყენება და ამისათვის ხელშეწყობა, ღვთის წინაშე, საუკეთესო ქმედებაა. ყოველი მუსლიმი ვალდებულია ისლამს წარმოადგენდეს და ისლამისკენ მოწოდება საუკეთესო ფორმით განახორციელოს. საამისოდ კი ისლამის მოძღვრებისა და ღირებულებების ჯერ კარგად გათავისება, ხოლო შემდეგ ცხოვრებაში დანერგვაა საჭირო.

ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთის შუამავალი ისლამის მიხედვით ცხოვრობდა და შემდეგ ამ ყველაფერს მიმდევრებს ასწავლიდა. ის საუკეთესო მაგალითი იყო. ის არამხოლოდ ქადაგებდა, არამედ ყოველ სიტყვას შესაბამისი ქცევებით განამტკიცებდა. მისი სიყვარული და პატივისცემა, თანადგომა და შემწყნარებლობა, სამართლიანობა და თავდადება ყველასათვის მაგალითის მიმცემი იყო. მისი მეგობრები ისლამს პირდაპირ მისგან სწავლობდნენ და დაუყოვნებლივ ცხოვრების წესად აქცევდნენ ხოლმე. მისგან ნასწავლები ცხოვრების წესი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდე მოვიდა. ისლამი სწრაფად ვრცელდებოდა და ამ პროცესში ქადაგებაზე მეტად სამაგალითო ცხოვრება უფრო ეფექტურ როლს თამაშობდა.
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:
„თქვენა ხართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის, ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს, რადგანაც გწამთ ალლაჰის… „ (ალი იმრანი 3/110)
გამომდინარე აქედან, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც სამაგალითოება ხვდა წილად. ეს პასუხისმგებლობა კარგად უნდა გავიაზროთ. ჩვენ კარგად უნდა ჩავწვდეთ ისლამის მიერ მოტანილ ჭეშმარიტ ღრებულებებს და შემდეგ ისინი ჩვენი ცხოვრების მთავარ განმსაზღვრელად ვაქციოთ. ჩვენ როგორც გვწამს, ისე უნდა ვიცხოვროთ. ყოველი ჩვენი სიტყვა და საქმე სიმართლესა და ღირსებას უნდა ემსახურებოდეს. რწმენასა და ღვთისმსახურებაში, ცოდნასა და ზომიერებაში, ერთგულებასა და საუკეთესო ზნეობაში შუამავალს უნდა ვბაძავდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ჩვენი სარკეა. ჩვენ მუსლიმები ვართ და ყოველი ჩვენი ქმედება ისლამის სახელით კეთდება. მრავალი ადამიანი მუსლიმებს აკვირდება და ისლმზე წარმოდგენას ასე იქმნის. ეს კარგად უნდა ვიცოდეთ და ყოველი სიტყვისა და ქცევის წინ შესაბამისი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ. თუ ეს პასუხისმგებლობა არ გვექნება, ჩვენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით დავაზიანებთ როგორც საკუთარ თავს, ისე ჩვენს სარწმუნოებასაც.
ხუტბას დასასრულს კი შუამავლის ჰადისს მოვუსმინოთ:
„ყურადღება მიაპყარით, მე თქვენ მორწმუნე უნდა დაგიხასიათოთ. ის არის ადამიანი, რომელიც ადამიანთა სიცოცხლისა და ქონებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მუსლიმის ხელი და ენა სხვა ადამიანებს ზიანს არ მოუტანს“.(იხ. თირმიზი, „ფილენ“ 9)





Comment here