რეზო აზიზ მიქელაძე

ყურბანი ისლამში

სიტყვა „ყურბანი“ დაახლოებას ნიშნავს. მისი როგორც რელიგიური ტერმინის მნიშვნელობა ასეთია: ღვთისმსახურების მიზნით, ფიზიკური ნაკლის არმქონე ცხოველის, კონკრეტული პირობებისა და წესების დაცვით, ყურბან-ბაირამის დღეებში დაკვლა.ყურბნის შეწირვა ჰიჯრით მეორე წელს დადგინდა სავალდებულოდ. რაც ეყრდნობა ყურანს, სუნნეთსა და იჯმას.
ყურანში მოცემულია ცნობები ყურბანის ისტორიის შესახებ, რომლის სათავეც ადამამდე (ა.ს.) მიდის. ცნობილია აგრეთვე, რომ მსხვერპლშეწირვა, როგორც ღვთისმსახურება ისლამამდელ ზეციურ რელიგიებშიც არსებობდა.
ამ საკითხში ძირითადი საწყისი იბრაჰიმს (ა.ს.) ეყრდნობა. ამიტომ ყურბანი იბრაჰიმის (ა.ს.) სუნნეთია. აღნიშნულ ღვთისმსახურებას საფუძვლად უდევს ცნობილი ამბავი იბრაჰიმისა, რომელსაც ღმერთმა აღუსრულა სურვილი და ვაჟიშვილი მიჰმადლა. თუმცა წინ იყო გამოცდა, რომლის თანახმადა იბრაჰიმს ეს ვაჟიშვილი მსხვერპლად უნდა შეეწირა. იბრაჰიმმა (ა.ს.) წარმატებით შეასრულა დანაპირები და ვაჟიშვილის მსხვერპლად შეწირვა მტკიცედ გადაწყვიტა, მაგრამ ღმერთმა უბოძა მას მსხვერპლი, რომელიც იბრაჰიმსთავისი ვაჟიშვილის მაგივრად უნდა შეეწირა. ღვთის წიგნი გვამცნობს: „როცა მიაღწია მასთან ერთად სეირნობის ასაკს, უთხრა: „შვილო ჩემო, უეჭველად, სიზმარში ვიხილე, რომ მსხვერპლად გწირავდი. მაშ, გაიაზრე, აბა რას ჭვრეტ?“ მიუგო: „მამაჩემო! ჰქმენ რაც გებრძანა. მე მიხილავ მომთმენთაგან თუ იქნება ნება ალლაჰისა!““
„და გარდმოვსხით მადლი მასზე და ისჰაყზე. მათ შთამომავალთა შორისაა კეთილისმქმნელი და საკუთარი თავისადმი აშკარა უსამართლო. “საფფაფი“. 37/102-113.”
მეზჰებებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ყურბნის აუცილებლობასთან დაკავშირებით: ებუ ჰანიფეს მიხედვით აღნიშნული ღვთისმსახურების შესრულება ვაჯიბია ანუ სავალდებულოა, ხოლო დანარჩენი მიმდინარეობების იმამების მიხედვით კი, -სუნნეთი მუექქედეა.
რა არის ყურბანის რელიგიური დასაყრდენი?
სურა ქევსერში ვკითხულობთ, -“ილოცე შენი ღმერთისთვის და მას დაუკალი შესაწირი!”. ყველაზე სანდო გადმოცემის თანახმად აღნიშნული ლოცვა ბაირამის ლოცვაა, ხოლო შესაწირი ბაირამის დღეებში შეწირული მსხვერპლი.
“ვინც საშუალებას ნახავს და მსხვერპლს არ შესწირავს ჩვენს სალოცავს არ მოუახლოვდეს!”
მსგავსი ტიპის გაფრთხილება ვაჯიბის უგულებელყოფის შესმთხვევას გულისხმობს. სუნნეთი არის გზა, რომელსაც წმ. შუამავალი მიყვებოდა და სუნნეთი თავის მხრივ არ გამორიცხავს, რომ ესა თუ ის ღვთისმსახურება ვაჯიბია.
