სათაურები

სული და სხეული,
რწმენა და სამშობლო
ღვთის ამანათია

1991 წელს პირველად შევიცანი ყურანის ასობგერები. 2001 წელს თეოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. იმ დღიდან მოყოლებული ვსწავლობ და აქტიურად ვეცდები სწავლებას. თითქმის ყველა ქადაგებაში ვსაუბრობ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორზე რწმენის გამო, რომელსაც აწგარდასული თემები განიცდიდნენ. ასევე შუამავალი (ს.ა.ს), რომელიც მექელი მეკერპეების, თვალთმაქცებისა და იუდეველებისგან განიცდიდა დევნასა და დამცირებას. ყოველთვის, როცა ვყვებით ამ ამბებს, იმ წლებში ვბრუნდებით, ხანდახან ემოციებს ვერ ვთოკავთ და გვეტირება. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ვაცხადებთ, შინაგანად გვიჩნდება სურვილი გვეცხოვრა იმ ეპოქაში და იმ ხალხთან ერთად, შეგვეგრძნო რწმენის სიტკბოება და სიხალვათე.

ნეტავ, ბილალის რწმენის მომსწრე ვყოფილიყავით, როცა მას შიშველ სხეულზე  დიდი ქვა დაადეს და სასტიკად  აწამეს!

ნეტავ, იმათგან ვყოფილიყავით, რომლებიც ხელიხელჩაკიდებული ქაღ’ბასკენ გაემართნენ, როცა „საჰაბეთა“ რაოდენობამ 40-ს მიაღწია.

ვისურვებდით, უჰუდში ჩვენ დავჭრილიყავით, ნაცვლად ალლაჰის შუამავლისა (ს.ა.ს.), მისი ერთი კბილის სანაცვლოდ, ყველა კბილი ჩვენ მოგვეტეხა.

ვისურვებდით, რომ  სუმეიე ვყოფილიყავით, ვინც პირველი მოწამე გახდა.

ნეტავ, ჰაბბაბი ვყოფილიყავით, რომელიც ცეცხლით აწამა მისმა ბატონმა ან ებუ ზერი, რომელიც სცემეს იმის გამო, რომ ღმერთი იწამა!

ნეტავ, იმ საჰაბეთა ნაწილი ვყოფილიყავით, რომლებსაც წლების განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდნენ და მშიერ-მწყურვალი დატოვეს, მაგრამ არასდროს დანებებულან და ფეხზე წამოდგნენ!

ნეტავ, იმათ რიგებში ვყოფილიყავით, ვინც ნებით გადიოდა ყველა უბედურებას და წამებას, რათა შუამავლის მცირე ქათინაური დაემსახურებინა!

ვისურვებდით გვეცხოვრა იმ ეპოქაში, როცა რწმენა მწვერვალზე იყო მიღწეული და სამყაროს თვალით გვენახა სამოთხის მკვიდრნი.

ნეტავ, გვეხილა ის ადამიანები, რომელთაც სალი ქვასავით მტკიცე რწმენა და მოთმინება, ურყევი სასოება და მორჩილება გააჩნდათ!

ხანდახან დიდხანს ვფიქრობ. ამ ეპოქამ უკვე ჩაიარა და ვრწმუნდები, რომ ვერასდროს იარსებებდა იმ დონის რწმენის, მოთმინებისა და მორჩილების მქონე ადამიანი და უნუგეშო მწუხარებას მივეცემი.  „რა უბედურ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება“ – მწუხარებით ჩავძახებ ხოლმე ჩემს თავს.

მაგრამ თითქმის 10 თვეა „ო, ადამიანებო, ირწმუნეთ!“ აშკარად მომსწრე გავხდით ამ აიათების გამოვლინების.

გამჩენს მადლობა, ჩემს გულში რწმენის ძალამ იმატა, გამჩენმა დაგვიფაროს, თითქოს აქამდე არ მჯეროდა სათანადოდ და ახლა შევიგრძენი.

გაოცებული ვუყურებ პალესტინელებს.

    ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ძმა დაკრძალა, იღიმება და ამბობს: „ჰესბუნალლაჰუ ვე ნიღ’მელ ვექილ“,  „ელჰემდულილლაჰ“, უხარია, რომ მისმა ძმამ  მოწამეობრივი სტატუსი დაიმსხურა და დასძენს: „იმედია, ჩემი ჯერიც დადგება!“

   მამაკაცი, ვისი ბავშვიც  დაბომბვის შედეგად დაიღუპა, ბავშვს იტაცებს ხელში და გამჩენს შეჰღაღადებს: „აი, შენი მობარებული ამანათი! შენს კმაყოფილებას ხომ დავიმსახურებ?!

