სათაურებიხუტბა

ადამიანი თავისი
არსით
ღირებულია

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ჰეი, ადამიანნო! უეჭველად, ერთი მამრიდან და ერთი მდედრიდან გაგაჩინეთ თქვენ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. უეჭველად, თქვენგან ყველაზე პატივდებული ალაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!“ (ჰუჯურათ, 49/13)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „ღმერთი თქვენს გარეგნობასა და სიმდიდრეს არ უყურებს, ის თქვენს გულებსა და ქცევებს უყურებს“. (იხ. მუსლიმი, „ბირ“, 34)

ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანი დედამიწაზე ყველაზე ძვირფასი არსებაა. მისი ეს ღირებულება არ არის მისი გარეგნობა, სიმდიდრე, ქონება, დიდება ან რეპუტაცია. ადამიანს აქვს გონება, რომელიც ღვთიური გამოცხადების ადრესატია. მას, ასევე აქვს თავისუფალი ნება, რომელსაც შეუძლია განასხვავოს სიკეთე ბოროტისგან და ჭეშმარიტება სიცრუისგან. მას აქვს გული, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი ლამაზი ემოციებით, როგორიცაა სიყვარული, თანაგრძნობა და შემწყნარებლობა. თუ ადამიანი თავის გონებას, თავისუფალ ნებას და გულს რწმენის, თაყვანისცემის და ზნეობის მშვენიერებით შეამკობს, ის გაზრდის თავის ღირებულებას და გახდება სრულყოფილი ადამიანი.

ძვირფასო მორწმუნენო!
კაცობრიობამ თავისი ღირსება და ჭეშმარიტი ღირებულება ჩვენი შუამავლისგან ისწავლა. ის არავის აფასებდა გარეგნობის, სიმდიდრის, წოდების ან თანამდებობის მიხედვით. ის ყველას აფასებდა და სიყვარულით, პატივისცემით, თანაგრძნობითა და მოწყალებით ეპყრობოდა. ალლაჰის შუამავალი არ განასხვავებდა ადამიანებს ინვალიდობის ან სიჯანსაღის გამო. ის არავის იწუნებდა შეზღუდული შესაძლებლობის გამო. ის დიდ ყურადღებას აქცევდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და ყოველთვის მხარს უჭერდა მათ. ის ცოდნისა და შესაძლებლობების მიხედვით აძლევდა მათ მნიშვნელოვან დავალებებს და ცდილობდა მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას. მან მხედველობადაკარგული აბდულლაჰ ბ. უმმუ მექთუმი მისი არყოფნის დროს მედინას მმართველად დანიშნა. ასევე, ორთოპედიული პრობლემების მქონე ახალგაზრდა კაცი, მუაზ ბ. ჯებელი გუბერნატორად მიავლინა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი რელიგიის მიხედვით, ინვალიდობა, ანუ უნარშეზღუდულობა მხედველობის, სმენის ან მოძრაობის შეზღუდულობას არ ნიშნავს. ნამდვილი უნარშეზღუდულობა ჭეშმარიტების ვერდანახვაა.  ამრიგად, უნარშეზღუდული ის არის, ვინც ჭეშმარიტებას ვერ ხედავს და სიმართლეს არ აღიარებს. თუ ადამიანი თავის გულს რწმენისგან ცარიელს დატოვებს, თავის სიტყვასა და საქმეს ისლამისგან შორს დაიჭერს, თუ თავის ზნეობას ისლამს არ დაუკავშირებს, ნამდვილი უნარშეზღუდულობა ეს იქნება. თუ ადამიანი თავის შესაძლებლობებს ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზანს არ მოახმარს და მის მიერ გაკეთებული საქმეები ხალხისთვის სასარგებლო არ იქნება, მეტი უნარშეზღუდულობა რაღა უნდა იყოს.  წმინდა ყურანში ვკითხულობთ:

لَهُمْ قُلُوبٌ لَا يَفْقَهُونَ بِهَاۘ وَلَهُمْ اَعْيُنٌ لَا يُبْصِرُونَ بِهَاۘ وَلَهُمْ اٰذَانٌ لَا يَسْمَعُونَ بِهَاۜ 
„ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ბევრი ჯინი და ადამიანი ჯოჯოხეთისთვის. მათ გული აქვთ, რომლითაც არ შეიმეცნებენ[1] და მათ თვალები აქვთ, რომლითაც არ დაინახავენ[2] და მათ ყურები აქვთ, რომლითაც არ შეისმენენ[3]. ეგენი  პირუტყვებივით არიან, ოღონდ უფრო გზააბნეულნი მათზე. ისინი უგულისყურონი არიან!“ (ეღრაფი, 7/179)

ძვირფასო მორწმუნენო!
რწმენა, მონდომება და ძალისხმევა დაბრკოლებებს არ ცნობს. მთავარია, ერთმანეთს არ შევუქმნათ დაბრკოლებები და არ გავურთულოთ ცხოვრება. გულისხმიერნი ვიყოთ ჩვენს უნარშეზღუდულ ძმებთან ურთიერთობაში და მათ ოჯახებთან ერთად სიცოცხლისთვის ბრძოლაში თანადგომა გამოვხატოთ. მოვინახულოთ ისინი, მოვიკითხოთ, დახმარების ხელი გავუწოდოთ და შეძლებისდაგვარად მდგომარეობა გავუადვილოთ. შევასრულოთ მათ მიმართ ჩვენი მეზობლური და ადამიანური მოვალეობები. გარდა ამისა, ჩვენი გზები, ქუჩები, შენობები და ტრანსპორტი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შესაძლებლობა მიეცეთ ყველა სიკეთით ისარგებლონ. ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „გაუადვილეთ, ნუ გაურთულებთ! გაახარეთ, ნუ შეაძულებთ!“ (იხ. ბუჰარი, „ილიმ“, 11)

ძმებო!
სიონისტი მჩაგვრელები, რომლებსაც არ აქვთ სინდისი და არ აღიარებენ ადამიანთა უფლებებსა და კანონებს, ტოტალურ გენოციდს ახორციელებენ ჩვენი პალესტინელი ძმების, ქალების, ბავშვების, მოხუცების და სხვა უმწეოთა წინააღმდეგ. ამ ჩაგვრის პრევენცია მთელი კაცობრიობის საერთო მოვალეობაა, განურჩევლად რელიგიისა, ენისა თუ რასისა. მოდით ვილოცოთ ჩვენი პალესტინელი ძმებისთვის და ღმერთს შევევედროთ, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს უსამართლობა. ყოვლისშემძლე ღმერთმა მიიღოს ჩვენი ლოცვა. დაე, მან გამარჯვება მოუტანოს ყველა ჩაგრულს, განსაკუთრებით კი ჩვენს პალესტინელ ძმებს.

[1] ჭეშმარიტებას
[2] უზენაესი ალლაჰის ძლევამოსილებას
[3] შეგონებას

Comment here