ზოგადად ყურბნის, როგორც ღვთისმსახურების შესახებ წმინდა ყურანში რამდენიმე აიათი არსებობს. სურა საფფათის 107-ე აიათში აშკარად არის გაცხადებული, რომ შუამავალ იბრაჰიმს შესაწირად გამზადებული შვილის გამოსასყიდად დიადმა გამჩენმა ყურბანი უბოძა. აიათში ვკითხულობთ: `და გამოსასყიდად ვუბოძეთ მას უდიდესი შესაწირი~.
გარდა ამისა, ქვემოთ მოცემული აიათებიც ყურბნის ღვთისმსახურებას უკავშირდება.
`ყოველი თემისთვის ჩვენ დავადგინეთ მსხვერპლშეწირვის ადგილი, რათა მათ ახსენონ ალლაჰის სახელი საქონელზე, რომელიც მან უბოძა. თქვენი ღვთაება ერთადერთი ღმერთია! მაშ, იყავით მისი მორჩილნი!…~ (სურა ჰაჯი, აიათი 34)
`უსათუოდ ვერ მიაღწევს ალლაჰთან ხორცნი შესაწირისა და ვერც სისხლნი მისი. მაგრამ მიუვა მას მხოლოდ თქვენი ღვთისმოშიშობა. ასე დაგიმორჩილათ მან ისინი თქვენ, რათა ადიდოთ ალლაჰი იმისთვის, რომ დაგაყენათ სწორ გზაზე. მაშ, ახარე სიკეთისმქმნელთ~! (სურა ჰაჯი, აიათი 37)
ზემოთ მოყვანილი აიათები დასტურია იმისა, რომ ყურბნის შეწირვა ღვთიმსახურების ერთ-ერთი პრაქტიკული გამოვლინებაა. ამ მიზნით შეწირული საქონლის არც ხორცი და არც სისხლი, ბუნებრივია, დიად გამჩენთან არ მიაღწევს, თუმცა ყველაზე მატად მნიშვნელოვანია ის, რომ გამჩენ ღმერთთან მიაღწევს თითოეული პიროვნების გულწრფელობა და ღვთისმოსაობა, რომელიც უზენაეს ალლაჰზე მორჩილების ცხადი გამოვლინებაა.
ყურბანის შესახებ არსებობს მრავალი ჰადისიც.
“ის, თქვენი წინაპრის, იბრაჰიმის, სუნნეთია!”
“ყურბნის თითოეულ ბეწვში თითო სიკეთეა!”
“… უეჭველია, რომ მსხვერპლის სისხლი სანამ მიწაზე დაიღვრებოდეს, მანმადე ღმერთთან აღწევს!”
ენესის გადმოცემის თანახმად, თავად უნახავს, როგორ შესწირა ღვთის შუამავალმა მსხვერპლი.
მსხვერპლის შეწირვის მიზანი იმ უთვალავ წყალობათა გამო ღვთისადმი მადლიერების გამოხატულებაა, რომელიც ადამიანს გამჩენმა უბოძა. გარდა ამისა მსხვერპლის შეწირვა ცოდვებისგან განწმენდის საშუალებაცაა.
შეწირული მსხვერპლის ხორცი შეიძლება მიირთვას, როგორც შემწირველის ოჯახის წევრებმა, ისე ღარიბებმა. ფითრის მოწყალების საფასური ფულის გაცემა მისაღებია, მაგრამ ღარიბებზე გასაცემი ხორცის საფასური ფულის გაცემა მიუღებელია.
ხორცი ადამიანების ყოველდღიური საჭიროებას წარმოადგენს. ამიტომ მსოფლიოში უამრავი საქონელი იკვლება. თუმცა ამ ხორცით მხოლოდ ისინი სარგებლობენ, ვისაც მისი ყიდვის საშუალება გააჩნია. მსხვერპლის ხორცით კი უმეტესწილად ამ მხრივ შეჭირვებული და საჭიროების მქონე ადამიანები სარგებლობენ.
მუსლიმი, რომელიც გონიერ, თავისუფალ და რელიგიური სტადარტების შესაბამისად მდიდრად ითვლება, უზენაესი ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების მიზნით, დაკლავს ყურბანს. ასე ის მატერიალურად შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარება და შესაბამისად დიად გამჩენს დაუახლოვდება.
