ალლაჰის 99 სახელის შესახებ ინფორმაციას მოგვაწოდებთ?
ჰადისების მიხედვით შუამავალი უზენაესი გამჩენის 99 სახელს გვასწავლის და ამასთანავე გვეუბნება, რომ ვინც მათ დაიზეპირებს და ჩამოთვლის სამოთხით დაჯილდოვდებაო. აქ ნახსენები სიტყვები „დაზეპირება და ჩამოთვლა“ თავის მხრივ ღმერთის ამ სახელებით ხსენებას, ზიქრსა და ღვთისმსახურებას გულისხმობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალლაჰს მხოლოდ ეს 99 სახელი არ გააჩნია. მას გაცილებით მეტი სახელი აქვს. აქ მოცემულია მხოლოდ ის სახელები, რომლებიც კონკრეტულ ჰადისშია აღწერილი. შესაბამისად ყველაზე ცნობილი სახელები ესენია. აღნიშნული სახელები თირმიზისა და იბნ მაჯეს ჰადისებში სათითაოდაა ჩამოთვლილი. წარმოგიდგენთ ამ სახელებს:
اَللَّهُ ალლაჰ: არ არს ღვთაება თვინიერ თვისა. ღმერთის ჭეშმარიტი სახელი.
اَلرَّحْمَنُ არ-რაჰმაან: მოწყალე. ცათა შინა და ქვეყანასა ზედა ყოველი არსების შემწყალობელი.
اَلرَّحِيمُ არ-რაჰიიმ: მწყალობელი. იმიერ სამყოფელში მხოლოდ მორწმუნეთა შემწყნარებელი.
اَلْمَلِكُ ელ-მელიქ: ხელმწიფე. განმკარგველი. სამყაროს ერთადერთი ბატონ-პატრონი.
اَلْقُدُّوسُ ელ-ყუდდუს: სპეტაკი. ყოველგვარი ნაკლოვანებებისგან შორს მყოფი, ყოველგვარი განდიდების ღირსი.
اَلسَّلاَمُ ეს-სელაამ: მშვიდობის წყარო. მორწმუნეთათვის სამოთხის მიმნიჭებელი.
اَلْمُؤْمِنُ ელ-მუ’მინ: უსაფრთხოების მომნიჭებელი. რწმენისა და ჭეშმარიტების გარანტი. რწმენის ნათელის მომნიჭებელი. აღთქმის ამსრულებელი.
اَلْمُهَيْمِن ელ-მუჰეიმინ: მფარველი. ყოვლისმცოდნე. ყოვლის მაკონტროლებელი.
اَلْعَزِيزُ ელ-‘აზიზ: ძლევამოსილი. ყოვლისმპყრობელი. დაუმარცხებელი. გამარჯვებული ყოველსა და ყველაფერსა ზედა. ღირსეული და ღირსების მომმადლებელი.
اَلْجَبّاَرُ ელ-ჯებბარ: ყოვლისშემძლე. მის ნებას ვერავინ და ვერაფერი აღუდგება, თვისი ნების უსათუო აღმსრულე.
اَلْمُتَكَبِّرُ ელ-მუთექებბირ: განდიდებული. ყველაფერსა და ყველა მოვლენაში სიდიადის გამომვლენი.
اَلْخاَلِقُ ელ-ხაალიყ: გამჩენი. ყველაფრის არსებობისა და შემდეგი მდგომარეობების დამდგენი, არაფრისგან გამჩენი და სიდიადეში ბადალის არ მყოლი.
اَلْباَرِئُ ელ-ბარიუ: მაარსებელი. ყველაფრის თანაზომიერად-ჰარმონიულად ერთმანეთთან შემრწყმელი და გამჩენი.
اَلْمُصَوِّرُ ელ-მუსავვირ: გამომსახველი. ყველაფერზე ფორმისა და არსის უნაკლო მიმნიჭებელი.
اَلْغَفّاَرُ ელ-ღაფფარ: ცოდვათა მფარველი და მიმტევებელი.
اَلْقَهّاَرُ ელ-ყაჰჰარ: მძლეთამძლე, უძლეველი, ნების უმალ აღმსრულებელი.
اَلْوَهّاَبُ ელ-ვეჰჰაბ: წყალობის უანგაროდ, უხვად მიმნიჭებელი.
اَلرَّزاَّقُ ერ-რაზზაყ: ყოველი არსებისთვის საარსებო საშუალებების გამჩენი და სარჩოს მომმადლებელი.
اَلْفَتّاَحُ ელ-ფეთთაჰ: ყოველგვარი სირთულის გამიოლებელი, სიკეთის კარის გამხსნელი.
اَلْعَلِيمُ ელ-‘ალიმ: ყოვლისმცოდნე, აბსოლუტური და ამოუწურავი ცოდნის პატრონი, ყოველივესა და ყველაფრის ჭეშმარიტად მცოდნე.
اَلْقاَبِضُ ელ-ყაბიდ: ვისთვისაც ინებებს, ფიზიკური და სულიერი სარჩოს შემამცირებელი, გვალვის მომგვრელი და სულიერთა სულების ამღები.
اَلْباَسِطُ ელ-ბასიტ: ვისთვისაც ინებებს, სარჩოს ფიზიკურად და სულიერად უხვად მბოძები.
اَلْخاَفِضُ ელ-ხაფიდ: ერთადერთი, რომელსაც ძალუძს დამცირება, დამდაბლებელი.
اَلرّاَفِعُ ერ-რაფი’: სულიერად და ფიზიკურად განმადიდებელი.
اَلْمُعِزُّ ელ-მუ’იზზ: ღირსების და პატივის მიმნიჭებელი.
اَلْمُذِلُّ ელ-მუზილლ: დამამცირებელი, სირცხვილის დამტეხი.
اَلسَّمِيعُ ეს-სემი’: ყოვლისმსმენელი. მსახურთა ღაღადების შემსმენი.
اَلْبَصِيرُ ელ-ბესირ: ყველაფრის ჭეშმარიტად მჭვრეტელი.
اَلْحَكَمُ ელ-ჰაქემ: მმართველი, ხელმძღვანელი, მსაჯული, განჩინების დამდგენი. ყველაფერში სიბრძნის დამდგენი.
اَلْعَدْلُ ელ-‘ადლ: აბსოლუტური სამართლის პატრონი. სამართლის წყარო.
اَللَّطِيفُ ელ-ლეტიფ: ყოვლისჩამწვდომი. უსაზღვრო წყალობისა და სიკეთის პატრონი.
اَلْخَبِيرُ ელ-ხაბირ: ყოვლისშემცნობი. ყოველი საიდუმლოს მცოდნე.
اَلْحَلِيمُ ელ-ჰალიმ: ყოვლად შემწყნარებელი. იქიდან გამომდინარე, რომ ძალუძს ურჩი მსახურის უმალ დასჯა, არ აჩქარებს სასჯელის დატყდომას.
اَلْعَظِيمُ ელ-‘ეზიმ: სიდიადის პატრონი.
اَلْغَفُورُ ელ-ღაფურ: შემნდობი.
اَلشَّكُورُ ეშ-შექურ: ყოველთვის მადლიერების ღირსი. მცირე მსახურებაზეც კი, უდიდესი მადლის მომმადლებელი, თუკი თავისი კმაყოფილების მიღწევის სურვილით იქნა აღსრულებული.
اَلْعَلِىُّ ელ-‘ელიიუ: დიადი, უზენაესი, ყოვლად უზენაესი.
اَلْكَبِيرُ ელ-ქებირ: უდიდესი. უცილობელი სიდიადეში.
اَلْحَفِيظُ ელ-ჰაფიზ: მფარველი, ყოველგვარი სიავისგან.
اَلْمُقِيتُ ელ-მუყით: საარსებოს, სარჩოს გამჩენი და მომმადლებელი.
اَلْحَسِيبُ ელ-ჰასიბ: საუკეთესო ანგარიშმიმგები. სამართლიანი განმკითხავი.
اَلْجَلِيلُ ელ-ჯელილ: უდიდებულესობა. დიდების, ძლევამოსილების ერთადერთი პატრონი.
اَلْكَرِيمُ ელ-ქერიმ: უხვი მადლისა და საარსებოს მომმადლებელი.
اَلرَّقِيبُ ერ-რაყიბ: ზედამხედველი. მეთვალყურე, რომელსაც არაფერი გამოეპარება.
اَلْمُجِيبُ ელ-მუჯიბ: სურვილის, ხვეწნის, მუდარის, ვედრებისა და ლოცვის შემსმენი, მიმღები.
اَلْواَسِعُ ელ-ვასი’: უსაზღვრო წყალობისა და მადლის მფლობელი, ცოდნით ყველაფრის მომცველი.
اَلْحَكِيمُ ელ-ჰაქიმ: ყოველ ბრძანებასა და საქმეში სიბრძნის დამდგენი. ყველაფრის სიბრძნით გამჩენი.
اَلْوَدُودُ ელ-ვედუდ: სიკეთის მოყვარული, ქველთა სიკეთით დამჯილდოებელი, სიყვარულის ღირსი.
اَلْمَجِيدُ ელ-მეჯიდ: ბრწყინვალე. ყოველგვარი ქება-დიდების ღირსი, ულევი წყალობისა და სიკეთის პატრონი.
اَلْباَعِثُ ელ-ბა’ის: შუამავალთა დამდგენი და წარმომგზავნი, მკვდრების გამცოცხლებელი.
اَلشَّهِيدُ ეშ-შეჰიდ: მოწმე, რომელიც ყველგან და ყოველთვის, ყველაფერს თვალყურს ადევნებს და ყველაფერი უწყის.
اَلْحَقُّ ელ-ჰაყყ: თავისი არსებით ჭეშმარიტი, უცვლელი არსის მქონე. ჭეშმარიტების დამდგენი და აღმდგენი.
اَلْوَكِيلُ ელ-ვექილ: მზრუნველი. მსასოებელთა სასოების საუკეთესო აღმსრულებელი.
اَلْقَوِىُّ ელ-ყავიიუ: ყოვლისშემძლე. უძლეველი, რომელსაც ძლიერება არასდროს გამოელევა.
اَلْمَتِينُ ელ-მეთინ: მტკიცე. უცილობელი სიძლიერის მქონე, რომელსაც ძალუძს ყველაფერი.
اَلْوَلِىُّ ელ-ველიიუ: მოყვასი მორწმუნეთა. მათი შემწე და მოყვარე.
اَلْحَمِيدُ ელ-ჰემიდ: ყოველგვარი ქება-დიდების ღირსი, სანაქებო, ღირსეული, საქებარი.
اَلْمُحْصِى ელ-მუჰსიი: გაჩენილთა და გასაჩენთა არსებების რაოდენობრივად მცოდნე.
اَلْمُبْدِئُ ელ-მუბდი: უბადლო გამჩენი. არაფრისგან გამჩენი. ყველაფრის საწყისი. მთელი მატერიის არაფრისგან გამჩენი.
اَلْمُعِيدُ ელ-მუ’იდ: ყოველი არსების მომაკვდინებელი და კვლავ აღმდგენი.
اَلْمُحْيِى ელ-მუჰიი: სიცოცხლის წყარო, სიცოცხლის გამჩენი და გამაცოცხლებელი.
اَلْمُمِيتُ ელ-მუმით: მომაკვდინებელი, ყველა არსებას სიკვდილს აგემებს.
اَلْحَىُّ ელ-ჰაიუ: მარადიული, მარად ცოცხალი.
اَلْقَيوُّمُ ელ-ყაიუმ: გაჩენილთა სიცოცხლის შემნარჩუნებელი. არსითვე სიცოცხლის წყარო და მაარსებელი.
اَلْواَجِدُ ელ-ვააჯიდ: არსებობის წყარო, შემქმნელი. ყოვლად დამოუკიდებელი, ყოველგვარი საჭიროებისგან შორს მყოფი.
اَلْماَجِدُ ელ-მაჯიდ: ღირსებისა და დიდების ბატონ-პატრონი. უხვი წყალობის მფლობელი.
اَلْواَحِدُ ელ-ვააჰიდ: ერთადერთი, მას არც მოზიარე ჰყავს და არც ტოლი. უბადლო, უნიკალური. მხოლოდ ერთი არსი.
اَلصَّمَدُ ეს-სამედ: არაფერზე დამოკიდებული, პირიქით, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
اَلْقاَدِرُ ელ-ყაადირ: გამჩენი თავისი ნებით, ძალუძს გააჩინოს რასაც ინებებს და როგორსც ინებებს. ყოვლისშემძლე.
اَلْمُقْتَدِرُ ელ-მუყთედირ: მარადიულია მისი ბატონობა და ყოვლისშემძლეობა, ყველაფერი ძალუძს.
اَلْمُقَدِّمُ ელ-მუყადდიმ: ინებებს ვისაც, სულიერად და ფიზიკურად აღამაღლებს და დააწინაურებს.
اَلْمُؤَخِّرُ ელ-მუეხხირ: ინებებს რასაც, გადაავადებს სიბრძნით, განგების ძალით.
اَلأَوَّلُ ელ-ევველ: პირველი, მარადისი, რომლის არსებობას საწყისი არ გააჩნია.
اَلآخِرُ ელ-ახირ: უსასრულო, ყველაფერი განადგურდება თვინიერ თვისა.
اَلظّاَهِرُ ეზ-ზაჰირ: ცხადი, არსის გამომვლენი, რომლის არსებობაც ჭეშმარიტი, სამყაროსი არსებული უამრავი არგუმენტი ცხადყოფს მის არსებობას.
اَلْباَطِنُ ელ-ბატინ: უხილავი.
اَلْواَلِى ელ-ვალი: ყველა არსების მმართველი, უფალი. სამყაროში ყოველივე წარმოქმნის გამომვლენი.
اَلْبَرُّ ელ-ბერრ: სამყაროთათვის მადლისა და სიკეთის ვრცლად-უხვად მომნიჭებელი. სიკეთის მომმადლებელი, აღთქმის აღმსრულებელი. კეთილისმქმნელთა-ქველთა მოყვარული.
اَلْمُتَعاَلِى ელ-მუთე’ალი: ყოვლად უზენაესი, ყოვლად დიადი. იმდენად დიადი, რომ გონებას არ შეუძლია მისი შემეცნება.
اَلتَّوّاَبُ ეთ-თევვაბ: მონანიების შემსმენი, მპატიებელი, მიმტევებელი.
اَلْمُنْتَقِمُ ელ-მუნთეყიმ: შურისმგებელი.
اَلْعَفُوُّ ელ-‘ეფუვვ: მრავალმოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი და მპატიებელი.
اَلرَّؤُوفُ ერ-რაუფ: ყოვლად შემბრალებელი და ყოვლად მოწყალე. სიოლის დამდგენი.
ماَلِكُ الْمُلْكِ მალიქულ-მულქ: ქონების სამუდამო მფლობელი. მთელი სამყაროს ერთადერთი მფლობელი და მბრძანებელი.
ذُوالْجَلاَلِ وَاْلاِكْراَمِ ზულ-ჯელაალი ველ-იქრამ: სიდიადისა და პატივის მფლობელი.
اَلْمُقْسِطُ ელ-მუყსიტ: სამართლით განჩინების დამდგენი. სამართლიანობით უსამართლობის მომსპობი.
اَلْجاَمِعُ ელ-ჯამიღ: შეკრებს იქ, სადაც ინებებს და როცა ინებებს.
اَلْغَنِىُّ ელ-ღანიიუ: ყოვლად მდიდარი, უმდიდრესი. არაფერი ესაჭიროება მას. ყველა და ყველაფერი საჭიროებს მას თვინიერ თვისა.
اَلْمُغْنِى ელ-მუღნი: გაჭირვებიდან იხსნის, გაამდიდრებს იმას, ინებებს ვისაც.
اَلْماَنِعُ ელ-მანი’: შეაკავებს, დააბრკოლებს იმის, ინებებს ვისაც.
اَلضّاَرُّ ედ-დარრ: დარდის, გასაჭირის, ტკივილისა და მწუხარების გამჩენი.
اَلنّاَفِعُ ენ-ნაფი’: მიჰმადლის სარგებელს, ინებებს ვისაც. თუ არა თვისი განჩინება, ვერავინ ჰპოვებს ვერანაირ სარგებელს.
اَلنُّورُ ენ-ნურ: სამყაროში ნათელისა და სხივის მომფენი. ნათელისა და სხივის წყარო.
اَلْهاَدِى ელ-ჰადი: ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს იმას, ინებებს ვისაც.
اَلْبَدِيعُ ელ-ბედი’: გამჩენი ოსტატურად, რომელშიც არ ჰყავს მონაწილე და ბადალი. სანიმუშოდ, მატერიის გარეშე გამჩენი. მუდამ გაოცრებას იწვევს ის, რასაც გააჩენს.
اَلْباَقِى ელ-ბაყი: მარადიული, რომელსაც დასასრული არ გააჩნია.
اَلْواَرِثُ ელ-ვარის: ყველაფრის ჭეშმარიტი მემკვიდრე. რაც რამ არსებობს, რაც ხილულია და რაც უხილავი ყველაფრის ჭეშმარიტი მფლობელი.
اَلرَّشِيدُ ერ-რაშიდ: ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი.
اَلصَّبوُرُ ეს-საბურ: მომთმენი. სასჯელის გადამვადები. დამნაშავეთ-ცოდვილთ უმალ არ სჯის და უვადებს დადგენილ დრომდე.
რას ნიშნავს „ისმ-ი აზამ“?
ისმ-ი აზამი ლექსიკონში "უდიდეს სახელს" ნიშნავს. როგორც ტერმინი, ის გამოიყენება ალლაჰისზოგიერთი სახელისთვის. ისლამის ზოგი სწავლული აცხადებს, რომ ალლაჰის ყველა სახელი სათნოებისა და უპირატესობის თვალსაზრისით თანაბარია, ზოგი კი, ჰადისების გათვალისწინებით, ავითარებს შეხედულებას, რომ ზოგიერთი სახელი უფრო დიდი და უპირატესია, ვიდრე სხვები.
