
ძვირფასო მუსლიმებო!
უზენაესმა ღმერთმა ჩვენი ცხოვრების განმავლობაში გვიბოძა განსაკუთრებული დროები, რათა გავხსნათ სუფთა ფურცელი, გადავხედოთ ჩვენს შეცდომებს და მოვინანიოთ ცოდვები. სწორედ ამგვარი დროა, რომელშიც ვიმყოფებით — მადლმოსილი რამადანი. ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ გავხდეთ ალლაჰის საყვარელი მონა-მსახურნი, მოვაწესრიგოთ ჩვენი ცხოვრება და, თუ გვახასიათებს ცუდი სიტყვები ან ქცევები, ისინი მივატოვოთ.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ამ კვირის ხუტბაში, მოწყალებისა და მიტევების თვის — რამადანის — მადლითა და შესაძლებლობით, გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ დამოკიდებულების იმ საფრთხეზე, რომელიც ოჯახებს უბედურებაში აგდებს და საზოგადოებას მძიმე შედეგების წინაშე აყენებს.
დამოკიდებულება უბრალო ჩვევა არ არის; იგი სერიოზული სენია, რომელიც ადამიანს მოჩვენებითი ბედნიერებისა და წარმავალი სიამოვნებების ტყვედ აქცევს. ის ფლანგავს დროს, აჩვევს ცოდვას, ახალისებს ძალადობრივ მიდრეკილებებს და ზოგჯერ საკუთარი თავისა და ოჯახის სიცოცხლესაც კი საფრთხეში აგდებს. ეს მართლაც ერთ-ერთი უმძიმესი საფრთხეა.
ძვირფასო მუსლიმებო!
ყველაზე სახიფათო დამოკიდებულებებს შორის პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები. ეს ორი სენი ასუსტებს გონებასა და ნებისყოფას, შიგნიდან ანგრევს ადამიანის სხეულსა და სულს. ისინი ანადგურებენ ოჯახურ სიმშვიდესა და ბედნიერებას, შლიან ოჯახებს და აქრობენ ოჯახურ კერებს.
ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ერთ ბრძანა:
„არასოდეს დალიო ალკოჰოლური სასმელი, რადგან იგი ყოველი ბოროტების გასაღებია.“ (იბნი მაჯე, ეშრიბე, 1)
ამ სიტყვებით იგი გვაფრთხილებს ამ დიდი საფრთხის შესახებ.

ძვირფასო მორწმუნეებო!
დღეს, კომუნიკაციის საშუალებათა ფართო გავრცელების შედეგად, ჩვენს სახლებში შემოსულია კიდევ ერთი დამოკიდებულება — ციფრული აზარტული თამაში. სამწუხაროდ, ციფრულმა აზარტმა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. მცირე თანხებით დაწყებულ ამ პროცესს ადამიანი მიჰყავს იქამდე, რომ ყიდის სახლსა და მანქანას, ხარჯავს ყველა შესაძლებლობას ამ გზაზე და ვარდება ვალების ჭაობში. შედეგად ინგრევა ოჯახური კავშირები.
უზენაესი გამჩენი გვაფრთხილებს: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალკოჰოლური სასმელი, აზარტული თამაშები, კერპები და მკითხაობა ეშმაკისეული სისაძაგლენია. განერიდეთ ამას, ეგების ნეტარნი იქმნეთ თქვენ!“ (სურა მაიდე, 5/90)
ძვირფასო მუსლიმებო!
არა მხოლოდ ახალგაზრდებსა და ბავშვებს, არამედ მშობლებსაც ტყვეობაში აქცევს კიდევ ერთი საფრთხე — ციფრული დამოკიდებულება. იგი ფანტავს ყურადღებას და ადამიანს მარტოსულად ტოვებს. სხვისი ტკივილი შესაძლოა „დახმარების საჭიროებად“ კი არა, არამედ „საყურებელ შინაარსად“ აქციოს.
ციფრული დამოკიდებულების გამო, ონლაინ ვაჭრობის საიტებზე, ვირტუალურ თამაშებსა და გართობებში იკარგება დრო და ფუჭდება სიცოცხლე.
ძვირფასო ძმებო!
გონებას დამბინდველი ყოველგვარი ნივთიერებისგან, აზარტული თამაშებისა და ციფრული დამოკიდებულებებისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური გზა არის — საერთოდ არ მივეკაროთ მათ. ჩვენს ახალგაზრდებსა და ბავშვებს შევუქმნათ სიყვარულსა და ნდობაზე დაფუძნებული ოჯახური გარემო. ხოლო თუ, ყველა სიფრთხილის მიუხედავად, ვინმე მავნე ჩვევების ტყვეობაში აღმოჩნდება, ხელი გავუწოდოთ და არ მივატოვოთ იგი ბოროტთა ხელში.
ბავშვების სიმშვიდისა და ჩვენი კომფორტისთვის არ არის მიზანშეწონილი მათ ხელში ტელეფონისა და ტაბლეტის ჩაბარება. არ უნდა დავტოვოთ ისინი მავნე თამაშებისა და უმიზნო გართობის გავლენის ქვეშ მხოლოდ იმისთვის, რომ მშვიდად ისხდნენ.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ვისარგებლოთ რამადანის ბარაქით და სერიოზულად გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას. მოვიშოროთ მავნე ჩვევები და დავიწყოთ ახალი ეტაპი. არ უნდა დაგვავიწყდეს: ადამიანის სიცოცხლე იმდენად ფასეულია, რომ იგი არ უნდა დაიხარჯოს დამოკიდებულებებში და არ უნდა გაიფლანგოს ციფრულ სივრცეში.





Comment here