რაში მდგომარეობს ყურბნის შეწირვის მიზანი?
თავდაპირველად უნდა ვიცოდეთ, რომ ყურბნის შეწირვის უმთავრესი მიზანი, უზენაესი ალლაჰის კმაყოფილების მოპოვება და მასთან დაახლოების სურვილია. ყურბანი, ამავე დროს, როგორც სოციალური თანადგომის, ასევე ურთიერთდახმარების მახასიათებელი ნიმუშია. აღნიშნული ღვთისმსახურების შესრულებით, უფრო მეტად, მოსახლეობის ღარიბი ფენა სარგებლობს. როგორც ჩანს, ყურბნის ღვთისმსახურების არსში გამჩენთან დაახლოება და საზოგადოებისთვის თავგანწირვის თვითშეგნება იკვეთება. ყურბნის შეწირვა მუსლიმი საზოგადოების მნიშვნელოვანი სიმბოლოა და ის საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩება.
ისლამი ადამიანის ინდივიდუალურ ღირებულებებს ყოველთვის ითვალისწინებს. ამასთან ერთად ყურადღებას აქცევს საზოგადოებისთვის გამაერთიენებელ ზოგიერთ ბრძანებებს, რაც ზექათის, ჰაჯობისა და ყურბნის მსგავსი სოციალური ხასიათის მქონე ბრძანებებში ნათლად ვლინდება. აღნიშნული ბრძანებები დასაბამიდან მოყოლებული მუსლიმი საზოგადოების ცხოვრებაში რწმენის ძირითად საფუძვლებს აერთიანებს. მისმა არსმა ჩვენამდე უწყვეტად მოაღწია და იგი ცვლილებებს არასოდეს დაქვემდებარებულა.
პირობები, რომლებსაც მსხვერპლის შემწირავი პიროვნება უნდა აკმაყოფილებდეს.
პიროვნება მსხვერპლშეწირვის ვალდებულებისათვის შემდეგ 4 პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: 1) პიროვნებას უნდა გააჩნდეს გარკვეული რაოდენობის ქონება. 2) პიროვნება უნდა იყოს მუსლიმი. 3) პიროვნება უნდა იყოს ზრდასრული და გონებასრული. .4) პიროვნება უნდა იყოს ადგილობრივი. ანუ მგზავრად არ უნდა ითვლებოდეს. გამომდინარე აქედან არამუსლიმებს, პატარა ბავშვებს, ფსიქიკურად დაავადებულებს, მგზავრებსა და ღარიბებს მსხვერპლის შეწირვის ვალდებულება არ გააჩნიათ.
სავალდებულო ყურბნის შეწირვის დრო?
სავალდებულო ყურბნის დაკვლა ყურბან ბაირამის პირველ, მეორე და მესამე დღეს მზის ჩასვლამდე გრძელდება. დაკვლის დრო, იქ სადაც ბაირამის ლოცვა სრულდება – ლოცვის დასრულების შემდეგ, ხოლო, იქ, სადაც ბაირამის ლოცვა არ სრულდება, დილის ლოცვის შემდეგ იწყება. რა თქმა უნდა ყურბან- ბაირამის პირველ დღეს დაკვლა უფრო უკეთესია.
რომელი ცხოველები შეიძლება დაიკლას ყურბნად?
ყურბნად დაიკვლება: ცხვარი, თხა, კამეჩი, მსხვილფეხა საქონელი, ძროხა, ხარი ან აქლემი. აღნიშნული საქონლის გარდა, სხვა ცხოველების ყურბნად შეწირვა მიუღებელია. თხა და ცხვარი – არანაკლებ ერთი წლის, კამეჩი და მსხვილფეხა პირუტყვი – არანაკლებ ორის წლის, ხოლო აქლემი აუცილებლად ხუთი წლის უნდა იყოს. გარდა ამისა, თუკი წვრილფეხა პირუტყვთაგან კონკრეტულად ცხვარი 6 თვის ასაკში 1 წლის შესახედაობის იქნება, მისი დაკვლაც მიზანშეწონილი იქნება.