შუამავლის ზოგიერთ ჰადიდში მოხსენიებულია ისმ-ი აზამი და ნათქვამია, რომ ამ სახელით ვედრებისას ის აუცილებლად მიიღება (იხ. ტირმიზი, დეავათი, 64-65, 100 [3475. -3476, 3544]; თუმცა, შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ რომელია ალლაჰის უდიდესი სახელი, რადგან ზოგიერთ ასეთ ჰადისებში გამოყენებულია სახელი "ალლაჰი", ზოგიერთში კი სახელი "რაჰმან, რაჰიმი" (მოწყალე, მიმტევებელი), "ჰაი, ყაიუმი" , "ზულ ჯელალი ველიქრამ" და სხვა.
ჰადისის მიხედვით შუამავალმა მოისმინა ვედრება, რომელსაც ერთი კაცი აღავლენდა. „ღმერთო, შენ ხარ ერთადერთი. არ არსებობს სხვა ღმერთი შენს გარდა. შენ ხარ ერთადერთი. შენ სამედი (არაფერზე დამოკიდებული, პირიქით, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული). შენ არ გყავს ტოლი და სწორი. როდესაც შუამავალმა ეს ვედრება მოისმინა ბრძანა, რომ ეს კაცი ღმერთის უდიდეს სახელებს ახსენებდა და ისე ევედრებოდა. ვინც ამ სახელების ხსენებით შეევედრება მისი ვედრება მიღებული იქნებაო. (თირმიზი, დეავათ, 64 [3475]). ასევე ცნობილია ნესაისა და ებუ დავუდის მიხედვით ჰადისები, სადაც მსგავსი ვედრებაა აღწერილი და შუამავლის მხრიდანაც იგივე შეგონებაა წარმოდგენილი. (იხ. ნესაი, „სეჰივ“, 58 [1300]; იხილეთ ებუ დავუდი, თეფსირულ ებვაბულ ვითრ, 23 [1495]).
ალლაჰის მაგივრად სიტყვა ღმერთი რომ გამოვიყენოთ, მისაღებია?
სიტყვა „ღმერთი“ არაბული სიტყვას „ილაჰს“ შეესაბამება. რადგან სიტყვა "ილაჰ" ნიშნავს "არსებას, რომელსაც თაყვანს სცემენ", ის ზოგჯერ ყოვლისშემძლე ალლაჰისთვის გამოიყენება. თუმცა სიტყვა ღმერთი ასევე გამოიყენება ალლაჰის გარდა სხვა, გამოგონილი არსებების მიმართაც, რომლებსაც ადამიანები თაყვანს სცემენ. სიტყვა "ალლაჰი" ერთადერთი გამჩენის განსაკუთრებული სახელია, რომელიც მხოლოდ მას აღნიშნავს. ამ მხრივ, ღვთისმეტყველების აზრით, სიტყვა „ალლაჰი“ არის ყოვლისშემძლე ღმერთის განსაკუთრებული სახელი, რომელიც მიუთითებს მის უზენაეს არსზე და მის ყველა სრულყოფილ თვისებაზე. არცერთ ენაში არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ სიტყვის ამომწურავ მნიშვნელობას მოიცავს. მეორეს მხრივ, ეს არის სიტყვა, რომელიც ყველა მუსლიმისთვის ერთ, საერთო მნიშვნელობას ატარებს. შესაბამისად, მუსლიმებისთვის უკეთესი იქნება, რომ ერთადერთი გამჩენი, რომელსაც თაყვანს სცემენ, მოიხსენიონ როგორც ალლაჰი. ალლაჰი ასევე მოცემულია ყველაზე ლამაზი სახელების თავში. თუმცა, ისლამური რწმენის მიხედვით სიტყვა ღმერთის გამოყენება აკრძალული არ არის. ფაქტობრივად, ისლამურ ტერმინოლოგიაში ასევე გამოიყენებოდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ჰუდა“, „ეზდანი“, „მევლა“ და ა.შ.
რას ნიშნავს სიტყვა მევლანა? ამ სიტყვის ღმერთზე, შუამაველბზე ან ადამიანებზე წოდება მისაღებია?
ლექსიკონში სიტყვა მევლას გააჩნია ისეთი მნიშვნელობები, როგორიცაა "უფალი, ბატონი, მეგობარი, შემწე, დამხმარე, მფლობელი, მონის განმათავისუფლებელი გათავისუფლებული მონა, დავალების შემსრულებელი და მმართველი". როდესაც ამ სიტყვას ალლაჰის მისამართით ვიყენებთ წინა პლანზე მოდის ისეთი მნიშვნელობები, როგორიცაა „სიყვარული, დაცვა, დახმარება, გადარჩენა და მფარველობა“. სიტყვა მევლას მთავარი მნიშვნელობა სიყვარული და სულიერი სიახლოვეა (იბნულ ესირ, ენ ნიჰაე; იბნ მანზურ, ლისანულ არაბ).
სიტყვა მევლა ყურანში გამოიყენება როგორც ღმერთისთვის, ასევე ადამიანებისთვისაც. ეს სიტყვა ნიშნავს: „იცოდე, რომ ალლაჰი შენი ბატონია (პატრონი, მფარველი). (ენფალი, 8/40) და „შენ ხარ ჩვენი მფარველი“.(ბაყარა, 2/286); "იმ დღეს მეგობარი მეგობარს არ გამოადგება." (დუჰანი, 44/41). სხვადასხვა ჰადისებში „მევლა“ მოხსენიებულია, როგორც ალლაჰის ერთ-ერთი სახელი: „ალლაჰი ჩვენი მევლაა“. (ბუხარი, ჯიჰადი, 164 [3039]; მაგაზი, 17 [4043]).
შესაბამისად, გამოთქმა „მევლანა“ წარმოიქმნება ნაცვალსახელის „ნა“-ს დამატებით, რომელიც ემატება სიტყვა „მევლას“ ბოლოს და ნიშნავს „ჩვენს“; ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ალლაჰისთვის, შუამავლებისთვის და ასევე ადამიანებისთვისაც.
ღმერთის სახლების ბავშვებზე დარქმევა მისაღებია?
მშობლების ერთ-ერთი მოვალეობა შვილის მიმართ მისთვის ლამაზი სახელის დარქმევაა. ჰადისების მიხედვით შუამავალი მორწმუნეებს მოუწოდებს შვილებს ლამაზი სახელები დაარქვან. (ებუ დავუდი, „ედებ“, 68 [4948])
რაც შეეხება ღმერთისთვის განკუთვნილი, მისი უნიკალური თვისებების გამომხატველი სახელების ბავშვებზე დარქმევას, ეს მიუღებელია. ასეთ დროს სასურველია სახელს წინსართი „აბდ“ დავამატოთ, რაც მსახურს ნიშნავს. მაგალითად აბდულლაჰი, აბდურრაჰმანი, აბდულმალიქი და ა.შ.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ისეთი სახელებიც, რომლებიც შეიძლება რომ ბავშვებს დავარქვათ. მაგალითად ქერიმი, ლატიფი, რაუფი, მუმინი და ა.შ. ( იბნ აბიდინი, რედუ 'ლ-მუჰთარი, 6/417).
ალლაჰი სად არის?
ღმერთმა დრო და სივრცე გააჩინა და ისინი ერთგვარ შეზღუდვებს წარმოადგენს. მაშასადამე, დროით ან სივრცით შეზღუდვა გაჩენილ არსებებს ეხება. ალლაჰი თავადაა გამჩენი, მაშასადამე, ღმერთი დროით ან სივრცით შეზღუდული არ შეიძლება იყოს.
ღმერთი დროისა და სივრცისგან დამოუკიდებელია. ეს ყველაფერი ყურანშივეა განმარტებული: „და თუ შეგეკითხებიან შენ (მუჰამმედ) ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, უეჭველად, მე ახლოს ვარ, შევისმენ მლოცველის ვედრებას, როცა ის შემევედრება. მაშ, შეისმინონ ჩემი და მირწმუნონ მე, ეგებ სწორი გზით წავიდნენ!“ (ალ-ბაქარა, 2/186), „და ვფიცავ, გავაჩინეთ ადამიანი და ვუწყით რას სჩურჩულებს მას სული (არსი) მისი და ჩვენ მასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე აორტა!“
(ყააფი, 50/16), „და იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში, შემდეგ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზემო აღაპყრო. იგი უწყის, რაც შედის მიწაში და რაც გამოდის იქიდან; ისიც, რაც ზეციდან ჩამოდის და რაც იქ ადის. იგი თქვენთანაა, სადაც არ უნდა იყოთ, რამეთუ ალლაჰი მხილველია იმის, რასაცა იქმთ“. (ალ-ჰადიდი, 57/4).
ისლამის მკვლევართა უმრავლესობის მიერ არ არის მიღებული ისეთი ორაზროვანი აიათების საფუძველზე დაფუძნებული ინტერპრეტაციები, როგორიცაა "მოწყალე ავიდა ტახტზე." (ტაჰა, 20/5), და აქედან გამომდინარე დასკვნა, რომ ალლაჰი ცაშია. იმიტომ რომ ამ და მსგავსი აიათების მნიშვნელობები ალეგორიულია და ალლაჰის სიდიადეს გამოხატავს. ღმერთი ჩვენი გაგებისა და წარმოსახვის მიღმაა მისი არსის თვალსაზრისით და მორწმუნის პასუხისმგებლობაა იმოქმედოს იმის გაცნობიერებით, რომ ის უფრო ახლოს არის ადამიანთან, ვიდრე მისი საუღლე ვენა, ყოველთვის ხედავს და ყველაფერი ესმის.
რას ნიშნავს ალლაჰის დროისა და სივრცისგან დამოუკიდებლად ყოფნა?
ის, რომ ალლაჰი დროისა და სივრცისგან თავისუფალია, ნიშნავს, რომ მისი არსებობა დროითა და სივრცით არანაირად არ არის შეზღუდული. დრო და სივრცე გაჩენილია, ხოლო ალლაჰი ამ ყველაფერის გამჩენია. ის გაჩენილთა დამახასიათებელი მახასიათებლებისგან თავისუფალია. ცოტა უფრო ნათლად რომ ვთქვათ, გაჩენილი არსებები არსებობენ დროსა და სივრცეში. დრო არსებებში მობილურობის ერთიანი გამოხატულებაა და რაღაც განცალკევებული ყოფიერებისგან არ არის. ღმერთი კი ყველა და ყველაფრის გამჩენია.“ენღამი 6/102). სამყაროში არსებული ყველა და ყველაფერი მან გააჩნა. (იხ. ფათირი, 45/1). ამრიგად, ის დროისა და სივრცის მიღმაა და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
ნიშნავს თუ არა მეჩეთებისთვის გამოყენებული გამოთქმა „ალლაჰის სახლები“ , რომ ის კონკრეტულ ადგილასაა?
ფრაზა "ალლაჰის სახლი" არაბულად "ბეითულლაჰ" არის გამოთქმა, რომელიც ქააბასთან დაკავშირებით გამოიყენება. სიტყვა ბეითში ქააბა იგულისხმება.
„და აკი, დავადგინეთ ჩვენ ეს სახლი ხალხის შესაკრებად (მადლის შესაძენად) და უსაფრთხოდ მათთვის: აიღეთ იბრაჰიმის სადგომი სამლოცველოდ! და ჩვენ აღთქმა დავუდეთ იბრაჰიმსა და ისმაილს: განწმინდეთ ჩემი სახლი მათთვის, ვინც გარშემომვლელია, ღვთისმოსავია, რუქუღისა და სეჯდეს შემსრულებელიაო“. (ბაყარა, 2/125).
ქააბას უწოდებენ „ბეითულლაჰ“ (ალლაჰის სახლს), რადგან ის არის პირველი ტაძარი, რომელიც დედამიწაზე აგებულ იქნა იმისათვის, რომ დაემხო კერპები და ერთი ღმერთის რწმენა გაევრცელებინა. და ეს არის ადგილი, რომლის მიმართულებითაც ყველა მუსლიმი ღვთისმსახურებას აღავლენს. ალლაჰი ბრძანებს: „უეჭველად, სამყაროსადმი ბარაქად და ჭეშმარიტ გზაზე დასადგინებლად უპირველესი სახლი (სამლოცველო) სწორედ, რომ ბექაში (მექაში), იქნა აღმართული ხალხთათვის“. (ალი იმრანი, 3/96) გამომდინარე აქედან, ხალხი ყველა მეჩეთს „ალლაჰის სახლს“ უწოდებს. სგავსი ტერმინი გამოყენებულია ჰადისებშიც. (იხ. თაბეანი, ელ მუჯემულ ქაბირ, 10/161 [10324]).
შესაბამისად, ტერმინი „ღვთის სახლი“ უნდა გავიგოთ, როგორც ღვთისადმი თაყვანისცემის ადგილი და არა ისე, რომ თითქოს ის ღმერთის ადგილსამყოფელია. ალლაჰი დროისა და სივრცის მიღმაა. ის ყველგანაა და ყველაფერს მოიცავს. დრო და სივრცე მან გააჩინა და ის გაჩენილთაგან არავის და არაფერს ჰგავს.
როგორ უნდა დავამტკიცოთ ანგელოზების არსებობა?
ანგელოზები არიან არსებები, რომელთა არსებობას დაკვირვებითა და ექსპერიმენტების საფუძველზე ვერ დავადგენთ, რადგან ისინი გრძნობის ორგანოებით არ აღიქმებიან. ის ფაქტი, რომ ისინი თვალით ან სხვა გრძნობის ორგანოებით ვერ აღიქმებიან, მათი უარყოფის მიზეზი არ შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მრავალი რამ, რაც გრძობის ორგანოებით არ აღიქმება, მაგრამ ისინი არსებობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის გონება არ უარყოფს ანგელოზების არსებობას და მათ არსებობას შესაძლებლად მიიჩნევს.
ანგელოზების არსებობის შესახებ მრავალი აიათი და ჰადისი არსებობს.
ა) ანგელოზების არსებობის შესახებ ყველა შუამავალი საუბრობს და ეს მოცემულია მათ მიერ მოტანილ გზავნილებში. ამასთანავე, ყველა ღვთაებრივ რელიგიაში არსებობს ანგელოზების რწმენა.
ბ) წმინდა ყურანში ანგელოზების არსებობასა და მახასიათებლებზე ათობით აიათია მოცემული: მაგალითისთვის, (იხ. ბაყარა, 2/30-34; ჰუდი, 11/69-70; ჰიჯრი, 15/28-29; ზარიათი, 51/24-28;
გ) ჰადისების მიხედვით შუამავალი მუჰამმედი საუბრობდა ანგელოზებზე, მათ მახასიათებლებზე და ზოგჯერ მათ ხილვაზეც (იხ. მუსლიმი, „ზუჰდი“, 60 [2996]).
დ) ასევე, ადამიანის გონებისთვის სრულიად მისაღებია, რომ ღმერთს მაკრო და მიკრო სამყაროში გაჩენილი ჰყავს ანგელოზები, რომლებიც მის ბრძანებებს განუხრელად ასრულებენ და ღმერთს ადიდებენ.
რას ნიშნავს „ქირამენ ქათიბინ“?
„ქირამენ ქათიბინ“ გულისხმობს „ძვირფასი აღმწერები“. ისინი არიან ანგელოზები, რომლებიც ადამიანს თან ახლავან და მის ყოველ ნამოქმედარს აღნუსხავენ. მათ შესახებ ყურანში ვკითხულობთ: „არა, მიუხედავად ამისა, სიცრუედ რაცხავთ განკიცხვის დღეს! და უეჭველად, თავზე გადგანან მცველები (ანგელოზები) ღირსეულნი, საქმეთა აღმნუსხველნი! იციან, რასაც აკეთებთ!“ (ინფითარი, 82/11-12)
„ჭეშმარიტებით მოვა სიკვდილის სიმთვრალე და ეთქმება: აჰა, ეს არის ის, რასაც შენ მუდამ გაურბოდი! და ჩაიბერება საყვირში. სწორედ ესაა აღთქმული დღე! და ყველა სული დამცველითა და მოწმით წარსდგება“. (ქაფ, 50/20-21) მეორეს მხრივ, ისლამის მკვლევარები თანხმდებიან, რომ არაფერია დაზუსტებული იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებენ მოცემული ანგელოზები წერის, უფრო სწორად აღწერის ამოცანას.
არსებობენ ისეთი არსებები, რომლებსაც ჯინებს ვეძახით?
ჯინი ლექსიკონში "დაფარულ, ფარულ არსებას, უხილავს" ნიშნავს. ჩვენ ამ არსებების ბუნების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, რადგან ისინი ადამიანის გრძნობის ორგანოებით არ აღიქმებიან. ინფორმაციის მიღება ჯინების არსებობისა და მათი ბუნების შესახებ მხოლოდ ღვთური გზავნილის საშუალებით არის შესაძლებელი.
წმიდა ყურანში ჯინების შესახებ ვკითხულობთ: „და ჩვენ ჯინები გავაჩინეთ მანამდე უკვამლო ცეცხლისგან!“ და გააჩინა ჯინები უკვამლო ცეცხლისგან“. (იხ. ჰიჯრი, 15/27; არ-რაჰმანი, 55/15). გარდა ამისა, ყურანში არის სურა სახელწოდებით "ჯინი" და ჯინი ნახსენებია ბევრ სხვა აიათში და ასევე ჰადისებშიც. ამრიგად, ჯინების არსებობა რეალურია და ეს ყველა მორწმუნეს უნდა სჯეროდეს.
ვინაიდან ჯინები უხილავ განზომილებაში არიან, შეუძლებელია საბოლოო დასკვნების გაკეთება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მათი ცხოვრების წესი და ადამიანებთან ურთიერთობა. ადამიანს არ შეუძლია იცოდეს „უხილევის“ შესახებ, რადგან უხილავის შესახებ ცოდნა, მხოლოდ ღმერთს გააჩნია. ჩვენ მათ შესახებ ინფორმაცია ისევ და ისევ ყურანში უნდა ვეძებოთ:
და როცა გადავუწყვიტეთ სიკვდილი, მათ გაიგეს ამის შესახებ ხის ჭიისაგან, რომელმაც გაღრღნა მისი კვერთხი. და როცა დაეცა იგი, ცხადი გახდა ჯინებისთვის, რომ სცოდნოდათ დაფარული, არ დარჩებოდნენ დამამცირებელ სატანჯველში“. (სებე, 34/14).
ზარიათი სურას 56-ე აიათში ნათქვამია, რომ ჯინები, ისევე როგორც ადამიანები, პასუხისმგებელნი არიან, სწამდეთ და თაყვანს სცემდნენ ალლაჰს.
