სათაურებიხუტბა

ლოცვის
აღსრულება

ძვირფასო მუსლიმებო!
ლოცვა არის უპირველესი იმ თაყვანისცემათა შორის, რომლებიც ჩვენს სამყაროს სიმშვიდედ და ბედნიერებად, ხოლო საიქიოს მარადიულ სამოთხედ აქცევს. ის, ვინც ლოცულობს, პირისახეს ყიბლასკენ — ქაღ’ბასკენ მიმართავს, ხოლო გულს — თავისი გამჩენისკენ. იგი განწმენდს სხეულს ჭუჭყისაგან, ხოლო გულს — ცოდვებისაგან. სულს მიღ’რაჯამდე აიყვანს, ხოლო გულს — სიმშვიდემდე.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ლოცვა არის მსახურების მოგზაურობა, რომელიც იწყება თექბირით და სრულდება სალამით (მშვიდობის სურვილით). ყოველი თექბირი არის იმის გაცხადება, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა. ყოველი ყიამი (დგომა) არის სიმბოლო იმისა, რომ უსამართლობასა და ჩაგვრას არასოდეს შევეგუებით. ყოველი ყირაათი (კითხვა) არის წმინდა ყურანთან კავშირის განმტკიცება. ყოველი რუქუღ’ი არის თავმდაბლობა, ხოლო ყოველი სეჯდე — ღვთისადმი მორჩილება. ყოველი თაჰიიათი არის რწმენის მოწმეობის გამოხატვა. ყოველი სალამი არის აღთქმა იმისა, რომ ხარ მუსლიმი, რომლის ხელიდან და ენიდანაც სხვები დაცულნი არიან.

ძვირფასო მუსლიმებო!
სანამ ცხოვრება მიედინება, ლოცვა ჩვენს მეგზურად უნდა ვაქციოთ. როდესაც გული დაგვიმძიმდება, ლოცვით უნდა წამოვდგეთ. გასაჭირისა თუ ავადმყოფობის დროს ლოცვით უნდა შევაფაროთ თავი ჩვენს გამჩენს. დღის ფაციფუცში ლოცვით უნდა დავასვენოთ სული. ღამის სიჩუმეში ლოცვით უნდა განვიცადოთ ჩვენი სულიერი აღორძინება. მეჩეთში, სახლში, სკოლაში, სამსახურში, ყანასა თუ ბაღში — ყველგან ლოცვით უნდა მივმართოთ ყოვლისშემძლე ალლაჰის წყალობასა და შენდობას. რამეთუ ლოცვა მორწმუნის მირაჯია (ზეამაღლებაა). როგორც ჩვენმა შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა: ლოცვა სამოთხის გასაღებია“. (თირმიზი, ტაჰარეთი, 1) ლოცვა არის ყველაზე მტკიცე კავშირი, რომელიც ინარჩუნებს სიყვარულს გამჩენსა და მსახურს შორის. ლოცვა არის

 გზა, რომელიც ადამიანს აშორებს ბოროტებას და მიჰყავს სიკეთისკენ. სწორედ ლოცვაა ის, რაც აერთიანებს მორწმუნეთა გულებს ერთ რიგში და განამტკიცებს ერთობას, სოლიდარობასა და ძმობას.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ლოცვა დიდი წყალობაა. ჩვენი საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: როდესაც რომელიმე თქვენგანი ლოცულობს, იგი სინამდვილეში თავის გამჩენს ესაუბრება“. (ბუხარი, სალათი, 36) შესაბამისად, რელიგიურად დასაშვები მიზეზის გარეშე ლოცვისგან დაშორება ნიშნავს ყოვლისშემძლე ალლაჰთან საუბრის შესაძლებლობის დაკარგვას. ლოცვის გადადება სიტყვებით „მერე ვილოცებ“, ნიშნავს რელიგიის საყრდენის დასუსტებას. ამქვეყნიურ საქმეებში ჩაფლობა და ლოცვის უგულებელყოფა ნიშნავს ღვთიური მადლის დაკარგვას. ყოვლისშემძლე გამჩენი ბრძანებს: უბრძანე შენს ოჯახს ლოცვა და იყავი მომთმენი მასზე“. (ტაჰა, 20/142)

ძვირფასო მუსლიმებო!
მომავალ ხუთშაბათს არის მიღ’რაჯის ღამე, როდესაც საჩუქრად გადმოგვეცა ხუთჯერადი ლოცვა. ეს მადლმოსილი ღამე კიდევ ერთხელ გვახსენებს მესჯიდი აყსას მნიშვნელობას ყოვლისშემძლე ალლაჰის წინაშე. იგი გვამცნობს, რომ უნდა დავიცვათ მეჩეთებისა და სალოცავების ღირსება, რომლებიც ერთღმერთიანობისა და ერთობის სიმბოლოა. მოდით, მიღ’რაჯის საბაბით, ვიყოთ მეჩეთებში. მხარდამხარ დავდგეთ ერთ რიგში გამჩენის წინაშე. შევხვდეთ ერთმანეთს სეჯდეში, რათა ვეზიაროთ შუამავალის (ს.ა.ს.) სასიხარულო ცნობას: მსახური თავის გამჩენთან ყველაზე ახლოს სეჯდეს დროს არის“. (მუსლიმი, სალათი, 215) მოვინანიოთ ჩვენი შეცდომები და ცოდვები. შევევედროთ ყოვლისშემძლე ალლაჰს ჩვენი სამშობლოს გაძლიერებისთვის, კაცობრიობის სიმშვიდისთვის, მესჯიდი აყსას და გაზას თავისუფლებისთვის. ხუტბას მინდა დავასრული შემდეგი აიათით, სადაც გამჩენი გვმახარობლობს: გადარჩენილი მორწმუნეები არიან ისინი, ვინც გულმოდგინედ იცავენ ლოცვას. სწორედ ეგენი დაიმკვიდრებენ, რომელნიც დაიმკვიდრებენ ფირდევსს, სადაც მარად დაჰყოფენ! (მუ’მინუნი, 23/9-11)

Comment here