როგორი უნდა იყოს საყურბნედ გამზადებული ცხოველი?
საყურბნედ გამზადებული ცხოველი, პირველ რიგში, უნდა იყოს ჯანმრთელი, არ უნდა ეკლოს კიდურები. ეს ღვთისმსახურების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. გამომდინარე აქედან, ყურბნად არ შეიძლება ისეთი კოჭლი პირუტყვის დაკვლა, რომელსაც სიარული უჭირს, მჭლეა, ორივე თვალიდან ბრმაა, ორივე ან ერთი რქა მოტეხილი აქვს, ენა, კუდი, ყური ან ძუძუ მოკვეთილი და კბილები სრულად ან ნახევრად დაცვენილი აქვს. თუმცა საყურბნედ არ აქვს პრობლემა პირუტყვს, თუკი დაბადებიდან არ აქვს რქა, კოჭლია, თვალები გაურბის, ერთი ყური გახვრეტილი ან გახეული აქვს.
რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება ყურბნის დაკვლის დროს?
ყურბნად გამზადებულ ცხოველს ტკივილი არ უნდა მიაყენო და არ უნდა აწვალო. პირუტყვი გამოცდილმა პიროვნებამ უნდა დაკლას და ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს სისუფთავეს. ყურბნის დაკვლის დროს ერთ პირუტყვი მეორეს ვერ უნდა ხედავდეს.
რაში მდგომარეობს ყურბნის დაკვლის დროს ბისმილლაჰის წარმოთქმის არსი და ამ დროს რომელი ვედრება უნდა წავიკითხოთ?
რა მიზნითაც უნდა იყოს, პირუტყვის დაკვლის დროს ბისმილლაჰის წარმოთქმა აუცილებელია. თუკი პირუტყვის დაკვლის დროს პიროვნება შეგნებულად არ წარმოთქვამს ბისმილლაჰს, იმ პირუტყვის ხორცის ჭამა არ შეიძლება. თუმცა დავიწყების შემთხვევაში ნებადართულია.
ყურბნის დაკვლის დროს სამჯერ ბისმილლაჰი ალლაჰუ ექბერ წარმოვთქვამთ და შემდეგ აიათებს წავიკითხავთ:
ყულ ინნეს სელაათი ვე ნუსუქი, ვე მეჰიააიე, ვე მემათი ლილლააჰი რაბბილ აალემინ ლაა შერიიქე ლეჰ. ვე ბი ზაალიქე უმირთუ ვე ენე ევველულ მუსლიმიინ. (სურა ენამი, 162/163)
ინნი ვეჯჯეჰთუ ვეჯჰიე ლილლეზიი ფეტერეს სემაავაათი ველ ერდე ჰანიიფენ ვე მაა ენე მინელ მუშრიქიინ.
აუცილებელია თუ არა ყურბნის დაკვლის დროს დამკვლელი იყოს აბდესიანი?
უნდა ითქვას, რომ ყურბნის დამკვლელი არ არის აუცილებელი იყოს აბდესიანი, თუმცა, თუკი აბდესიანი იქნება, უკეთესია.

რომელი პირუტყვი შეიძლება დაკლას რამდენიმე პიროვნებამ?
თხა და ცხვარი მხოლოდ ერთმა პიროვნებამ უნდა დაკლას, ხოლო რაც შეეხება მსხვილფეხა პირუტყვს, წმინდა შუამავლის ჰადისებზე დაყრდნობით, შესაძლებელია დაკლას არაუმეტეს შვიდი პიროვნებამ განუსხვავებლად კენტის ან ლუწისა. (ებუ დავუდი, დაჰაია, 7-8)
შეიძლება თუ არა რამდენიმე მეწილემ ნებაყოფილებით სავალდებულო ან შეპირებული ყურბანი ერთად დაკლას?
არ არის აუცილებელი რამდენიმე მეწილის განზრახვა იყოს ანალოგიური დასაკვლელ ერთ მსხვილფეხა ყურბანში. თუმცა ეს პროცესი ზოგადად ღვთისმსახურების მიზანს უნდა ისახავდეს. ასე შეიძლება ერთი საყურბნე პირუტყვი რამდენიმე პიროვნებამ შეპირებულის, ნააფილეს ან სავალდებულო ყურბნის განზრახვით დაკლას.
