
ძვირფასო მუსლიმებო!
როგორც წარსულში, დღესაც ძალადობრივ ძალებს არ დავიწყებიათ თავიანთი მიზანი – მუჰამმადის (ს.ა.ს.) უმმეთის უფსკრულში ჩაგდება და მისი სრული განადგურება. ისინი არ ერიდებიან არცერთ მეთოდს, რომ დაანგრიონ უმმეთის ერთობა, გააღვივონ შუღლი და დაპირისპირება. სამწუხაროდ, მათთვის არც სამართალი არსებობს და არც უფლება. მსოფლიოს თვალწინ ჩადიან სასტიკ დანაშაულს – მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს, მოხუცებსა და ქალებს ცოცხლად წვავენ საკუთარ მიწა-წყალზე. კვლავ და კვლავ უნდა ითქვას: პალესტინაში მიმდინარეობს მასობრივი გენოციდი. ყოველდღე ასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება ბომბებით ან შიმშილით. ბავშვების კივილი, დედების გმინვა ცას წვდება, მამების უმწეობა კი გონიერ ადამიანთა გულებს აძრწუნენს.
ამ ტრაგედიის ძირითადი მიზეზი მხოლოდ მტრის ძალა კი არაა, არამედ მორწმუნეთა დაშლილობა, უთანხმოება, სიჩუმე და გულგრილობაა. დავივიწყეთ, რომ სიმშვიდის დასამყარებლად საჭიროა სიმტკიცე და ერთობა – სხვა შემთხვევაში ეს აუტანელი ტკივილი კიდევ უფრო გაღრმავდება.

ძვირფასო მორწმუნეებო!
პარადოქსულია, რომ მიუხედავად ჩვენი რაოდენობისა, დღეს მუსლიმები ისე ვართ მიმოფანტულნი, როგორც წყალში ნაფოტები – ამიტომ იოლია ჩვენს წინააღმდეგ ქმედება, როგორც მტაცებელი მსხვერპლს ესხმის თავს. მიწიერ სიამოვნებაზე მიჯაჭვულობამ და სიკვდილის შიშმა მშიშრებად გვაქცია. თუმცა ალლაჰი გვამცნობს: „მტკიცედ ჩაეჭიდეთ ყველანი ალლაჰის თოკს და არ დაიყოთ!“ (ალი იმრანი, 3/103) მიუხედავად ამისა, დღითი დღე უფრო ვშორდებით ერთმანეთს პირადი ინტერესებისა და სარგებლის გამო, რაც ზრდის მტარვალთა თავხედობას.
ძვირფასო მუსლიმებო!
მშვიდობა და სამართალი მხოლოდ მაშინ დამყარდება, როდესაც მორწმუნენი გაერთიანდებიან, ერთად იმოქმედებენ და ერთმანეთს მხარში ამოუდგებიან. „და როცა მათ მძლავრი უსამართლობა ადგებათ, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან.“ (შურა, 42/39) – აიათით გვეკისრება ურთიერთდახმარება. ხოლო ჰადისში ვკითხულობთ:
„ნუ შეგშურდებათ ერთმანეთის, ნუ გექნებათ ზიზღი ერთმანეთის მიმართ, ნუ შეაქცევთ ზურგს ერთმანეთს! ო, ალლაჰის მონა-მორცილნო, იყავით ძმურად შეკრული!“ (მუსლიმი, ბირრი, 28)
ეს ჰადისიც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ურთიერთობა უნდა გავზარდოთ ისეთ სიმტკიცემდე, როგორიც აქვს შენობის აგურებს ან სხეულის ორგანოებს, რომლებიც ერთმანეთს ემყარებიან და ერთმანეთის ტკივილს იზიარებენ. „მორწმუნენი მხოლოდ ძმები არიან!“ (ჰუჯურათი, 49/10) – ეს აიათი მტკიცედ და ნათლად გვაუწყებს: მიუხედავად ენის, კანის ფერის, რასის თუ მიმდინარეობის სხვაობისა, ყველა მორწმუნე ერთი უმმეთის შემადგენელი ნაწილია.

„უეჭველად, თქვენი ეს სარწმუნოება ერთი და იგივე სარწმუნოებაა. და მე ვარ თქვენი ღმერთი – მაშ, თაყვანი მეცით მე!“ (ენბია, 21/92)
ამიტომ ვინც ღმერთად ალლაჰს, რელიგიად ისლამს და შუამავლად მუჰამმად მუსტაფას (ს.ა.ს.) აღიარებს, უნდა ჩაითვალოს ისლამური ოჯახის ნაწილად.
„თქვენ ხართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის: ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს, რადგანაც გწამთ ალლაჰის.“ (ალი იმრანი, 3/110)
ამ აიათის თანახმად, ჩვენ გვეკისრება სიკეთის გავრცელება და ბოროტების შეჩერება.
ძვირფასო მუსლიმებო!
მორწმუნეთა მბრძანებელი ომარი (რ.ა.) და სპარსელი სელმანი, ეტიოპიელი ბილალი და ბიზანტიელი სუჰეიბი ძმებად ისლამმა აქცია. ამ ძმობის შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემა ჩვენთვის არა არჩევანი, არამედ რწმენით ნაკარნახევი აუცილებლობა და ზნეობრივი პასუხისმგებლობაა. მაშ, ჩვენ, ვინც ერთ ღმერთს ვსცემთ თაყვანს, ერთ შუამავალს მივყვებით, ერთი და იგიბე წიგნით ვხელმძღვანელობთ და ერთ ყიბლასკენ ვდგებით – მხარი მხარს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ერთობა, თანხმობა, სიყვარული და ძმობა.
ადამიანებო!
ღაზაში მთელი ერი იძირება. დანგრეულია საავადმყოფოები, სკოლები, სამლოცველოები. ხოცავენ არა მარტო მუსლიმებს, არამედ იმათაც, ვინც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა, ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავდა და ვინც ამ მტარვალობას სამყაროს აცნობდა – მედიის წარმომადგენლებიც კი ხოცვის ობიექტები გახდნენ.
მაგრამ უსამართლობა აუცილებლად დასრულდება. დაჩაგრულნი ხსნას იპოვიან. უსამართლონი ვერ მიაღწევენ მიზანს.
აქედან მოვუწოდებთ ყველა გონიერ და სამართლიან ადამიანს – გამოვხატოთ პროტესტი ამ მცირე, მაგრამ სისხლისმსმელი მკვლელთა ჯგუფისა და მათი თანამზრახველების წინააღმდეგ. ნუ დავივიწყებთ: დუმილი და შერიგება უსამართლობასთან – თავადვე უსამართლობაა.





Comment here