
ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი ქონება, საკუთრება და ყველა შესაძლებლობა, რასაც ვფლობთ, უზენაესი გამჩენისგან ჩვენზე მომადლებული ამანათია. ამ ამანათისადმი ჭეშმარიტი მადლიერება მაშინ ვლინდება, როდესაც ჩვენს სიკეთეს ვუზიარებთ გაჭირვებულებს, ობლებსა და უმწეოთ. სწორედ ამ პასუხისმგებლობის შემეცნებიდან იბადება ზექათი და ფითრა — ამანათის ღვთისმსახურებად ქცეული არსი.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ზექათი ისლამის ხუთ ძირითად საყრდენთაგან ერთ-ერთია. იგი მხოლოდ ქველმოქმედება კი არა, არამედ ღვთის მიერ დადგენილი სავალდებულო ღვთისმსახურებაა. (ბაყარა, 2/276) ზექათი არ ამცირებს ქონებას — იგი ამრავლებს მის ბარაქას. როგორც ყურანშია ნათქვამი: „და მათ ქონებაში წილია, მთხოვნელთათვის და ღატაკთათვის,“ (ზარიათი, 51/19). შესაბამისად, ზექათი არ არის მოწყალობა, რომელიც ღარიბს დავალებულად აგრძნობინებს თავს — იგი მისი ღირსეული უფლების გადაცემაა. ეს არის ნაბოძარის წილი, რომელიც ღვთის სამართლიანობით მას ეკუთვნის. როდესაც ზექათს ვიხდით, ჩვენ მხოლოდ ვუზიარებთ იმას, რაც თავადაც ამანათად გვაქვს მიღებული, და ამ გზით ვამტკიცებთ, რომ სიმდიდრე არ არის მხოლოდ საკუთრება, არამედ პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა და სულიერი ერთობა.

ძვირფასი მუსლიმებო!
ზექათი მორწმუნეთა შორის თანადგომისა და სოლიდარობის ხიდებს აგებს. აძლიერებს ერთობასა და ძმობას, რათა ეს სული იგრძნობოდეს ოჯახებსა და სუფრებზე. ამგვარად, ზექათს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი მშვიდობისა და თანხმობის განმტკიცებაში.
ზექათის გაცემა ადამიანს ათავისუფლებს სიძუნწისა და სიხარბისგან. იგი ამშვიდებს გულს მატერიალური სიყვარულისგან და ეხმარება ცოდვების განწმენდაში. როგორც ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა: „ზექათი ისე წარხოცავს შეცდომებსა და ცოდვებს, როგორც წყალი აქრობს ცეცხლს.“ (თირმიზი, ჯუმღ’ა, 79)
ძვირფასო მორწმუნეებო!
ფითრა არის მადლიერების გამოხატულება რამადანის თვემდე მიღწევისა და ბაირამის დღესასწაულის ხილვისათვის. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) გვიბრძანა, რომ ბაირამის ლოცვამდე ფითრის სადაქა მივაწოდოთ გაჭირვებულებს, რათა დღესასწაული მოწყალებისა და სიხარულის დროდ იქცეს მთელი საზოგადოებისათვის
ძვირფასო მუსლიმებო!
ზექათისა და ფითრის გაცემისას უპირველესი მოვალეობაა, ვიზრუნოთ ჩვენს გაჭირვებულ ნათესავებსა და მეზობლებზე. შემდეგ კი ხელი გავუწოდოთ ჩაგრულსა და დაზარალებულ ძმებს სხვა ქვეყნებსა და რეგიონებში. რამადანის ამ ბარაქიან დღეებში ჩვენი ზექათი და ფითრა იქცეს მიზეზად, რომ ღარიბის სუფრა გამდიდრდეს, ვალით დამძიმებულს ტვირთი შევუმსუბუქოთ, გზაში დარჩენილს ხელი შევაშველოთ, ობოლი და უპატრონო გავახაროთ და მუდამ ჩაგრულთა მხარდამჭერნი ვიყოთ. ამით ჩვენ დროებით შესაძლებლობებს ვაქცევთ მარადიულ საუნჯედ.
ქადაგება მინდა დავასრულო შემდეგი აიათით: „ლოცვად დადექით (შეასრულეთ), ზექათი გაეცით და რა სიკეთესაც წაიმძღვარებთ საკუთარი სულისთვის, იმას ჰპოვებთ ალლაჰთან. უეჭველად, ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებთ!“ (სურა ბაყარა, 2/110)





Comment here