სათაურებიხუტბა

ერთობაშია
წყალობა

 

პატივცემულო მუსლიმებო!
ჩვენ ვიმყოფებით მუჰარრემის თვის სულიერ ატმოსფეროში — ერთ-ერთისა იმ ოთხი (9/36) თვიდან, რომლებიც უზენაესმა გამჩენმა ნაკრძალად დაადგინა და რომელსაც ჩვენი შუამავალი (ს.ა.ს.) „ღირსეულად“ მოიხსენიებდა. (მუსლიმი, სიამი, 203) შუამავალმა (ს.ა.ს.) შეგვახსენა, რომ ეს მადლმოსილი თვე ღვთისმსახურებით, მადლიერებით, სინანულითა და შენდობის თხოვნით უნდა განვვლოთ, როდესაც ბრძანა: „რამადანის შემდეგ ყველაზე სათნო მარხვა ალლაჰის თვეში — მუჰარრემში შენახული მარხვაა“. (მუსლიმი, სიამი, 202)

ძვირფასო მორწმუნენო!
მომავალ ხუთშაბათს აშურას დღეა. აშურა, რომელიც მრავალი შუამავალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმე გახდა, სამწუხაროდ, იმავდროულად არის დღე, როდესაც ქერბელაში მოწამედ (შეჰიდად) დასცეს ჩვენი საყვარელი შუამავალის (ს.ა.ს.) შვილიშვილი — ჰუსეინი (რ.ა.) (რომელსაც იგი (ს.ა.ს.) „სამოთხის ახალგაზრდების ხელმძღვანლად“ მოიხსენიებდა) (თირმიზი, მენაქიბი, 30) და მასთან ერთად შუამავალის სახლეულის 70-ზე მეტი წევრი.

ძვირფასო მუსლიმებო!
ქერბელა მორწმუნეებს შეახსენებს, რომ აუცილებელია ერთიანობა, ერთსულოვნება და დაქსაქსულობის თავიდან აცილება. იგი მიგვითითებს სიმართლისა და ჭეშმარიტების დაცვაზე, სამართლიანობისა და სიკეთის გზიდან არგადახვევაზე. ქერბელა შეგვაგონებს, გონიერებითა და შორსმჭვრეტელობით დავუპირისპირდეთ მათ, ვისაც ჩვენს შორის შუღლის თესვა და ძმათა სისხლისღვრა სურს. იგი მოგვიწოდებს, ყური მივუგდოთ ჩვენი საყვარელი შუამავალის (ს.ა.ს.) გაფრთხილებას: „ერთობაშია წყალობა, ხოლო განხეთქილებაში — სასჯელი“; (იბნი ჰანბელი, IV, 278) და როგორც სიხარულსა და სიკეთეს, ისე მწუხარებასა და გაჭირვებასაც ძმურად ვიზიარებდეთ.

 

ძვირფასო მორწმუნეებო!

დღეს ძალადობა და ტირანია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ტანჯვასა და სხვისი სიმდიდრის მითვისებას, ყოველგვარ გზას მიმართავს, რათა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ახალი კონფლიქტები და ჰუმანიტარული კატასტროფები გამოიწვიოს. თუ ჩვენ გვსურს, თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები და არ მივცეთ ბოროტებას გამარჯვების უფლება, უთანხმოებების გაღრმავების ნაცვლად, საერთო ენისა და ერთობის გზები უნდა ვეძებოთ. რამეთუ ჩვენ ერთიანი ვართ ჩვენს ფასეულობებში, ერთია ჩვენი ჰუმანური მისწრაფებები და საერთოა ჩვენი მიზნები მშვიდობიანი მომავლისთვის. უზენაესი გამჩენი ბრძანებს: და არ იყოთ იმათი მსგავსნი, რომელნიც დაიყვნენ და დაობდნენ მას შემდეგ, რაც ცხადი  მტკიცებანი მოევლინათ.“ (3/105) ჩვენ ერთმუშტად უნდა შევიკრათ და თავი ავარიდოთ ყოველგვარ სიტყვას, ქცევასა თუ დამოკიდებულებას, რაც ზიანს აყენებს ისლამურ ძმობას.

ხუტბას კი ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) შეგონებით დავასრულებ: ნუ გექნებათ ერთმანეთის მიმართ სიძულვილი და მტრობა. ნუ შეგშურდებათ ერთმანეთის. ზურგს ნუ შეაქცევთ ერთმანეთს. ღვთის მონამორჩილნო! იყავით ძმები…“ (ბუხარი, ედები, 62)

Comment here