სათაურებიხუტბა

თანატოლთა
ურთიერთობები

ძვირფასო მუსლიმებო
ადამიანთა ურთიერთობის საწყისი და მყარი საფუძველი სიყვარული და პატივისცემაა. სიყვარული გულებს ალღვობს და ათბობს; პატივისცემა კი ურთიერთობას სიმშვიდეს, ღირსებასა და ჰარმონიას ანიჭებს. მეგობრობა სიყვარულით იბადება და პატივისცემით მტკიცდება. ოჯახში ნდობა, ხოლო საზოგადოებაში თანაგრძნობა და ერთობა სწორედ ამ ორ ღირებულებაზე — სიყვარულსა და პატივისცემაზე — დგას.

სადაც სიყვარული და პატივისცემა არ არის, იქ ჩნდება დაძაბულობა, ზეწოლა და გარიყვა. მცირე უთანხმოებები დიდ კამათად გადაიქცევა. სიბრალული და მოთმინება სუსტდება, რისხვის კონტროლი ქრება. მოწყალება ძალადობას უთმობს ადგილს, ხოლო სიყვარული — სიძულვილს.

ძვირფასო მორწმუნეებო
ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ის არის, რომ სიყვარულისა და პატივისცემის გარეშე დარჩენილი ახალგაზრდები ერთმანეთის მიმართ უხეშ, მკაცრ და დამამცირებელ დამოკიდებულებას ავლენენ. თანატოლთა ბულინგი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დაცინვითა და მტკივნეული სიტყვებით — იგი ფიზიკურ ძალადობამდეც მიდის. ერთნაირი ტანსაცმლის ტარება, გარეგნობის ერთფეროვნება, დანაშაულში ჩართვა, გონების მომწამვლელი დამოკიდებულება, ციხეში შესვლა-გამოსვლას „ვაჟკაცობად“ მიჩნევა — ეს ყველაფერი ახალგაზრდებში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ძალადობით სავსე ფილმები, სერიალები, თამაშები და ციფრული პლატფორმები კი ამ მავნე ტენდენციის გავრცელებას კიდევ უფრო აძლიერებს.

ამ დროს ჩვენი შუამავალი (ს.ა.ს.) მკაფიოდ გვაფრთხილებს: ყოველი მორწმუნისთვის სხვა მორწმუნის სიცოცხლე, ღირსება და ქონება ხელშეუხებელია.“ (მუსლიმი, ბირრი, 32)

ძვირფასო ახალგაზრდებო
ფრთხილად იყავით მათთან, ვინც თქვენს გრძნობებს ბოროტად იყენებს, რათა საკუთარი ავკაცობის იარაღად გაქციოთ, თქვენი ოცნებები ჩაქრონ და იმედები მოგპარონ. თქვენი მიზანი უნდა იყოს — ღვთისმსახურება, ოჯახის პატივისცემა და ადამიანებისთვის სიკეთის მოტანა. გახსოვდეთ: შიშით, ზეწოლითა და ძალადობით მომავალი ვერ აშენდება.

როგორც ჩვენი საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: მორწმუნე არის გულთბილი და ურთიერთობისთვის გახსნილი (კომუნიკაბელური). იმ ადამიანში სიკეთის ნასახიც კი არ არსებობს, ვინც ვერ ამყარებს ურთიერთობას სხვებთან და ვისთანაც ურთიერთობის დამყარება შეუძლებელია.“ (იბნი ჰანბელი, II, 400)

ბულინგი ძალა კი არა, უძლურებაა. დაცინვა გართობა კი არა, უღირსობაა. ფიზიკური შეურაცხყოფა დიდება კი არა, ჯოჯოხეთის ცეცხლია.

ახალგაზრდა ძმაო
შენთვის შესაფერისია არა ძალადობა, არამედ თავაზიანობა, კეთილშობილება და ღირსეული ქცევა.

ძვირფასო მშობლებო! პატივცემულო პედაგოგებო და სულიერო წინამძღოლებო! ძვირფასო ძმებო და დებო

როდესაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) გვაფრთხილებს: ვინც საკუთარ მოვალეობას უგულებელყოფს, მისთვის ეს ცოდვად საკმარისია,“ (ებუ დავუდი, ზექათი, 45)

ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილნი ამ გაფრთხილების წინაშე. ახალგაზრდებს ვერ მივატოვებთ იმ ბოროტი ძალების ხელში, რომლებსაც სურთ მათი ჩაგვრა და დაღუპვა. ოჯახები, სკოლები, სამლოცველოები, დაწესებულებები, მედია — მოკლედ, საზოგადოების ყველა ფენა ერთად უნდა დავდგეთ. სიკეთისა და მოწყალების დამკვიდრებისთვის, სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხო საზოგადოებისთვის ჩვენი პასუხისმგებლობები ღირსეულად უნდა შევასრულოთ.

ხუტბას კი შემდეგი აიათით დავასრულებ: გონიერნი არიან ისინი, რომელნიც პატივს აგებენ იმას, რისი პატივისცემაც უბრძანა ალლაჰმა, ღმერთის მიმართ მოკრძალებას ინარჩუნებენ და შიშობენ, რომ ანგარიშგების დღეს ცუდი საზღაური არ შეეხოთ.“ (რაღ’დი, 13/21)

Comment here