ვინ არის ვალდებული დაკლას ყურბანი?
მუსლიმი, რომელიც გონიერი, თავისუფალი და რელიგიური სტადარტების შესაბამისად მდიდრად ითვლება, უზენაესი ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების მიზნით დაკლავს ყურბანს. რელიგიურად მდიდრად ითვლება პიროვნება, რომელსაც ძირითადი მოთხოვნილებისა და ვალების გარდა, თუ 80,18 გრ ოქროს ან მისი ტოლფასი ღირებულების ფული ან ქონება გააჩნია. გამომდინარე აქედან, ასეთი პიროვნება, უზენაესი ალლაჰის მიერ ბოძებული წყალობის გამო, მისთვის მადლიერების გამოსახატავად ვალდებულია დაკლას ყურბანი.
სავალდებულოა თუ არა მდიდარმა ცოლ-ქმარმა ცალ-ცალკე დაკლას ყურბანი?
ნებისმიერი ღვთისმსახურება ინდივიდუალურია. ამიტომ რელიგიურად მდიდარი ცოლ-ქმარი ვალდებულია ყურბანი ცალ-ცალკე დაკლან.
ვალდებულია თუ არა მგზავრი დაკლას ყურბანი?
მგზავრი არ არის ვალდებული დაკლას ყურბანი. თუმცა, თუკი დაკლავს რა თქმა უნდა უკეთესია და მადლს მოიგებს. ისინი, ვინც, მგზავრობის დროს დაკლავენ ყურბანს და ბაირამის დღეებში ოჯახში დაბრუნდებიან, არ არიან ვალდებული ყურბანი ხელახლა დაკლან. მაგრამ ვინც მოგზაურობის პერიოდში ყურბანს არ დაკლავს და ბაირამის დღეებში ოჯახში დაბრუნდება, ვალდებულია ყურბანი დაკლას.
შეიძლება თუ არა ყურბანი ქალმა დაკლას?
არა აქვს მნიშვნელობა დამკვლელი ქალი იქნება თუ მამაკაცი. თუკი ქალი პირუტყვის დაკვლისთვის საჭირო პირობებს აკმაყოფილებს, შეუძლია დაკლას პირუტყვი.
როგორ უნდა მოვიქცეთ ყურბნის ხორცის მიმართ?
ისლამის სწავლულთა უმრავლესობის აზრით მსხვერპლის ხორცის სამ ნაწილად გაყოფა მუსთეჰაბია. ერთი ნაწილი მფლობელმა და მისმა ოჯახის წევრებმა უნდა მიირთვან, მეორე ნაწილი მეგობრებს, ახლობლებსა და ნათესავებს უნდა მიუძღვნას, თუნდაც ისინი მდიდრები იყვნენ. ხოლო მესამე ნაწილი იმ ღარიბებს უნდა დაუნაწილდეთ, რომლებმაც მსხვერპლის შეწირვა ვერ შეძლეს. შეწირული პირუტყვის ხორცის არამუსლიმებზე საჩუქრად გადაცემა მისაღებია.
იბნი აბბასის გადმოცემით წმ. შუამავალი შეწირული ხორცის გადანაწილებისას შემდეგნაირად იქცეოდა: შეწირული პირუტყვის ხორცის ერთ მესამედს ოჯახის წევრებს მიართმევდა, ერთ მესამედს ღარიბ მეზობლებს, ხოლო ერთ მესამედს მოწყალებად გასცემდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოჯახის მდგომარეობის მიხედვით, ხორცის მთელი ნაწილის ოჯახში დატოვებაც შესაძლებელია. ასევე შეიძლება ხორცის დიდი ნაწილი ან კიდევ მთელი წილი დავურიგოთ ღარიბ ოჯახებს.
