სათაურებიხუტბა

ყადირის ღამე:
ღვთიური წყალობის ღამე.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

        „მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი[1] ყადირის[2] ღამეს!
რა გამცნობს შენ, რას ნიშნავს ყადირის ღამე?
ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია!
ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული[3], ყოველი ბრძანების შესასრულებლად.
ის ღამე, ცისკრის ამოსვლამდე, მშვიდობითა და ბედნიერებითაა აღსავსე!(ყადრ 97/1-5)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „ვისაც სწამს და მადლის ღვთისგან მოლოდინით ყადირის ღამეს ღვთისმსახურებას აღავლენს, წარსულის ცოდვები მიეტევება“. (იხ. ბუჰარი, „სავმ“ 6)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ უკვე რამადანის ბოლო ფაზაში შევდივართ. რამადანის, რომლის დასაწყისი წყალობაა, შუა – განწმენდა და ბოლო კი- გადარჩენა. რამადანის ეს ბოლო დღეები ასევე შეიცავს ყადირის ღამეს, რომელიც „ათას თვეზე უკეთესია“. ყადირის ღამის შესახებ შუამავალი ასე ბრძანებს: „ყადირის ღამე რამადანის ბოლო ათ დღეში ეძებეთ“. (მუვათთა, „ითიქაფ“ 6)

ყადირის ღამე უხვი წყალობისა და ბარაქის ღამეა. ის ადამიანთა გულებს სიყვარულითა და შემწყნარებლობით აღავსებს. ეს არის ღამე, რომელიც ყველა იმ ღირებულებებს გვახსენებს, რომლებიც დავიწყებას მიეცა. ეს არის ღამე, რომელიც ჩვენში არსებულ სინდისს გამოაფხიზლებს და სწორ ხედვას შესთავაზებს. ღვთის შუამავალი გვაფრთხილებს: „ვინც ამ ერთი ღამის სიკეთეს გამოტოვებს, ეს ნიშნავს, რომ ათასი თვის სიკეთე გამოტოვა“. (იხ. ნესაი, „სიამ“ 5)

ძვირფასო მორწმუნენო!
ყადირის ღამეს მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ პირველად ყურანი დედამიწას ამ ღამით მოევლინა. ყურანი არის ჭეშმარიტი მოძღვრება, ღვთის სიტყვა, რომელიც სწორად ცხოვრებას გვასწავლის. მისი კითხვა და მოსმენა ღვთისმსახურებაა. ის გვეხმარება განვასხვავეოთ ერთმანეთისგან კეთილი და ბოროტი, ჭეშმარიტება და სიცრუე, კარგი და ცუდი და ა.შ. მასში არის უსაზღვრო სიბრძნე, რომელიც მთე კაცობრიობას ქვეყნიერების დასასრულემდე მეგზურობას გაუწევს. მისი ბრძანებებისა და აკრძალვების გათვალისწინება ამიერ და იმიერ სოფლის ბედნიერებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.   

ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანის უკანასკნელი დღეები ითიქაფის პერიოდს წარმოადგენს. ცნობილია, რომ ძვირფასი შუამავალი რამადანის ბოლო ათ დღეს ითიქაფში შედიოდა. ითიქაფის დროს მორწმუნე მუსლიმი ამქვეყნიურ ცხოვრებას შორდება და მთელი არსებით ღვთისმსახურებასა და სულიერების ამაღლებისკენ არის მიმართული. მორწმუნე ამ პერიოდში ბევრს ლოცულობს, აღავლენს ვედრებას, ინანიებს ცოდვებს და ასევე ფიქრობს რწმენაზე. ის ასევე იხსენებს იმ პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს, რომლებიც სხვა დროს ამქვეყნიური ორომტრიალის გამო დავიწყებული ჰქონდა.

ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანის ეს ბოლო პერიოდი, ყადირის ღამე ღვთიური წყალობისა და გადარჩენის საშუალებად უნდა მივიჩნიოთ. მთელი გულითა და სულით ყურანს უნდა მივეჯაჭვოთ და ეს ძვირფასი დრო ღვთისმსახურებაში გავატაროთ. ვიკითხოთ ყურანი და მისი უკეთ გაგებისათვის მცდელობა დავიშუროთ.  მოვინანიოთ ყველა ის შეცდომა და ცოდვა, რაც წარსულში ჩაგვიდენია და მათ გამეორებაზე მტკიცე უარი ვთქვათ.ყადირის ღამესთან ერთად ყველა დღისა და ღამის ფასი უნდა ვიცოდეთ, რათა ცხოვრების წლები ბარაქით ავავსოთ. ასევე ყველა იმ წყალობის ფასი უნდა ვიცოდეთ, რაც ღმერთმა მოგვმადლა და ამისათვის მისადმი მადლიერება უნდა აღვავლინოთ.  

ხუტბას ბოლოს კი შუამავლის ვედრება მოვისმინოთ:

ღმერთო! შენ მიმტევებელი ხარ. მწყალობელი ხარ. მიტევება გიყვარს. მომიტევე!(თირმიზი, „დეავათ“ 84)

[1] წმინდა ყურანი
[2] როგორც ბუჰარი და მუსლიმი გადმოგვცემენ, ყადირის ღამე, მთვარის კალენდრის მიხედვით მეცხრე თვის, ე.ი. რამაზნის თვის 27-ე  ღამეა
[3] მთავარანგელოზი ჯებრაილი

 

Comment here