შეუძლიათ თუ არა ჯინებსა და ეშმაკებს. რომ ადამიანს ზიანი მიაყენონ?
ღმერთმა გააჩინა ჯინები და როგორც ადამიანებს, მათაც პასუხისმგებლობა დააკისრა. (ზარიატი, 51/56). არიან ჯინები, რომლებსაც სწამთ ალლაჰი, ეთაყვანებიან მას და აკეთებენ კეთილ საქმეებს, თუმცა ასევე არიან ურწმუნო ჯინები, რომლებსაც სურთ ზიანი მიაყენონ ადამიანებს და ცდილობენ ადამიანები რწმენასა და კეთილ საქმეებს ჩამოაშორონ. ჯინები წმინდა ყურანში არიან ნახსენები: „და ამგვარად, ყველა შუამავალს მივუჩინეთ მტრები ეშმაკნი კაცთაგან და ჯინთაგან, ისინი ერთმანეთს მოკაზმული სიტყვით ჩასჩურჩულებენ ცდუნებას. და რომ ყოფილიყო ნება ღმერთისა შენი, ამას ვერ გააკეთებდნენ. მაშ, თავი ანებე მათ და იმას, რასაც იგონებენ!“
(ენღამი, 6/112). სურა ქეჰფის 50-ე აიათში ნათქვამია, რომ იბლისი, ეშმაკთა თავი, ერთ-ერთი ჯინია: „და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა. იგი იყო ჯინთაგანი, აუმბოხდა თავისი ღმერთის ბრძანებას. ნუთუ დაიდგენთ თქვენ მას და მის შთამომავლობას მეგობრებად ჩემს ნაცვლად, მაშინ, როცა ისინი მტრები არიან თქვენი? უსამართლოთათვის რაოდენ ცუდი საზღაურია!“ ყურანშ ნათლად არის მითითებული, რომ ეშმაკი ადამიანის მტერია და ყველანაირად ცდილობს გზას ააცდინოს.
„როცა მას ეტყვიან: ალლაჰისა გეშინოდეს! მას ცოდვის წადილი იპყრობს. მისთვის ჯოჯოხეთიც კმარა! და რა საშინელი სარეცელია! ადამიანთაგან არის ისეთიც, ვინც ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების სურვილით საკუთარ სულსაც არ დაიშურებს. და ალლაჰი შემბრალეა მსახურთა მიმართ. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შედით სრულად მორჩილებაში (ისლამი) და არ გაჰყვეთ ეშმაკის კვალს, რამეთუ იგი ცხადი მტერია თქვენი!“ (ბაყარა 2/208)
„და უეჭველად, ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს იტყოდა ადამიანი და ჯინი ალლაჰის თაობაზე სიცრუეს. და იყვნენ კაცნი ადამიანთაგან, რომელნიც ეკედლებოდნენ ჯინთაგან კაცთ, ამრიგად, გაუცხარეს მათ სიშმაგე. და მათ ჩათვალეს ისე, როგორც თქვენ გეგონათ, რომ არსადროს აღმოაცენებს ალლაჰი არავის“. (ჯინ, 6) „მაშ, როცა კითხულობ ყურანს, ჯერ ალლაჰს მიეკედლე იმ ჩაქოლილი ეშმაკისგან! უეჭველად, მას არ შესწევს ძალა მათზე, რომელთაც ირწმუნეს და რომელნიც თავიანთ ღმერთს სასოებენ! მხოლოდ მბრძანებლობა შესწევს მას იმათზე, რომელნიც მას ემორჩილებიან და რომელნიც მას მოზიარენს უდგენენ“. (იხ. ნაჰლი, 16/99-100).
ამრიგად, მორწმუნეებმა თავშესაფარი ალლაჰის მფარველობაში უნდა ეძებონ. ყველა სახის ბოროტებისა და ზიანისგან, რომელიც გამოწვეულია ჯინების, ადამიანებისა და ეშმაკებისგან უზენაესი გამჩენი დაგვიფარავს. ვინც არ აჰყვება ავ ზრახვებსა და ეშმაკის ცდუნებას დაცული იქნება.
რამდენი შუამავალია მოვლინებული და ყველა ეპოქას თუ ჰყავდა შუამავალი?
წმინდა ყურანში მოცემულია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შუამავალ ადამიდან შამავალ მუჰამმედამდე მრავალი შუამავალი იქნა მოვლენილი. (იუნუსი, 10/47; ნაჰლი, 16/63; ფათირი, 35/24).
ყურანში ასევე მოცემულია ინფორმაცია, რომ შუამავალ მუჰამმედის მოვლინებამდე, წინა ეპოქებშიც შუამავლები იყვნენ მოვლინებულნი. (იხ. ჰიჯრი, 15/10) „და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს, და მათგან არიან ისეთნიც, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზას და არიან ისეთნიც, რომელთაც დამსახურებულად განესაზღვრათ ცდომილება. მაშ, იარეთ ქვეყანაზე და ნახეთ, როგორი იყო აღსასრული ურწმუნონის!“ (ნაჰლი, 16/36) „და ვფიცავ, წარმოვგზავნეთ შუამავალნი შენამდეც. მათ შორის, ვისზეც გიამბეთ და ვისზეც არაფერი გვითქვამს შენთვის. და არ ყოფილა რომელიმე შუამავალი, რომ მოეტანა აიათი, თუ არა ალლაჰის ნება. როცა მოევლინება ალლაჰის ბრძანება, გადაწყდება ჭეშმარიტებით და მაშინ წააგებენ იქ ამაოს მქმნელნი“.
(მუმინი, 40/78) ამრიგად, აიათებზე დაკვირვებით ცხადია, რომ შუამავალთა რაოდენობა მხოლოდ ყურანში მოხსენიებული 25 შუამავლით არ შემოიფარგლება. თუმცა, შუამავალთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
შეიძლება თუ არა, რომ ისლამამდელ რელიგიებს ისლამი ვუწოდოთ?
ისლამი ღვთისადმი სრულ მორჩილებას, მისდამი მინდობას ნიშნავს. ყურანის მიხედვით მუსლიმი მხოლოდ ღმერთს ემორჩლება, მისი მსახური ხდება და თაყვანს სცემს. თევჰიდიც ამას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით ისლამი მხოლოდ ის არ არის, რაც შუამავალმა მუჰამმედმა მოგვიტანა, არამედ ის ყველა შუამავლის მიერ მოტანილი ერთანი რწმენის სისტემაა. ამ მხრი ყველა შუამავლის საერთო მისია ერთი და იგივეა. შესაბამისად, ყველა შუამავლის ქადაგება ერთი ღმერთის რწმენას მოიცავს. ღმერთი ყველა შამავალს ერთი ღმერთის რწმენის გავრცელებას ავალებდა. „და ჩვენ არ წარგვიგზავნია შენ უწინ არც ერთი შუამავალი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: ,,არ არსებობს ღვთაება, გარდა ჩემი. ამიტომაც მხოლოდ მე მეცით თაყვანი!“(ენბია, 21/25).
„გაისარჯეთ ალლაჰისთვის სათანადო ბრძოლით. მან აგირჩიათ და არ დაუდგენია თქვენთვის არანაირი სიძნელე სარწმუნოებაში . ეს მამათქვენის, იბრაჰიმის სარწმუნოებაა. (ალლაჰმა) გიწოდათ თქვენ მუსლიმები უწინ და აქ (ყურანში), რათა შუამავალი ყოფილიყო მოწმედ თქვენდა, თქვენ კი ყოფილიყავით მოწმედ ხალხისა. შეასრულეთ ლოცვა, გაეცით ზექათი და მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰს. იგია თქვენი მფარველი. რა მშვენიერი მფარველია! რა მშვენიერი შემწეა!“ (ჰაჯი, 22/78).
„იბრაჰიმი არ ყოფილა არც იუდეველი და არც ქრისტიანი, არამედ იყო ჰანიფი მუსლიმი და არ იყო წარმართი იგი“ (ალი იმრანი, 3/67).
„თქვი, რომ: „ვიწამეთ ჩვენ ალლაჰი და ის, რაც მოგვევლინა ჩვენ, და რაც მოევლინა იბრაჰიმს, ისმაილს, ისჰაყს, იაღყუბს და შტოებს; და რაც ებოძა მუსას, ღისას და სხვა შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ რომელსამეს მათ შორის, და ჩვენ მორჩილნი (მუსლიმი) ვართ მისი (ალლაჰისა). (ბაქარა, 2/136), ისლამის მიხედვით ყველა შუამავლის მიერ მოტანილი ღვთური გზავნილი ერთი და იგივეა, ამიტომ ყველა ერთად ისლამს წარმოადგენს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იუდაიზმი და ქრისტიანობა თავდაპირველ ორიგინალურ სწავლებას აღარ წარმოადგენ და ისინი შეიცვალა. შესაბამისად, მათ ისლამს ვეღარ ვუწოდებთ.
რა არის სასწაული და რა სახის სასწაულები არსებობს? ჩვენი შუამავლის სასწაულები როგორია?
სასწაული არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელსაც ღმერთი მოავლენს იმის დასამტკიცებლად, რომ შუამავალი ჭეშმარიტებას აცხადებს. (ყადი აბდულჯებბარ, ელ მუღნი. 15/199).
ისლამის მკვლევარები შუამავალ მუჰამმედის ან სხვა შუამავლების სასწაულებზე საუბრისას განმარტავენ, რომ თითოეულ სასწაულს თავისი მიზანი და მიზეზი გააჩნია. ამ თვალსაზრისით სასწაული შეიძლება იყოს შემეცნებითი, სამაგალითო, გამაფრთხილებელი, დამსჯელი და ა.შ.
შემეცნებითი სასწაულის უდიდესი მაგალითი ყურანია. ყურანი უდიდესი სასწაულია,რომელიც ყველა ეპოქისა და ასაკის, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებს მიმართავს და სხვა მისი მსგავსის შექმნა არ შეუძლია. ეს ჭეშმარიტება წმინდა ყურანში შემდეგნაირად არის გადმოცემული: „თუ რამ ეჭვი შეგეპარათ მასში, რაც მოვუვლინეთ ჩვენს მსახურს (მუჰამმედს), მაშინ მოუხმეთ ყველას, ვისიც თქვენ გწამთ, გარდა ალლაჰისა, და თუკი თქვენ ხართ მართალნი, ერთი სურა მაინც მოიტანეთ მსგავსი მისი“.
(ბაყარა). 2/23). ჰადისის მიხედვით შუამავალი ამბობს, რომ ყველა შუამავალს სასწაულები მოევლინა, ხოლო მისი სასწაული ყურანია. (ბუხარი, ითისამ, 1 [7274]; მუსლიმი, იმან, 239 [152]).
საოცარ მოვლენებს, რომლებიც ადამიანების გრძნობებზე მოქმედებს, „ემოციურ“ სასწაულებს უწოდებენ. ჰც. სალიჰის (ა.ს.) აქლემი (ჰუდი 11/64-68), ჰზ. მოსეს (ა.ს.) კვერთხის გველად გადაქცევა და მისი ხელის ნათელი (ეღარაფი 7/106-108) შუამავალ იესოს მიერ თიხის ჩიტის გაცოცხლება, მკვდრების აღდგომა, დაბადებიდან ბრმათა და კეთრით დაავადებულთა განკურნება (ალი იმრანი, 3/49; მაიდე, 5/. 110) ემოციურ სასწაულებს შორისაა.
მართალია ჩვენი შუამავლის ყველაზე დიდი სასწაული ყურანია, მაგრამ მას ასევე ჰქონდა სხვა სასწაულებიც. მაგალითად, ბედრის ბრძოლაში ანგელოზთა დახმარება. (ალი იმრანი, 3/122-123; ენფალი, 8/9-10) ესენი ყურანში ნახსენები სასწაულებია. შუამავლის სასწაულებიდანაა, როდესაც ის ცოტა საკვებით ბევრ ადამიანს კვებავდა, ზრდიდა წყლის მცირე რაოდენობას და პალმის ხის მოვლენა (იხ.ბუხარი, მენაქიბი, 25 [3572, 3578, 3583]) არსებობს სასწაულები, რომლის დროსაც შუამავლები უბედურებას წინასწარმეტყველებდნენ და ეს უბედურება ზუსტად აღსრულდებოდა. (ალი იმრანი, 3/49), შუამავალმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ბიზანტიელები დაამარცხებდნენ სპარსელებს ომში (რუმ, 30) . /1-4) და ასევე იწინასწარმეტყველა ქისრის სასულთნოს განადგურება (ბუხარი, მენაქიბი, 25 [3619]) სასწაულებს, რომლებიც ადამიანების თვალწინ ხდება რწმენის თვალსაზრისით დიდი სარგებელი მოაქვს. ასეთი სასწაულების მაგალითებია: ჰზ. სალიჰის აქლემი, (ჰუდი 11/64-68) ჰზ. მოსეს კვერთხი და მანათობელი ხელი (ეღრაფი 7/106-108), ჰზ. იესოს სამკურნალო სასწაული (მაიდე, 5/110) ამგვარი სასწაულის მაგალითია შუამავალ მოსეს კვერთხი, რომელიც გველად გადაიქცა და ჯადოქრები დაამარცხა. ასევე დიდი სასწაულია ღვთაებრივი დახმარება, რომელიც შუამავალ მოსეს ღმერთმა მოუვლინა. ასეთ იყო ზღვის ორად გაყოფა, ციდან მანანასა და მწყერების მოვლინება და სხვა. (ბაყარა, 2/60), ასევე ღრუბლების მოძრაობა და ჩრდილის შექმნა. „და დავყავით ჩვენ ეგენი თორმეტ საგვარეულო ხალხად და ზეშთავაგონეთ მუსას, როცა წყალი ითხოვეს მისგან მისმა ხალხმა, რომ: „ამთხვიე შენი ჯოხი ქვას!“ და ამოჩუხჩუხდა იქიდან თორმეტი წყარო. უკვე ყველამ გაიგნო თავისი წყაროს ადგილი. და დავფინეთ ზემოდან ღრუბლები და მოვავლინეთ მათთვის ციური მანანა და მწყერი. ჭამეთ საუკეთესონი, რაც გიბოძეთ თქვენ! ისინი ჩვენ კი არ მოგვექცნენ უსამართლოდ, არამედ საკუთარი თავი დაისაჯეს“. (ეღრაფი 7/ 160), ისინი იტვირთავენ თავიანთ ტვირთს და სხვა სიმძიმეს თავიანთ ტვირთთან ერთად. აღდგომის დღეს მათ აუცილებლად მოჰკითხავენ იმას, რასაც თხზავდნენ!
და ვფიცავ, ჩვენ წარგვზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან, და დაჰყო მათთან ათასი წელი ორმოცდაათის გამოკლებით. და შეიპყრო ისინი ცუნამმა, რამეთუ უსამართლონი იყვნენ! გადავარჩინეთ იგი და ის რაც გემში იყო და დავადგინეთ იგი სასწაულად სამყაროთათვის! და იბრაჰიმმა აკი, უთხრა თავის ხალხს: „თაყვანი ეცით ალლაჰს და გეშინოდეთ მისი! ეს უმჯობესია თქვენთვის, რომ იცოდეთ! ალლაჰის ნაცვლად კერპებს ეთაყვანებით და სიცრუეს თხზავთ. უეჭველად, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით ალლაჰის მაგიერ, უძლურნი არიან თქვენდამი სარჩოს მომადლებაში. მაშ, ეძიეთ სარჩო ალლაჰთან, თაყვანი ეცით მას და მადლიერნი იყავით მისი, რამეთუ მასთან იქნებით მიბრუნებულნი!“ (ანქებუთი, 29/14), და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, ამოვაბრუნეთ მათი დასახლება, და ზეციდან მიყოლებით დავატეხეთ თავს გამომწვარი თიხის ქვები, შენი ღმერთის წინაშე ნიშანდადებული. და იგი უსამართლოთაგან შორს როდია... (ჰუდი, 11/82-83) და მედიენის ხალხთან მათი ძმა შუღეიბი. უთხრა: „ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! საწყაოსა და სასწორს ნუ დააკლებთ. უეჭველად, მე ვხედავ როგორ კეთილდღეობაში იმყოფებით და, უეჭველად, მე მეშინია თქვენდამი ყოვლისმომცველი დღის სასჯელისა!
რა არის ქერამეთი და როგორ უნდა გავიგოთ იგი?
სიტყვა ქერამეთი ლექსიკონში "ფასს, ღირებულებას, კარგს, ამაღლებულს, დიდსულოვანს" ნიშნავს. რელიგიურად ის განმარტებულია, როგორც "არაჩვეულებრივი მდგომარეობა, რომელიც გვხვდება მორწმუნეებსა და ღვთისმოსავ ადამიანებში და არის ღვთის მადლის ნიშანი" (იხ. იბნა მანსური, ლისანულ არაბ, 12/510; ჯურჯანი, თარიფათ, 184).
ყურანში მოცემულია მაგალითები ისეთ ადამიანებისა, რომლებიც შუამავლები არ არიან, მაგრამ განსაკუთრებული მდგომარეობა გააჩნიათ. (ქეჰფი, 18/16-26; ნემლი, 27/40). ამ აიათების შინაარსზე დაყრდნობით, ისლამის მკვლევარებმა მართალი მსახურების სასწაულები ჭეშმარიტებად მიიჩნიეს. თუმცა, ისინი არ აღიარებენ ამ სასწაულებს, როგორც ვინმეს სიწმინდის საბოლოო დადასტურება.
ქერამეთი არ გულისხმობს იმას, რომ სასწაულის მფლობელი უდანაშაულოა (უცოდველი და უნაკლო) ასევე არ ნიშნავს, რომ მან უხილავის შესახებ იცის. ამგვარი განაცხადი ან პრეტენზია წმინდა სწავლებასთან წინააღმდეგობაში მოდის და რწმენის თვალსაზრისით, შეიძლება, საშიში შედეგები მოიტანოს. მხოლოდ ალლაჰმა იცის უხილავის შესახებ. (ენღამი, 6/59; ან-ნემლი, 27/65; ჯინ, 72/26-27). მეორეს მხრივ, ისლამური რწმენის მიხედვით, ცოდვებისგან დაცულობის პრივილეგია მხოლოდ შუამავლებს გააჩნიათ, რადგან ისინი ღვთიური კონტროლის ქვეშ არიან. ევლიებისთვის ამგვარი გარანტიები არ არსებობს.