შაუამავალმა (ს.ა.ს.) თავდაპირველად შეწირული ხორცის სამ დღეზე მეტი ხნით შენახვა აკრძალა, მაგრამ შემდეგ ისევ ბრძანა, რომ მორწმუნეს შეეძლო შეწირული ხორცი შეენახა.
შუამავალი მუჰამმედი ყურბნის ხორცს სამ ნაწილად გაყოფდა. ერთ ნაწილს ღარიბებს მისცემდა, მათ, ვინც ვერ შეძლო ყურბნის დაკვლა, მეორეს ნათესავებს, ახლობლებს ან მეზობლებს გადასცემდა, ხოლო მესამე ნაწილს ოჯახის წევრებისთვის დატოვებდა. (ებუ დავუდი, დაჰაია, 10).
ნებადართულია თუ არა ყურბნის ხორცის გარკვეული ნაწილი ყასაბს მომსახურების სანაცვლოდ მიეცეს?
ყურბნის ხორცის, მომსახურების სანაცვლოდ ყასაბისთვის მიცემა არ არის ნებადართული. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ყურბნის ღვთისმსახურების შესრულებისთვის საჭირო ხარჯი, ღვთისმსახურებისთვის გაღებული თანხიდან იქნება გაცემული. კეთილშობილი ალი გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა აქლემების დაკვლისას იქვე ყოფნა, ცხოველის ტყავის და სხვა კიდურების განაწილება მიბრძანა. ასევე ამიკრძალა იმ ნაწილებისგან ყასაბისთვის მომსახურების სანაცვლოდ მიცემა და მითხრა, რომ ყასაბის მომსახურების საფასურს მე თვითონ მივცემო. (მუსლიმი, ედჰიე, 28; ებუ დავუდი, დაჰაია, ნესაი, დეჰაია, 37 )
როგორ უნდა გამოვიყენოთ ყურბნად დაკლული ცხოველის ტყავი?
ყურბნად დაკლული ცხოველის ტყავი ვინმე ღარიბს ან საქველმოქმედო ორგანიზაციას უნდა მიეცეს. გამომდინარე აქედან, ყურბნად დაკლული ცხოველის ტყავის გაყიდვა, ყასაბისთვის გაწეული სამსახურისთვის ანაზღაურების სახით, ან აგრეთვე საყურბნე ცხოველის მოვლის სანაცვლოდ მიცემა დაუშვებელია. იმ შემთხვევაში, თუკი ტყავის გაყიდვა მოხდება, აღებული ფული ღარიბებს უნდა გადაეცეს.
შეიძლება თუ არა ყურბნად დაიკლას პირუტყვი, რომელიც საყურბნედ შესყიდვის დროს
ჯანმრთელი იყო და შემდეგ შეექმნა პრობლემა?
ასეთ შემთხვევაში, თუკი ვინმე ჯანმრთელ საყურბნე პირუტყვს შეისყიდის და შემდეგ მას მიუღებელი ნაკლი წარმოექმნება, თუკი პიროვნება მდიდარია, ხელახლა იყიდის უნაკლო პირუტყვს და დაკლავს. მაგრამ ვისაც ხელმეორედ ყიდვის საშუალება არ გააჩნია, დაკლავს იმას, რომელიც იყიდა ჯანმრთელი, თუმცა შემდეგ ნაკლი წარმოექმნა.
ნებადართულია თუ არა ფეხმძიმე პირუტყვის ყურბნად დაკვლა?
ფეხმძიმე პირუტყვის ყურბნად დაკვლა სწორი არ იქნება, მხოლოდ იმის გამო, რომ განადგურდება ნაშიერი, რომელიც სულ მალე უნდა დაიბადოს.
შეიძლება თუ არა საყურბნედ შესყიდული პირუტყვის რძის ან ბეწვის გამოყენება?
ყურბნის მიზნით შესყიდული პირუტყვის დაკვლამდე მისი რძით ან ბეწვით სარგებლობა მექრუჰი ანუ მოუწონარია. თუმცა, თუკი საყურბნე პირუტყვის რძით ან ბეწვით სარგებლობა მოხდება, შესაბამისი საფასურის ანაზღაურება, ღარიბებს მოწყალების სახით უნდა მიეცეთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ შესყიდული ყურბნის მოკვდენის ან სხვა მიზეზით ვერ დაკვლის შემთხვევაში?
