
ძვირფასო მუსლიმებო!
ისლამი, გვავალდებულებს, ჩვენი შესაძლებლობები გაჭირვებულებს გავუზიაროთ, მათზე ზრუნვა და მოფრთხილება ვიჩინოთ. იგი ჩვენგან მოითხოვს, რომ ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის შეგნებით გავერთიანდეთ. სწორედ ამ ცნობიერების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთისმსახურება – ზექათი.
ყოვლისშემძლე ალლაჰი ბრძანებს: „ლოცვად დადექით (შეასრულეთ), ზექათი გაეცით და რა სიკეთესაც წაიმძღვარებთ საკუთარი სულისთვის, იმას ჰპოვებთ ალლაჰთან. უეჭველად, ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებთ!“ (ბაყარა, 110)
ძვირფასო მორწმუნენო!
ზექათი ისლამის ხუთი საყრდენიდან ერთ-ერთია. იგი გულისხმობს, რომ შეძლებულმა მუსლიმმა თავისი ქონებიდან გარკვეული ნაწილი წელიწადში ერთხელ უნდა გადასცეს გაჭირვებულებს. ზექათი წარმოადგენს გაზიარებისა და ურთიერთდახმარების ერთგვარ ღვთისმსახურებად ქცეულ ფორმას. მისი მეშვეობით ადამიანები ერთმანეთს უახლოვდებიან, საზოგადოებაში ყალიბდება ჰარმონია, სიყვარული და პატივისცემა. ზექათი ააგებს სიკეთისა და ძმობის ხიდებს ღარიბებსა და მდიდრებს შორის. ის გვახსენებს, რომ ქონებისა და სიმდიდრის ნამდვილი მფლობელი მხოლოდ ალლაჰია.
ზექათი ხელს უწყობს სიკეთის გავრცელებას და ბოროტების შემცირებას, გვიცავს სიხარბისგან და ამქვეყნიურ ფუფუნებაზე გადაჭარბებული მიჯაჭვულობისგან. იგი წმენდს ჩვენს სულს, სხეულს და ქონებას მატერიალური და სულიერი დაავადებებისგან.
როგორც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ზექათის გადახდით დაიცავით თქვენი ქონება, ხოლო სადაყის გაღებით – ითხოვეთ შვება თქვენი ავადმყოფებისთვის.“ (ტაბერანი, ელ–მუღ‘ჯემულ–ქებირი, X, 128)

პატივცემულო მუსლიმებო!
კიდევ ერთი ღვთისმსახურება, რომელიც ჩვენს შორის თანაგრძნობისა და ერთობის გრძნობას ამყარებს, ფითრის სადაყაა. მუსლიმთა შორის ცნობილი როგორც ფითრა, იგი წარმოადგენს მადლიერების გამოხატულებას იმისთვის, რომ ალლაჰმა გვაზიარა რამადანის თვეს, ვიმარხეთ და დღესასწაულის სიხარული გავიზიარეთ.
ისლამის მიხედვით, მდიდარი მუსლიმი ვალდებულია, გასცეს ფითრა როგორც საკუთარი სახელით, ასევე იმათი სახელით, ვისი რჩენა და მოვლა მის პასუხისმგებლობაში შედის. ფითრის გადაცემა სადღესასწაულო ლოცვამდე სასურველია, რადგან ის ხელს უწყობს გაჭირვებულთა სიხარულსა და დღესასწაულში მათ მონაწილეობას.
ძვირფასო მორწმუნენო!
ყოვლისშემძლე ალლაჰი ბრძანებს: „და მათ ქონებაში წილია, მთხოვნელთათვის და ღატაკთათვის.“ (ზარიათი, 19)
ისლამში ზექათისა და ფითრის გადახდა ინდივიდის კეთილ ნებაზე ან არჩევანზე დამოკიდებული არ არის, არამედ იგი ვალდებულებაა. მორწმუნემ უნდა გადასცეს ზექათი ღარიბს ისე, რომ იგი არ დაამციროს და არ აწყენინოს.
ზექათისა და ფითრის გადახდა შესაძლებელია როგორც ფულადი სახით, ასევე საჭირო ნივთების სახით. თუმცა, ნივთის სახით გადაცემის შემთხვევაში, იგი აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი, სუფთა და რეალურად გამოსადეგი გაჭირვებულისთვის.

ყოვლისშემძლე ალლაჰი გვაფრთხილებს: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაეცით იმ საუკეთესოთაგან, რაც მოიხვეჭეთ და რაც მიწიდან აღმოვაცენეთ თქვენთვის. და არ განიზრახოთ მისგან ყველაზე ცუდი გასაცემად, რისი ამღებიც არ იქნებოდით თქვენ.“ (ბაყარა, 267) გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ზექათი და სადაყა არ გაიცეს იმ პროდუქტებით ან ნივთებით, რომლებიც იმ კომპანიების წარმოებულია, რომლებიც მხარს უჭერენ უდანაშაულო ადამიანების დახოცვას.
ისლამში ზექათისა და ფითრის გადაცემისას მთავარი პირობაა, რომ ისინი უშუალოდ გაჭირვებულის ხელში უნდა მოხვდეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და მეზობლებზე, შემდეგ კი – ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში მცხოვრებ გაჭირვებულებზე. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს არ აქვს შესაძლებლობა, პირადად გადასცეს ზექათი, იგი შეიძლება გაიგზავნოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ აუცილებელია, რომ ასეთი დახმარება ნამდვილად ადრესატამდე მივიდეს.
ძვირფასო მორწმუნენო!
შაბათი – თხუთმეტი მარტი – „ისლამოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა“. ამიტომ ყველა ჩვენგანმა მუხლჩაუხრელი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ სწორად იქნას ხალხამდე მიტანილი სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილი რწმენის გზავნილი, რათა კიდევ ერთხელ ვერავინ შეძლოს რელიგიის სახელით მანიპულაცია.
რელიგიის, სამშობლოს, სახელმწიფოს, ერისა და ენის სიყვარული და მისი დაცვა რელიგიური ვალდებულებაა.





Comment here