
პატივცემულო მუსლიმებო!
უსასრულო ქება-დიდებს უზენაეს ალლაჰს, რომ მოგვასწრო თერთმეტი თვის ხელმძღვანელს — მადლმოსილ რამადანს. რამადანი არის გამორჩეული დრო, როცა ჩვენი უზენაესი გამჩენის წყალობა და მიტევება უხვად გადმოდის ჩვენზე, ხოლო მისი მადლი და შეწევნა სახლებიდან ქუჩებამდე ვრცელდება.
ეს არის სულიერი სკოლა, რომელიც ყოველდღიური სარბიელისგან დაღლილ ჩვენს შინაგან სამყაროს განამტკიცებს და ჩვენს ცხოვრებას აზრს სძენს. რამადანი დიდი წყალობაა, რომელიც მოგვენიჭა იმისათვის, რომ გულებს სიმშვიდე მიჰმადლოს და ჩვენი მსახურება სწორი გზის — სირატილ მუსთეყიმის — მიხედვით განამტკიცოს. ის ძვირფასი საუნჯეა, რომელიც გვახსენებს პასუხისმგებლობას გამჩენის, ოჯახის და საზოგადოების წინაშე.
ძვირფასო მორწმუნეებო!
რამადანი მრავალი სულიერი სიკეთის მომტანია. იგი გვაძლევს შესაძლებლობას, განვაახლოთ, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი კავშირი მეჩეთებთან.
რამადანი თავისი ეზანებით, მუყაბელეებით, ცოდნის წრეებით, თერავიჰის ლოცვებითა და გამართული იფთარის სუფრებით გვიწვევს მეჩეთზე ორიენტირებული ცხოვრების აღდგენასა და გაცოცხლებას.
მართლაც, მეჩეთები ჩვენი ცივილიზაციის აკვანია და ჩვენი ქალაქების გულია. მეჩეთები არის ადგილები, სადაც რწმენა ზნეობასთან, თაყვანისცემა ცნობიერებასთან, ცოდნა სიბრძნესთან და მსახურება პასუხისმგებლობასთან ერთიანდება. როგორც ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს) ბრძანა
„მეჩეთები არის ქალაქების ის ადგილები, რომლებიც ალლაჰს ყველაზე მეტად უყვარს.“(მუსლიმი, მესაჯიდი, 288)

ძვირფასო მუსლიმებო!
უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„ალლაჰის მეჩეთებს ააგებენ მხოლოდ ისინი, ვინც ალლაჰსა და უკანასკნელ დღეს ირწმუნებს, ასრულებს ლოცვას, გასცემს ზექათს და მხოლოდ ალლაჰის ეშინია. იმედია, ისინი სწორ გზაზე მყოფთა შორის იქნებიან.“ (სურა თევბე, 9/18)
მეჩეთების აშენება მხოლოდ მათი კედლების აღმართვას არ ნიშნავს. მეჩეთების აშენება ნიშნავს ერთ რიგში, მხარი-მხარ დგომით მშვიდობის მიღწევას; მეჩეთის გუმბათქვეშ და მინარეთის ჩრდილში ერთობის, თანადგომისა და ძმობის შეგნების მოპოვებაა.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ოჯახური კავშირები სუსტდება, ნათესაური და მეზობლური ურთიერთობები კი თითქმის გაქრობის ზღვარზეა. ადამიანი დღითიდღე მარტოვდება და ხალხმრავლობაშიაც კი უსაყრდენოდ რჩება.
ამქვეყნიურ სიკეთეებზე გადაჭარბებულმა მიდრეკილებამ ბევრს სიცოცხლე მხოლოდ ამ ქვეყნად დაუსახა და სულიერებას დააშორა.
ამ სირთულეთა გამოსავალია მეჩეთსა და ცხოვრებას შორის კავშირის განმტკიცება და ისლამის უნივერსალური ჭეშმარიტებებისა და ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი ღირებულებების კვლავ დღის წესრიგში დაბრუნება.
პატივცემულო მუსლიმებო!
თუ რამადანის სულიერი ატმოსფეროდან ვისარგებლემთ, შევძლებთ საკუთარ არსს დავუბრუნდეთ და მსახურების შეგნება ცოცხლად შევინარჩუნოთ.
თუ ჩვენს შვილთა გულებსა და გონებაში რამადანის თბილ და ნათელ მოგონებებს დავთესავთ, მათ მომავალს რწმენითა და იმედით შევავსებთ.
თუ დროს ლოცვას დავუმორჩილებთ და ცხოვრებას მეჩეთს დავუკავშირებთ, მივაღწევთ ბედნიერებას როგორც ამქვეყნად, ისე მარადიულ ცხოვრებაში.
ხუტბას დავასრულებ ჩვენი საყვარელი შუამავალის (ს.ა.ს.) სასიხარულო ცნობით:
„როცა ადამიანი სახლიდან მეჩეთისკენ გასვლის განზრახვით გამოვა, ყოველი გადადგმული ნაბიჯისთვის ერთი სიკეთე ეწერება, ხოლო მეორე ნაბიჯისთვის ერთი ცოდვა წაეშლება.“ (ნესაი, ნესაჯიდი, 14)





Comment here