სამყაროს წყალობად მოვლენილო შუამავალო!
შენი დაბადებით განვიცდით იმ სიმშვიდესა და ბედნიერებას, რომ ვართ შენი ძმები, რომელთაც ახარე: „რა ბედნიერნი არიან ისინი, რომელთაც ირწმუნეს ჩემი უნახავად“ (იბნი ჰანბელი, III, 155). უსასრულო ქება და დიდება ჩვენს უზენაეს ღმერთს, რომელმაც შენი უმმეთის წევრობის პატივი გვარგუნა. სალამი, ლოცვა, პატივისცემა და წყალობა იყოს შენზე, შენს სახლეულსა და შენს მიმდევრებზე ქვეყნიერების აღსასრულამდე.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენი საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) არის გზამკვლევი, რომელმაც გვიჩვენა, თუ როგორ ცოცხლდება ღვთაებრივი გზავნილი, და რომელმაც დაიმსახურა უზენაესი ალლაჰის ქება: „ჭეშმარიტად შენ უზენაეს ზნეობას ადგახარ“ (ყალემი, 68/4). მისი ზნეობა არ არის მხოლოდ იმ ეპოქაში დარჩენილი ან შორიდან აღფრთოვანების საგანი. მის წყალობის გზავნილებში მთელი კაცობრიობისთვის არის სიბრძნე. როგორც შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:
„ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობასა და ქონებას, არამედ უყურებს თქვენს გულებსა და საქმეებს“ (მუსლიმი, ბირრი, 34). მან ასევე ბრძანა: „ნუ გადაუხვევთ სიმართლეს, რადგან სიმართლეს სიკეთემდე მიჰყავს, ხოლო სიკეთეს — სამოთხემდე… ერიდეთ სიცრუეს! რადგან სიცრუეს მიჰყავს ბოროტებამდე, ხოლო ბოროტებას — ჯოჯოხეთამდე…“ (მუსლიმი, ბირრი, 105).
და კიდევ ბრძანა: „ყოველ რელიგიას აქვს თავისი დამახასიათებელი ზნეობა; ისლამური ზნეობის არსი კი სირცხვილის გრძნობაა (მორიდება-მოკრძალება)“ (იბნი მაჯე, ზუჰდი, 17).
პატივცემულო მუსლიმებო!
ალაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ამიერი სამყაროს ბედნიერებისა და იმიერი სამყაროს ნეტარების გზა გვიჩვენა შემდეგი ჰადისით: „განკითხვის დღეს მორწმუნის სასწორზე საუკეთესო ზნეობაზე მძიმე არაფერი იქნება“ (თირმიზი, ბირრი, 62). მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რწმენა და ზნეობა ერთმანეთისგან განუყოფელია: „სამოთხეში ვერ შეხვალთ, სანამ არ ირწმუნებთ. და ჭეშმარიტად ვერ ირწმუნებთ, სანამ ერთმანეთი არ შეგიყვარდებათ“ (მუსლიმი, იმანი, 93). ხოლო საზოგადოებრივი მშვიდობის დამყარების წესი ასე გვასწავლა: „ნუ შეიძულებთ ერთმანეთს, ნუ შეგშურდებათ ერთმანეთის, არ შეაქციოთ ზურგი ერთმანეთს. ო, ღვთის მონა-მსახურნო, იყავით როგორც ძმები!“ (ბუხარი, ედები, 62).
ძვირფასო მორწმუნეებო! ოჯახში, განათლებაში, სამუშაოსა თუ ვაჭრობაში — მოკლედ, ცხოვრების ყველა სფეროში — შუამავალი (ს.ა.ს.) გვაუწყებს იმ თვისებებს, რომლებიც კაცობრიობას სიკეთემდე მიიყვანს. გამჩენი გვახსენებს ამ
ჭეშმარიტებას: „ვფიცავ, ალლაჰის შუამავალი კარგი მაგალითი იყო თქვენთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს!“ (აჰზაბი, 33/21). იგი გვიბრძანებს, რომ მუშას კუთვნილი გასამრჯელო ოფლის შეშრობამდე გადავუხადოთ (იბნი მაჯე, რუჰუნი, 4), და გვიკრძალავს მაძღარს ძილს, როდესაც ჩვენი მეზობელი მშიერია (იბნი ები შეიბე, მუსანნეფი, იმანი და რუ’ია, 6). ისეთი შეკითხვებით, როგორებიცაა: „მოეფერე თუ არა ობოლს თავზე? დააპურე თუ არა გაჭირვებული? მოინახულე თუ არა ავადმყოფი?“, იგი გვახსენებს ჩვენს ზნეობრივ პასუხისმგებლობებს.
პატივცემულო მუსლიმებო!
თანამედროვე ეპოქაში ღრმად გაიდგა ფესვი აზროვნებამ, რომელიც მატერიალურს სულიერზე მაღლა აყენებს და პირველპლანზე გარეგნულ ეფექტურობას წევს. ეს არის სულიერი განსაცდელი, როცა წარმავალი ამარცხებს მარადიულს, ხოლო სიცრუე ჩრდილავს ჭეშმარიტებას. ასეთ გარემოში დროა, თვალი გავუსწოროთ საკუთარ სულს. ჩვენს ყოველდღიურობაში უნდა გავაცოცხლოთ ის შუამავლური ზნეობა, რომელსაც შუამავალი (ს.ა.ს.) თავისი თბილი ღიმილით, სათნო ბუნებითა და მგრძნობიარე გულით განასახიერებდა. გახსოვდეთ: ადამიანური ღირსების შესაფერისი ცხოვრების ერთადერთი გზა საყვარელი შუამავლის (ს.ა.ს.) საყოველთაო ზნეობის შეცნობასა და მასზე მტკიცედ ჩაჭიდებაზე გადის.
ხუტბის დასასრულს ჩვენს გამჩენს შუამავალისეული ვედრებით შევთხოვთ: „ღმერთო ჩემო! მომანიჭე მშვენიერი ზნეობა. შენ გარდა არავის ძალუძს მშვენიერ ზნეობამდე მიყვანა. დამიცავი ცუდი ზნეობისგან. შენ გარდა არავის ძალუძს ცუდი ზნეობისგან ჩემი დაცვა“ (მუსლიმი, მუსაფირინი, 201).




Comment here