თუ შენი კმაყოფილება დავიმსახურე, ელჰემდულილლაჰ!

წაიყვანე ჩემგან უფრო მეტი!“

     ქალი, რომლის 6 შვილი მოწამეობრივად დაიღუპა, ამბობს: „მხოლოდ ღმერთი საკმარისია ჩვენთვის!“

     10 წლის პატარა გოგონა მღიმარე სახით ამბობს: „ღმერთი გვცდის, რადგან ვუყვარვართ“.

     ახალგაზრდები, რომლებიც ხილის წვენს სვამენ, ამბობენ: „ეს ბოლო სასმელია, რაც აქ გვაქვს,  დანარჩენს სამოთხეში დავლევთ, „სამოთხეში შევხვდებით“ – გაიძახიან მეორენი.

    როცა ახალგაზრდები ტანკების პირისპირ აღმოჩნდებიან, იცინიან და ხალხურ ცეკვებს ასრულებენ.

   ქალებს შვილები გამოუყვანიათ ქუჩებში, მოწამეობრივად დაცემის მოლოდინში.

   ხელებშეკრული და სასიკვდილოდ გამზადებული ახალგაზრდები იცინიან და გამარჯვების ლოზუნგებს სკანდირებენ.

-10 წლის ბიჭი არ ართმევს ბაბუას პურს და ეუბნება: ბაბუ, ვმარხულობ.

„ყოველთვის ვმარხულობ, რადგან არ მინდა მარხვის გარეშე წარვსდგე ჩემს გამჩენთან“, უარს ამბობს საჭმელზე.

   მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვის მსხვერპლი ხდებიან, 65 წელს გადაცილებული ბებიები და ბაბუები თავს ყურანის აიათების კითხვით ინუგეშებენ.

ფაქტობრივად ვიყინები.

ეს როგორი ხალხია?

მეგობრებო, მითხარით, ღვთის გულისათვის, მართლა 2024 წელში ვართ?! გთხოვთ, ვინმე გამოვიდეს და მითხრას, ჩვენც იმავე ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ეს ხალხი.

ჩვენ ერთსა და იმავე რელიგიას ვეკუთვნით.

ჩვენ დღეს ვერთობით, ვჭამთ და ვსვამთ, ადამიანად დარჩენა ვერ შევძელით და ამ ტერორის აღიარებაც კი გვიჭირს მაშინ, როცა  10 წლის ბიჭი, რომელიც დაბომბილი შენობის ნანგრევებზე დგას და გაიძახის:  „პალესტინა ჩემი სამშობლოა და რაც არ უნდა გააკეთონ, ჩვენ აქაურობას არ დავტოვებთ!“ ნუთუ შედარება შეიძლება ამ 10 წლის ბიჭუნას მშობლების და ამ ეპოქის გაზულუქებული მშობლებისა?!

ნუთუ იგივე სამოთხეს იმსახურებს ის კაცი, რომელსაც ფეხი ფეხზე  აქვს გადადებული და ამბობს: „რა ჩემი საქმეა, პალესტინელები, არაბები ყველაფერს იმსახურებენ“. და ამ დროს რა ვუთხრათ იმ კაცს, რომელიც ნანგრევებში თავის  გარდაცვლილ 4 შვილს ეძებს?

ნუთუ იგივე სამოთხეს იმსახურებს ჩვენი შვილი, რომელიც სუფრასთან ცხვირაბზუებით ზის, რომელსაც ჩიტის რძეც არ აკლია და ის ბიჭი, რომელსაც ქვის გარდა, ხელთ არაფერი აქვს, რითიც თავისი და უნდა დაიცვას მტრისგან?

ნუთუ იგივე სამოთხეს იმსახურებს ის ადამიანი, რომელიც კბილების გახეხვასა და ჭურჭლის გარეცხვაში ტონობით წყალს ხარჯავს და ის, რომელიც წყალს კანალიზაციიდან სცამს, რომელსაც წყალი გადაუკეტა „დევმა“ და ცივილიზებულმა სამყარომ სირაქლემას პოზიციაში ამჯობინა ყოფნა.

არ ვიცი ცოცხლები არიან თუ არა ჩემი ცოლ-შვილი.

ამას ჩემთვის ახლა მნიშვნელობა არ აქვს.