ისლამის მკვლევარების აზრით, საუკეთესო ქერამეთა, როდესაც ადამიანი იცავს ღვთის მიერ დადგენილ ნორმებს და არცერთ სიტუაციაში სიმართლისა და ზნეობისგან არ გადაუხვევს. ისეთი თვისებები, როგორიცაა კარგი ზნეობა, კეთილგანწყობა, უანგარო დახმარება და კეთილშობილება მორწმუნეებისთვის მინიჭებული ყველაზე მაღალი მახასიათებლებია. წმინდა ყურანში ხაზგასმულია, რომ უზენაესი გამჩენი ყველა ადამიანის მფარველია. (ალი იმრანი, 3/68).
აიათებში და ასევე ჰადისებში ნათქვამია, რომ ალლაჰი თავის ზოგიერთ მართალ მსახურს არაჩვეულებრივ წყალობას ანიჭებს. ეს მადლი გარკვეული დროით და გარკვეული ადამიანებით არ შემოიფარგლება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასწაულები ღვთის სიდიადის, მადლისა და დიდსულოვნების მტკიცებულებაა და ისინი, ვისაც სასწაულებს ანიჭებენ, რაიმე არაჩვეულებრივი თვისებების მქონე ადამიანები არ არიან. უდავოა, რომ ყველასთვის ძირითადი კრიტერიუმი სწორი მიმართულებით ცხოვრებაა. მეორე მხრივ, ვინაიდან არ არსებობს საბოლოო და ობიექტური კრიტერიუმი იმის შესახებ, თუ რა ითვლება სასწაულად, ეს თემა ბოროტად გამოყენებისთვის ყოველთვის ღია იყო.
რას ნიშნავს ბოლო ჟამი? ჩვენ ბოლო ჟამის პერიოდს გავდივართ?
„ბოლო ჟამი“ არის ცნება, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო პერიოდს, ანუ სამყაროს აღსასრულამდე დარჩენილ პერიოდს გულისხმობს. ისლამური რწმენის თანახმად, სამყაროს აქვს დასაწყისი და დასასრული. თუმცა, იმის ცოდნა, თუ როდის მოხდება ეს აღსასრული, ადამიანის ცოდნის მიღმაა. სამყაროს სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრის შესახებ ცოდნა, ისევე როგორც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მხოლოდ ღმერთმა უწყის. ეს ჭეშმარიტება წმინდა ყურანში ასეა გამოხატული: „ისინი გეკითხებიან, როდის მოვა განკითხვის დღე. თქვი: ამის ცოდნა მხოლოდ ჩემს უფალს აქვს“. (ეღრაფი, 7/187);
„უეჭველად, მხოლოდ ალლაჰის წიაღშია საათის ცოდნა. და ავლენს წვიმას და უწყის რა არის საშვილოსნოში. არც ერთმა სულიერმა არ იცის, რას მოიხვეჭს ხვალ და არც ერთმა სულიერმა არ იცის რომელ მიწაზე მოკვდება. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!“ (ლოყმანი, 31/34)
რას ნიშნავს "ბერზაჰის ცხოვრება"?
ბერზაჰ ლექსიკონში "დაბრკოლებას, ფარდას და ორ რამეს შორის გამყოფ საზღვარს" ნიშნავს. როგორც რელიგიური ტერმინი, ეს არის „სიცოცხლე საფლავში, რომელიც იწყება სიკვდილის შემდეგ და განკითხვის დღემდე გაგრძელდება“. „ეგებ ვაკეთო კეთილი საქმე, რომელიც მივატოვე!“ მაგრამ არა! უეჭველად, ეს მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც წარმოთქვამს. და მათ უკან ზღუდეა აღდგომის დღემდე!“ (მუმინუნი, 23/100).
სიკვდილის სურვილი მისაღებია?
რამდენი უბედურებაც არ უნდა განიცადოს მორწმუნემ, სიკვდილი არ უნდა ინატროს, რადგან უბედურებაც ღვთაებრივი გამოცდის მოთხოვნაა და მომთმენი ადამიანები დიდ ჯილდოს იღებენ. ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „არავინ ისურვოს სიკვდილი თავს დატეხილი განსაცდელის გამო. თუ გაუსაძლის გასაჭირში აღმოჩნდებით, ღმერთს ასე შეევედრეთ. ღმერთო, თუ ჩემთვის სიცოცხლე უკეთესია, მაცოცხლე, ხოლო თუ ჩემთვის სიკვდილი ჯობს, მომაკვდინე“. (ბუჰარი, „დეავათ“, 30 [6351]; მერდა 19 [5671]; დეავათ, 30 [6351]; მუსლიმი, „ზიქირ“, 10 [2680]).
დასაშვებია თუ არა მიცვალებულის ტირილი და გლოვა?
ადამიანის სიკვდილის გამო დადარდიანება, მწუხარება ნორმალური მოვლენაა. ამ დროს ჩმად ტირილი და მწუხარების გამოხატვა მისაღებია. როდესაც შუამავალ თავის ვაჟი იბრაჰიმი, ქალიშვილი და შვილიშვილი გარდაეცვალა ჩუმად ტიროდა და ცრემლები მოსდიოდა. (ბუხარი, ჯენაიზ, 32, 43 [1284, 1303]). ასევე შუამავალი გვასწავლის, რომ უმეცრების ხანის მსგავსად გოდება და ხმამაღლა მოთქმა, ტანსაცმლის შემოხევა, ღვთის ნების საწინააღმდეგო სიტყვებით მოთქმა მიუღებელია. როდესაც შუამავალს ვაჟი, იბრაჰიმი გარდაეცვალა, მან თქვა: „თვალები ტირიან, გული დამწუხრებულია, მაგრამ ისეთი რამ არ უნდა ვთქვათ, რაც ღმერთს არ მოეწონება“. (ბუხარი, ჯენაიზ, 43). [1303]).
ბედისწერისა და შემთხვევის რწმენა რწმენის ერთ-ერთი საფუძველია?
ყურანის აიათებში ბედისწერისა და შემთხვევის შესახებ მითითებულია, რომ ყველაფერი უზენაესი გამჩენის მიერ დადგენილი წესრიგის ფარგლებშია გაჩენილი. ასევე ზოგი აიათები მიუთითებს, რომ ყველაფერი, რაც ამქვეყნად ხდება ასევე უზენაესი გამჩენის უსაზღვრო ცოდნის ფარგლებში ხორციელდება. „ალლაჰი უწყის, რას ატარებს თითოეული მდედრი, და რას იკლებს საშვილოსნო და რას იმატებს. და ყოველივე მის წინაშე კანონზომიერებითაა“. (რად, 13/8); რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. მას არ ჰყავს ძე და არ ჰყოლია ზიარი მეუფებაში. და მან გააჩინა ყოველი საგანი და განუსაზღვრა ჩინება!“ (ფურყანი, 25/2); „უთხარი: არაფერი გვეწევა, გარდა, რაც ჩვენზე დაწერა ალლაჰმა. იგია ჩვენი მფარველი. დაე, მხოლოდ ალლაჰს მიენდონ მორწმუნენი!
(თევბე, 9/51).
გარდა ამისა, არის აიათები, რომლებიც ამბობს, რომ ადამიანთა ყველა მოქმედებას ალლაჰი განსაზღვრავს. ის დაადგენს სწორ გზაზე და ააცდენს ინებებს ვისაც. (იხ. ზუმრი, 39). /62 ალ-საფფათი, 37/96, ვაყიღეთი, 56/60) აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცნობილი „ჯებრაილის ჰადისი“ ნათლად გვამცნობს, რომ ბედისწერის რწმენა რწმენის ერთ-ერთი პირობაა და ამ ჰადისის მიხედვით რწმენის პირობებია ჩამოთვლილი. (იხ. მუსლიმი, „იმან“, 1 [8]; ებუ დავუდი, „სუნნეთ“, 15 [4695]; თირმიზი, „იმან“, 4 [2610]).
სუნას მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ბედისწერისა და შემთხვევის რწმენა რწმენის ერთ- ერთი პირობაა.
რას ნიშნავს „ამენთუ“-ში მოცემული ფრაზა, „სიკეთე და განსაცდელი“ ალლაჰისგანაა?
იმის თქმა, რომ კარგიც და ცუდიც ალლაჰისგან მოდის ნიშნავს, რომ ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება ალლაჰი განკარგავს. ეს გამოთქმა მიუთითებს და ხაზს უსვამს იმას, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ალლაჰისა. საკითხის ადამიანური ასპექტი არის ის, რომ მსახური თავისი ნაწილობრივი ნებით ირჩევს სიკეთეს ან ბოროტებას. ამიტომ, ადამიანები პასუხისმგებელნი არიან ყველა თავიანთ ქმედებაზე, კარგზეც და ცუდზეც.
როგორც "ამენთუს" პრინციპებშია მოცემული, ყველა მუსულმანს სჯერა ბედისწერის და რომ სიკეთე და ბოროტება ალლაჰის ნებით ხორციელდება, რადგან სამყაროში ყველაფერი მისი ნებისა და ძალაუფლების ქვეშაა. არ არსებობს სხვა არსება სამყაროში, რომელიც მისი ნების გარეშე რაიმეს მოიმოქმედებს. თუმცა, ალლაჰს სურს, რომ ვაკეთოთ სიკეთე და არ გავაკეთოთ ბოროტება. ვინც სიკეთეს ირჩევს, დაჯილდოვდება, ხოლო ვინც ბოროტებას ირჩევს, დაისჯება.
„გეკითხებიან ისინი შენ: რა გავცეთ? უპასუხე: რასაც გასცემთ, სიკეთეს - მშობლებისთვის, ახლობლებისთვის, ობლებისთვის, უპოვრებისთვის, მოგზაურებისთვის. და რა სიკეთესაც იქმთ, უეჭველად, ალლაჰი უწყის მას!
ომი, თქვენთვის საძულველიც რომ იყოს, მაინც სავალდებულო გახდა თქვენდა. იქნებ თქვენ გძულდეთ რამე, მაგრამ ის რამე კარგია თქვენთვის; და იქნებ თქვენ გიყვარდეთ რამე, მაგრამ ის ცუდია თქვენთვის. ჭეშმარიტად, (ამ ყველაფერს) უწყის ალლაჰი, თქვენ კი არ იცით!“ (ბაყარა, 2/216).
ბედისწერა იცვლება?
ადამიანმა თავისი ბედისწერის შესახებ არაფერი იცის. მაშასადამე, ის, რაც ადამიანს ევალება, არის სურვილი და ძალისხმევა, რათა თავისი მოვალეობა, ღვთის მიერ ბოძებული გონების, თავისუფალი ნებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, უკეთესად შეასრულოს. ვინაიდან ალლაჰმა ყველაფერი იცის თავისი მარადიული ცოდნით, მის ცოდნაში ცვლილება არ ხდება.
როდესაც ვსაუბრობთ ბედისწერის შეცვლაზე, გამოვხატავთ საკუთარი ნებაყოფლობითი ქმედებების არჩევანს და მიმართულებას. ვინაიდან ადამიანმა არ იცის თავისი ბედი და თავისი ნებით და არჩევანით ახორციელებს თავის ქმედებებს, მისი ბედიც ამ ყველაფრის გათვალისწინებით ყალიბდება. ამ აზრს გამოხატავენ ჰადისები, რომლებშიც ნათქვამია, რომ მოწყალება უბედურებას აგვაცილებს. ბუნებრივია ღვთის მარადიული ცოდნის ცვლილება არც ამ შემთხვევაშიც ხდება.
„ღმერთის ხერაა, მე რა უნდა ვქნა“- ამის თქმა მართებულია?
„ღმერთის ხერაა, მე რა უნდა ვქნა“- ამის თქმა მართებულია?
არის თუ არა რაიმე ტანჯვა საფლავში?
ერთ-ერთი საკითხი, რომლის შეცნობა გრძნობითა და გონებრივი დაკვირვებით შეუძლებელია, მაგრამ დადასტურებულია ზეციური გზავნილით, საფლავში ტანჯვის საკითხია. ეს საკითხი რამოდენიმე აიათშია მოცემული, მაგალითად (მუმინი, 40/46) და ასევე სხვადასხვა ჰადისებშიც საფლავის სასჯელზე მკაფიო მითითებებია. (იხ. ბუხარი, ჯენაიზ, 86). ჰადისში ნათქვამია: „საფლავი არის შემდგომი ცხოვრების პირველი ეტაპი. თუ ადამიანი ამ ეტაპს გაივლის, შემდეგ ეტაპებს უფრო იოლად გაივლის. თუ ის ვერ გადარჩება, შემდეგის გადალახვა უფრო რთული იქნება “. (თირმიზი, „ზუჰდ“, 5 [2308]), საიქიო ცხოვრება სიკვდილით იწყება. როდესაც ადამიანი მოკვდება და საფლავში მოათავსებენ, მასთან ორი ანგელოზი, სახელად მუნქერი და ნექირი მივა და შეკითხვებს დაუსვამენ. ვისაც აქვს რწმენა და კარგი საქმეები, ამ კითხვებს სწორად უპასუხებენ და სამოთხის კარს გაუღებენ და აჩვენებენ. ურწმუნოები და თვალთმაქცები ამ კითხვებზე სწორ პასუხს ვერ გასცემენ და მათთვის ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება და ჯოჯოხეთს დაინახავენ. სანამ ურწმუნოები და თვალთმაქცები იტანჯებიან საფლავში ტკივილით და გასაჭირით, მორწმუნეები ბედნიერად იქნებიან. (თირმიზი, „ჯენაიზ“, 71 [1071-1072]). შუამავალი ღმერთს ხშრად ევედრებოდა, რომ საფლავის ტანჯვისაგან დაეცვა. (ბუხარი, ეზანი, 149 [832]; მუსლიმი, „ქუსუფი“ [903], 8, ჯენაიზ, 85 [963] ] ; ებუ დავუდი, „სალათ“, 152 [880]).
როგორ უნდა უყურებდეს მუსლიმი ბუნებრივ კატასტროფებს?
სამყაროში ყოველი არსება ყოვლისშემძლე ალლაჰის მიერ გარკვეული წესრიგის, მიზნისა და სიბრძნის საფუძველზე გაჩნდა. ყველაფერი, ბუნების ფუნქციონირებიდან პლანეტების მოძრაობამდე, ყოვლისშემძლე გამჩენი მიერ განსაზღვრული გარკვეული საზომისა და რიგის მიხედვით აგრძელებს არსებობას. (იუნუსი, 10/5; ყამერი, 54/49). ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული სტატუსი ამ წესრიგში და ფუნქციონირებაში, აღჭურვილნი არიან მრავალი უნარით, განსაკუთრებით გონიერების თვალსაზრისით და ამ მხრივ ისინი სხვა არსებებთან მიმართებაში პრივილეგირებულ პოზიციაზე იმყოფებიან. დედამიწაზე ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური მოვალეობაა გაიგოს მისი არსებობის მიზანი და სიბრძნე და ეცადოს შესაბამისად იცხოვროს . ამ მიზნით ადამიანი უნდა ეცადოს, რომ მიიღოს ჭეშმარიტი რწმენა, აკეთოს სიკეთე და იყოს გულწრფელი. მან არ უნდა გადაუხვიოს ძირითადი ადამიანური ღირებულებებისგან, როგორიცაა სამართლიანობა, სიკეთე და სიყვარული. მორწმუნე მუსლიმი თავის მოვალეობას საუკეთესოდ უნდა ასრულებდეს. ამქვეყნიურ ცხოვრებაში ადამიანს ბუნების მიმართ სხვა და სხვა პასუხისმგებლობა გააჩნია მას ასევე პასუხისმგებლობა გააჩნია უზენაესი გამჩენის, საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს გარემომცველ ბუნებას და არ დააზიანოს ის. როდესაც ადამიანი ამ პასუხისმგებლობას ივიწყებს და ბუნებას უდიერად ეპყრობა, ეს ყველაფერი კატასტროფების სახით უკანვე უბრუნდება.(იხ. რუმი, 30/41).
გვალვები, წყალდიდობები და სხვა ბუნებრივი კატასტოფები, რომლებიც დღეს მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ადამიანის დაუდევრობის შედეგია. ბუნებასთან ურთიერთობისას ადამიანი ვალდებულია იმოქმედოს იმ კანონების შესაბამისად, რომლებიც ღმერთმა სამყაროში დაადგინა და მიიღოს აუცილებელი ზომები მათ შესანარჩუნებლად. ამ პასუხისმგებლობის გარდაუვალი მოთხოვნაა ბუნებრივი კატასტროფების რისკის გათვალისწინება ახალი დასახლებების განაშენიანების დროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ნიადაგი, სწორად შევარჩიოთ მასალები და სამშენებლო ტექნიკა და ა.შ. ამ მხრივ დაუდევრობას კატასტროფის რისკები მოაქვს. ადამიანი გონიერი არსებაა და ბუნებასთან ურთიერთბა მისი პასუხიმგებლობაა, ისევე როგორც ყველა სხვა საკითხში.
ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის ტკივილი, სევდა ან გაჭირვება, არის სამოთხე, მარადიული ბედნიერების ქვეყანა. ამ მხრივ, მოსაზრება, რომ სამყარო არის ადგილი, სადაც ადამიანები არასოდეს გრძნობენ სევდას, დაღლილობას ან პრობლემებს და სადაც ისინი მხოლოდ სიკეთითა და სილამაზით არიან სავსე, ცხოვრების რეალობას არ შეესაბამება. ადამიანს შეიძლება რაიმე ბუნებრივი უბედურება თავს დაატყდეს, მაგრამ ეს მისი ბრალი არ იყოს. ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში გამოცდას გადის და ეს ყველაფერი გამოცდის ნაწილია.