პიროვნებას, რომელსაც საყურბნედ შესყიდული პირუტყვი მოუკვდება და თუ ის მდიდარია, ვალდებულია ხელახლა იყიდოს საყურბნე პირუტყვი და დაკლას, მაგრამ თუკი ღარიბია, არ არის ვალდებული ხელახლა იყიდოს და დაკლას.
შეიძლება თუ არა დაიკლას ყურბანი გარდაცვლილი ახლობლების სახელზე?
გარდაცვლილის სახელზე ან კიდევ ყურბნის მადლის გარდაცვლილისთვის ჩუქების მიზნით შეიძლება დაიკლას ყურბანი.
ჩაეთვლება თუ არა ღვთისმსახურება შესრულებულად, თუკი ადამიანი ყურბნის დაკვლის სანაცვლოდ მოწყალებას გასცემს?
ყურბნის საფასურის ღარიბებზე ან საქველმოქმედო ორგანიზაციებზე მიცემით ყურბნის ღვთისმსახურება შესრულებულად არ ჩაითვლება. უეჭველია, რომ ღარიბებზე და სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებზე დახმარება, სიკეთის ქმნა და თანადგომა მუსლიმი ადამიანის ვალდებულებათაგან ერთ-ერთია. მაგრამ ერთი რომელიმე ღვთისმსახურების ალტერნატივად მეორის შესრულება რელიგიური თვალსაზრისით მიუღებელია.
ალლაჰის შუამავალი იმ დროიდან, როდესაც ყურბნის დაკვლა მუსლიმებისთვის დაწესდა, ყოველ წელიწადს თვითონ კლავდა ყურბანს და ამ მადლმოსილ ღვთისმსახურებას ღირსეულად ასრულებდა. (მუსლიმი, ედაჰი, 17)
ამასთან ერთად, წმინდა შუამავალი გვასწავლის, რომ ყურბან ბაირამის დღეებში ყველაზე საუკეთესო ღვთიმსახურება ყურბნის დაკვლაა. შუამავალი ბრძანებს, რომ ყურბნის დაკვლისთანავე ის ღვთის წინაშე მიიღება და საყურბნე პირუტყვის თითოეული ნაწილი პიროვნების ნამოქმედართა წიგნში სიკეთის სახით ჩაიწერება. (თირმიზი, ედაჰი, 1. იბნი მაჯე, ედაჰი, 3)
როგორ უნდა მოიქცეს პიროვნება, თუკი დაუდევრობის გამო ვერ დაკლა ყურბანი?
პიროვნება , რომელიც რელიგიურად მდიდრად ითვლება, ანუ ვალდებულია დაკლას ყურბანი და დაუდევრობის გამო ეს ღვთისმსახურება ვერ შეასრულა, ყურბნის საფასური ღარიბებს უნდა მისცეს. გარდა ამისა ღვთის წინაშე პატიება ითხოვოს და სინანული გამოხატოს.
ნაბადართულია თუ არა ვექალეთის ანუ მინდობის გზით შენი კუთვნილი ყურბანი სხვას დააკვლევინო?
ისევე, როგორც შეიძლება საკუთარი ყურბანი თვითონ დაკლა, ასევე შესაძლებელია მინდობის გზით სხვას დააკვლევინო. ვიცით, რომ ყურბანი არის მატერიალური ღვთისმსახურება და ასეთ შემთხვევაში მინდობის გზა ნებადართულია.
ის, ვინც, მინდობის გზით კლავს ყურბანს ნება ეძლევა სხვა პიროვნებას ან ორგანიზაციას მისცეს სიტყვიერი ან წერილობითი მინდობის უფლება და ასე შეასრულოს ყურბნის დაკვლის ღვთისმსახურება.
ყველა მორწმუნეს წინასწარ გილოცავთ ყურბან – ბაირამის დღესასწაულს და გისურვებთ, რომ ეს მადლმოსილი დღეები ღვთისმსახურებაში გაგვეტარებინოს!
რეზო მიქელაძე
23.08.2017

Comment here