
ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენთვის მამული მხოლოდ მიწის ნაკვეთი კი არა — ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოა. ესაა ჩვენი დიადი წინაპრების მიერ სისხლითა და შრომით მოპოვებული წმინდა ამანათი, რომელსაც უნდა ვუფრთხილდეთ, როგორც რწმენასა და ოჯახს. ეს ის მიწაა, სადაც ჩვენი მამები და ბაბუები იბრძოდნენ, სადაც მათ თავიანთი სიცოცხლე შესწირეს სარწმუნოებისა და სამართლიანობის დასაცავად, და სადაც მათმა მსხვერპლმა ჩვენამდე მოიტანა მშვიდობა და თავისუფლება.
მამული — ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ვლოცულობთ, ჩვენს შვილებს ვზრდით, შრომით ვქმნით მომავალს და ღვთის წყალობით უსაფრთხოდ ვცხოვრობთ. აქ ვგრძნობთ თავისუფლების სიტკბოს, სარწმუნოების ძალას და ერთობის მადლს. მამული — ესაა მეცნიერების, კულტურის, სიბრძნისა და ღვთისმოსაობის აკვანი; ჩვენი იდენტობის საძირკველი და მომავალი თაობების იმედი.
ძვირფასო მორწმუნეებო!
საქართველო ჩვენი საერთო სახლია — სხვადასხვა რწმენისა და ერის ადამიენბით გამთლიანებული, მშვიდობისმოყვარე ხალხის ქვეყანა. ამ მიწაზე ერთმანეთის გვერდით საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ სხვადასხვა მრწამსის ადამიანები, მაგრამ ყველას აერთიანებდა ერთგულება სამშობლოსადმი და სიყვარული ადამიანებისადმი. ამიტომ ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ ქვეყნის ერთიანობა, გავუფრთხილდეთ სულიერ და მორალურ ფასეულობებს, გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების გზა — სამართლიანობის, ერთობისა და ღვთისადმი მორჩილების გზა
ისლამი გვასწავლის, რომ „მამულის სიყვარული რწმენის ნაწილია.“
მოდით, ამ სიყვარულს შევუნარჩუნოთ სიწმინდე და პასუხისმგებლობა — არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც: განათლებით, შრომით, სამართლიანობითა და ერთმანეთის მხარდაჭერით. რადგან ძლიერ სახელმწიფოს და სიცოცხლით სავსე ერს სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან — ისინი, ვინც მამულს გულით, რწმენით და ერთგულებით ემსახურებიან.
მამული ჩვენია — სანამ მას სიყვარულით ვიცავთ.
ერი ძლიერია — სანამ მას ერთობით ვამყარებთ.

ძვირფასო მუსლიმებო!
ყურანში გმირთა შესახებ შემდეგს ვკითხულობთ: „და შენ არავითარ შემთხვევაში მკვდრად არ ჩათვალო ისინი, ვინც დაეცა ღვთის გზაზე, არამედ ცოცხალნი არიან, თავიანთ ღმერთთან იღებენ სარჩოს.“ (სურა ალი იმრანი, 169)
ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანი ასევე გვასწავლის: „სიმამაცე არ დაკარგოთ და არ დამწუხრდეთ, ხოლო თუ ხართ მორწმუნენი, უეჭველად, აღმატებულნი იქნებით!“ (სურა ალი იმრანი, აიათი 139)
ეს ღვთიური სიტყვა იქნა გარდმოვლენილი მაშინ, როცა მორწმუნეები მძიმე გამოცდას გადიოდნენ. უჰუდის ბრძოლაში დაღლილმა და შეძრულმა მუსლიმებმა თითქოს იმედი დაკარგეს, მაგრამ ალლაჰმა მათი გულები ამ აიათით გაამხნევა — შეგვახსენა, რომ გამარჯვება არ იზომება მხოლოდ იარაღითა და ძალით, არამედ რწმენით, მოთმინებითა და ერთგულებით.
ძვირფასო მუსლიმებო, თითოეულ ჩვენგანსაც აქვს თავისი „ბრძოლის ველი“ — ცხოვრებისეული ტკივილები, უსამართლობა, სიძნელეები, შიში და გამოცდები. მაგრამ მორწმუნე არ ნებდება. ის რწმენით დგას, რადგან იცის: ვინც გულში ღმერთის სიყვარულს ინახავს და სიმტკიცეს ინარჩუნებს, მასთანაა ღვთის შეწევნა.
ღმერთი არ ტოვებს მარტოდ იმას, ვინც სიკეთეს, სამართლიანობასა და სამშობლოს კეთილდღეობას ემსახურება. ჩვენი რწმენა გვასწავლის, რომ გამარჯვება არ მოდის შიშითა და სევდით, არამედ იმედით, შრომითა და გულმოდგინებით.
მოდით, ნუ დავკარგავთ გამბედაობას და ნუ ჩავვარდებით უიმედობაში. ჭეშმარიტ მორწმუნეთა ხვედრი ამაღლებაა — როგორც ღმერთი აღგვითქვამს:
„თუ ხართ მორწმუნენი, აღმატებულნი იქნებით.“
ეს აიათი ჩვენთვის არა მხოლოდ ნუგეშია, არამედ პასუხისმგებლობაც — ვიყოთ მტკიცე, მომთმენნი და მადლიერი ყოველგვარ მდგომარეობაში. სწორედ ესაა ნამდვილი მორწმუნის გზაც და წარმატების საიდუმლოც.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი საერთო ვალია, დავიცვათ სახელმწიფო ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ერის კეთილდღეობა. ეს მიწა არის ჩვენი წინაპრების სისხლითა და შრომით მოპოვებული ამანათი, რომელიც უნდა შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს მშვიდობითა და ღირსებით.
ქადაგებას დავასრულებ შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგი სიტყვებით: „ორი თვალი არსებობს, რომელთაც ჯოჯოხეთის ცეცხლი არ შეეხება:
ერთი — ის, რომელიც ღმერთისადმი მოკრძალებიდან გამომდინარე ტირის;
მეორე — ის, რომელიც ღამეს ატარებს ღვთის გზაზე მორიგეობაში.“ (თირმიზი, ფედაილულ-ჯიჰადი, 12)





Comment here