ადამიანმა სწორად უნდა შეაფასოს თავისი გამოცდილება და წარსულის შეცდომებზე ისწავლოს. სტიქიური უბედურებების ზემოქმედებისას ადამიანმა უნდა მიიღოს მაგალითი, გაიხსენოს მისი პასუხისმგებლობა და ყურადღება გაამახვილოს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სწორად, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
როგორც ერთად ცხოვრების შედეგი, ადამიანებს შეიძლება შეექმნათ სხვების მიერ დაშვებული შეცდომების გამო გარკვეული პრობლემები. ღვთის წინაშე კი ადამიანი პასუხსმგებელია იმაზე, რასაც გააკეთებს. „რომელმაც გააჩინა სიკვდილი და სიცოცხლე, რათა გამოეცადეთ თქვენში რომელი უფრო უკეთესია საქმით. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, შემნდობია!“ (მულქი, 67/2);
„ყველა სული იგემებს სიკვდილს. და ჩვენ გცდით თქვენ სიავითა და სიკეთით, თუ როგორ მოიქცევით. და ჩვენთან იქნებით მობრუნებულნი“. (ენბია, 21/35).
ამქვეყნიურ გამოცდაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი გზა გარემომცველი ბუნების გაფრთხილებაა. ასევე საჭიროა მოთმინება და გამძლეობა.
„უთხარი: „ჰეი მსახურნო, რომელთაც ირწმუნეთ! მოკრძალებულნი იყავით თქვენი ღმერთის მიმართ! მათთვის, რომელთაც სიკეთე ჰქმნეს ამქვეყნად, სიკეთეა. და მიწა ალლაჰისა ვრცელია. უეჭველად, მომთმენთ მიეგებათ თავიანთი საზღაური - სარჩო უთვალავი!“ (ზუმერი, 39/10). თუმცა, მოთმინება არაფრის კეთებას და უბრალოდ გაძლებას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ნიშნავს მოთმინებას, მოვლენის წინაშე სიმტკიცის გამოვლენას და ნეგატიური შედეგების გამოსწორებისთვის გულითად მცდელობას. ასეთ სიტუაციებში ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესი არის ის, რომ ყველა ღონე ვიხმაროთ კატასტროფებით დაზიანებული ადამიანების მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
ყოვლისშემძლე ალლაჰის წყალობა და თანაგრძნობა მისი მსახურების მიმართ შეუზღუდავია. ამ მხრივ, მუსლიმანმა უნდა იცოდეს, რომ რთულ და სახიფათო მოვლენებს, როგორიცაა კატასტროფები და მძიმე დაავადებები, ღმერთისგან შვება და შემწობა მოჰყვება. „ვინც დაეცემა ალლაჰის გზაზე, არ თქვათ: მკვდრები! არამედ ცოცხლები არიან, მაგრამ თქვენ ვერ გრძნობთ. და, უეჭველად, ჩვენ გცდით თქვენ ცოტა შიშითა და შიმშილით, ქონების, სულთა და ნაყოფთა ნაკლებობით. და შენ ახარე მომთმენთ, რომელთაც ეწიათ რაიმე უბედურება, და თქვეს: უეჭველად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და უეჭველად, მისდა მივიქცევით ჩვენ. აი ისინი, ვისზეც ლოცვაა მათი ღმერთისა და წყალობა, და ისინი ჭეშმარიტ გზაზე დგანან. (ბაყარა, 2/155). ანალოგიურად, შუამავალიც გვასწავლის, რომ ყოველი უბედურება და განსაცდელი, რომელიც მორწმუნეს თავს დაატყდება, მისი ცოდვებისგან განწმენდის მიზეზი ხდება (მუსლიმი, ბირ, 52 [2573]; აბუ დაუდი, ჯენაიზ, 1 [3089]). შუამავალი ასევე გვეუბნება, რომ კატასტროფების დროს დაღუპულები შეჰიდების საფეხურზე ადიან. (მუსლიმი, ბირ, 52 [2573]; აბუ დაუდი, ჯენაიზ, 1 [3089]).
გარდა ამისა, განსაცდელის ჟამს დიდი მნიშვნელობა აქვს სულიერი გრძნობების განმტკიცებას და მომავლის იმედის შენარჩუნებას ლოცვითა და ვედრებით. „და თუ შეგეკითხებიან შენ (მუჰამმედ) ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, უეჭველად, მე ახლოს ვარ, შევისმენ მლოცველის ვედრებას, როცა ის შემევედრება. მაშ, შეისმინონ ჩემი და მირწმუნონ მე, ეგებ სწორი გზით წავიდნენ!“ (ბაყარა, 2/186) ამრიგად, ლოცვა ამშვიდებს ადამიანს, კვებავს მის სულიერებას, ზრდის მის გამძლეობას სირთულეების წინაშე და ამაღლებს მის ღირებულებას ალლაჰის წინაშე.
შედეგად, მორწმუნეების მოვალეობაა, განსაცდელსა და უბედურებას მოთმინებითა და სიმტკიცით შეხვდნენ, მობილიზდნენ, რათა დაეხმარონ მათ, ვინც კატასტროფების დროს დაზარალდა, სადაც არ უნდა იყვნენ მსოფლიოში. შეეცადონ შეამცირონ კატასტროფებით გამოწვეული ტკივილი და განკურნონ ჭრილობები. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების გატარება, რათა უბედურება თავიდან იქნას არიდებული.
როდესაც ადამიანი მუსლიმია და მას ვინმე ურწმუნოს უწოდებს, ამის განსჯა როგორ ხდება?
შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც მუსლიმ ადამიანს ურწმუნოს უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსლიმობა ცნობილია. ყურანისა და ჰადისების სწავლების მიხედვით ამგვარი დამოკიდებულების გამომჟღავნება ანუ მუსლიმ ადამიანზე ურწმუნოს დაძახება კატეგორიულად მიუღებელია. ყურანში ვკითხულობთ: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა გაეშურებით (საბრძოლველად) ალლაჰის გზაზე, განასხვავეთ (მორწმუნე ურწმუნოსაგან) და ამქვეყნიური სიუხვის მოხვეჭის სურვილით არ უთხრათ იმას, ვინც მშვიდობას შემოგთავაზებთ: შენ არა ხარ მორწმუნე! მაშინ, როცა ალლაჰთანაა ურიცხვი ალაფი. ასეთი იყავით უწინ, მაგრამ ალლაჰმა წყალობა მოიღო თქვენზე. ამიტომ გაიაზრეთ, უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც სჩადიხართ! (ნისა, 4/94).
გარდა ამისა, ჰადისში ნათქვამია, რომ ისინი, ვინც შაჰადას წარმოთქვამენ და ლოცვად დგებიან, მუსლიმები არიან და ისინი შუამავლის მფარველობის ქვეშ არიან. (ბუხარი, სალათი, 28 [ 391]). ისლამის ისტორიაში პირველი ჯგუფი ჰარიჯიტები იყვნენ, რომლებმა მუსლიმებზე ურწმუნოები უწოდეს, მათ შორის ჰზ. ალისაც კი. (იხ. ეშარი, „ელ იბანე“, 2/337). დღესაც, ზოგიერთ ადამიანი და ადამიანთა გარკვეული ჯგუფი თავს უფლებას აძლევს მუსლიმებს ურწმუნო უწოდოს.
ისლამის ზოგადი დამოკიდებულება ასეთია. ვინც საკუთარ თავს მუსლიმად თვლის, მუსლიმია. ასევე მნიშნელოვანია აღინიშნოს სუნას მოძღვრება, რომელიც შუამავლისა და მისი მეგობრების გზას გულისხმობს. სუნას მიხედვით, ყველა ადამიანი, რომელიც შაჰადას, ანუ რწმენის სიტყვიერ დადასტურებას წარმოთქვამს, მორწმუნედ ითვლება, მაშინაც კი, თუ ეს ადამიანი რელიგიურ დებულებებს არ ასრულებს და თნდაც ცოდვებს სჩადის.
ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც უპირველეს ყოვლისა თექფირის საკითხში უნდა იქნას გათვალისწინებული, არის ქმედება ან სიტყვა, რომელიც შედის „ღვთის გმობის“ ფარგლებში. ამგვარი მიუღებელი სიტყვის ან ქმედების ჩადენისას ურწმუნოებად ფასდება სიტყვა ან ქმედება, ხოლო პიროვნება, რომელიც თავს მორწმუნედ თვლის და რწმენას არ უარყოფს, მისი ურწმუნოდ შეფასება მიზანშეწონილი არ არის. მაშასადამე, ადამიანი არ შეიძლება შეფასდეს ურწმუნოდ, თუ ის ნათლად არ აცხადებს საკუთარი ნებით და თანხმობით, რომ უარყოფს რელიგიის ერთ ან რამდენიმე სავალდებულო პრინციპს. იმის გამო, რომ სიტყვები ან ქცევები, რომლებიც შეფასებულია, როგორც „გმობა“ და ჩადენილია ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა შეცდომა ან უცოდინრობა, მორწმუნის სარწმუნოებიდან გასვლას არ იწვევს.
შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია დამწერლობის გამოგონებამდე მოვლენილი წმინდა წიგნების ან გვერდების შესახებ?
უზენაესი გამჩენი შუამავლებს გზავნილს უვლენდა და ამ გზავნილის მეშვეობით რელიგიურ დებულებებს აცნობდა. (შურა 42/51). პირველი ადამიანი და ასევე პირველი შუამავალი ჰზ. ადამი იყო. მას შემდეგ მრავალი შუამავალი იქნა მოვლენილი, ხოლო შუამავალი მუჰამმედი უკანასკნელი შუამავალია. რწმენის ერთ-ერთი საფუძველი შუამავლებზე მოვლენილი წმინდა წიგნების რწმენაა. წიგნების რწმენა ნიშნავს იმის დაჯერებას, რომ ღმერთმა ისინი შუამავლებს მოუვლინა) და რომ ამ წიგნების შინაარსი სრულიად ჭეშმარიტი და რეალურია. წმინდა ყურანი გვიბრძანებს, გვჯეროდეს წმინდა წიგნების, ანუ არა მხოლოდ ყურანის, არამედ ალლაჰისგან გამოგზავნილი ყველა წიგნის (ბაყარა, 2/4). მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა წიგნი ზოგადად გამოცხადების წერილობით ტექსტს გულისხმობს, იგი ასევე მეტაფორულად გამოიყენება ტექსტის სიტყვიერი ფორმისთვისაც. ყურანში, ზეციური გზავნილის შესახებ საუბრისას, ასევე გამოყენებულია სიტყვა „სუჰუფ“. ეს სიტყვა, მარტივად რომ ვთქვათ, გვერდებს ნიშნავს. ყოვლისშემძლე ალლაჰის მიერ გამოგზავნილი ყველა წიგნი და გვერდი, დაწერილი იქნება თუ არა, ღვთაებრივ გამოცხადებას წარმოადგენს.
დღეს არსებული სამეცნიერო მონაცემების შესაბამისად, მიღებულია, რომ დამწერლობა შუმერებმა გამოიგონეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 3500 წელს. ეს ინფორმაცია ეფუძნება არქეოლოგიურ აღმოჩენებს და მეცნიერებისთვის ხელთ არსებულ სხვა მონაცემებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შუმერებამდე დამწერლობა არ არსებობდა. ამიტომ, იმის მტკიცება, რომ მანამდე წმინდა წერილები არ მოვლენილა, საბოლოო დასკვნისთვის შეუსაბამოა.
დანამდვილებით ცნობილია, რომ იმ დროს, როდესაც ოთხი დიდი წიგნი იქნა მოვლენილი, დამწერლობა არსებობდა. წმინდა ყურანში ნახსენებია, რომ შუამავლებს აბრაამსა და მოსეს წმინდა წერილები მოევლინათ. (ალა, 87/19) პერიოდი, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, ასევე ემთხვევა დამწერლობის არსებობის დროს. თუმცა, კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან, ინფორმაცია ზეპირი გადაცემის გზითაც ინახებოდა. გარდა ამისა, ჩვენ არ გვაქვს რაიმე საბოლოო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამწერლობის არსებობის პერიოდებშიც კი, შუამავლებმა შეაგროვეს მათთვის გამოგზავნილი წმინდა წერილები და წიგნის სახით წარმოადგინეს.
შედეგად, არ არის მართებული ვიფიქროთ, რომ რადგან შუამავლებმა წმინდა წერილებს ისეთი ფორმა არ მისცეს, როგორც დღეს წიგნი წარმოგვიდგენია, ანუ ორ ყდას შორის მოქცეული ნივთი არ დაუტოვებიათ, რომ მათზე მოვლენილი ინფორმაციის ერთობლიობა წმინდა წიგნი არ არის. ამ თვალსაზრისით მათსა და დამწერლობის გამოგონებას შორის კავშირის ძიება საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილი იქნება წმინდა წიგნები და გვერდები აღვიქვათ, როგორც შუამავლებისთვის გამოგზავნილი გამოცხადებების კრებული, რათა ხალხს ჭეშმარიტებაზე წვდომა ჰქონოდა.
შუამავლის შემდეგ არის თუ არა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ღვთის რჩეულად ითვლება?
როდესაც რჩეული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის შესახებ ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება ღვთისგან გამორჩეულობა და სულიერად ამაღლება. ეს იდეა ყველა ძველ კულტურასა და რელიგიაში გვხვდება.
ისლამის ისტორიას თუ გადავხედავთ, არსებობს მარავალი შემთხვევა, როდესაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი რჩეულობას ამტკიცებდა და აცხადებდნენ, რომ ხსნა მხოლოდ მათდამი დაქვემდებარებაშია. თუმცა, ამ საკითხის შესახებ ყურანში ნათლადაა გადმოცემული, რომ ამგვარი პრეტენზია ებრაელებსა და ქრისტიანებს ჰქონდათ. „და თქვეს იუდეველებმა და ქრისტიანებმა: ჩვენ ვართ ალლაჰის შვილები და მისი საყვარელნი. უთხარი შენ: „მაშ, რატომ გსჯით იგი თქვენი ცოდვებისთვის?“ არა! თქვენ ხართ ადამიანები იმათგან, ვინც მან გააჩინა. შეუნდობს, ინებებს ვისაც; და დასჯის, ინებებს ვისაც. ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნის და რაც მათ შორისაა. და მასთანაა მისაქციელი! (მაიდე, 5/18); „იგია, რომელმაც მოავლინა უსწავლელთა შორის შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც უკითხავს მათ (ალლაჰის) აიათებს, განწმენდს მათ, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს, თუმცა მანამდე იყვნენ ისინი ცხად გზააბნევაში“. (ჯუმა, 62/6).
„და როცა მოევლინათ მათ აიათი, თქვეს: არ დავიჯერებთ, სანამ ჩვენც იგივე არ მოგვევლინება, რაც მოევლინათ ალლაჰის შუამავალთ. ალლაჰმა უკეთ უწყის, ვის უნდა მიანიჭოს თავისი შუამავლობა. სულ მალე ეწევათ ალლაჰისგან დამცირება და უდიდესი სასჯელი, რომელთაც შესცოდეს და მზაკვრობდნენ, იმისთვის.
და ვის ჭეშმარიტ გზაზე დადგენას ინებებს ალლაჰი, გახსნის იმის გულს ისლამისთვის. და ვის გზააბნევაში დატოვებასაც ინებებს, შეუკუმშავს იმას გულს, და შეუწუხებს ისე, თითქოს ცაში ადიოდეს. და ასე მიაგებს ალლაჰი სასჯელს, რომელთაც არ სწამთ“.
„დააკანონა თქვენთვის სარწმუნოებაში, რაც უბრძანა ნუჰს და რომელიც ზეშთაგაგონეთ შენ, რაც ვუბრძანეთ იბრაჰიმს, მუსას და ღისას: „რომ დაიცავით სარწმუნოება და არ დაიყოთ მასთან მიმართებაში“. მძიმეა კერპთაყვანისმცემლებისთვის იგი, რისკენაც შენ მოუწოდებ. ალლაჰი გამოარჩევს იმისკენ , ინებებს ვისაც და ჭეშმარიტებას აზიარებს, ვინც მიიქცევა მისკენ“. (ენამ, 6/124; აშ-შურა, 42/13).
აქვე უნდა გავიხსენოთ ჰადისი, რომელის მიხედვითაც შუამავალმა თავის ქალიშვილს ფატიმას უთხრა, რომ ღვთიური სასჯელისგან გადარჩენისთვის ეზრუნა, თორემ თავადაც კი ვერ შეეწეოდა. (ბუჰარი, „ვესაია“, 11 [2753], თეფსირი, 26 [4771]; მუსლიმი, „იმან“, 351). რელიგიურ საკითხებში მორწმუნეს სხვა გზა არ აქვს, გარდა ყურანისა და სუნას მიყოლისა და ყველა იმ ძირითადი პრინციპის გათვალისწინებისა, რასაც ღმერთი ბრძანებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისლამის სწავლულები დადებით კონტექსტშ არიან მოხსენიებულნი და ისინი შუამავლის ცოდნის მემკვიდრეებად მიიჩნევიან.(იხ.ებუ დავუდი, „ილიმ“, 1 [3641]; თირმიზი, „ილიმ“, 19 [2682]).
საბოლოოდ, ისლამის რელიგია არ აღიარებს, რომ შუამავლის შემდეგ ღმერთმა გარკვეული ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები გამოარჩია და პრივილეგიები უბოძა. ისლამი ცხადად აღწერს იმ ადამიანებს, რომლებიც სიკეთის თვალსაზრისით ლიდერობას იმსახურებენ და მათი თვისებებიც ნათლადაა აღწერილი.
უცოდველი ადამიანი არსებობს?
ცოდვა, ზოგადად, ღვთიური ბრძანებების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მისი შინაარსი და სიმძიმე განსხვავებულია, ცოდვის ცნება ყველა რელიგიაში არსებობს. ცოდვა მოხსენიებულია წმინდა ყურანში და ჰადისებშიც.
„და მისთვის (სულისთვის) უკეთურობისა და მორჩილების შთამგონებელსა!“ (იხ. შემსი, 91/8). შამავალი ასე გვასწავლის: „ყველა უშვებს შეცდომებს და საუკეთესო მათგან, ვინც შეცდომებს უშვებს, არის ის, ვინც ინანიებს“. (იხ. თირმიზი, „ყიამეთ“, 49 [2499]; იბნ მაჯე, „ზუჰდ“, 30 [4251]) აქ ნათლად ჩანს, რომ ადამიანებს აქვთ ცოდვისა და შეცდომების დაშვებისკენ მიდრეკილება. შუამავალმა ასევე ბრძანა: "თქვენ რომ არ ჩაიდინოთ რაიმე ცოდვა, ალლაჰი გააჩენდა ხალხს, რომელიც ცოდვებს ჩაიდენდა და შემდეგ მოინანიებდა." (მუსლიმი, თევბე, 9, 10 [2748]). ჰადისი ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანი არ შეიძლება იყოს აბსოლუტურად უნაკლო, უშეცდომო და უცოდველი. ეჭვგარეშეა, ეს გამონათქვამები არ არის ცოდვის წახალისება, არამედ პირიქით, არის შეხსენება და გაფრთხილება, რომელიც ხსნის ადამიანის ბუნებას და მას საკუთარი თავის შეცნობის საშუალებას აძლევს. ამავდროულად, ბევრ აიათსა და ჰადისში ადამიანების მიმართ მკაცრი გაფრთხილებაა თავი აარიდონ ცოდვებს და ალლაჰის კანონები არ დაარღვიონ.