ნუთუ ის გმირი ახალგაზრდები, რომლებიც სახლიდან გავიდნენ და ამბობენ: „სამშობლოს თავისუფლება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანიაო“ და ის ახალგაზრდები, რომლებსაც ქუჩაში ფეხზე მოსიარულე მდედრობითი სქესი არ გადაურჩებათ და უსირცხვილოდ იკვლევენ მათ თითოეულ სანტიმეტრს, ფეხის თითებიდან დაწყებული, თმებით დამთავრებული, ერთი და იგივე საზღაურს მიიღებენ?!

ნუთუ ერთი მუჭა ხალხის წევრების რწმენა, რომელიც  მთლიანად ყურანის ზეპირმცოდნეებისგან შედგება, რომლებიც არ იღებენ მათ რიგებში იმათ, ვინც ლოცვებს არ ასრულებენ, იმავე დონეზე იქნება, რომელთაც დილის ლოცვაზე ადგომა უჭირთ?!

მეგობრებო, შეხედეთ პალესტინელებს! სამოთხის მკვიდრნი 2024 წელს პალესტინაში ცხოვრობენ.

კარგად დააკვირდით ამ რჩეულებს, რომელთა სახეები რწმენის სინათლით არის განათებული! იღბლიანი ხალხი ვართ, რადგან ყველას არ აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ სამოთხის მკვიდრნი ამქვეყნიური თვალით იხილოს.

მეგობრებო, მოდით ვაღიაროთ!

იცით, ჩვენ გვეგონა, რომ აუცილებლად შევიდოდით სამოთხეში მხოლოდ იმიტომ, თუ ვიტყოდით „ლაა ილააჰე ილლალლაჰ“ (არ არსებობს სათაყვანებელი, გარდა ღმერთისა). პალესტინელები უკვე რამდენიმე თვეა გვეუბნებიან: „მოიცადეთ, მხოლოდ იმის თქმით, რომ გწამს ვერ დაიმკვიდრებთ სამარადისო სამყოფელს სამოთხეში, თუ არ გამოიცდებით. ისინი რწმენის გაკვეთილებს გვიტარებენ. ისინი აჩვენებენ მთელ სამყაროს, თუ როგორი უნდა იყოს მორწმუნე და პატრიოტი ადამიანი, მათი სიცოცხლითა და ყველა მიწიერი სიკეთის დაკარგვით.

თუ ღვთის სიტყვას თავიდან ბოლომდე წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ მორწმუნეების, თვალთმაქცების, ურწმუნოებისა და პოლითეისტების მახასიათებლები აშკარად არის გაცხადებული.

ალბათ დამერწმუნებით, რომ პალესტინელებს აქვთ ყურანის აიათებში აღწერილი „მორწმუნეების“ ყველა თვისება.

ჩვენ?

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენში ყურანში მოხსენიებული თვალთმაქცების  მახასიათებლები იკვეთება.

არ ვიცი, როგორი იქნება ჩვენი მდგომარეობა იმიერ სამყოფელში.

ასე თუ გააგრძელა XXI საუკუნის „ცივილიზებულმა“ სამყარომ სვლა, ვერსად გავექცევით, იმიერში სიურპრიზი გარდაუვალი იქნება.

მაგრამ, ის სიურპრიზი სამოთხეში დაგვამკვიდრებს თუ ჯოჯოხეთში, უცნობია.

დღეს უკრაინაში, პალესტინასა და ყველა იმ სახელმწიფოში, რომლებშიც ოკუპაცია მიმდინარეობს, ოკუპანტი ცდილობს მათ დაშინებას ბომბებით და სურს მათი წინააღმდეგობის გატეხვა მშიერი, მწყურვალი და ელექტროენერგიის გარეშე დატოვებით; შეხედეთ ერთი ამათ, რომლებიც ინკუბატორში ჩვილ ბავშვებსაც კი არ ინდობენ! შენ საცოდავო, შენ! ხვდები ვისთან გაქვს საქმე?!

ეს ადამიანები მორწმუნეები და პატრიოტები არიან თავიანთი სულით, ხორცით, ძვლებით, სისხლითა და ყველა შემადგენელი ნაწილით.

უფრო მეტიც, ესენი არ არიან იმათგან, რომლებსაც ეროვნება და რელიგია მხოლოდ პირადობის მოწმობაში უწერიათ, ვისი ცხოვრებაც შეუძლებელს ხდის განსაზღვრო მოღალატეა თუ ფარისეველი, ვინც თოფის გასროლის ხმაზე ცხრა მთას იქით იკარგება. რწმენის გარეშე შეუძლებელია ადამიანი იყოს გულწრფელი და პატრიოტი, ჩვენს გულწრფელობასა და პატრიოტიზმს სწორედ რწმენა განსაზღვრავს, რადგან ღმერთი გვამცნობს, რომ ჩვენ, ჩვენი რელიგია და ეროვნება ამანათად მოგვაბარა და ამანათი შეუბღალავი უნდა მიაბარო თავის ნამდვილ პატრონს.

