
ძვირფასო მუსლიმებო!
დრო — უზენაესი ალლაჰის მიერ ბოძებული უდიდესი წყალობა და ამავე დროს მნიშვნელოვანი გამოცდაა. მისი ხანგრძლივობა ან სიმოკლე ხშირად ჩვენს განცდებზეა დამოკიდებული. არის წუთები, რომლებიც მთელი სიცოცხლის ტოლფასია — არ გვსურს, რომ დასრულდეს. არის პერიოდებიც, როცა სევდა ყველაფერს ფარავს და ვნატრობთ, რაც შეიძლება მალე გაიაროს. ერთი წამი გულს სიხარულით გვივსებს, მეორე კი მძიმე კოშმარივით გვაწვება.
ამასთან, არსებობენ განსაკუთრებული დროები, როცა ალლაჰი წყალობისა და მიტევების კარებს ფართოდ გვიღებს. სწორედ ასეთი პერიოდია რეჯების თვე — მადლმოსილი თვეებიდან პირველი, რომელიც უზენაესი გამჩენისგან ბოძებული დიდი წყალობაა.
ო, ახალგაზრდავ!
შენ მოგემადლა სიცოცხლის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი. ჩვენი შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) იმ ადამიანებს შორის გიხსენიებს, რომლებიც განკითხვის დღეს ალლაჰის დადგენილ ჩრდილქვეშ იქნებიან. (ბუხარი, ეზანი, 36) შენ შეგიძლია ეს პერიოდი სიკეთითა და სჯულისადმი ერთგულებით გაანათო და მარადიულ ბედნიერებას მიუახლოვდე, ან შეცდომებითა და ვნებებით დაიღუპო, რასაც მომავალში ინანებ.
შენზეა დამოკიდებული, სეჯდის ბარაქით გაამდიდრო დრო, თუ ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გაფლანგო. შენ წყვეტ, მარხვითა და თავშეკავებით მიაღწევ სიმშვიდეს, თუ უზნეობითა და ზღვარგადასულობით საკუთარ ცხოვრებას ციხედ აქცევ. ერთი კეთილი საქმე, ერთი ობლის გახარება შეიძლება მიზეზი გახდეს, რომ შუამავალთან (ს.ა.ს.) სამუდამო სამყოფელში მეზობლობა დაიმსახურო; ხოლო აზარტულმა თამაშებმა შეიძლება შენი და შენი ოჯახის ცხოვრება დაანგრიოს. არჩევანი შენს ხელშია.

პატივცემულო მშობლებო!
როგორც დრო, ასევე შვილებიც ჩვენთვის პასუხისმგებლობით ბოძებული ამანათია. მათი შეცდომების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხშირად ჩვენი უყურადღებობაა. შვილები ელიან, რომ მათ გვერდით დავუდგებით — როგორც სიხარულში, ისე სირთულეებში.
მადლობა ალლაჰს, რომ მოწყალების პერიოდი დაგვიდგა. სამი მადლმოსილი თვე და მდლმოსილი ღამეები — ეს არის სულიერი ატმოსფერო, რომელიც სინანულის კარს აღებს, იმედს აძლიერებს და გულს კურნავს. თუ ამ პერიოდს შვილებთან ერთად, გულწრფელად და ერთიანად გამოვიყენებთ; თუ ჩვენს სახლებში ერთ სუფრას და მეჩეთებში ერთ რიგს გავიზიარებთ — ეს ჩვენი უდიდესი მოგება იქნება.
ძვირფასო მორწმუნენო! ჩვენი შუამავალი (ს.ა.ს.) ყუდსი ჰადისში გვაუწყებს, რომ უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „ადამის შვილი დროს აუგად მოიხსენიებს, მაშინ როცა დრო ჩემი შექმნილია! ღამეც და დღეც ჩემს ხელშია.“ (ბუხარი, ედები, 101)
ამიტომ, ძვირფასო ძმებო, ჩვენი ვალია, ვიცოდეთ დროის ფასი და ყოველი წამი მარადიულ სარგებლად ვაქციოთ. ვიცხოვროთ ალლაჰის ნორმების შესაბამისად და ჩვენი შუამავალის (ს.ა.ს.) კვალდაკვალ. დავუახლოვდეთ ყურანს — ჩვენს გზამკვლევს — და მისი ნათელი ჩვენს სახლებში შევიტანოთ. მოვერიდოთ ვნებებს, დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი შვილები ცოდვისგან და ჯოჯოხეთის სასჯელისგან.
დასასრულს მინდა წავიკითხო სურა ღ’ესრის მნიშვნელობას, რომელიც გვასწავლის, როგორ ვაქციოთ წარმავალი სიცოცხლე მარადიულ ბედნიერებად: „ვფიცავ დროს! უეჭველად, ადამიანი წაგებულია — გარდა მათი, რომელთაც ირწმუნეს, ჰქმნეს სიკეთენი და ერთმანეთს ჭეშმარიტებასა და მოთმინებას ამცნობენ.“ (სურა ღ’ესრი, 103/1-3)





Comment here