ისლამური სწავლების მიხედვით, შუამვლების გარდა, „უდანაშაულო“, ანუ ცოდვისგან დაცული ადამიანი არ არსებობს. შესაბამისად, იმის აღიარება, რომ ვინმე უცოდველია, ისლამურ რწმენას ეწინააღმდეგება. ცოდვებისგან დაცულობის პრივილეგია, მხოლოდ შუამავლებს გააჩნიათ.
ისლამის სწავლულები თანხმდებიან, რომ რადგან შუამავლებიც ადამიანები არიან, მათ შეიძლება დაუშვან მცირე შეცდომები, მაგრამ ისინი დაცულნი არიან ისეთი შეცდომებისა და ცოდვებისგან, რაც მათ შუამავლის მოვალეობას ზიანს აყენებს. მეორე მხრივ, ისლამურ რელიგიაში არ არსებობს ცნება „პირველი ცოდვა“, როგორც ეს არის ქრისტიანულ თეოლოგიაში. დაბადებიდან ცოდვილად ან ცოდვის შვილად არავინ ითვლება. ისლამში ყველა პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე. "არავინ იტანს სხვის ცოდვებს." (ენამ, 6/164; ნეჯმ, 52/38-39) ყურანი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება, ვინც ცოდვას ჩაიდენს.
ისლამში არ არსებობს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცოდვისგან დაცულად ითვლება რაიმე წარმომავლობის ან მსგავსი ფაქტორის გამო. სწავლულები, რომლებიც ხალხს რელიგიურ საკითხებში ლიდერობას უწევენ, დაცული ცოდვისგან არ არიან. მათი მოვალეობაა შეახსენონ ადამიანებს რწმენის, თაყვანისცემის, ზნეობისა და ისლამის პრინციპები და ხელი შეუწყონ მუსლიმთა პრაქტიკული ცხოვრების სწორად რეგულირებას.
გარდა ამისა, საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ მიღება ან მტკიცება, რომ ნებისმიერი ადამიანი ან ჯგუფი დაცულია შეცდომისგან ან ცოდვისგან, ისლამური რწმენის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
გადამდები დაავადებები წარღვნის მოახლოების ნიშანია?
ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრულის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ ღმერთმა იცის. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ყურანში ვკითხულობთ:
„ისინიშენ საათის შესახებ გეკითხებიან, თუ როდის იქნება იგი? უთხარი: ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა, ვერავინ განაცხადებს მის დროს, გარდა მისი, მხოლოდ ის გაამხელს დადგენილ დროს. იგი უფრო მძიმეა, ვიდრე ცანი და დედამიწა. ის მოულოდნელად გეწევათ თქვენ. ისინი გეკითხებიან შენ, თითქოს იცოდე რამე ამის შესახებ. უთხარი: ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა, მაგრამ არ უწყის ხალხის უმეტესობამ. უთხარი: მე არ ძალმიძს საკუთარ თავს მოვუტანო სარგებელი ან ზიანი, გარდა იმისა, ინებებს რასაც ალლაჰი. და რომ მცოდნოდა დაფარულის, სიკეთეს უთუოდ გავამრავლებდი და არ შემეხებოდა სიავე. სწორედ, რომ მე მხოლოდ მორწმუნე ხალხთათვის შემგონებელი და მახარობელი ვარ! (ეღრაფი, 7/187).
წარღვნის ნიშნების შესახებ ყურანში გარკვეული ინფორმაცია არსებობს. ეს ნიშნები ეხება ფიზიკურ, სოციალურ ან მორალურ მოვლენებს და სიმპტომებს. ყურანში ზოგი მათგანი ჩამოთვლილია: „ბოლოს და ბოლოს, როცა გათავისულდებიან იეჯუჯ-მეჯუჯი, ყოველი მთიდან თავს დაესხმიან!“ (ენბია, 21/96), და აღთქმული სიტყვა როცა აღსრულდება მათზე და ამოვუყვანთ მიწიდან ნადირს, რომელიც გამოამჟღავნებს იმ ხალხს, ვისაც დარწმუნებით არ სწამდა ჩვენი სასწაულები!“ (ნემლი, 27/82), მაშ, დაელოდე დღეს, როცა ზეცა მოვა ცხადი კვამლით. შემოეხვევა ხალხს. სწორედ ესაა მწარე სასჯელი! (დუჰანი, 44/10-11) მოახლოვდა საათი და მთვარე ორად გაიპო. (ყემერი, 54/1). უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს წარღვნის კონკრეტული ნიშნები, არსებობს მრავალი გაცხადება კოსმიური და ზებუნებრივი მოვლენების შესახებ, რომლებიც მოხდება წარღვნის დროს და ასევე საუბარია იმ მომენტის საშინელებაზე. ამ კონტექსტში, არაჩვეულებრივი კოსმოსური ცვლილებები, როგორიცაა ცის გახლეჩვა, მთებისა და ბორცვების განადგურება და დედამიწის გაბრტყელება, მზის დაბლა ჩამოსვლა, ვარსკვლავების ცვენა და ჩაქრობა, ზღვების დუღილი და სხვა (ინშიკაკი 84/1- 2; თექვირ, 81/1-6) ასევე აღწერილია ისეთ საკითხებს, როგორიცაა სწავლულთა რაოდენობის შემცირება, უმეცრების, პროსტიტუციისა და ალკოჰოლის მოხმარების ზრდა, უთანხმოების და მკვლელობის გავრცელება და ა.შ. (ბუხარი, ნიქაჰ). , 111 [5231] ფითენ, 5 [7062];
აიათებსა და ჰადისებში წარღვნის ნიშნების ახსნის მიზანია არა ადამიანების სასოწარკვეთა, არამედ მათში ცნობიერების ამაღლება, რათა ადამიანებმა სიკვდილის შემდგომი ცხოვრებისთვის იზრუნონ.
აიათებსა და ჰადისებში კონრეტული ინფორმაცია არ მოიპოვება იმის შესახებ, რომ რომელიმე გადამდები დაავადება წარღვნის ნიშანს წარმოადგენს. ისლამურ წყაროებში მითითებულია, რომ ეპიდემიები ღვთური სასჯელია და ისინი გარკვეული პერიოდულობით ჩნდებიან და ქრებიან. (ბუჰარი, 13. [6974] ეჰადისეთულ ენბია, 54 [3473]; ასევე ცნობილია, რომ ეს არის მადლის მიღების საშუალება იმ მორწმუნეებისთვის, რომლებიც მოთმინებით იტანენ ამ დაავადებებს და იცავენ საკარანტინო წესებს. შესაბამისად, ვინც გარდაიცვლება, მოწამის წოდებას მიიღებს. (ბუხარი, ეჰადისულ ენბია, 54 [3474 წ. ]). მაშასადამე, ეპიდემიური დაავადებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც გლობალური კატასტროფა, რომელიც წარმოიქმნება, ერთის მხრივ, ღვთაებრივი სიბრძნისა და გამოცდის შედეგად, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანის მიერ გარემოსა და ბუნებაზე მიყენებული ზიანის გამო. სინამდვილეში, წმინდა ყურანში ნათლად არის ნათქვამი, რომ სხვადასხვა დაავადებები, კატასტროფები და მსგავსი სიტუაციები, რომლებიც ადამიანებს შფოთვასა და შიშს აყენებს, ადამიანებისთვის გამოცდას წარმოადგენს (ბაყარა 2/155).
ეპიდემიური დაავადებების წარღვნის ნიშნად მიჩნევის იდეა სათავეს იღებს წარღვნის ნიშნების შესახებ ზოგიერთ გადმოცემებში გამოთქმული ინტერპრეტაციებიდან, სადაც საუბარია სიკვდილიანობის სწრაფ და ფართოდ გავრცელებაზე. ამრიგად, მოსაზრება ეყრდნობა ჰადისს, რომლის მიხედვითაც შუამავალი წარღვნის ექვს ნიშანს ჩამოთვლის და მათ შორის ერთ-ერთი ეპიდემიაა. (ბუხარი, ჯიზიე, 15 [3176]; ასევე. იხ. იბნ მაჯე, „ფითენ“, 25 [4042], ალ მუჯემულ ქებირ, 18/41-41 [71]; ასევე, ჰადისის მიხედვით წარღვნის ერთ-ერთ ნიშნად ხშირი მიწისძვრებია დასახელებული. (იხ. იბნ ჰანბელი, 4/105 [17089]; დარიმი, „სუნენ“, 1/43 [55]; იბნ ჰიბანი, საჰიჰ, 15/180 [6777]).
არ არის მიზანშეწონილი, რომ აიათებსა და ჰადისებში ნახსენები წარღვნის ნიშნები პირდაპირ დავუკავშიროთ მსოფლიოში მიმდინარე კონკრეტულ მოვლენებს. უფრო სწორი მიდგომაა ეპიდემიები და დაავადებები განვიხილოთ, როგორც განსაცდელი, რომელსაც ღმერთი მოგვივლენს და ეს განსაცდელი ჩვენი ამქვეყნიური გამოცდის ნაწილს წარმოადგენს. ამ გამოცდაში ადამიანის მოვალეობაა დაიცვას აუცილებელი სიფრთხილის ზომები და იცოდეს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება დროებითია, ხოლო საიქიო- მარადიული. იმის გამო, რომ ადამიანები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, ეპიდემიები უფრო ვრცელდება და კაცობრიობა უფრო მეტად იტანჯება. ყოველი ასეთი მოვლენის წარღვნის განმსაზღვრელ ნიშნად მიჩნევამ შეიძლება ადამიანები სასოწარკვეთებამდე და უიმედობამდე მიიყვანოს.
ყურანსა და სუნაში გაცხადებულია, რომ წარღვნა აუცილებლად მოხდება და შემდეგ დაიწყება მარადიული სიცოცხლე. აიათები და ჰადისები ეპიდემიებისა და სიკვდილიანობის მომატების ხსენებით ადამიანებს აფრთხილებს, რომ გარემომცველ ბუნებას სიფრთხილით მოეკიდონ და ნუ დააზიანებენ და ასევე ახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ღვთური გამოცდის ნაწილია. (ბუხარი, ედებ, 96 [6171]).
რა შეგიძლიათ გვითხრათ მფარველ ანგელოზებზე?
მფარველი ანგელოზები არიან ანგელოზები, რომლებიც ადამიანთა ყველა კარგ და ცუდ ქმედებებს აღნუსხავენ და პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა მფარველობაზე. ამ ანგელოზებს "ქირამენ ქათიბინ" ეწოდებათ. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ მფარველი ანგელოზები და აღმწერი ანგელოზები სხვა და სხვა არიან.
ეს ანგელოზები წმინდა ყურანში მრავალ აიათში არიან ნახსენები:
„და უეჭველად, თავზე გადგანან მცველები (ანგელოზები) ღირსეულნი, საქმეთა აღმნუსხველნი! იციან, რასაც აკეთებთ!“
(ინფიტარი, 82/10, 11, 12)
„მას მიჩენილნი ჰყავს წინიდან და უკნიდან მეთვალყურენი, იცავენ მას ალლაჰის ბრძანებით. უეჭველად, ალლაჰი არ შეცვლის ხალხის მდგომარეობას, სანამ თავად ხალხი არ შეიცვლება. და თუ ინება ალლაჰმა ვნება ხალხისა, მაშ, ვერავინ შეაკავებს მას, და მის გარდა, არავინ ჰყავთ მათ დამცველი“. (რაად, 13/11)
„ნუთუ ფიქრობენ, რომ ჩვენ მათი საიდუმლო და მათი ფარულ საუბარი არ გვესმის? არა! შუამავალნი ჩვენი მათ წიაღში არიან და იწერენ“. (ზუხრუფი, 43/80)
„საკმარისია მან სიტყვა წარმოთქვას და უეჭველად, მეთვალყურე მზადყოფნაშია ესწრას მას. ჭეშმარიტებით მოვა სიკვდილის სიმთვრალე და ეთქმება: აჰა, ეს არის ის, რასაც შენ მუდამ გაურბოდი! და ჩაიბერება საყვირში. სწორედ ესაა აღთქმული დღე! და ყველა სული დამცველითა და მოწმით წარსდგება. უეჭველად, შენ მისადმი უვიცი იყავი. აი, თვალ წინ არსებული ფარდა აგხადეთ, ახლა თვალი შენი უფრო გამჭრიახია! და ეტყვის მას თანმხლები: სწორედ ესაა მზა ჩემთან!“ (ქაფი, 50/18, 21, 23)
წმინდა ყურანში ნათქვამია, რომ ადამიანების ყველა საქმე სრულად არის ჩაწერილი (ნებე, 78/29), რომ ისინი წარედგინება ხალხს განკითხვის დღეს, რათა თავად წაიკითხონ, (იხ. ისრა, 17/13, 14) „დაიდება წიგნი და მაშინ ნახავ შენ ცოდვილთ, შეშინებულთ იმის გამო, რაც მასშია. და ამბობენ: „ვაი, ჩვენ! ეს რა წიგნია! მასში არ არის გამოტოვებული არც მცირე, არც დიდი, ყველაფერი აღნუსხულია!“ და ჰპოვებენ მათ წინაშე, რაც ჰქმნეს და არავის მოექცევა შენი ღმერთი უსამართლოდ!
(ქეჰფი, 18/49) აღნიშნულ აიათებში მოწოდებული ინფორმაცია მფარველ ანგელოზებსა და მათ მოვალეობებს ეხება. ჰადისებში ნათქვამია, რომ ეს ანგელოზები მუდამ ადამიანებთან არიან, რომ ისინი აგრძელებენ მადლის აღნუსხვას, რასაც ადამიანი იღებს თაყვანისცემის შედეგად, მაშინაც კი, როცა ის ავად არის და ამის გაკეთება არ შეუძლია. (იხ.: ბუხარი, მევაქით, 16; ეზანი, 3; დარიმი, რიქაქ, 56)
მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისშემძლე ალლაჰმა ადამიანის ნამოქმედარი საქმეები ანგელოზების გარეშეც იცის, მან ამ ანგელოზებს მაინც დაავალა ადამიანის საქმეების სათითაოდ აღნუსხვა. ამრიგად, ადამიანის მიერ გაკეთებული ყველა ქმედება ამ ანგელოზების მიერ სრული სიზუსტით აღინუსხება. ამ პროცესის შესახებ ადამიანებმაც იციან და ეს არის გაფრთხილება იმისათვის, რომ ყველამ განკითხვის დღისთვის მოემზადოს. უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ მფარველი ანგელოზები ამგვარად აღწერენ ადამიანთა ყველა საქციელს, იმის ნიშანია, რომ სამსჯავრო შემდგომ ცხოვრებაში ყოველგვარი უსამართლობისა და შეცდომის გარეშე ჩატარდება. ასეთი მოწმისა და ჩანაწერის შემთხვევაში არ იქნება შესაძლებელი, რომ ადამიანმა ვერ გაიხსენოს თავისი გაკეთებული საქმეები, უარყოს ისინი, რაც ჩაიდინა, ან სხვა საბაბი მოიგონოს.
ადამიანის განცდა, რომ ის იმყოფება მფარველი ანგელოზების მეთვალყურეობისა და მფარველობის ქვეშ და იმის ცოდნა, რომ მისი არც ერთი საქმე არ დარჩება საიდუმლოდ, მნიშვნელოვანი ფაქტორია საიმისოდ,რომ ყველა სიტუაციაში მორწმუნოებრივად მოიქცეს. სხვა პერსპექტივიდან შეიძლება ითქვას, რომ მფარველი ანგელოზების არსებობა ნებისმიერ დროს აძლიერებს ადამიანს სხვადასხვა სიძნელეებისა და ცხოვრებისეული შიშების წინააღმდეგ და იცავს მას ზედმეტი სასოწარკვეთლებისაგან.
საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მფარველი ანგელოზები, რომლებიც ყოველთვის არიან ადამიანებთან და იწერენ მათ ყველა კარგ და ცუდ სიტყვას, საქმეს და ქცევას თავიანთ წიგნში, ამავდროულად იცავენ ადამიანებს სხვა ზიანისგან, გარდა ყოვლისშემძლე ალლაჰის მიერ განსაზღვრულისა, ხოლო მათ მიერ აღნუსხული ინფორმაცია განკითხვის დღეს გაცხადდება.
როგორ უნდა გავიგოთ, რომ ანგელოზები ადამიანებს ეხმარებიან?
ანგელოზები არიან სინათლისგან შექმნილი არსებები, რომელთა ერთადერთი მოვალეობა ყოვლისშემძლე ალლაჰის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ. ჩვენი ცოდნა ანგელოზების შესახებ, რომლებსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ, წმინდა ყურანისა და ჩვენი შუამავლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით შემოიფარგლება. გთავაზობთ აიათებს, სადც ანგელოზების შესახებ ინფორმაციაა მოწოდებული:
„მას მიჩენილნი ჰყავს წინიდან და უკნიდან მეთვალყურენი, იცავენ მას ალლაჰის ბრძანებით. უეჭველად, ალლაჰი არ შეცვლის ხალხის მდგომარეობას, სანამ თავად ხალხი არ შეიცვლება. და თუ ინება ალლაჰმა ვნება ხალხისა, მაშ, ვერავინ შეაკავებს მას, და მის გარდა, არავინ ჰყავთ მათ დამცველი“.
