
ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანის წმინდა აიათში უზენაესი ბრძანებს:
„და ვფიცავ, ჩვენ აღმატებულ ვჰქმენით ადამის შვილნი და მივეცით საშუალება ემოგზაურათ ზღვასა და ხმელეთზე. ჩვენ ვუწყალობეთ მათ სიკეთენი და უპირატესვჰყავით ისინი სხვა მრავალ ჩვენს გაჩენილებთან შედარებით!“ (ისრა 17/70)
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესმა გამჩენმა ადამიანი ყოვლად ღირსეული და წყალობით შემკული გააჩინა. ამის შემდეგ კი, ადამიანს ასწავლა ცხოვრების გზა, რომლის მეოხებითაც ის ამ ღირსებისა და წყალობის შენარჩუნებას შეძლებდა. ყველაფერი, რაც ადამიანისთვის სასარგებლო და სიკეთის მომტანია, ღმერთმა ნებადართულად გამოაცხადა, ხოლო დანარჩენი, რაც ადამიანის ჯანმრთელობას და ზნეობას ზიანს მიაყენებს, აკრძალულია. ამ აკრძალულთაგან ერთ-ერთი ალკოჰოლი და ნარკოტიკია, რომლებიც ადამიანის გონებრივ დეგრადაციასა და ფიზიკურ განადგურებას იწვევენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
გარდა ალკოჰოლისა და ნარკოტიკისა, თანამედროვე მსოფლიოს მთავარ გამოწვევად ითვლება სხვა ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა აზარტული თამაშები, სიგარეტი, სოციალური ქსელების არამიზნობრივი გამოყენება და სხვა. ყველა ესენი ჩვენი შთამომავლობის სულიერ და ფიზიკურ სიჯანსაღეს დიდ საფრთხეს უქმნის. ყველა ამგვარი დამოკიდებეულება ადამიანის ღირსებისთვის შეუფერებელი დაავადებაა. ამგვარი დამოკიდებულებებისა და მავნე ჩვევების გამო ავადდება მრავალი ადამიანი, ინგრევა ოჯახები და ადამიანებს შორის სიძულვილი და მტრობა ისადგურებს. ამგვარ დამოკიდებულებების გამო ხდება არალეგიტიმური შემოსავლების მიღება ან ხარჯვა, რაც თავისთავად აკრძალული და დიდი ცოდვაა. როდესაც ადამიანი ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანს საათების განმავლობაში უყურებს, მას თავისი ნამდვილი მისია და პასუხისმგებლობა ავიწყდება. რამდენი ადამიანი სრულებით მოწყვეტილია რეალობას და მხოლოდ ამ ვირტუალური სამყაროთი საზრდოობს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ასეთი მავნე დამოკიდებულებები ჩვენი გაჩენის მიზანს არ შეესაბამება და ამავდროულად უმადურობაა ადამიანის მხრიდან, რადგან ღმერთმა ადამიანს გონება და ჯანმრთელობა იმიტომ უწყალობა, რომ მას ეს ყველაფერი სასარგებლო მიმართულებით გამოეყენებინა. მავნე ჩვევებს აყოლილი ადამიანი კი საფრთხეს უქმნის, როგორც ამქვეყნიურ, ისე საიქიო ყოფას.
ამრიგად, ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ მავნე ჩვევებს თავი ავარიდოთ და ასევე ვიზრუნოთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე, ჩვენი ოჯახის წევრებზე, შთამომავლობასა და კაცობრიობაზე. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახშ და ოჯახის გარეთ მხოლო კარგი მაგალითები წარმოვაჩინოთ და ადამიანებს ზნეობრიობის აუცილებლობა ვაგრძნობინოთ. თუ აღმოვაჩენთ, რომ ოჯახის წევრი ან სხვა ვინმე მავნე ჩვევებსაა აყოლილი, შესაბამისი მეთოდით, სწორი დამოკიდებულებით შევეცადოთ, რომ ამ მავნე ჩვევების ცუდი მხარეები განვუმარტოთ და მათ მიტოვებაში დავეხმაროთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ხუტბას ბოლოს კი შუამავლის შეგონებას შემოგთავაზებთ:
„განკითხვის დღეს ადამიანი შემდეგი ხუთი საკითხის გამო აუცილებლად განიკითხება: სად და როგორ გაატარა სიცოცხლე, როგორ გაატარა ახალგაზრდობა, საიდან მოიპოვებდა სარჩოს, სად ხარჯავდა, ცოდნის მიხედვით თუ ცხოვრობდა“. (იხ. თირმიზი, „სიფათულ ყიამე“ 1)





Comment here