სათაურებიხუტბა

ადამიანი:
სამყაროს თვალისჩინი

ძვირფასო მუსლიმებო!
ყოველი დღე აუცილებლად დასრულდება, ყოველი სული სიკვდილს იგემებს. ყოველი შექმნილი რამ საბოლოოდ შეწყვეტს ფუნქციას. ზღვები ადუღდება, მთები ადგილიდან დაიძვრება, ვარსკვლავები ჩამოცვივდება. საფლავებში მყოფნი გარეთ გამოვლენ და ყოველი ადამიანი გაიგებს, რა გააკეთა და რა არ გააკეთა ამქვეყნად.

ძვირფასო მორწმუნეებო!
არსებობს ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს, რატომ შეიქმნა, საიდან მოვიდა და საით მიდის. ივიწყებს საკუთარ თავს, ივიწყებს თავის გამჩენს, ივიწყებს სიკვდილს, ივიწყებს ანგარიშს, ივიწყებს სამოთხესა და ჯოჯოხეთს. სიავის აჩრდილივით დადის; გულს ტკენს ადამინებს, ავიწროებს. ხდება ყაბილი და სულს ღუპავს. ხდება ყარუნი და თავისი სიმდიდრით ამპარტავნობს. ხდება ნემრუდი და თავისი სამფლობელოთი იკვეხნის. ხდება ებუ ჯეჰილი და ვერ ხედავს ჭეშმარიტებას. არსებობს ისეთი ადამიანიც, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებას საიქიოს ყანად მიიჩნევს და მუშაობს როგორც ამქვეყნიური, ისე საიქიო ცხოვრებისთვის. ხდება ისეთი, როგორებიც იყვნენ საჰაბეები, კეთილისმქმნელი და თავისი სიტყვებით იპყრობს გულებს.

ძვირფასო ადამიანო!
შენ ხარ სამყაროს მიზანი, სამყაროს თვალისჩინი. შენ ხარ უზენაესი გამჩენის რჩეული. უზენაესი ალლაჰია ის, ვინც შექმნა სამყარო და მასში არსებული ყველაფერი და შენს სამსახურში ჩააყენა. ის არის, ვინც შენი შექმნა საუკეთესო ფორმით აღასრულა. ის არის, ვინც მოგმადლა გონიერება და ცნობიერება, რომ შეძლო სიკეთის ბოროტებისგან გარჩევა. ის არის, ვინც გამოგიგზავნა წიგნები, რომლებიც გიჩვენებენ სიმშვიდისა და ბედნიერების გზებს, და ვინც შუამავლები შენთვის მეგზურად დაადგინა. ყოველივე ამის მიუხედავად, „ო, ადამიანო! რა არის ის, რაც შეცდომაში შეგიყვანს და მოგატყუებს შენი დიდებული გამჩენის მიმართ?“ (ინფიტარი, 82/6) რა არის ის, რაც ხელს გიშლის, რომ ღმერთის მსახური იყო? რა არის ის, რაც ხელს გიშლის, რომ შეასრულო მისი ბრძანებები და განერიდო მის აკრძალვებს?

ძვირფასო მუსლიმებო!
დღეს, სამწუხაროდ, უფრო მეტად ვცხოვრობთ მრავალი წინააღმდეგობის გვერდიგვერდ. ერთ მხარეს არიან ისინი, ვინც ცდილობს, რომ სამყარო სამოთხედ აქციოს საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, ერისთვის და მთელი კაცობრიობისთვის, ხოლო მეორე მხარეს არიან ისინი, ვისაც სურს, რომ დედამიწა ჯოჯოხეთად აქციოს, ჩაგრულებსა და უდანაშაულოებზე ძალადობით. ერთ მხარეს არიან თავაზიანი და დახვეწილი ადამიანები, რომლებიც ჭიანჭველასაც კი არ მოექცევიან ცუდად, ხოლო მეორე მხარეს არიან ისინი, ვინც სიამაყითა და ამპარტავნებით ანგრევენ და წვავენ გზებსა და ქვეყნებს. ერთ მხარეს არიან ისინი, ვინც სიკეთისა და წყალობის გასაცოცხლებლად იბრძვიან, ხოლო მეორე მხარეს არიან ისინი, ვისაც სურს, რომ თავისი ბოროტებით კაცობრიობა უკუნ სიბნელეში დატოვოს. ჩვენი შუამავალი (ს.ა.ს.) ამ დილემას თავის ჰადისებში ასე გამოხატავს: „მორწმუნე ძვირფასი და გულუხვია. ბოროტი კი უპატივცემულო და ძუნწია.“ (ებუ დავუდი, ედები, 5)

პატივცემულო მორწმუნეებო!
ყველაფერი მიედინება, წყალი, ისტორია, ვარსკვლავი, ადამიანი და აზრი;

ორი ინკანია: ერთიდან ნათელი მოედინება, მეორედან – უკუნეთი.

დიახ, ამ სამყაროში, სადაც ერთდროულად მოედინება ნათელიც და უკუნეთიც, ჩვენ, მორწმუნეებს, გვევალება, რომ ჩვენი რწმენით ყოველი ადგილი უსაფრთხოების სამყოფელად, ჩვენი თაყვანისცემით სიმშვიდისა და ბედნიერების კერად, ხოლო ჩვენი ზნეობით სიყვარულისა და მეგობრობის გარემოდ ვაქციოთ. არ მივცეთ გასაქანი ბოროტებასა და უსამართლობას; სიყვარული და მეგობრობა განვამტკიცოთ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში.

ხუტბის კი ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ს.) ამ ჰადისით დავასრულებ: „არიან ადამიანები, რომლებიც სიკეთის გასაღები და ბოროტების ბიქლომი არიან. არიან ისეთებიც, რომლებიც ბოროტების გასაღები და სიკეთის ბოქლომი არიან. ნეტარება მას, ვისაც ყოვლისშემძლე ალლაჰმა გასაღები მიჰმადლა… (იბნი მაჯე, სუნნეთი, 19)

Comment here