
ძვირფასო მუსლიმებო!
კიდევ ერთი სასწავლო წელი დასრულდა. ათასობით ბავშვმა დაასრულა მიმდინარე წლის სასკოლო პროცესი და საზაფხულო არდადეგები დაეწყოთ. თუმცა ზაფხული მათთვის მხოლოდ დასვენების დრო კი არაა — ეს არის ცხოვრების გარდამტეხი არჩევანისა და ღირებული გამოცდილების პერიოდი.
სწორედ ზაფხულის თავისუფალ დღეებში ყალიბდება ბავშვის ხასიათი, მყარდება რწმენა, იზრდება ზნეობრივი შეგნება და ისმინება ის სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების გზას განსაზღვრავს.
ვევედრებით ყოვლადმოწყალე ალლაჰს, მიანიჭოს ჩვენს შვილებს წარმატება ამ გამოცდის გზაზე — როგორც ამ სამყაროში, ისე საიქიოში. დააყენოს მათი გულები ჭეშმარიტებისაკენ, განათლებისა და ღვთისმოშიშებისაკენ. სიკეთე მოიღოს მათ მშობლებზე, მასწავლებლებზე და ყველა იმ ადამიანზე, ვინც ამ გზაზე მათ რაიმე სიკეთე გაუწია.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ბავშვები — საუკეთესო წყალობაა, რომელიც დიადმა ალლაჰმა გვიბოძა, მაგრამ ისინი ამავდროულად ამანათიც არიან.
ყურანი მათ „საოცარ სამკაულად“ (ქეჰფი, 18/46) მოიხსენიებს ამ ცხოვრებაში, ხოლო ჩვენი შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) ბრძანებს, რომ ისინი ჩვენი ნამოქმედართა წიგნის ცოცხალი წყარო არიან (მუსლიმი, ვესიე, 14)
ბავშვების აღზრდა ალლაჰისა და მისი შუამავალის სიყვარულით, სილამაზითა და ზნეობით, არა მხოლოდ ოჯახების, არამედ მთელი საზოგადოების, სახელმწიფოს და ისლამური დაწესებულებების მთავარი პასუხისმგებლობაა.
შუამავალი (ს.ა.ს.) გვახსენებს:
وَإِنَّ لِوَلَدِكَ عَلَيْكَ حَقًّا
„შენს შვილსაც აქვს შენზე უფლება.“ (მუსლიმი, სიამი, 183)
ძვირფასო მუსლიმებო!
ბავშვების აღზრდა ისე, რომ ისინი გახდნენ კარგი მორწმუნენი და სასარგებლო ადამიანები თავიანთი ოჯახის, სამშობლოსა და თემისთვის — ეს მათზე ჩვენი ვალდებულებაა.
თუ ვზრუნავთ მათ ამქვეყნიურ წარმატებაზე, ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ჰალალისა და ჰარამის ცნობიერება ჩავუნერგოთ და ცოდვებისგან დავიცვათ.
შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:
„მშობელს შვილის იმაზე უკეთეს ვერაფერს დაუტოვებს, ვიდრე კარგი ზნეობა და აღზრდაა.“ (თირმიზი, ბირრი, 33)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ამ ეპოქაში ჩვენი შვილები და ახალგაზრდები უფრო მეტად არიან საფრთხის ქვეშ, ვიდრე ოდესმე. ცრურწმენა, სეკულარული ცხოვრების წესის თავსმოხვევა, საზოგადოებრივი პროექტები, რომლებიც ანადგურებენ ჩვენს მორალურ ღირებულებებსა და მედია კონტენტს, ყველანაირად ცდილობენ ჩვენი ახალგაზრდობის დაშორებას ჩვენი ეროვნული და სულიერი ღირებულებებისგან. ვირტუალური აზარტული და ძალადობრივი თამაშები, ციფრულ პლატფორმებზე გავრცელებული ბუნების დამანგრეველი პოსტები ჩვენს შვილებს მორალური ეროზიის, მარტოობისა და „თანატოლების ბულინგის“ წინაშე აყენებს. ეს საშიში ტენდენციები ჩვენს ახალგაზრდებს აშორებს ოჯახებისგან, ქვეყნისგან და რელიგიისგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაუნდობელ, უგრძნობ და უმიზნო ადამიანებად გადაქცევა.
ძვირფასო მუსლიმებო!
ამ ზიანისგან შვილების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მათ აღვზრდით შუამავალის (ს.ა.ს.) ზნეობითა და გზით.
ყურანი გვასწავლის: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაიცავით თქვენი სულნი და თქვენი ოჯახი ცეცხლისგან, რომლის საწვავი ადამიანები და ქვებია.“ (სურა თაჰრიმი, 6)
შუამავალი (ს.ა.ს.) კი გვასწავლის: „შვიდი წლის ასაკიდან შეაჩვიეთ ბავშვები ლოცვას.“ (ებუ დავუდი, სალათი, 26)
ყურანში ვკითხულობთ:
وَلَا تَرْكَـنُٓوا اِلَى الَّذ۪ينَ ظَلَمُوا
„არ გადაიხაროთ იმათკენ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს!“ (სურა ჰუდი, 113)
აითის თანახმად, მათ უნდა შთაუნერგოთ ისეთი ცნობიერება, რომ იდგნენ მჩაგვრელის წინააღმდეგ და ჩაგრულთა მხარეს; მთელი ძალით იშრომონ რელიგიის, ქვეყნისა და ერისთვის…
ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენი ბავშვების სულიერი განვითარებისთვის, ზნეობრივი აღზრდისთვის და უკეთესი მომავლისთვის, საზაფხულო სწავლება იწყება 21 ივნისს.
ეს საზაფხულო სკოლები წარმოადგენს:
მეჩეთთან კავშირის გაღრმავების საშუალებას,
ახალი მეგობრებისა და სულიერი უნარების გაძლიერების გზას.
ამ სწავლების მეშვეობით ბავშვები, ერთდროულად, ტკბებიან არდადეგებით და ეცნობიან ყურანს — წიგნს, რომელიც მთელი ცხოვრება გაუნათებს გზას.
ზაფხულში ნასწავლი ერთი ვედრება, სურა ან ჰადისი, შესაძლოა, გახდეს მათთვის რწმენის წყარო მთელი ცხოვრების მანძილზე.
ძვირფასო მშობლებო!
ჩვენი, როგორც მშობლების, პასუხისმგებლობაა — შვილები დავაკავშიროთ ყურანის სწავლებასთან.
ჩვენი მშობლის მოვალეობების მოთხოვნის შესაბამისად, მოდით, ჩვენს შვილებს საზაფხულო სასწავლებლები გავაცნოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ თუ მათ სუფთა გონებასა და გულებს ავთენტური და სწორი რელიგიური ცოდნით არ აღვჭურვავთ, ისინი მრავალ ცრურწმენას, ცრუ ინფორმაციასა და აზრს წააწყდებიან. ეს კი ამქვეყნად სიავეს, ხოლო იმედგაცრუებას გამოიწვევს იმქვეყნად.
ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „შეისწავლეთ ყურანი, წაიკითხეთ და შეასწავლეთ.
ვინც ისწავლის, წაიკითხავს და მისი მიხედვით იცხოვრებს — ის ჰგავს სუნამოთი სავსე ჭურჭელს, რომელიც ირგვლივ ყველგან საამო სურნელს აფრქვევს.“ (თირმიზი, ფედაილულ-ყურანი, 2)





Comment here