სათაურებიხუტბა

რამადანის სულიერი
კლიმატი

ძვირფასო მუსლიმებო!
მოწყალებისა და მიტევების თვე — რამადან — მოგვიახლოვდა. მომდევნო ხუთშაბათს ამ მადლიანი თვის თვის პირველ დღეა. რამადანი ჩვენთან ყურანის თანხლებით მოდის. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისთვის და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზისა და განმასხვავებლად ჭეშმარიტებისა  ბათილისგან…“ (სურა ბაყარა, 2/185) დიახ, ჩვენი ცხოვრების მეგზური — ყურანი — გზას გვინათებს; გულებს გვიკურნავს და ტკივილს გვიშუშებს. იგი გვანიჭებს ღირსებას, გვიცავს ბოროტებისგან, გვამკობს კეთილზნეობით, გვასწავლის გულუხვობას და გვიშუამდგომლებს ანგარიშსწორების დღეს.

ძვირფასო მორწმუნეებო!
რამადანი მარხვით მოდის. მარხვა სხეულს ჯანმრთელობას, სულს სიმშვიდეს, ოჯახებს კი ჰარმონიას ანიჭებს. იგი გვზრდის სულიერად და გვაახლოვებს უზენაესის კმაყოფილებასთან. ჩვენს გულებს ცოდვის ლაქებისგან წმენდს და ღვთისმოშიშებას გვასწავლის.

დიადი ღმერთი ბრძანებს: ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მარხვა თქვენზე სავალდებულოდ დადგინდა, როგორც სავალდებულო იყო მათთვის, ვინც თქვენ უწინარეს იყო, ეგების  ღვთისმოშიშნი შიქმნეთ! (სურა ბაყარა, 2/183)

ძვირფასო მუსლიმებო!
რამადანი მოწყალებით მოდის. იგი გვახსენებს ერთობას, ძმობას, თანადგომასა და ურთიერთდახმარებას. ეს თვე გვაერთიანებს — ობოლსა და უპატრონოს, მდიდარსა და ღარიბს, ახალგაზრდასა და მოხუცს — და ერთ ორგანიზმად გვადგენს. ნათესავებთან, მეზობლებთან და გაჭირვებულ ძმებთან ურთიერთობას გვასწავლის. განამტკიცებს ურთიერთ სიყვარულსა და მეგობრობას.

ჩვენი საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: ნუ გაწყვეტთ ურთიერთობას, ნუ შეაქცევთ ერთმანეთს ზურგს, ნუ გექნებათ ბოროტი ზრახვა ერთმანეთის მიმართ, ნუ შეგშურდებათ ერთმანეთს. ჰეი, ალლაჰის მონა-მსახურნო! შეიქმენით ძმებად!“ (თირმიზი, ბირრი და სილა, 24)

ძვირფასო მორწმუნეებო!
რამადანი მადლით მოდის. ცოდვათა მიტევების იმედით გამთენიის საათები — სეჰერი და თეჰეჯჯუდი — ჩვენს ღამეებს ანათებს. დღის განმავლობაში წაკითხული ყურანი გულებს სიმშვიდეს ჰგვრის. იფთარის სუფრები სიყვარულისა და ერთობის წყაროდ იქცევა; ოჯახებში სიხარული შემოდის, ხოლო ერთად შესრულებული თერავიჰის ლოცვით მეჩეთები სიცოცხლით ივსება. შრომით მოპოვებული ჰალალი შემოსავლიდან გაცემული სადაყა, ფითრა და ზექათი ძმობას ამტკიცებს და საზოგადოებაში თანასწორობას აძლიერებს.

ძვირფასო მუსლიმებო!
როგორც რეჯებისა და შაღ’ბანის თვეებმა — სულიერად მოგვამზადა რამადანისთვის, ჩვენც მოვამზადოთ ჩვენი სახლები, სამუშაო ადგილები, მეჩეთები და ქუჩები ამ მადლიანი თვის ატმოსფეროს მისაღებად. გავხსნათ სიკეთის კარები, დავაახლოვოთ გულები, ყურანის ღვთიური გზავნილი ყოველდღიურ ცხოვრებაში განვახორციელოთ.

რამადანი — რომლის დასაწყისი მოწყალებაა, შუა ნაწილი მიტევება, ხოლო დასასრული ჯოჯოხეთისგან ხსნა — მისი სიბრძნეებით შევიმოსოთ.

ამ მიზეზით, წინასწარ გილოცავთ რამადანის მადლმოსილ თვეს.

ხუტბას დავასრულებ ჩვენი შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგი ჰადისით: დაგვიდგა მადლმოსილი რამადანის თვე. უზენაესმა ალლაჰმა ამ თვეში მარხვა სავალდებულოდ დაგიწესად. ამ თვეში სამოთხის კარები იხსნება, ხოლო ჯოჯოხეთის კარები იკეტება…“ (ნესაი, სიამი, 5)

 

Comment here