მათ შვილებს ასწავლეს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა და რომ ადამიანს დასაკარგი არაფერი აქვს, თუ ღმერთის კმაყოფილებას დაიმსახურებს. მათ იციან, რომ ქვეყნისა და რწმენის დაცვა მოუტანთ ღვთის კმაყოფილების დამსახურებას. აი, ასეთნაირად თუ არ აღვზრდით ჩვენს შვილებს, წარმატება წარმოუდგენელი იქნება და ყველა შეეცდება, ჩვენზე უღელის დადგმას. მათ შვილებს ასწავლეს ყველას პატივისცემა, განურჩევლად მათი მრწამსისა თუ ეროვნებისა, განა არ გინახავთ, როგორ იცავენ ადგილობრივი ქრისტიანები მუსლიმებს ლოცვის დროს?! განა არ იცით, რომ ეკლესიის გასაღები მუსლიმს აბარია?! განა არ გსმენიათ, რომ განურჩევლად მუსლიმისა თუ ქრისტიანისა, ყველას ხოცავენ?! არ მესმის, სად დაიკარგა ადამიანობა, სად?!

მაშ, დაიხსომეთ, თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, ამ ხალხს ვერ დააშინებთ. რადგან ამ ხალხს ღმერთის გარდა, არაფრის და არავისი ეშინია. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ დააშინოთ ისინი, რომლებიც ჩაბღაუჭებული არიან მიწიერ სარგებელს და მათი ერთადერთი საზრუნავი განცხრომაში ცხოვრებაა.

შეგიძლიათ შეაშინოთ ისინი, რომელთა გულებიც  იპოთეკური ვალის გადახდის შიშით ძგერან და რომელთაც მოსვენება და ძილი დაკარგული აქვთ იმის გამო, თუ რა მოდელი მანქანა შეისყიდონ.

თქვენ შეგიძლიათ შეაშინოთ ისინი, რომლებიც შეპყრობილი არიან ყველა მაღაზიის ვიტრინით, რომელსაც ხედავენ და ყიდულობენ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, რომელიც მოსწონთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი გარდერობი სავსეა.

შეგიძლიათ შეაშინოთ ისინი, რომლებიც ორ წელიწადში ერთხელ ცვლიან ავეჯს და რცხვენიათ საზოგადოებაში გამოსვლის ძველი მოდელის ტელეფონით.

თქვენ შეგიძლიათ შეაშინოთ საზოგადოება, რომელთა სამლოცველოები ცარიელია, მაგრამ სტადიონები და სავაჭრო ცენტრები სავსეა და ვერ შეუმეცნიათ რელიგიური და ეროვნული ფასეულობების მნიშვნელობა.

თქვენ შეგიძლიათ შეაშინოთ ისინი, რომელთა მიზანია თავიანთი შვილები აღზარდონ ექიმი, ინჟინერი და ფინანსისტი, მიუხედავად იმისა, იქნებიან თუ არა მორწმუნე და პატრიოტები, მთავარია უზრუნველი ცხოვრება შექმნან.

თქვენ შეგიძლიათ შეაშინოთ ადამიანები, რომლებსაც სამსახურის დაკარგვა უფრო საძულველად მიაჩნიათ, ვიდრე ლოცვის გამოტოვება.

თქვენ შეგიძლიათ შეაშინოთ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ სუფრაზე არსებული წყალობა, სადაც ყველა სახის სარჩო-სანოვაგე დევს და რომლებიც ცხვირს იბზუებენ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ სასურველი საკვები.

თქვენ შეგიძლიათ დააშინოთ ადამიანები, რომლებსაც გული უცახცახებთ სარჩოს შიშით, როცა ენით ამბობენ, რომ საზრდო ღმერთის გარანტიის ქვეშაა. მაგრამ თქვენ ვერ შეაშინებთ იმათ, რომლებიც ამბობენ: „ყველა და ყველაფერი ხომ ღმერთს ეკუთვნის“. ასე რომ, ტყუილუბრალოდ ნუ ცდილობთ მორწმუნე და პატრიოტი ადამიანების გატეხვას, ვერა და ვერ შეძლებთ!

რეზო მიქელაძე

საქართველოს მუფთის მოადგილე

Comment here