(რად, 13/11)
„ლამისაა ცანი გაიპონ ზევიდან. და ანგელოზები ადიდებენ ქებით თავიანთ ღმერთს და შენდობას შესთხოვენ იმისათვის, ვინც ქვეყანაზეა. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია“. (შურა, 42/5)
„რომელნიც ზიდავენ ტახრევანს და ვინც მის გარშემოა, ადიდებენ ქებით თავიანთ ღმერთს, სწამთ მისი და შესთხოვენ შენდობას იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს: „ღმერთო ჩვენო! შენ გარემოიცავ ყველაფერს წყალობითა და ცოდნით. მაშ, მიუტევე მათ, რომელთაც მოინანიეს და გაჰყვნენ შენს გზას და დაიფარე ისინი ჯოჯოხეთის სასჯელისგან! ღმერთო ჩვენო! შეიყვანე ისინი სამოთხის ბაღებში, რომელიც აღუთქვი მათ და ვინც კეთილი ჰქმნა მათ მამებთაგან, მეუღლეთაგან და შთამომავალთაგან. უეჭველად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი. და დაიფარე ისინი სიავეთაგან, რამეთუ ვისაც შენ დაფარავ იმ დღეს სიავეთაგან, უეჭველად, მხოლოდ ის იქნება მიტევებული შენგან. და სწორედ ეს არის დიადი ნეტარება. (მუმინ, 40/7-9)
აბდულლაჰ ბინ მესუდის გადმოცემით შუამავალი ანგელოზებს შემდეგნაირად აღწერს:
„არის ემოციები/გრძნობები, რომლებსაც ადამიანის გულში ეშმაკები და ანგელოზები ტოვებენ. სატანა გულში ბოროტებას და ჭეშმარიტების უარყოფის გრძნობას ტოვებს. მეორეს მხრივ, ანგელოზი კი ტოვებს ემოციებს, რომლებიც ადამიანებს სიკეთისკენ მოუწოდებს და სიმართლეს ამყარებს. ვინც გრძნობს ისეთ გრძნობას, რომელიც მას სიკეთისკენ მოუწოდებს, უნდა იცოდეს, რომ ეს ალლაჰისგანაა და ამიტომ ყოვლისშემძლე ალლაჰს მადლობა უნდა შესწიროს. „ვინც გრძნობს სხვა გრძნობას, რომელიც მას ბოროტებისკენ მოუწოდებს, უნდა იცოდეს, რომ ეს ეშმაკისგანაა და ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა „შეეფაროს ყოვლისშემძლე ალლაჰს განდევნილი ეშმაკის ბოროტებისგან!“ ამის შემდეგ შუამავალმა შემდეგი აიათი წაიკითხა:
„ეშმაკი სიღატაკეს გპირდებათ და სიგლახეს გიბრძანებთ თქვენ. ხოლო ალლაჰი თავის მიტევებასა და წყალობას გპირდებათ. და ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა!“ (ბაყარა 2/268; ჰადისისთვის იხ.: თირმიზი, თეფსირი, 3; ნასაი, თეფსირი, 46)
გარდა ამისა, ანგელოზები ასევე ეხმარებოდნენ მუსლიმებს ომებში, უზრუნველყოფენ მორალურ მხარდაჭერას და მათ მტრებში შიშსა და სასოწარკვეთას იწვევდნენ. როდესაც ჩვენ ვუყურებთ საკითხს იმ თვალსაზრისით, რომ ანგელოზები სრულად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, (იხ. თაჰრიმი 66/6), შეიძლება ითქვას, ღვთის ნებით მათი მფარველობა და მხარდაჭერა უტყუარია. მაშასადამე, ცხადია, რომ არსებობს კავშირი ანგელოზებსა და ადამიანებს შორის, თუნდაც ის შეუიარაღებელი თვალით არ იყოს ხილული და მისი ბუნება და შინაარსი ბოლომდე არ იყოს ცნობილი.
ანგელოზების მხრიდან ადამიანებზე დახმარების ფორმები შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:
- ისინი ღმერთს ევედრებიან და ადამიანთა მფარველობას სთხოვენ;
- აქვთ სურვილი, რომ ადამიანებმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ და სიკეთე აკეთონ, რისთვისაც შესაბამის ემოცებს აღძრავენ.
- ღვთის ნებით, ისინი ცდილობენ დაიცვან ადამიანები მრავალი ზიანისა და საფრთხისგან, რომლის შესახებაც მათ არ იციან,
- ისინი ღვთის ნებართვის, ნებისა და ბრძანების შესაბამისად ადამიანებს ყოველთვის ეხმარებიან.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ ანგელოზების დახმარებისა და მხარდაჭერის შესახებ, არის ის, რომ დახმარება რეალურად არის ღვთისგან და არც ანგელოზებს და არც სხვა არსებებს არ შეუძლიათ დახმარების გაწევა ღვთის ნებართვის გარეშე. ამის დასტური შემდეგი აიათია:
„მაშინ შენ (ო, შუამავალო)! მორწმუნეებს შემდეგნაირად ეუბნებოდი: „ნუთუ არ კმარა თქვენთვის შეწევნა ალლაჰისა ზეციდან მოვლინებული სამი ათასი ანგელოზით?!“ დიახ! თუ მომთმენი და ღვთისმოშიშნი იქნებით, და თუ მოულოდნელად თავს დაგესხმიან ისინი(მტრები), შეგეწევათ უფალი თქვენი ხუთი ათასი ანგელოზით ნიშანდასმულით.
და მხოლოდ იმიტომ გახარათ ალლაჰმა თქვენ (ეს შეწევნა), გულები რომ დაგემშვიდებინათ (გეჯერებინათ).და არ არს შეწევნა, გარეშე ალლაჰისა, ძლევამოსილისა, ბრძენისა. (და ეს შეწევნა მოევლინა) რათა გაანადგუროს (მოკვეთოს) ნაწილი იმათი, ვინც არ ირწმუნეს ან გააცამტვეროს და უკან გააბრუნოს იმედგაცრუებულნი. (ალი იმრანი 3/ 124-127)
„და რამდენი ანგელოზია ცათა შინა, რომელთა შეწევნაც ვერაფერში წაადგებათ მათ, ვიდრეღა არ იქნება ნება ალლაჰისა, ვისთვისაც ინებებს და ვისგანაც კმაყოფილია“. (ნეჯმი 53/26)
რელიგიას/ისლამსა და შარიათს შორის კავშირი
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მედია საშუალებებში დრო და დრო ხვდება შემთხვევითი განცხადებები და დისკუსიები ისეთი ცნებების შესახებ, როგორიცაა რელიგია, ისლამი და შარიათი. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მოცემული ცნებების უყურადღებო და არათანმიმდევრული ენით, მეცნიერული რეალობისა და მეთოდოლოგიისგან დაცლილი, იდეოლოგიური, პოლიტიკური და პოპულისტური მიდგომით გამოყენება მძიმე შეცდომებს, დაბნეულობას და სერიოზულად ნეგატიურ აღქმას იწვევს. შესაბამისად, ვინც საუბრობს და აზიარებს ასეთ ინფორმაციას, უნდა მოიქცეს პასუხისმგებლობით, დაიცვას სიმართლე და იყოს ობიექტური. ყველა საჭირო ინფორმაცია განმარტებულია რელიგიის საკითხთა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული და დადასტურებული სახელმძღვანეოების შინაარსში. ასევე ნათლად და სრულყოფილად არის ახსნილი ისლამის ძირითად წყაროებში და სწავლულთა ნაშრომებში. აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია აგრეთვე პრეზიდენტის პუბლიკაციებში და ისლამის ენციკლოპედიაში. გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მრავლადაა წარმოდგენილი ფართო აკადემიური კვლევები.
ალლაჰის წინაშე ჭეშმარიტი რელიგია ისლამია. (ალი იმრანი, 19) რელიგიურ ტერმინოლოგიაში სიტყვები რელიგია/ისლამი და შარიათი ზოგჯერ ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, ასევე გამოიყენება სპეციალური მნიშვნელობით რელიგიის სხვადასხვა განზომილებისა და შინაარსის გამოსახატავად. შესაბამისად, ყველა ინფორმაცია და მითითება, რომელიც ალლაჰის მიერ იქნა მოვლენილი ერთიანობაში ქმნის რელიგიას. რეგულაციები, რომლებიც ადამიანის ინდივიდუალური და სოციალური ცხოვრების ასპექტებს არეგულირებს შარიათი ჰქვია. ზოგადად, "რელიგია" არის ყველა ღვთაებრივი მცნების სახელი, რომელიც არეგულირებს ადამიანის ცხოვრებას და მათ მიერ შექმნილ ღვთაებრივ წესრიგს. ეს ღვთაებრივი ბრძანება ადამიანს და მის ცხოვრებას ერთ მთლიანობაში განიხილავს. რელიგიური დებულებები ორ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი ფიქსირებული/უცვლელია, ხოლო მეორე ნაწილი ღიაა ცვლილებებისთვის დროისა და პირობების გათვალისწინებით. ამრიგად, ზოგიერთ დებულებას აქვს უნივერსალური და უცვლელი ხასიათი, მეორე ნაწილი კი ღიაა ცვლილებებისთვის მათი ინტერპრეტაციის (იჩთიჰადის) თვალსაზრისით, რომელიც უნდა მოხდეს კომპეტენტური სწავლულების მიერ და მთლიანობაში ეს დებულებები საზოგადოებების ცხოვრებას არეგულირებს. როდესაც მუსლიმი სწავლულები რელიგიას ამბობენ, ისინი ყოველთვის ორივე სახის დებულებას ერთად გულისხმობდნენ. თუმცა, იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ გაგებას და გამოხატონ, თუ რომელი დებულებებია უნივერსალური და ფიქსირებული და რომელი ღიაა იჯთიჰადისთვის, მათ აირჩიეს დებულებების კატეგორიზაცია. ამ მიზეზით, საერთო და უცვლელი საკითხები, რომლებიც ყველა შუამავლის მიერაა ნაქადაგები, წარმოადგენს რელიგიის ფიქსირებულ და უცვლელ დებულებებს და როდესაც რელიგია ვიწრო გაგებით არის ნახსენები, ეს დებულებები იგულისხმება. შარიათი, თავის მხრივ, გამოიყენება როგორც მთელი რელიგიის ფართო გაგებით გაგებისთვის, ასევე ის გულისხმობს რელიგიის განსაკუთრებული დებულებების გამოხატვას სოციალურ, იურიდიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ რელიგია ვიწრო გაგებით სიმბოლოა უცვლელი დებულებების, შარიათი ასევე გულისხმობს დებულებებს, რომლებიც ღიაა ინტერპრეტაციისთვის და იცვლება, საჭიროების შემთხვევაში, იურისპრუდენციის წესების მიხედვით და ასევე გაითვალისწინება სხვა და სხვა ფაქტორები. ბუნებრივია ისეთი დებულებები, რომლებიც ალლალსა და არამს განსაზღვრავს, არ იცვლება.
ისლამური რელიგიის მთავარი მიზანია ადამიანებს სწორად ცხოვრება ასწავლოს, რათა საიქიო ხსნას მიაღწიონ და ასევე უზრუნველყოს ადამიანებისა და სოციუმის კეთილდღეობა მსოფლიოში სამართლიანი და ჰუმანური წესრიგის დამყარებით. ეს მიზანი შეიძლება შეჯამდეს, როგორც "ბოროტების განდევნა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისლამი ითვალისწინებს ყველაფერს, რაც ადამიანისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ აუცილებელია. ის კრძალავს და ცდილობს აღმოფხვრას მათთვის საზიანო ყველა პრობლემა. სარწმუნოების სრულყოფისათვის მხოლოდ რწმენა და თაყვანისცემა არ კმარა, ასევე საჭიროა ზნეობა და ის დებულებები, რომლებიც სოციალურ ცხოვრებას არეგულირებს.
დასავლელი მოაზროვნეები და ფილოსოფოსები რელიგიას განმარტავენ, როგორც "სისტემას, რომელიც ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობას" არეგულირებს. ამ თვალსაზრისით, მუსლიმი სწავლულები ხაზს უსვამენ ღმერთსა და ადამიანს, ღმერთსა და სოციუმს და ასევე ადამიანის სხვა ადამიანთა ურთიერთობას. როგორც რელიგია, ისლამი ასევე მოიცავს ადამიანებს შორის ურთიერთობის რეგულირებას. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყურანი, წმინდა წიგნი, მოიცავს ისეთ აიათებს, რომლებიც მოიცავენ, როგორც იურიდიულ რეგულაციებს, ასევე რწმენისა და ზნეობის საკითხებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან გარკვეული წესები მათი რაციონალური მეთოდებისა და გამოცდილების გამოყენებით სოციალური წესრიგის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ღვთაებრივი ნება და სარწმუნოება, რათა ერთ მთლიანობაშ იქნას აღქმული. შეთანხმებები, რომლებიც გონიერებისა და გამოცდილების საფუძველზე სამართლებრივ წესებს ქმნიან, ამ თემაზე ღვთაებრივი ნების ძირითადი პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს. ამდენად, ისლამის მიხედვით რელიგია, მორალი და კანონი ერთმანეთის შემავსებელი ფაქტორებია.
იმ საკითხების განხილვა, რომლებიც უნდა განიხილებოდეს წმინდა მეცნიერულ ნიადაგზე, კონტექსტიდან გამოყოფით და იდეოლოგიური, პოლიტიკური და პოპულისტური ტენდენციურობის გავლენით განხილვა, ხალხის რწმენაში, მორალსა და რელიგიურ ცხოვრებაში დადებით წვლის ვერ შეიტანს. ბუნებრივია, არც მათ ერთიან, სოციალურ სინდისში იპოვის გამოხმაურებას.
აქვს თუ არა რეინკარნაციის რწმენას ადგილი ისლამში?
რეინკარნაცია იდეა სულის ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ გარდაცვლილის სული გადადის სხვა სხეულში. სულის მიგრაციის რწმენის მიხედვით, რომელიც ძირითადად გვხვდება ინდურ რელიგიებში, სული სიკვდილის შედეგად არ ქრება და აგრძელებს ცხოვრებას სხვა სხეულში. გასაგებია, რომ სულის მიგრაციის რწმენა სათავეს იღებს უკვდავების იდეიდან, რომელიც ინდურ კულტურაში არის დამკვიდრებული.
იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში არ არსებობს რწმენა იმისა, რომ ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ სხვა არსებაში გარდაიქმნება. თუმცა, სულის მიგრაციის რწმენა გავრცელდა ამ რელიგიების ზოგიერთ ექსტრემალურ სექტებსა და ეზოთერულ ჯგუფებში სხვა სოციუმთან კულტურული ურთიერთქმედების შედეგად.
სულის ბუნება და სიკვდლის შემდგომი მდგომარეობა უხილავი საკითხებია და ამ ყველაფერზე რაციონალური დაკვირვებით დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. ასეთ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ მხოლოდ იმ დოზით, რასაც შუამავალი გვაცნობებს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება წმინდა ყურანში და ჰადისებში, რომელიც ადასტურებს ან მიუთითებს „სულის გადასახლებაზე“ ან მსგავს კონცეფციაზე. პირიქით, წმინდა ყურანში ნათლად არის ნათქვამი, რომ მკვდარი ადამიანი ვეღარ დაბრუნდება:
„და როცა სიკვდილი ეახლება რომელიმე მათგანს, ის ამბობს: ღმერთო ჩემო, დამაბრუნე უკან, ეგებ ვაკეთო კეთილი საქმე, რომელიც მივატოვე!“ მაგრამ არა! უეჭველად, ეს მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც წარმოთქვამს. და მათ უკან ზღუდეა აღდგომის დღემდე“. (მუმინუნი, 23/99-100; იხილეთ აგრეთვე ენამ 7/27-28)
შედეგად, ისლამის თანახმად, მცდარია რწმენა „სულის გადასახლების“ ან სულის სხვა სხეულში გარდასვლის შესახებ სიკვდილის, ხელახალი დაბადების ან სხვა არსებაში განსახიერების სახით.
მიზეზი
რეინკარნაციის რწმენის საფუძველს სულის სხვა სხეულში გადასვლის იდეა წარმოადგენს. შესაბამისად სული აგრძელებს არსებობას, ადამიანის სიკვდილის შემდეგ, სხეულების გამუდმებით ცვლის შედეგად. (იხ. აბდულქაჰირ ელ ბაღდადი, განსხვავება სექტებს შორის, ანკარა, 1991, გვ. 208-212; ალი მუჰენნა ალი. ბეირუთი, 1990, ტ. 2, გვ) თუმცა, ადამიანის გონებისთვის სულის შემდგომი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის აღქმა შეუძლებელია, რადგან ეს უხილავი სფეროა და ადამიანმა მხოლოდ ის უნდა იწამოს, რაცა წმინდა წყაროები გვასწავლის. მაშასადამე, ასეთ საკითხებში მხოლოდ შუამავალთა მიერ მოტანილ ინფორმაციასა და ამბებზე შეიძლება დაყრდნობა.
რწმენა იმისა, რომ სული აგრძელებს სიცოცხლეს დედამიწაზე სიკვდილის შემდეგ სხვა სხეულში გარდასვლის გზით, თავისთავად წინააღმდეგობრივია, რადგან როცა ადამიანი კვდება და სული სხეულს ტოვებს, სიცოცხლის ნიშნები ქრება. ამ შემთხვევაში, იმისათვის, რომ სულმა გააგრძელოს სიცოცხლე, უნდა შეიქმნას სხეული, იმ სხეულის გარდა, რომელთანაც იგი თავდაპირველად იყო ინტეგრირებული და სული უნდა გადავიდეს მასში. თუმცა, ლოგიკური თვალსაზრისით, შეუძლებელია ორი სულის ერთ სხეულში შეკრების ალბათობა. მაშასადამე, არასწორია იმის მტკიცება, რომ ადამიანის სული, რომელიც შედგება სულისა და სხეულის ერთიანობისგან, სიკვდილისთანავე გადავა სხვა სხეულში. (იხ. რაზი ფაჰრუდდინი, ქითაბულ მუჰასსალ, ჰუსეინ ათაი, კაირო, 1991, გვ. 546-548).
აღნიშნული თემის შესახებ ყურანში გარკვეული ინფორმაცია არსებობს:
„ და გეკითხებიან შენ სულის შესახებ, უთხარი: „სული ჩემი ღმერთის მბრძანებლობაშია, და არ მოგნიჭებიათ თქვენ ცოდნისგან მცირედის გარდა!“ (ისრა, 17/85).
„და როცა სიკვდილი ეახლება რომელიმე მათგანს, ის ამბობს: ღმერთო ჩემო, დამაბრუნე უკან,
ეგებ ვაკეთო კეთილი საქმე, რომელიც მივატოვე!“ მაგრამ არა! უეჭველად, ეს მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც წარმოთქვამს. და მათ უკან ზღუდეა აღდგომის დღემდე!“ (მუმინუნი, 23/99-100)
„ჰეი, ადამის შვილნო! არ გაცდუნოთ ეშმაკმა, როგორც თქვენი მშობლები გამოიყვანა სამოთხიდან, სამოსი გახადა, რათა მათთვისვე თავიანთივე სარცხვენელი ეჩვენებინა. უეჭველად, იგი და მისი ხროვა გხედავთ იქიდან, საიდანაც თქვენ მათ ვერ ხედავთ. უეჭველად, ჩვენ მეგობრებად დავუდგინეთ ეშმაკნი მათ, რომელთაც არ ირწმუნეს.
და როცა ისინი საზიზღრობას სჩადიან, ამბობენ: ამაზე ვპოვეთ ჩვენი მამები, და ალლაჰმა გვიბრძანა ეს. უთხარი: უეჭველად, ალლაჰი არ გიბრძანებთ საზიზღრობებს. ნუთუ ამბობთ ალლაჰზე იმას, რაც არ იცით?
უთხარი: ღმერთმა ჩემმა სამართლიანობა ბრძანა და ყოველ სალოცავთან სახენი თქვენი მისკენ მიაპყარით და წრფელი გულით ღვთისმსახურებანი მხოლოდ მისი კმაყოფისთვის აღავლინეთ. როგორც თავიდან გაგაჩინათ, ისე მიბრუნდებით (მასთან) თქვენ!“
„ნეტავ განახა, როგორ ჩახრიან თავს ცოდვილნი თავიანთი ღმერთის წინაშე: „ღმერთო ჩვენო! ჩვენ დავინახეთ და გავიგონეთ! მაშ, უკან დაგვაბრუნე, ვჰქმნათ სიქველე, რამეთუ უკვე ვუწყით ჭეშმარიტებას!“ ჩვენ რომ გვენებებინა, უთუოდ, მივჰმადლიდით ყოველ სულს ჭეშმარიტ გზას, მაგრამ აღსრულდა სიტყვა ჩემგან: „უსათუოდ ამოვავსებ ჯოჯოხეთს მთლიანად ჯინებითა და ხალხით!“
მაშ იგემეთ, რამეთუ დაივიწყეთ თქვენ ამ დღესთან შეხვედრა. უეჭველად, ჩვენც დაგივიწყეთ. დაე, იგემეთ მარადიული სასჯელი იმისთვის, რასაც სჩადიოდით!“ (ენამ 7/27-28; საჯდა 32/12-14). როგორც ამ აიათებიდან ჩანს, გარდაცვლილის სული ამიერ სამყაროში არასოდეს ბრუნდება. შემდგომი ცხოვრება, რომელიც იწყება სიკვდილით, ღმერთმა დააწესა, როგორც მარადიული სიცოცხლე, რომელიც აღარ დასრულდება. იქ ადამიანი მიიღებს ჯილდოს ან სასჯელს იმ საქმისთვის, რაც მან ამქვეყნიურ ცხოვრების მანძილზე გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ გარდაცვლილის სულის ევოლუცია რეინკარნაციის გზით გამორიცხულია. როგორც ჰადისშია ნათქვამი, ადამიანის სულიერი კავშირი ამ სამყაროსთან გრძელდება გაკეთებული სიკეთის მეშვეობით, რომელსაც ის ტოვებს საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის, მეცნიერული ნაშრომით, რომლითაც ადამიანები სარგებლობენ, ან კარგად აღზრდილი შვილით, რომელიც მისთვის ევედრება. (იხ. მუსლიმი, 3/1255 1621, ანდერძი 14)
საკითხთან დაკავშირებით არსებობს სხვა აიათებიც:
„ხოლო როცა მათ დაივიწყეს ის, რასაც ჩავაგონებდით, გადავარჩინეთ ჩვენ, რომელნიც აღუკვეთდნენ ცუდს. და ისინი, რომელთაც შესცოდეს, დავსაჯეთ სასტიკი სასჯელით იმისთვის, რომ არასწორ გზაზე იდგნენ.
ხოლო როცა დაარღვიეს ის, რაც ეკრძალებოდათ, ვუთხარით მათ: იყავით საზიზღარი მაიმუნები!“ (ეღრაფი 7/166; აგრეთვე იხ. ბაყარა 2/65)
თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი უხილავი საკითხია, გონების მიერ ასეთი საბოლოო განსჯის გამოტანა სწორად არ შეიძლება ჩაითვალოს. ისლამის მიხედვით, ადამიანი სულისა და სხეულისგან შემდგარი მთლიანობაა. ამ ორის გამიჯვნა შეუძლებელია. ფაქტობრივად, წმინდა ყურანის თანახმად, აღდგომა მოხდება მაშინ, როდესაც სული გაერთიანდება სხეულთან; ადამიანი სულთან და სხეულთან ერთად დაჯილდოვდება, ან დაისჯება.
„და იმისთვის, რაც თქვეს მათ ალლაჰი დაასაჩუქრებს სამოთხეებით, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დარჩებიან სამუდამოდ. ესაა კეთილისმთესველნის საზღაური“.
„განა თვლის ადამიანი, რომ ვერ შევყრით მის ძვლებს? დიახ! მძლენი ვართ იმაზე, რომ თავიდანვე მოვაწყოთ თითთა წვერნი მისი“. (მაიდე, 5/85; რაჰმანი, 55/68; ყიამეთ, 75/3-4).
უხილავის ცოდნა
უხილავი გულისხმობს ყველაფერ იმას, რაც ადამიანის გონებისა და გრძნობის ორგანოების აღქმის მიღმაა და რის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ღმერთი გვაწვდის. ღმერთი შუამავლებს აწვდის გარკვეულ ინფორმაციას უხილავის შესახებ და ისინიც ხალხს ეუბნებიან. ყველანაირი მკითხაობა, ან რაიმის წინასწარმეტყველების მცდელობა და გაცხადება იმისა, რომ მომავალში რაღაც აუცილებლად მოხდება, ისლამის დოქტრინას არ შეესაბამება. ერთ-ერთი იდეა, რომელიც ამტკიცებს მომავლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ უსაფუძვლო რწმენის საფუძველზე, რომ ასოები და რიცხვები განსაკუთრებულ საიდუმლოებას შეიცავს, ასევე უსაფუძვლო და ცრურწმენის გამოვლინებაა.
„და მისთანაა გასაღებნი დაფარულისა, არავინ უწყის მის გარდა. და იცის, რაც ხმელეთზეა და ზღვაში. ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდება მისი ცოდნის გარეშე, და არცა მარცვალი ნედლი და ხმელი მიწის წყვდიადში, რომ არ იყოს ცხად წიგნში. და იგია, რომელიც ღამით მიგაბარებთ თქვენ, და იცის რას იხვეჭთ დღისით. მერე გაგაცოცხლებთ მასში, რათა აღსრულდეს დანიშნული დრო. შემდეგ მასთანაა მისაქციელი თქვენი. მერე ის გაცნობებთ თქვენ, რასაც სჩადიოდით’.
„და ამბობენ: არ შეიძლებოდა, რომ გარდმოვლენოდა მას სასწაული მისი ღმერთისგან? მაშინ უთხარი: უხილავი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მაშ, დაელოდეთ და უეჭველად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები. და როცა ადამიანებს ვაგემეთ ჩვენ წყალობა მას შემდეგ, რაც უბედურება დაატყდათ, მაშინვე ხრიკების ხლართვა დაიწყეს ჩვენი აიათების წინაშე. უთხარი: ალლაჰი უსწრაფესია ხრიკების მოწყობაში! უეჭველად, ჩვენი შუამავალნი იწერენ, რასაც ხლართავთ თქვენ!“ (ენამ 6/59); ასევე (იუნუსი 10/20);
„და ალლაჰისაა ცათა და ქვეყნის იდუმალება და მასთან მიბრუნდება საქმენი. ამიტომ თაყვანი ეცით და მიენდეთ მას, და ღმერთი შენი როდია უგულისყურო იმისადმი, რასაც სჩადიხართ თქვენ! (ჰუდი 11/123);
„იგი უწყის უხილავს, ამიტომაც არავის აცნობებს უხილავის შესახებ, გარდა ვინც მიაღწია სათნოებას შუამავალთაგან. მაშინ, იგი გადაისვრის მის წინიდან და უკნიდან მცველებს, რათა იცოდნენ, რომ მათ უკვე ამცნეს წარმოგზავნილი თავიანთი ღმერთისა. გარემოიცვა იგი, რაცაა მათ წიაღში და გამოთვლილი აქვს ყოველი რაოდენობა“. (ჯინ 72/26-27).
შუამავალი გვასწავლის, რომ უხილავის ცოდნა მხოლოდ ალლაჰს აქვს“ (მუსნედი I, 391, 452; ნესაი, „სეჰვ““ 62). ასევე იხილეთ ანალოგიური შინაარსის ჰადისები (მუსლიმი, „რწმენა“ 287; ტირმიდი, „თეფსირი“ 7).
ვინაიდან ალლაჰის რწმენა ადამიანის ბუნების თანდაყოლილი მოთხოვნილებაა, უზენაესი არსების რწმენისა და მისდამი დამოკიდებულების გამოხატულება პირველი ადამიანის გაჩენის დღიდან სხვადასხვაგვარად ვლინდება. ღმერთმა არ დაიშურა თავისი დახმარება ამ საკითხში და შუამავლებისა და წმინდა წიგნების მეშვეობით ასწავლა კაცობრიობას, როგორ ერწმუნათ. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე შუამავლები იგზავნებოდნენ, რათა ეჩვენებინათ სწორი გზა და გამოესწორებინათ რწმენის შეცდომები, რომლებიც დროთა განმავლობაში წარმოიშვა.
ისლამი ის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, რომელიც ღმერთმა ჰზ. ადამიდან დაწყებული, შუამავალ მუჰამმედით დამთავრებული, ყველა შუამავალს გზავნილის სახით მოუვლინა. ეს სარწმუნოება ერთი ღმერთის რწმენას ეფუძნება. ამ რწმენის მიხედვით ღმერთ ერთია და მას არ ჰყავს ტოლი, სწორი და მოზიარე. მას გააჩნია უზენაესი თვისებები და მისი ძლევამოსილება აბსოლუტურია.
„უეჭველად, ჩვენ მივაწოდეთ მათ ერთი წიგნი, მორწმუნე ხალხთათვის წყალობად და ჭეშმარიტ გზად, რომელიც სიბრძნით განვმარტეთ ჩვენ.
განა ეგენი მხოლოდ ელიან ახსნა-განმარტებას? იმ დღეს, როცა ის განიმარტება, იტყვიან, რომელთაც ადრე დაივიწყეს იგი: „ჩვენთან უკვე იყვნენ მოსულნი ჩვენი ღმერთის შუამავალნი ჭეშმარიტებით. და ახლა თუ გვყავს ჩვენ ქომაგნი, რომ დაგვიფარონ? ან იქნებ დავბრუნდეთ, რომ ის არ ვაკეთოთ, რაც გვიკეთებია? მათ წაიწყმიდეს უკვე თავიანთი სულნი; და ეგენი მიატოვა (განსაცდელში) იმან, რასაც იგონებდნენ!“ (არაფ 7/52; ასევე იხ. ჰუდი 11/1, ჰაჯი 22/16, ნემლი 27/1-3, ყემერი, 54/17)
ამ კონტექსტში ერთ-ერთ უსაფუძვლო იდეას წარმოადგენს „ჯეფრი“. ეს ცრუ გზა, რომელსაც არ აქვს ისლამური საფუძველი, ემყარება უსაფუძვლო რწმენას, რომ ასოები და რიცხვები განსაკუთრებულ საიდუმლოებას ატარებენ. ამ იდეის მიხედვით მიიჩნევა, რომ ასოები და რიცხვები გარკვეული კომბინაციის შემთხვევაში ღრმა მნიშვნელობას შეიცავენ და ასევე ინფორმაციას გვაწვდიან უხილავის შესახებ. ამ მხრივ, ჩანს, რომ ჯეფრი ასევე წარმოდგენილია როგორც მაგიის და კონტრ მაგიის იარაღი.
სინამდვილეში, ცრუმორწმუნე მეთოდები, როგორიცაა წინასწარმეტყველება და მაგია, რომლებიც შეზავებულია ეზოთერული და მისტიური საიდუმლოებით, ასევე გვხვდება ძველ ერებში, რომლებიც ისლამამდე ცხოვრობდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ქალდეველებს, ასურელებს, ბაბილონელებს, ეგვიპტელებს, შემდეგ კი ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის მცხოვრები მწერლები და ასტროლოგები სხვადასხვა ამბებს აწვდიდნენ ისეთ თემებზე, როგორიცაა სამყაროს დასასრული, სახელმწიფოების ბედი და სახელმწიფო მოღვაწეთა მომავალი.
მსგავსი ტენდენციები მუსლიმებს შრისაც შეინიშნება და გავრცელდა ისეთი ცრურწმენები, როგორიცაა ჯეფრი, ჰოროსკოპი ან ასტროლოგია.
ჯეფრი, ისლამურ კულტურაში შიიტების მეშვეობით შევიდა. შიიტური წყაროების მიხედვით, ჰზ. ალიმ შუამავლისგან მიიღო გარკვეული ინფორმაცია და ეს ყველაფერი ორ სახელმძღვანელოდ დაწერა. ეს ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება შეესაბამებოდეს ისლამის ცოდნის მიღების გზებს, სიმართლესთან შეუსაბამოა. უფრო მეტიც, ჰზ. ალიმ მტკიცედ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა სხვა წიგნი, გარდა ალლაჰის წიგნისა (ბუხარი, „ილიმი“ 39; იხ. ბუხარი, „ჯიჰად“ 71; მუსლიმი, „ედაჰი“ 8; მუსნედი, I, 108).
ასევე, ზოგიერთი გავრცელებული ცრურწმენის მიხედვით, შუამავალმა ღვთიური გზავნლის ერთი ნაწილი მხოლოდ ზოგ, მასთან დაახლოებულ პირს გაანდო, მაგალითად, ებუ ბექირს და ალის. ასეთი მიდგომა ნიშნავს, რომ მან სრულად ვერ შეასრულა თავისი მისია და ამდენად ამგვარი მოსაზრებების, ცრურწმენისა და ცილისწამების დაჯერება მიუღებელია. შუამავალი მთელ კაცობრიობას მიმართავდა და ყველას ჭეშმარიტი სარწმუნოების აღიარებისკენ მოუწოდებდა. ყურანში ვკითხულობთ:
„ო, შუამავალო! აუწყე, რაც ზემოგევლინა შენ შენი ღმერთისგან. და თუ ამას არ იქმ, მაშინ მისი წერილი სრულყოფილად არ გადაგიცემია. ხოლო ალლაჰი დაგიფარავს იმ ადამიანებისგან. უეჭველად, ალლაჰი ურწმუნო ხალხს არ დაადგენს ჭეშმარიტ გზას!
„იმის გამო, რომ ამბობენ: რა იქნებოდა გარდგმოვლენოდა განძი ან მოსულიყო მის ერთად ანგელოზიო, შენ შეიძლება გული შეგიწუხდეს და ხელი აიღო ზეშთაგონების იმ ნაწილზე, რაც გარდმოვლენილი იქნა შენზე. მაგრამ შენ ხომ მხოლოდ შემგონებელი ხარ. და ალლაჰია ყოველივეს მეთვალყურე!“ (იხ. მაიდე 5/67). ჰუდი 11/12;
ადამიანს შეუძლია მიაღწიოს უამრავ ინფორმაციას თავისი გონებითა და გრძნობებით. თუმცა, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მოკლეა და ინტელექტიც შეზღუდულია. ხანმოკლე სიცოცხლე და გონების საზღვრები ადამიანს ართმევს შესაძლებლობას სრულად გაიაზროს წარსული, მომავალი და შექმნას ამქვეყნიური ცხოვრების სწორი პრიორიტეტები სრულყოფილი გაგებით. სოციალური ცხოვრება, მეორე მხრივ, შეიძლება ჩამოყალიბდეს ძირითადი მორალური პრინციპების მიღებითა და გაბატონებით. შუამავლების გამოგზავნის სხვა მიზეზი არის ის ძირითადი პრინციპების გადმოცემა, რაც ადამიანებს სჭირდებათ ამქვეყნიური ცხოვრების ჯანსაღად დასამკვიდრებლად და შესანარჩუნებლად და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის.
შუამავლების მეშვეობით ადამიანები იღებენ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც გონებით ვერ მოიპოვებენ. ალლაჰის თვისებები, აღდგომა სიკვდილის შემდეგ, საიქიო ცხოვრება, ანგელოზები, ღვთისმსახურება და სხვა მსგავსი საკითხები ადამიანისთვის გაუგებარი დარჩებოდა, რომ არა ღვთიური სწავლება.
შეიძლება, რომ უნარშეზღუდულობა ადამიანის ცოდვების გამოსყიდვის საშუალება იყოს? დაჯილდოვდება თუ არა ადამიანი შემდგომ ცხოვრებაში ინვალიდობის გამო განცდილი სირთულეებისა და პრობლემებისთვის?
უდავოა, ყველა ცოდვის უდიდესი გამოსყიდვა გულწრფელი მონანიებაა. ყოვლისშემძლე ალლაჰი გულწრფელი მონანიების შემთვევაში ცოდვების მიტევებას გვპირდება. (იხ. თაჰრიმი 66/8). (ზუმერი 39/53.) რასაკვირველია, ამქვეყნიური განსაცდელის წინაშე მოთმინებას შემდგომ ცხოვრებაში დიდი ჯილდო აქვს. „და, უეჭველად, ჩვენ გცდით თქვენ ცოტა შიშითა და შიმშილით, ქონების, სულთა და ნაყოფთა ნაკლებობით. და შენ ახარე მომთმენთ“, (ბაქარა 2/155.) ეს აჩვენებს, რომ მათი ჯილდოები შეუზღუდავია.


